Home Blog Page 2360

“ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას”

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი. უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას“, – წერს კახა კალაძე.

“უკრაინას მუდმივად აქვს ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ხელისუფლება”

უკრაინას მუდმივად აქვს ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე რატომ არ იმყოფება კიევში ქართული მხარე, ასევე, არ ავრცელებენ მისალოც განცხადებებსაც?“

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისალოცი მიმართვა, აგრეთვე გავრცელდება სხვა განცხადებებიც.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ხომ მოისმინეთ, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას. მერე რა, რომ უამრავი აზრთა სხვაობა გვაქვს, მათ შორის, ჩემი არჩეულიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის, რომ ბოლო ხანს სხვანაირად მსჯელობს და ფიქრობს ხოლმე, ვიდრე ჩვენ, არ ნიშნავს, რომ მე ან ვინმეს რაიმე სახის უფლება აქვს, ამ ქვეყნის არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს, ეს ხომ სისულელე იქნება? ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არცერთი წამი არ დაიჯერებთ? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა. აქამდე და ამის შემდეგაც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ეს მხარდაჭერა შეუქცევადი იქნება. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ჩვენ თანასპონსორები ვიყავით. ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ, პირველ რიგში, უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ეს არის ჩვენი ორმაგი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში. ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება, ცალმხრივად ჩანდეს მათი მხრიდან. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც აღდგება და დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და ერებს შორის მეგობრობა რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება. იქნება სხვა განცხადებებიც, დაელოდეთ და გაეცანით“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

ისანში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები დაიწყო

ისანში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე ეწყობა ახალი სკვერები, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.

სამუშაოების ფარგლებში, 5500 კვ. მ ფართობზე, სამ მისამართზე მოეწყობა გამწვანების ზოლები, ინოვაციური საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი განათებისა და სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე- მცენარე. სკვერებში დაიდგმება ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი.

მიმდებარედ მოწესრიგდება გზა და 9 200 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება, სანიაღვრე ქსელი კი 500 მეტრზე მოეწყობა.

ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, 1500 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.

 

“ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ვიცით, რა შეგვიძლია” – ვოლოდიმირ ზელენსკი

გვახსოვს, რისი გავლა მოუწია უკრაინელ ხალხს. ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების დანახვა, ჩვენ ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ვიცით, რა შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ბავშვები უკრაინულ მოედნებსა და ქუჩებში ასევე იზეიმებენ უკრაინის დამოუკიდებლობას.

„ჩვენი შვილიშვილები, მათი შვილიშვილები იზეიმებენ ჩვენი სახელმწიფოს მეგობრებთან ერთად, უკრაინის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რომლებსაც უკრაინა თავად აარჩევს ყოველთვის თავისუფლად. უკრაინის ისტორიაში აღარასდროს იქნება პაუზა. ჩვენ მივცემთ უკრაინას ისეთ ძალას, რომელიც საკმარისი იქნება ყოველთვის გასამარჯვებლად. ჩვენ მკაცრად ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ, ვინც ეცდება უკრაინის ძალის შიგნიდან განადგურებას, გაყიდვას და შესუსტებას. უახლოეს მომავალში იქნება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ლიეტუვის, პორტუგალიის, ნორვეგიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერები ესწრებოდნენ.

„გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს!”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაური მეგობარ უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.

„გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!”-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.

გადალახავს თუ არა ჩინეთი ეკონომიკურ კრიზისს?

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მდივანი ჯინა რაიმონდო აგვისტოს ბოლოს ეწვევა ჩინეთს, რათა განიხილოს აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები. ჩინეთის ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს განიცდის, რაც შეერთებული შტატების ბიზნეს საზოგადოებაში შეშფოთებას იწვევს. “ჩინეთში სამომხმარებლო ფასები ეცემა, უძრავი ქონების კრიზისი ღრმავდება, ექსპორტი მცირდება, ახალგაზრდების უმუშევრობა ყველა დროის მაქსიმუმზეა და ჰონგ კონგის საფონდო ბაზარი იანვრის პიკთან შედარებით 20%-ზე მეტით დაეცა”, – იტყობინება CNN.  (https://edition.cnn.com/2023/08/22/economy/gina-raimondo-china/index.html).

