Home Blog Page 2362

“მე ყველაზე მეტად ღვინო რომ მიართვა ვიღაცამ თვითმფრინავში და ბომბი რომ ყოფილა ყუთში დამალული, ის ვერსია მომწონს”- რომან გოცირიძე

რაც არ უნდა მომხდარიყო, ვისაც არ უნდა აეფეთქებინა – პუტინს, უკრაინას, ამერიკას, თავად რუსებს მოუვიდათ შეცდომა და დიდი დრონი ეგონათ ეს პატარა თვითმფრინავი (ამათგან არც ეს უნდა გაგვიკვირდეს), ეს ამბავი მაინც პუტინს დაბრალდება და სამუდამოდ დაირტყამს პრიგოჟინის მკვლელის იარლიყს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

“მისთვის ამას უმძიმესი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. თუ მანამდე არ გააგორეს, პენსიონერის მშვიდი ცხოვრება ნამდვილად ვერ ექნება სადმე “პადმასკოვიეს” აგარაკზე.

შეთქმულების თეორიები რა თქმა უნდა, აგორდება და ამ ადამიანებს ვერასდროს გადაარწმუნებ, რომ პუტინმა აფრიკაში გადამალა, ჰიტლერისა და ბრაზილიის ჯუნგლებისა არ იყოს. პლასტიკურ ოპერაციასაც გაიკეთებს და იქნება თავისთვის მშვიდად ამ სიბერეში. სიკვდილს ასე ცხოვრება ხომ სჯობია. წესით, აჯანყების მომწყობი უნდა მომკვდარიყო, მაგრამ კარგი კაცია პუტინი, არ გაწირა ბოლომდე.

მე ყველაზე მეტად ღვინო რომ მიართვა ვიღაცამ თვითმფრინავში და ბომბი რომ ყოფილა ყუთში დამალული, ის ვერსია მომწონს, ოღონდ ეს ღვინო ქართული მარკის უნდა იყოს. “პრიგოჟინს ხვანჭკარა უყვარდა” – რა მაგარი რეკლამა იქნება, არა?

მოკლედ, ისეთი რამ მოხდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდი პუტინის დასასუსტებლად. რაც მოხდა, საიდუმლოდ რომ არ დარჩება, ესეც ფაქტია, იმდენად ნათელი სურათია.

რადგან ღვინის რეკლამაც გვინდა რომ გამოვიდეს, მოდით იმ ღვინით, თვითმფრინავში დალევა რომ ვერ მოასწრეს, ჯოჯოხეთისკენ გზა “დავულოცოთ” უდანაშაულო ადამიანების სისხლში გასვრილი კაცს და მის თანამზრახველებს. კობზონის კონცერტზე წინა რიგში რომ დასვამენ, ამდენი კი დაიმსახურა. ერთი ადგილი პუტინისთვისაც ექნებათ გადანახული. იმედია, კონცერტის პირველ ნაწილს თუ არა, მეორეს მაინც არ გააცდენს”, – წერს გოცირიძე.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

2023 წლის 23-24 აგვისტოს, საქართველოს რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, აჯა ლაბიბი.

ვიზიტის ფარგლებში, აჯა ლაბიბიმ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა

კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული.

1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.

1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმადაც საქართველო აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ სახელმწიფოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ცხინვალის ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიაში.

კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმად დეკლარირებულ იქნა დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეყრდნობა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. 1993 წლის 16 თებერვალს სახელმწიფოს მეთაურმა და ამავდროულად პარლამენტის თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელმაც შემდგომ უზენაესი კანონი შეიმუშავა. ჯგუფი სულ 118 წევრისგან შედგებოდა.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.
ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდება.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული.

მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდას პირველი სექტემბრიდან, მანქანის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატება

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები ემატება. აღნიშნული კითხვები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის N598 ბრძანებით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტეს, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალება მიეცემა. გამოსაცდელს კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით, ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეეძლება.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას ვერ შეასრულებს, მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება.

გარდა აღნიშნული ცვლილებისა, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის გახდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას აგრძელებს და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ლი სექტემბრიდან “C” და “D” კატეგორიების და “C1” და “D1” ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს,“ – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.

შეგახსენებთ, „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.

ენტონი ბლინკენი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა ბრძოლაში გაიმარჯვებს და რუსეთს ჩადენილი დანაშაულებისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.

