“რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა” – ოლექსი რეზნიკოვი

spot_img

საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უკრაინული ძალების ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება. უკრაინას ასევე სჭირდება მეტი ჭურვები და ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ოდესაში, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრ ტოდორ ტაგარევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა იარაღს ველოდებით ჯერ კიდევ? პრიორიტეტები არ შეცვლილა. ნომერ პირველი პრიორიტეტი არის საჰაერო თავდაცვა. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ცის თავდაცვის ქსელი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მან მეორე პრიორიტეტად „ჭურვები, ჭურვები და კიდევ ჭურვები“ დაასახელა.

მინისტრმა რეზნიკოვმა მნიშვნელოვანი უწოდა ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ევროკავშირის პროგრამას უკრაინისთვის 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით.

„მესამე, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, არის ყველა ტიპის ჯავშანტექნიკა“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელი სამხედროების სხვადასხვა მიმართულებით მომზადება.