ჯინა რაიმონდოს ვიზიტის წინა დღეს, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ერთგვარი „საჩუქარი“ გააკეთა და განაცხადა, რომ მან გაათავისუფლა 27 ჩინური კომპანია აშშ-ის ექსპორტის კონტროლისგან. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ეძებს გზებს ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის შესამსუბუქებლად, რათა ჩინეთთან ასოცირებულმა ამერიკულმა ბიზნესმა არ განიცადოს ზარალი. „ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც ბიზნესს აწარმოებენ ჩინეთში, შეიძლება დიდი დანაკარგები ნახონ, თუ იქ ეკონომიკა დაცემას გააგრძელებს. კომპანიებს, როგორიცაა Apple, Intel, Ford და Tesla, აქვთ ფართო წარმოების კავშირები ჩინეთთან. სხვები, როგორიცაა Starbucks და Nike, ეყრდნობიან ჩინელ მომხმარებლებს“, – წერს CNN-ის მიმომხილველი ნიკოლ გუდკინდი  (https://edition.cnn.com/2023/08/22/investing/premarket-stocks-trading/index.html).

გარდა ამისა, წამყვანი ეკონომისტები თვლიან, რომ ჩინეთში ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუარესება გლობალური ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

თუმცა, აშშ-ში არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა დადებითად აისახება დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკაზე. პანდემიის დროს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დიდი თანხები დახარჯა მოსახლეობის მხარდასაჭერად, რამაც გამოიწვია ინფლაცია.  ჩინეთში არსებულმა დეფლაციამ  შეიძლება  ევროპასა და ამერიკაში გამოიწვიოს ინფლაციის შემცირება.

რიგი ეკონომისტები თვლიან, რომ აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთზე ძალიან გადაჭარბებულია. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ აშშ და ევროპა ავითარებენ მომსახურების ეკონომიკას, ხოლო ჩინეთი საქონლის მწარმოებელია.

ასევე უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატები ჩინეთიდან საქონლის იმპორტს ამცირებენ. The Washington Post იუწყება, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში მექსიკა აშშ-ში იმპორტის მხრივ პირველ ადგილზე გავიდა, წინ ჩინეთსა და კანადაზე. „ამ წლის პირველ ხუთ თვეში აშშ-ის იმპორტი ჩინეთიდან 24 პროცენტით შემცირდა წინა წელთან შედარებით“, – წერს Washington Post-ის მიმომხილველი დევიდ ლინჩი. (https://www.washingtonpost.com/business/2023/08/06/us-china-economy-trade-mexico/). მიწოდების რეგიონალიზაციისა და მიწოდების ჯაჭვების შემცირების ტენდენცია ყველაზე მკაფიოდ ამ შემთხვევაში ვლინდება. მექსიკა ესაზღვრება შეერთებულ შტატებს, ხოლო საქონლის ტრანსპორტირება ჩინეთიდან ზღვით ხდება.

ამავდროულად, გლობალური მწარმოებლები ამცირებენ ინვესტიციებს ჩინეთში ახალი ქარხნების მშენებლობაში და წარმოებების გადატანას ვიეტნამში, ტაილანდსა და ინდოეთში გეგმავენ. მაგალითად, კომპანია Apple გეგმავს iPhone-ის წარმოების გაზრდას ინდოეთში. ეს გამოწვეულია კომპანიების სურვილით, გვერდი აუარონ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებულ სატარიფო შეზღუდვებს. ჩინურ კომპანიებსაც კი გადააქვთ წარმოებები სხვა ქვეყნებში, რათა თავიდან აიცილონ აშშ-ის სატარიფო შეზღუდვები.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება „ცივ ომს“ ემსგავსება. ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები გეოპოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკის გავლენით იწყებს ნგრევას. შეერთებულმა შტატებმა თავის ინვესტორებს ჩინეთში უახლესი თაობის ჩიპების წარმოებაში ინვესტიცია აუკრძალა. ჩინეთი თავის მხრივ ზღუდავს დასავლური კომპანიების საქმიანობას. ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებები ორივე ქვეყანაში იწყებს უპირატესობას ეკონომიკური პარტნიორობის ხარჯზე.

