ისანში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში კომპლექსური სამუშაოები დაიწყო. ტერიტორიაზე ეწყობა ახალი სკვერები, იგება ასფალტის საფარი და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.
სამუშაოების ფარგლებში, 5500 კვ. მ ფართობზე, სამ მისამართზე მოეწყობა გამწვანების ზოლები, ინოვაციური საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი განათებისა და სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე- მცენარე. სკვერებში დაიდგმება ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი.
მიმდებარედ მოწესრიგდება გზა და 9 200 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი, ორფენიანი საფარი დაიგება, სანიაღვრე ქსელი კი 500 მეტრზე მოეწყობა.
ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ, 1500 კვ.მ-ზე თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო და მოსასვენებლი სივრცეები. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები. სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.