Home Blog Page 2358

“ამ ხელისუფლების პირობებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყოფილიყო რაც შეიძლება მეტად გამართული”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

„ძალიან კარგი ამბავია, ფასდება საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემა როგორც გამართული. ერთმნიშვნელოვნად დადებითი შეფასება აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არის უზარმაზარი შრომის შედეგი, რომელიც გაიწია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ გვახსოვს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყველაზე მეტად ჩავარდნილი სფერო იყო წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო, რომ სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულება ყოფილიყო რაც შეიძლება მეტად პრომოუტირებული, გაძლიერებული, სისტემა გამართული და რეალურად ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

“გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა” – გურამ მაჭარაშვილი

როდესაც წავიკითხე ბრალდება, რომელსაც ტრამპს უყენებენ, მეგონა, რომ ეს იყო ISFED-ის და იმ „ენჯეოების“ თუ ნახევარი ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ზუსტად ის გააკეთეს, რასაც ახლა ტრამპს ამერიკაში ედავებიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„იმ ქმედებისთვის, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ აქ ჩაიდინა – გააყალბა არჩევნები და შემდეგ აღიარა – შესაბამისად, საელჩოც საქმის კურსში იყო, თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ამაზე არავინ არაფერს ამბობდა. გამოდის, რომ რისთვისაც ტრამპს ბრალს უყენებენ, აქ უნდა დაპატიმრდეს ISFED-ის ხელმძღვანელობა, ხოლო საელჩომ პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ იცოდა და არაფერი თქვა. ასევე ნახევარი ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები არ იყო სწორი. ამ დროს აღმოჩნდა, რომ გაყალბებული იყო პარალელური დათვლის შედეგები, და არა ცესკოს შედეგები“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

სიონის საკათედრო ტაძარში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვას პატრიარქი აღავლენს

სიონის საკათედრო ტაძარში, ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია სრულდება.

წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველის, ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

საეკლესიო გადმოცემით, ილია თეზბიტელის ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907წ.წ.) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.

“ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს კაპიტოლიუმზე შტურმის გამო” – ამირან სალუქვაძე

ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო, – წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ აშშ-ის ამ პრეცედენტს გავითვალისწინებთ, საქართველოში არჩევნების საბოტაჟის გამო, მთელი ოპოზიციური სპექტრი დასაჭერია. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგების საბოტაჟს ISFED-მაც შეუწყო ხელი, როცა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა.

სალუქვაძის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო, 900-ზე მეტი პირია დაკავებული, თუმცა საქართველოს პარლამენტის შენობაზე შტურმის განმახორციელებელი პირებიდან, დასავლეთმა ზოგს გირაო გადაუხადა, ზოგი კი პრეზიდენტს შეაწყალებინეს.

„ტრამპს ახალი ბრალი წაუყენეს, კაპიტოლიუმზე შტურმის გამო. ბრალდებულმა იცოდა, რომ არ გაყალბებულა და სიცრუეს ავრცელებდაო.

ამ პრეცედენტით 2020 წლის განსაკუთრებით, თუმცა სხვა არჩევნების შედეგების საბოტაჟის გამო, ლამის მთელი ოპოზიციაა დასაჭერი.

ეს განსაკუთრებით ეხება ISFED-ს, რომელმაც ხელი შეუწყო ამ პროცესს, გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები. მას შემდეგ, როცა ოცნებამ ბრიფინგებზე გაუშიფრა მცდარი მონაცემები, ISFED-ის დირექტორი გადააყენეს და ამით ამოწურეს. ორგანიზაციას ისევ აქვს დაფინანსება და აგრძელებს საქმიანობას.

ოპოლიდერებიც, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ არცერთ არჩევნებს, იციან რა, რომ არ გაყალბებულა, ისევ აგრძელებენ რყევებს.

კაპიტოლიუმის შტურმისთვის 900-ზე მეტი პირია დაკავებული. ჩვენთან პარლამენტის შტურმის ორგანიზატორები შეაწყალებინეს, ზოგს გირაო გადაუხადეს.

ჩვენს პოლიციას შენიშვნა უთხრეს, „ბრბო“ რატომ ვერ შეაჩერაო?! ძალადობის და დარბევების მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებს ასე საჯაროდ ბრბო ვერ უნდა აკადრონ.

