„როსავიაციაში“ დაადასტურეს, რომ ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა

431
spot_img

“ვაგნერის” ჯგუფის ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა. ამის შესახებ “როსავიაციაში” განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ფრენა საჰაერო სივრცით სარგებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელდა, რომელიც დადგენილი წესით იყო გაცემული.

“როსავიაციაში” აცხადებენ, რომ ბორტზე იმყოფებოდნენ სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი და ევგენი პრიგოჟინი. ასევე, ეკიპაჟის წევრები ალექსეი ლავშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.

„რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტვერის ოლქში, სოფელ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ათი ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი. წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.