Home Blog Page 2371

“ყირიმს სავარაუდოდ, სამხედრო გზით გავათავისუფლებთ, რადგან სხვა ვარიანტები არ გვაქვს” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინა ყირიმს სამხედრო გზით დაიბრუნებს, რადგან ჯერჯერობით, სხვა ვარიანტები არ არსებობს.

„[ყირიმს] გავათავისუფლებთ და დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება, თუ იმ დროისთვის, აგრესორი ქვეყანა ვერ გაიგებს, რომ უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია. სხვა ვარიანტი არ გვაქვს.

იქნება თუ არა ეს რთული? დიახ – რთული იქნება. ეცდებიან თუ არა ჩვენს გადარწმუნებას ფარულად? სავარაუდოდ, შეტყობინებები გამოიგზავნება“, – აცხადებს დანილოვი.

მისივე თქმით, ყირიმის დეოკუპაციის გარეშე არ შეიძლება, ომი დასრულებულად ჩაითვალოს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემდეგი თაობები ვერ შეძლებენ მშვიდად ცხოვრებას და ომი, მემკვიდრეობით გადავა. მხოლოდ ყირიმის ტერიტორიიდან რუსეთის გაძევებით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში“, – ამბობს ოლექსი დანილოვი.

უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო. ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ათენში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ძალისხმნევას, აღადგინოს ქვეყან და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინას დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოვუყავით. კიდევ მეტი იქნება, მიმდინარე წელს და მომავალში“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ცნობით, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 2022 წლის მარტიდან გამოყოფილმა მაკროფინანსურმა დახმარებას 19,2 მილიარდი ევრო მიაღწია.

“რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა” – ოლექსი რეზნიკოვი

საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინული ძალების ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. უკრაინას ასევე სჭირდება მეტი ჭურვები და ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ოდესაში, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ ტოდორ ტაგარევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვა. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ცის თავდაცვის ქსელი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან მეორე პრიორიტეტად „ჭურვები, ჭურვები და კიდევ ჭურვები“ დაასახელა.

მინისტრმა რეზნიკოვმა მნიშვნელოვანი უწოდა ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ევროკავშირის პროგრამას უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„მესამე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, არის ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელი სამხედროების სხვადასხვა მიმართულებით მომზადება.

„ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი ჩავიდა

„ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად სამხრეთ აფრიკაში, პუტინის ნაცვლად, რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავიდა.

სამიტზე მიწვეული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, თუმცა მონაწილეობას პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიიღებს.

„ბრიქსის“ სამიტი იოჰანესბურგში 22 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მოწვეულთა შორის აფრიკის 54 ქვეყნის ლიდერია.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის დაკავების ორდერია გაცემული. ვინაიდან  სამხრეთ აფრიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერია, რუსეთის პრეზიდენტის ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკას მისი დაპატიმრება მოეთხოვებოდა. რუსული მედიის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, ვლადიმერ პუტინი სამიტის მონაწილეებს 2024 წელს რუსეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

 

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაციას აწვდის

საქართველოს საელჩო საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებს ხანძრის ახალი კერების შესახებ ინფორმაციას აწვდის. შესაბამის განცხადებას საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი.

„საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ ასპროპირგოში, ელეფსისში, პლაკაში, დიკელაში, მაკრისში, Nea Chili-ში, ბეოტიაში, კიტნოსსა და იასმოსში.

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – ნათქვამია განცხადებაში.

პაკისტანში 274 მეტრის სიმაღლეზე, საბაგიროზე გაჭედილი მგზავრების გადარჩენას ცდილობენ

პაკისტანში 8 ადამიანის, მათ შორის 6 ბავშვის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც საბაგიროზე, გონდოლაში არიან გაჭედილები. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, ბატაგრამში მოხდა. ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, როდესაც საბაგიროს ერთ-ერთი კაბელი გაწყდა და გონდოლა ხეობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლეზე გაჩერდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე მოხდა. სამაშველო სამუშაოები სამხედრო ვერტმფრენებია ჩართული.

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.