ჩინეთში ეკონომიკაზე სახელმწიფოს გადაჭარბებულმა კონტროლმა გამოიწვია სისტემური პრობლემები, რომლებიც ვერ გადაიჭრება აშშ-ის პოზიციის შერბილების შემთხვევაშიც კი. ექსპერტი ლორა ჰეის სტატიაში მოყვანილია ჩინეთის ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მიზეზები.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე. ჩინეთის უმსხვილესი დეველოპერის Country Garden-ის და წამყვანი ნდობის კომპანიის Zhongrong Trust-ის დეფოლტის შემდეგ, ინვესტორების შიში გაძლიერდა. “დეველოპერების ვალებზე დეფოლტი, როგორც ჩანს, გავრცელდა ქვეყნის $ 2.9 ტრილიონიან საინვესტიციო ნდობის ინდუსტრიაში”. – იუწყება ლორა ჰე.

(https://edition.cnn.com/2023/08/21/economy/china-economy-troubles-intl-hnk/index.html).

ჩინეთის მთავრობა ზომებს იღებს, რათა უზრუნველყოს 2008 წლის მასშტაბის კრიზისი. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს შეერთებულ შტატებში უძრავი ქონების ბაზარზე ე.წ. „ბუშტი“ გასკდა, რამაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. იმ დროს მსოფლიო ეკონომიკის მთავარი „მამოძრავებელი“ ძალა ამერიკა იყო. ახლა ჩინეთი მოქმედებს როგორც ასეთი „მამოძრავებელი“ ძალა და შესაძლოა კრიზისის სცენარი განმეორდეს. ეკონომისტების აზრით, ჩინეთის ხელმძღვანელობა არ მოქმედებს საკმარისად ეფექტურად კრიზისის დასაძლევად.

არსებობს უფრო გრძელვადიანი ფაქტორი, რომელიც აუარესებს ჩინეთის ეკონომიკის პერსპექტივას მრავალი წლის განმავლობაში. საუბარია დემოგრაფიულ კლებაზე და მოსახლეობის დაბერებაზე. ლორა ჰეს თქმით: „შრომის მიწოდების შემცირებამ და ჯანმრთელობისა და სოციალური დანახარჯების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის ტვირთის ზრდა“.

უძრავი ქონების კრიზისმა ასევე გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლებების ვალების ზრდა, რადგან მათი შემოსავალი დეველოპერებისთვის მიწების გაყიდვით შემცირდა. ადგილობრივ ბიუჯეტებს ასევე მძიმე ტვირთი ეკისრება პანდემიის გამო შეზღუდვების შემოღების უპრეცედენტო ხარჯების გამო. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა კოვიდ 19-ის მიმართ ჩინეთის ეკონომიკას ძალიან ძვირი დაუჯდა. ადგილობრივი ხელისუფლებების სავალო პრობლემებმა შესაძლოა შეარყიოს ჩინეთის საბანკო სისტემა.

ზოგადად, ჩინეთის ეკონომიკაზე ვალის ტვირთი იმდენად მაღალია, რომ ძალიან რთული ხდება ზრდის მაღალი ტემპების უზრუნველყოფა. საკმარისია იმის თქმა, რომ ჩინეთმა ვალების მხრივ აშშ-ს გაუსწრო. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ცნობით, ჩინეთის მთლიანი ვალი მშპ-ს თითქმის 300%-მდე გაიზარდა 2022 წელს და გადააჭარბა შეერთებულ შტატებს. The Wall Street Journal-ის ანალიტიკოსების აზრით (China’s 40-Year Boom Is Over. What Comes Next? – WSJ), ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის პერიოდი, რომელიც თითქმის 40 წელი გაგრძელდა, დასრულდა და წინ გაჭიანურებული სტაგნაცია ელის.