“24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის ჩვენება, უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე. ეს ასევე არის უკრაინული მემკვიდრეობისა და კულტურის აღნიშვნის დღე. დღეს ასევე გავიდა წელიწადნახევარი მას შემდეგ, რაც კრემლმა დაიწყო მისი სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში – 18 თვიანი აზრს მოკლებული აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელს უკრაინაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ საფასურს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები განაგრძობს თქვენ გვერდით დგომას და მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღდგენისთვისა და აყვავებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტიტუციის დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად!

“გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

24 აგვისტო ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღია – დღევანდელ დღეს, 1995 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებით სათავე დაუდო ჩვენი ისტორიის ახალ ეტაპს – სამოქალაქო ერთიანობაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების იდეალებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობას.

საქართველოს კონსტიტუცია – ჩვენი ხელშეკრულება ერთმანეთთან და სახელმწიფოსთან – დიდი ისტორიისა და კულტურის განმსაზღვრელ ფასეულობებს ეფუძნება. ამავდროულად, ის ახალ მიზნებსა და ამოცანებს ასახავს თანამედროვე ეპოქაში ქვეყნისა და ხალხის წინსვლა-განვითარებისათვის.

ეს დღე – ერთიანობის მომენტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას ნათელი მომავლის – ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველოს ასაშენებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

“პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს”

“მაგნიტსკის აქტის” ავტორისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსის, ბილ ბროუდერის შეფასებით, ეჭვგარეშეა, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის უკან პუტინი დგას.

“ეჭვგარეშეა, რომ ამის უკან პუტინი დგას. პუტინი არის ადამიანი, რომელიც არასოდეს პატიობს და არასოდეს ივიწყებს. პრიგოჟინმა მას უღალატა, მოაწყო ამბოხება. პუტინი აბსოლუტურად არ დაუშვებდა ასე გაგრძელებას, რადგან, თუ ასე გაგრძელდებოდა, მაშინ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდებოდა იგივე იდეა. პუტინი 23 წლის განმავლობაში მართავს, როგორც ძლიერი, როგორც დიქტატორი და პრიგოჟინმა ის სუსტად წარმოაჩინა. ასე ხდება, როცა პუტინს სუსტად წარმოაჩენ“, – განაცხადა ბროუდერმა.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის “ლიდერის”, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი – 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი – დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

კანადამ 29 რუსულ იურიდიულ და ოთხ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 29 რუსული იურიდიული და ოთხი ფიზიკური პირისგან შემდგარი სია, რომელთაც სანქციები დაუწესდათ.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა სერგეი მუჩკაევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაური.

კანადამ ასევე დააწესა სანქციები ოთხ რუსულ ბანკზე, ესენია: Uralsib-ი, Zenit-ი, Rosbank-ი და რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი. სიაში მოხვდა სხვადასხვა რუსული მსხვილი ორგანიზაციაც.

მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ყირიმის პლატფორმის მესამე სამიტზე მონაწილეების წინაშე გამოსვლისას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.

„აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ“ – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ“. ამის შესახებ სერგეი შამბამ რუსულ მედიას განუცხადა.

„სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე და ეს არის ბუნებრივი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთი ხალხის გაერთიანებისთვის. […] რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, [სამხრეთ ოსეთისგან] განსხვავებული, ჩვენ არ გვქონია ასეთი მიმართვები [რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე] და ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალებს აფხაზეთში, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ასეთ ფორმას განიხილავდნენ“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„როსავიაციაში“ დაადასტურეს, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა

“ვაგნერის” ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ამის შესახებ “როსავიაციაში” განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ფრენა საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დადგენილი წესით იყო გაცემული.

“როსავიაციაში” აცხადებენ, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები ალექსეი ლავშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

“პუტინი დამნაშავე იყო საქართველოში და ის დამნაშავეა დღეს უკრაინაში”-სარკოზი

მე ვიცი, რომ ვლადიმირ პუტინი დამნაშავე იყო იმაში, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა და ის დამნაშავეა იმაში, რაც დღეს უკრაინაში ხდება, – განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ.

„პუტინი დამნაშავეა, მან სერიოზული დანაშაული ჩაიდინა. მესმის, რომ ამბობენ: „პუტინი ჰიტლერია“, მაგრამ თუ პუტინი ჰიტლერია, მაშინ მოსკოვში უნდა მოიძიონ ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ”, – აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

16 აგვისტოს, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად. სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ “ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება”.