“სელფისაც” დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ”-მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უარყოფს  „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ხაზარაძეს მიმართა – “რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ “.

„გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც“ დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,- წერს ხაზარაძე და ბილეთებს აქვეყნებს.

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/pfbid02ZgL4V1VB8JA91YnWbD3qq32iQP7Sw2hGKNkW7HF8AzbmcdR5YXomuPyiVmanZfzAl

“გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის” – ბექა ლილუაშვილი

გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის – ხელისუფლების გაღიზიანების მესმის, რადგან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა აქვთ განზრახული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა და ეს ზარქუას ან ივანიშვილის გადასაწყვეტი არაა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, მისი თქმით, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდეს, ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მოსყიდვა, დაშინება ხორციელდება არჩევნების დღემდე, არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სისტემას ეხება და სადაც გარკვეული კითხვებია, მაგალითად, მონაცემების ცესკოში გადაგზავნის პროცედურასთან დაკავშირებით, რა დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მანიპულაციას.

„ხელისუფლების გაღიზიანების მესმის და მათი განზრახვა კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. მათ განზრახული აქვთ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა და მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვა. ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაიქვემდებარეს. გუშინ კალანდარიშვილის განცხადებებმა პირდაპირ აჩვენა, რომ ის არის მხარე. მინდა მას ვუთხრა, არავის დავიწყებია ძველი მოწვევის საკრებულოს შენარჩუნებაც იმისთვის, რომ არალეგიტიმურად დაემტკიცებინათ მომდევნო წლის ბიუჯეტი. მან არაერთხელ გამოაჩინა საკუთარი პოზიცია, რომ ის არის „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ. თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები გაყალბდეს, ვერანაირი ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს არის მაქსიმალური მობილიზება და მეტი ადამიანის წასვლა არჩევნებზე,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

“რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა” – ანდრია გვიდიანი

ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების დინამიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

გარდა ამისა, ინვესტიციების ზრდა, ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

„ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიკური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია.

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია.” – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

„ტრაგედიაც მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც შოვში ხდება“ – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრაგედიაც მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც შოვში ხდება“, რომელშიც განხილულია რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებასთან დაკავშირებული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ზემო რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, დამანგრეველი ღვარცოფიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მაშველებმა ამ პერიოდში 28 ცხედარს მიაგნეს. დაკარგულად კიდევ ხუთი ადამიანი ითვლება, მათ შორის ბავშვებიც არიან.

28 დაღუპულიდან 26 ცხედარი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ძებნის ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, მდინარეების ჭანჭახისა და რიონის ჩათვლით, ამ დრომდე გრძელდება, ოპერაციაში შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძალები მონაწილეობენ.

თითქმის, ორი კვირის განმავლობაში, მაშველებს, ჯარისკაცებს პოლიციელებსა და ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდნენ მოხალისეები, რომლებიც შოვში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩავიდნენ და სოფელ გლოლაში იყვნენ დაბანაკებულები.

„ტრაგედიაც კი მსუბუქი სიტყვაა, იმის გადმოსაცემად რაც იქ ხდება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ეთო არსანიძემ, რაჭის სათემო ორგანიზაციიდან, რომელიც შოვში მოხალისედ 3 აგვისტოსვე ავიდა.

„ყველაზე საშინელი სცენარიც კი წარმოუდგენელი იყო, ისეთი რეალობა დაგვხვდა, როცა პირველად ავედით იმ ტერიტორიაზე. სიტყვებით ძალიან რთული გადმოსაცემია, ვერც კადრები გადმოსცემს, იმ სიტუაციას რაც იქ არის. 100 ათასობით ტონა მიწის მასაში ჩამარხული ადამიანები და ცხოველები ქმნის ამ საშინელ სიტუაციას. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ეს მძიმე აღსაქმელი, ასევე არის საშინელი სუნი, რომლის გადმოცემაც წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის ერთხელ ნახვის მერე, არა მგონია, იმ ადამიანებიდან ვინმეს, ვინც იქ მუშაობს, მშვიდი ძილი ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ ადამიანის ფრაგმენტების აღმოჩენა“ – გვიყვება ეთო.