დასავლეთის ქვეყნებს ეშინიათ გლობალური რეცესიის და ეკონომიკური კრიზისის შესამსუბუქებლად ჩინეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აწარმოებენ. თუმცა, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ეჭვი ეპარება დასავლეთის მსგავს მცდელობებში. ჩინელ კომუნისტებს სჯერათ “მსოფლიო იმპერიალიზმის შეთქმულების” და თვლიან, რომ დასავლეთს სინამდვილეში სურს ჩინეთის დასუსტება.

კომუნისტურ ჩინეთსა და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკა კარნახობს არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, არამედ ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პოლიტიკის არჩევანს. ჩინეთის ხელმძღვანელობა ეკონომიკაში ავტორიტარული მეთოდებით მოქმედებს, გარე სამყაროსგან მალავს ინფორმაციას ჩინეთის ეკონომიკის რეალური მდგომარეობის შესახებ, რითაც ამწვავებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. გასულ საუკუნეში საბჭოთა კავშირიც იმავე გზას გადიოდა. შეძლებს თუ არა ჩინეთი ავტორიტარული მეთოდებით გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისს, ჯერ კიდევ ღია საკითხია.

 

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

 

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, თბილისის დროით 17:15 საათზე, დმანისთან 4.0(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

სტიქიის ეპიცენტრი დმანისიდამ სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კილომეტრში, სოფელ გორაში მდებარეობდა.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

„მოგეხსენებათ, ინტენსიურად გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება. დღეს, სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ ნანახია სავარაუდოდ მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით საორიენტაციოდ აღებული გვაქვს რვა ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად ერთი ადამიანის ფრაგმენტი. ამ დროისთვის აქტიურად გრძელდება სამძიებო სამუშაოები. დარჩენილია ორი ადამიანი, ვისი ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დრომდე მაშველებმა, საერთო ჯამში, 31 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

„საერთო ჯამში, ნანახია 31 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. ამ დროისთვის ვეძებთ ორ ადამიანს“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

პორტუგალია მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე მოამზადოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პორტუგალია თანახმაა, უკრაინელი მფრინავები თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ და სოუზასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“პორტუგალია ჩვენი სატანკო და საავიაციო კოალიციის წევრია. დღეს პორტუგალიამ დაადასტურა მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინელი მფრინავების და ინჟინრების მომზადებას F-16 თვითმფრინავებზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინისა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. კერძოდ, უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტერიტორიის ნაღმებისგან გამწმენდი აღჭურვილობის მიწოდებაზე ისაუბრეს.

პორტუგალიის პრეზიდენტი უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს პორტუგალიის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში. მარსელო რებელუ და სოუზა, ვიზიტის ფარგლებში, ირპინში, ბუჩაში და მოშჩუნში იმყოფებოდა. პორტუგალიის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6387 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6387 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6387 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6334 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8640 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8462 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0178 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ სიტუაციასთან” – ზელენსკი თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.

ამის შესახებ მან კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც უკრაინა ლაპარაკობდა და მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით, არამედ სულ სხვა რამ გვქონდა მხედველობაში და გვინდოდა მხარდაჭერა. თუმცა, ალბათ, ეს გარკვეულწილად დაეხმარება {საკითხს}. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ სიტუაციასთან, ეს უდავოა. ვფიქრობ, ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, – განაცხადა ზელენსკიმ.

“პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო”-ნიკა გვარამია

“მთავარი არხის” დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებებისთვის რადას მედალი გადაეცა. ჯილდო მას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა კიევში, რადას შენობაში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გადასცა.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! უკრაინის რადამ მომანიჭა მედალი უკრაინელი ერის წინაშე დამსახურებებისთვის. პირველი ქართველი ვარ, ვინც ეს ჯილდო მიიღო, მაგრამ ეს ჯილდო მარტო მე არა, მთელმა მთავარმა არხმა დაიმსახურა და მთელმა ქართულმა კრიტიკულმა მედიამ!” -წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/pfbid02tUnz6MS8Qx83yfcTaZMQXbnoN4qCL8DPeMHyUvMyhxRWev5wc9jY4s4porCT9imXl