ჰოდა, შევატრიალებ კითხვას, ოღონდ ბრბოს არ ვაკადრებ. რატომ ვერ შეაჩერა ამერიკის პოლიციამ კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილეები? თანაც ერთი მოქალაქე ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლით პოლიციამ მოკლა. ეს ისე, თემამ მოიტანა.

მოკლედ, ტრამპს 400 წელი უკვე ჰქონდა, კიდევ 50 წელს დაუმატებენ.

2024 წლის არჩევნების შედეგები ოპოზიციამ მშვიდად უნდა მიიღოთ. ცესკო 30-60 წუთში ქვითარს ამოარტყამს და შეინახეთ. ISFED-ების ხმა არ გავიგო”- წერს ამირან სალუქვაძე

“უკრაინის წინააღმდეგობამ მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები”- დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

რასაკვირველია, “გლობალური ომის პარტია” არ ელოდა უკრაინის ამგვარ უდიდეს, მართლაც გასაოცარ წინააღმდეგობას და როგორც ეს აშშ-ს გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მილიმ ამერიკელ კონგრესმენებს ამ ომის დაწყებისას განუცხადა: “სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში კიევი შესაძლოა 72 საათში დაეცესო” – სწორედ ამას ვარაუდობდნენ. ცხადია, მაშინ მათ არ მოუწევდათ არანაირი ხარჯის გაწევა და ერთადერთი სახარჯო რესურსი, რაც მათ სტრატეგიას ბოლომდე შეეწირებოდა, ეს სახარჯო ქვეყანა – უკრაინა იქნებოდა. უკრაინა დაკარგავდა სუვერენიტეტს და რაც უფრო მძაფრი, ამაზრზენი და აუტანელი იქნებოდა მსოფლიოსათვის ამ რუსული ბარბაროსობის ყველა საინფორმაციო არხით “ნონ სტოპ” რეჟიმში დემონსტრირება, მით უფრო მასშტაბური და “აბსოლუტური” იქნებოდა ამ ომის მთავარი სტრატეგიული შედეგის მიღწევა: რუსეთის მოქცევა სრულ საერთაშორისო ბლოკადაში, მისი, როგორც მთავარი სანედლეულო ბაზის “ლოკდაუნი”, მისგან ისევე იზოლირება, როგორც ეს კოვიდის ვირუსისგან “იზოლირების” საბაბის გამოყენებით გლობალური ურთიერთიზოლაციის მიღწევით მოხდა. რუსეთი უწმინდურებაა – ამიტომ, მისი არაფერი მოიხმაროთ, თორემ თქვენც გადაგედებათ ეს უწმინდურება – “პუტინიზმი” და მორჩა!

რატომ და რისთვის კეთდებოდა ეს? სრულიად ცხადია, რომ მინსკის პროცესის განახლებით, რაც მიზანმიმართულად იქნა ტორპედირებული “გლობალური ომის პარტიისა” და მისი ნების მორჩილი ზელენსკის მთავრობის მიერ, არც თუ დიდი ძალისხმევით, იოლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ომის თავიდან აცილება (ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, ასევე შეიძლებოდა კოვიდ პანდემიის თავიდან აცილებაც) . მაგრამ მაშინ ეს მიზანი – რუსეთის და მისი ბუნებრივი რესურსების “ლოკდაუნი” ვერ მიიღწეოდა.

რას ნიშნავს რუსეთის ბლოკირება, მათ შორის გლობალური ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით, ძალიან მარტივი დასანახია. თუმცა, ამას, ცხადია, ყველანაირად ჩქმალავენ, რადგან რუსულ ბარბაროსობაზე სანქცირების დაწესების სამართლიანობით ბოლომდე შეფუთეს ის, რისი მიღწევაცა სურთ: “ინკლუზიური” მოხმარების უკიდურესად შეზღუდვა და გლობალური ეკონომიკის გადაწყობა ექსკლუზიურ მოხმარებაზე, რომელსაც განაგებენ არა ცივილიზებული წესები და სახელმწიფოები, არამედ “რაღაც სხვა”. აბა, შეხედეთ:

რუსეთი ფლობს მსოფლიო ბუნებრივი რესურსების არანაკლებ 20%-ს. დღევანდელი მდგომარეობით ის აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ხორბლის ასევე 20%-ს, ბუნებრივი აირის – 30%-ს, ნავთობის 10%-ს, მინერალური სასუქების 25%-ს, ასევე წამყვანი ადგილი უკავია მსოფლიო ბაზარზე, როგორც პრაქტიკულად ყველა ნედლეულის ერთ-ერთ ძირითად მიმწოდებელს. ეს არ არის არც ჩრდილოეთ კორეა და არც თუნდაც გაზითა და ნავთობით მდიდარი ირანი, რომლის ეკონომიკური იზოლაცია გლობალურ შედეგებს ვერ განაპირობებს. ჩანაფიქრიც ეს იყო: უკრაინის მხეცურად, ელვისებური ოკუპაცია გახდებოდა ტრიგერი, რათა დარღვეულიყო და მოშლილიყო “მიწოდების ჯაჭვი”, რაც უწინარეს ყოვლისა, მძლავრად დაარტყამდა ნედლეულის ინკლუზიურ მოხმარებას. და ეს გახლავთ მეორე დიდი ნაბიჯი კოვიდ პანდემიის შემდეგ, რაც “ინკლუზიური კაპიტალიზმისკენ” იქნებოდა გადადგმული.

ცინიზმია, მწარე დაცინვაა თავად ეს სახელიც: “ინკლუზიური კაპიტალიზმი”. რადგან იგი ჯერ არნახულ ექსკლუზიურობას გულისხმობს. ამის დანახვა კოვიდ-პანდემიის და ახლა უკვე “რუსული ვირუსის” ამ “ახალი პანდემიის” წინააღმდეგ ლოკდაუნებითაც იოლად შეიძლება. რა ხდება სინამდვილეში?

უკრაინის წინააღმდეგობამ და შესაძლოა, ეს – ანუ ომის გაჭიანურება პუტინის გეგმაც ყოფილიყო, მნიშვნელოვნად შეცვალა “გლობალური ომის პარტიის” გეგმები. მათ უწევთ ხარჯის გაღება და სახელმწიფოების მობილიზება, რათა რუსეთს გაეჯიბრონ – ვინ უფრო მეტ ხანს გაძლებს. რაც მთავარია, არ იციან რა ქნან – როგორ გააგრძელონ დიდი პარტია, თუკი უკრაინა ბოლომდე გაიხარჯება. მაგრამ: “მიწოდების ჯაჭვი” მაინც იშლება. რუსეთის ნედლეულით მსოფლიო ვაჭრობა ინაცვლებს ლეგალურიდან არალეგალურ, ჩრდილოვან ბიზნესში. აქ კი, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს სამთავიანი გველეშაპები: ერთი თავია სპეცსამსახურები, მეორე – კრიმინალი და მესამე, “ექსკლუზიური” კორპორაციები, რომლებიც ყველაფერ ამას თავიან მოგებად – “ფული-ძალაუფლება” კორპოროკრატიულ კაპიტალად, რაც საბოლოოდ ყველას და ყველაფერს, მათ შორის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს, გააკოტრებს, აქცევენ.
არავინ და არასდროს არსად არ აქვეყნებს ამ მოგებას. ხოლო უკრაინა – სახარჯო ქვეყანაა. ის თავს წირავს ამ მოგების გაზრდას და იმას, რომ მოხმარება ექსკლუზიური გახდეს. ეს ხდება და თვალების ოდნავ გახელაა საჭირო, რომ დაინახოთ, ვინც ამას მაინც ვერ ხედავთ.

რუსებმა კიევს 10-ზე მეტი დრონით შეუტიეს – რა ხდება უკრაინაში ომის 525-ე დღეს

ომის 525-ე დღეს, რუსულმა ძალებმა წუხელ კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, მისი თქმით, განადგურებულია 10-ზე მეტი დრონი.

“ყველა საჰაერო სამიზნე – 10-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი – საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს”, – აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა. “დაზიანებულია არასაცხოვრებელი შენობა და ტროტუარი. არანაირი სერიოზული დაზიანება არ ყოდილა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება”, – აღნიშნა პოპკომ.