ეთომ და სხვა მოხალისეებმა სოფელ გლოლაში, მდინარე დღვიორასთან მოხალისეთა ბანაკი მოაწყვეს, სადაც სამაშველო ოპერაციაში ჩართული ადამიანებისთვის ცხელ საჭმელს ამზადებდნენ. აქვე გროვდებოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც შემდეგ მოხალისეებს შოვში, მაშველებთან და ჯარისკაცებთან აჰქონდათ.

„ურთიერთობებს რაც შეეხება, თავიდან დაძაბულები იყვნენ, ჩვენს მიერ მიწოდებულ (საჭმელზე), ელემენტარულ რაღაცეებზე უარს ამბობდნენ, თუმცა შემდეგ დალაგდა ისე სიტუაცია, რომ თვითონ ამ საკვების თუ სხვა საჭიროებების გადატანისთვის გლოლადან შოვისკენ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გვეხმარებოდა, მათ ჩვენი საჭიროება დაინახეს“ – ამბობს ეთო არსანიძე.

ერთ-ერთ პირველები ვინც, რაჭველ მოხალისეებს სოფელ გლოლაში შეუერთდნენ, მესტიელი პროფესიონალი გიდი ვიკა ფილფანი და მისი მეგობრები იყვნენ. ისინი შოვის ტრაგედიის დროს, სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბების ტურზე იმყოფებოდნენ. როგორც სტიქიური უბედურების შესახებ გაიგეს, მეგობრებმა პირდაპირ რაჭისკენ გასწიეს.

„როცა გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, რაღაცნაირად ყველამ ერთად გავიაზრეთ, რომ ახლა სახლებში ვერ წავიდოდით და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო, რომ, თუ რამეს შევძლებდით, იქნებ, ვინმეს რამეში დავხმარებოდით“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ვიკა ფილფანი.

„თავიდან როცა შევხედეთ რომ მაშველებისთვის ყველას შეჰქონდა მშრალი საჭმელი და თვითონაც (შსს) მშრალ საჭმელს აჭმევდნენ, ჩვენი მხრიდან ცხელი საჭმლის შეტანამ დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ დღეს რომ შევედით, რაოდენობა ვერ გავთვალეთ, იმაზე მეტი აღმოჩნდა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მეორე დღეს უფრო მეტი გავაკეთეთ და მეტ ადამიანს მივაწოდეთ, ასე ნელ-ნელა აეწყო“ – გვიყვება ვიკა.
მოხალისეები იმის გარდა, რომ გლოლადან ცხელი საჭმელი და სხვა ნივთები შოვში აჰქონდათ, შემდეგ, უშუალოდ სტიქიის ზონაში, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში, მძიმე ზურგჩანთა აკიდებულები გადაადგილდებოდნენ, რათა საკვები და საჭმელი, უშუალოდ სამძებლო ოპერაციაში ჩართულ მაშველებამდე მიეტანათ. ამის გამო, ვიკას ჯგუფს, მაშველებმა და ჯარსიკაცებმა „შოვის ანგელოზები“ შეარქვეს.
„თავიდან ყველაზე დიდი ემოცია იყო, როცა პირველად მივედი, ვნახე რა იყო მომხდარი. შევხედე ადგილს და შევეცადე აღმედგინა ის ყველაფერი, რაც იქ მოხვდა, მიხვდი, რამხელა ბრძოლის გადატანა მოუწევდათ იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა, როგორი რთული იქნებოდა იმის გააზრება რომ გასაქცევი აღარ ჰქონდათ“ – ამბობს ვიკა.

მისი თქმით, „ვინც გადარჩა იმათმა რა ნახეს, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მათთვის, წარმოუდგენელია. შემდეგ იყო რთული, იმ ოჯახის წევრების ნახვა, ვისაც დაკარგულები ჰყავდათ. ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა, მაგრამ 3-4 დღეში, უკვე ნათელი იყო რომ ცოცხალი არავინ იყო და იპოვიდნენ თუ არა ცხედარს ასე იდგა საკითხი. და, ცხედრის პოვნაც რომ რაღაც სიხარულს განიჭებს და უკვე ყველა რომ ამას ელოდა, ამის ყურება იყო ძალიან რთული“.

ვიკაც და თეოც ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში მაშველების და ჯარისკაცების მხრიდან თავდადების უამრავი მაგალითი ნახეს. „მართლა არ მინახავს ასეთი გმირული მუშაობა, ძალიან მამაცი და პროფესიონალი მაშველები გვაყვს. რასაც ვისურვებდი, ეს არის მათთვის უფრო მეტი თანამედროვე სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. მათ სჭირდებათ ნორმალური აღჭურვა, არა ათეულის ან ოცეულის, არამედ მასობრივად, თანამედროვედ აღჭურვა, ეს მგონია, რომ სამომავლოდ გასათვალისწინებელია“ – ამბობს ვიკა ფილფანი.

მოხალისეების მისია ზემო რაჭაში მას შემდეგ დასრულდა, რაც სახელმწიფომ სტიქიის ზონაში საველე სამზარეულო მოაწყო და ახლა მაშველებს და ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით თავად ამარაგებს.

ვიკამ შოვი 19 აგვისტოს დატოვა, თეომ ცოტა უფრო ადრე, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ სხვა მოხალისეებიც. გოგონებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და ყველაფრის სტიქიური უბედურებით ახსნა დიდი შეცდომაა.

„ყველამ ნახა გუტაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც 2020 წელს არის დაწერილი, როგორ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, რათა მორიგი სტიქიის შემდეგ, ეს ტერიტორია იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება, (2023 წლის სტიქიამ შოვის კოტეჯებში, გუტაშვილების ოჯახის რამდენიმე წევრი შეიწირა) შესაბამისად, იმის თქმა რომ ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, მგონია რომ არის, ცოტა თავის დაძვრენის მცდელობა და უსამართლოა ყველანაირად“ – გვითხრა ვიკამ.

„ლოგიკურად რომ შევხედოთ, თუ იქნებოდა წინასწარ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა, განგაშის სირენები, სენსორები ხეობაში და მოხდებოდა ადამიანების გაფრთხილება, ის 8 წუთი, რაც მინიმუმ ჰქონდათ, ან შეიძლება უფრო მეტიც, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმ ტერიტორიის დასატოვებლად… ოდესმე, თუნდაც, საკუთარ, მძიმე შეცდომაზე ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც?“ – კითხულობს ეთო.

რაჭაში ისევ გლოვაა, ისევ კრძალავენ, ტირიან და ისევ ეძებენ 3 აგვისტოს დამანგრეველი ღვარცოფის დროს დაკარგულებს. შსს შოვის ტრაგედიის საქმეს 116-ე და 240-ე მუხლებით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იურისტების აზრით, ამ მუხლებს სულ მცირე ორი მუხლი, 128-ე, განსაცდელში მიტოვება და 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობაც უნდა დაემატოს, თუმცა ხელისუფლება არც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და არც გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის აუცილებლობას ხედავს.

წყარო

“სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელეა, ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება” – პაატა მანჯგალაძე

პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს, საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სახელით სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე გააკეთა კომენტარი.

მანჯგალაძის თქმით, კარგი ინიციატივაა, რადგან ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელია.

„ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, სააკაშვილმა ძალიან გარკვევით ისაუბრა, რა მისია აქვს ჯაფარიძეს. ასევე, გარკვევით თქვა სოფო ჯაფარიძემ. პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. პირიქით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.

პარტიას აქვს სხვა ბევრი მიზანი და ამოცანა. ამიტომ ერთი მეორეს კი არ ემიჯნება და ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს. ძალიან კარგი ინიციატივაა და ეს არავის არაფერს არ დაუშავებს, პირიქით, ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელი და კარგია. ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება. ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა. ლიდერობა პიროვნულ გავლენებს ნიშნავს. ვერანაირი კანონი და ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეაჩერებს ამ პიროვნულ გავლენებს და პიროვნულ ავტორიტეტს. ამიტომ მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელე მგონია. ივანიშვილი სინამდვილეში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა და აგერ, ქვეყანა გადაატრიალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.