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მოსახლეობის მხრიდან რუსული ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა მატულობს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე საოკუპაციო კონტინგენტსა და პროუკრაინულად განწყობილ მოსახლეობას შორის წინააღმდეგობა მკვეთრად არის გაზრდილი.

„სისტემატური ხასიათი აქვს „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენებით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს. ორგანიზატორები და შემსრულებლები სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი “ტელეგრამში” წერს.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდებში პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უცხოური ენების გამოცდებში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) პირველადი შედეგები გამოაქვეყნა.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

„უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70.  აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის  20%-ზე მეტი.  მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ომის გამო უკრაინაში შობადობის მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 28%-ით შემცირდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

უკრაინული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქვეყანაში 96 755 ბავშვი დაიბადა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 135 079-ს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში შობადობის მაჩვენებელი ყოველწლიურად მცირდებოდა, წელს დაფიქსირებული ვარდნა ყველაზე დიდია მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა.

გაეროს მონაცემებით, ომამდე უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა 43 მილიონს აღემატებოდა, თუმცა ამჟამად 6 მილიონამდე უკრაინელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.

ოდესაზე თავდასხმის შედეგად მარცვლეულის საწყობებში ხანძარი გაჩნდა

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ოდესის პორტსა და მარცვლეულის საწყობებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რის გამოც, ზოგიერთ მათგანში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი “ტელეგრამში” წერს.

მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები მას შემდეგ გააძლიერა, რაც შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

ტრამპს ბრალი ოთხი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორისაა: შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, მოწმეების მოსყიდვა და შეთქმულება ადამიანის უფლებების წინააღმდეგ.

ექსპრეზიდენტი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს.

იუსტიციის დეპარტამენტმა ტრამპს ბრალი წაუყენა შემდეგი ოთხი მუხლით:

  • შეთქმულება შეერთებული შტატების მოტყუების მიზნით არაკეთილსინდისიერების, თაღლითობისა და მოტყუების გამოყენების გზით, რათა ხელი შეშლოდა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეგროვების, დათვლისა და დამოწმების პროცესს.
  • შეთქმულება 6 იანვრის კონგრესის სხდომის შეფერხების მიზნით, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შეგროვებული შედეგების დათვლა და დამოწმება ხდება.
  • შეთქმულება ხმის მიცემის უფლებისა და ხმის დათვლის წინააღმდეგ.
  • საარჩევნო ხმის დამოწმებისთვის ხელის შეშლა და ხელის შეშლის მცდელობა.

“ბრალდებულმა და შეთქმულების თანამონაწილეებმა შეგნებულად გამოიყენეს ცრუ განცხადებები არჩევნების გაყალბების შესახებ, რათა აეძულებინათ შტატის კანონმდებლები და საარჩევნო ოფიციალური პირები, გაეუქმებინათ ლეგიტიმური არჩევნების შედეგები და შეეცვალათ ბრალდებულის ოპონენტის, ჯოზეფ ბაიდენის საარჩევნო ხმები ბრალდებულის ხმებით”, – ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ერთლარიანი მონეტების გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, 2022 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის პერიოდში, სისტემატურად ასაღებდნენ ყალბ ერთლარიან მონეტებს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 524 ცალი ყალბი ერთლარიანი მონეტა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ყალბი მონეტების დამამზადებლისა და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო უწყებაში არ უნდა გამოეძახათ”-მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ მკაცრად დაგმო პოლონეთის ელჩის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება.

„ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ერთადერთია, ვინც დარჩა კიევში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან, არ უნდა გამოეძახათ. ეს არ უნდა მომხდარიყო. საერთაშორისო პოლიტიკაში, მიმდინარე ომის პირობებში, იმ უზარმაზარი მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელსაც პოლონეთი უკრაინას უწევს, ასეთი შეცდომები დაუშვებელია“, – წერს მატეუშ მორავიეცკი.

მისივე თქმით, პოლონეთისთვის სხვა სახელმწიფოს ინტერესები არასდროს დადგება მათი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.

პოლონეთის სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ოფისის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდიჩმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ კიევი პოლონეთის დახმარების როლს დააფასებს. აღნიშნულ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უსაფუძვლო უწოდეს და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩი ბარტოშ ციხოცკი დაიბარეს.

ამასთან, უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს.