Home Blog Page 2355

“ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება”

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129 %-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26 %-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. საქართველოდან ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს

ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება, ევროკომისია უახლოეს დღეებში წარუდგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დეტალებს.

თავის მხრივ, ელჩები წარადგნენ იმ წითელ ხაზებს, რომლებიც მათი ქვეყნების მთავრობებს აქვთ.

მედიის ცნობით, გერმანიამ უკვე მოითხოვა სანქციების ახალ პაკეტში რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის შეტანაც. როგორ ცნობილია, ამის წინააღმდეგ გამოდის უნგრეთი.

ამასთან, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მანამდე განაცხადა, სანქციების ახალი პაკეტი ფოკუსირებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობების შემცირებაზე.

ვინ არის 18 დეპუტატი, რომელსაც, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგის შედეგების თანახმად, პარლამენტის 18 დეპუტატს 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ დეპუტატთაგან 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.

ესენი არიან: ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა), ისკო დასენი (უმრავლესობა), გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი), აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია), მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია), სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა), ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), გოგი მეშველიანი (უმრავლესობა), კობა ნაყოფია (ოპოზიცია), რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა), ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა), ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია), დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).

დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს – ხატია დეკანოიძე

დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა“.

„გუშინწინ და გუშინ ჩვენი მობილიზაციის შედეგად მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან. ანუ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს მურუსიძეს და კლანს გადაეფარა. დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც არის ძალიან აქტიურად განხილვადი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაშიც ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს. ვნახოთ, როგორი იქნება ყველა ოპოზიციის გეგმა. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს და წავა ყველანაირ საბოტაჟზე ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან მუქარა, გაცვეთილი არგუმენტაცია და სუსტი გზავნილები აჩვენებს მათ ძალიან სუსტ პოზიციას.

„თუ მათ უნდათ რაიმე სახის პრობლემის გამოკვლევა სასამართლოს სისტემაში რა თქმა უნდა ოპოზიციის საგამოძიებო კომისია ამის საშუალებას იძლეოდა. მათ ეს არ სურთ. მათ სურთ მხოლოდ ერთადერთი, რომ კლანს გადაეფარონ. ეს მუქარა, გაცვეთილი არგუმენტაცია და სუსტი გზავნილები ბატონი კობახიძის მხრიდან აჩვენებს მათ ძალიან სუსტ პოზიციას, რომელიც ჰქონდათ ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ მუქარაა და არაფრის გაგრძელების საშუალება და შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ამიტომ, ამ გზავნილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თანამედროვე დიფუზიური ომები: ამერიკის „ომი“ და ჩინეთის „მშვიდობა“ შუა დერეფანში

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ამერიკის ელჩის მეცადინეობით საქართველოში მოწყობილი სკანდალური შოუსა თუ მორიგი ჰიბრიდული დივერსიის ფონზე, რამაც რადიკალიზებული პოლარიზაციის კიდევ ერთი ტალღა შექმნა, ვერავინ შეამჩნია საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩინეთის ელჩის ეს გამოსვლა, რომლის დროსაც წარმოადგინეს არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ჩინეთის სტრატეგია, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე „შუა ხმელთის“, „შუა დერეფნისა“ და კონკრეტულად – საქართველოს მიმართაც, მიზანმიმართულად დაემთხვა ქ-ნი კელი დეგნანის გამოწვეულ აჟიოტაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დამთხვევა შეიძლება სრულიად შემთხვევითი იყოს, შეუძლებელია არ შეიმჩნიო ის გამაოგნებელად მკვეთრი კონტრასტი, რაც ამ ორი ელჩის, რომლებიც უკვე ბიპოლარული მსოფლიოს საპირისპირო პოლუსებს წარმოადგენენ, გამოსვლებმა შექმნეს.

ეს მკვეთრი კონტრასტი კარგად გამოხატავს მსოფლიოში 24 თებერვლის შემდგომ მომხდარ ფუნდამენტურ რყევებს, რამაც პრაქტიკულად მანამდე არსებული მსოფლიო წესრიგი დაამხო და რეალურად „პაქს ამერიკას“ (Pax Americana) წირვა გამოუყვანა.
კონტრასტი ერთდროულად მსოფლიო ყოფიერების თითქმის ყველა შრეში – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ტექნოლოგიურ და სხვ. – შეიქმნა და იგი მრავალგანზომილებიანია. ეს კონტრასტი იმითაც არის გამორჩეული, რომ დამაბრმავებლად მკვეთრია და სრულიად დაუჯერებელ სურათებს გვიხატავს. ასეთი რამ 24 თებერვლამდე სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა. ე.ი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უკვე საფუძველგამოცლილი და გვარიანად შერყეული ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, ასე თუ ისე, ავად თუ კარგად, თავს მაინც იჭერდა და ქმნიდა მყარ ილუზიას („აღქმებს“), რომ თუ არა ეს წესრიგი, მსოფლიოს სხვა „მოდუს ვივენდი“ და არსებულისგან განსხვავებული „მოდუს ოპერანდი“ არავის აქვს.

რასაკვირველია, დედამიწაზე სულ უფრო და უფრო მცირდება იმათი რიცხვი, ვისაც ეს, უკვე ფაქტების საპირისპირო აღქმები, ანუ ილუზია და პრაქტიკულად დამხობილი Pax Americana-ს მიმართ ერთგულება შეინარჩუნეს. მაგრამ ასეთები კვლავაც ძალზე ბევრნი არიან: მათ, ამ „აღქმების“ ტყვეობაში მყოფთ, გააჩნია რა მოტივაციით, ვის – როგორ და რა დოზით, ზოგს – „რწმენა“, ზოგს „იმედი“ თუ „სიყვარულიც“ კი შერჩენია 24 თებერვლამდე არსებული „მოდუს ვივენდის“ მიმართ. ხოლო არნახული ტრაგედიაა, რომ მეიდანის ინერციით არსებული „მოდუს ოპერანდის“ გამო ბედკრული უკრაინა თავსაც სწირავს და ჯვარცმულიც არის ამ თითქოსდა საყოველთაოდ უკვე თვალსაჩინოდ ილუზორული ერთპოლარული წესრიგის მიმართ თავისი გამაოგნებელი „რწმენით, იმედითა და სიყვარულით“…

გეოპოლიტიკური კონტრასტი, რომელიც ჩინეთის ელჩმა დაახასიათა, აი, ასეთი დამაბრმავებელი სიმკვეთრისაა: „კრიზისის დაწყებიდანვე ჩინეთმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მას ყოველთვის მშვიდობა სურს. ზოგიერთი ქვეყანა, გეოპოლიტიკური თუ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ესკალაციისკენ უბიძგებს და განგებ ხელს უშლის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ადამიანებს სამართლიანობის გრძნობა ბუნებრივად აქვთ და ამიტომ ყველასთვის ცხადია ვინ ასხამს ცეცხლზე ნავთს და ვინ ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლას. ჩინეთს გამოკვეთილი და თანმიმდევრული პოზიცია აქვს – მშვიდობასა და ომს, დიალოგსა და სანქციებს, სიტუაციის გამწვავებასა და განმუხტვას შორის ვირჩევთ მშვიდობას, დიალოგსა და დაძაბულობის მოხსნას. არ გვაქვს პირადი პოლიტიკური ინტერესი, არ მივმართავთ გეოპოლიტიკურ მანიპულაციებს, გულწრფელად ვემხრობით სამშვიდობო დიალოგს და ხელს ვუწყობთ ცეცხლის შეწყვეტას. ეს არის ჩინეთის, როგორც დიდი ქვეყნის, პასუხისმგებლობა. ახალ ეპოქაში ჩინეთის „დიდი ქვეყნის დიპლომატია“ ასე უყურებს მწვავე საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საკითხს… აშშ ცეცხლზე ნავთს ასხმას, რადგან სამხედრო დახმარებით, ცალმხრივი სანქციებითა და სხვა საშუალებებით მუდმივად ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას, რასაც თან ერთვის „ცივი ომის“ დროინდელი ჰეგემონური ქმედებები, როგორებიცაა ერთმანეთთან პირის შეკვრა, ზეწოლა, პროვოკაციები, კონფრონტაციებისკენ წაქეზება, ექსკლუზიურობა, კავშირების გაწყვეტა და ა.შ.“

ამრიგად, ჩინეთის ელჩის განმარტებით, ამჟამინდელი, უკვე ბიპოლარული მსოფლიოს „პოლარიზაციის“ შინაარსი პრაქტიკულად ესაა – მკვეთრი კონტრასტი ომსა და მშვიდობას შორის, სადაც თითქოს აღმოსავლეთს – ჩინეთს – მოაქვს მშვიდობა, ხოლო დასავლეთს – აშშ-ს – ომი მსოფლიოსათვის.

ჩინეთის ელჩი არ შეჩერებულა ამ „გლობალური კონტრასტის“ ჩვენებით, არამედ განაგრძო და ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური რეგიონის – „შუა დერეფნის“ – სრულიად კონკრეტული გეოპოლიტიკური სურათი დახატა: „…ობიექტურად რომ ვთქვათ, შუა დერეფანს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია და ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ უკრაინაში კრიზისის დაწყების შემდეგ სულ უფრო საჭირო ხდება, რომ გამოინახოს ევროპისა და აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ახალი გზები, რომლებიც რუსეთს გვერდს აუვლის. ამიტომ ვფიქრობ, რომ შუა დერეფანს განვითარების ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი – შუა დერეფნის წარმატებისთვის აუცილებელია, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირმა და ჩინეთმა. ევროკავშირისა და ჩინეთის ჩართულობის გარეშე შუა დერეფანს ვერ ექნება საკმარისი ფუნქცია, რადგანაც ჩინეთს აზიაში უდიდესი ეკონომიკა აქვს, ევროკავშირს კი ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ამიტომ აუცილებელია მათი მონაწილეობა ამ პროექტში, რაც სასარგებლო იქნება ყაზახეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, საქართველოსთვის და მასში მონაწილე ყველა ქვეყნისთვის… გარდა ამისა, შუა დერეფანს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო ჩინეთის წარმოდგენილ „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივასთან და ამიტომ შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, შუა დერეფნის პროექტის განხორციელება მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველოში სარკინიგზო და პროექტების ინფრასტრუქტურა ჯერ სათანადო დონეზე არ არის, რისთვისაც საჭიროა დიდი ინვესტიციების განხორციელება. ჩინეთსა და საქართველოს ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის მხრივ და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საქართველოს ინფრასტრუქტურის შემდგომ გაუმჯობესებაში…“

ჩინეთის ელჩმა ჩვენი მთავარი პრობლემის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, შესახებაც ისაუბრა: „…იმ 12-პუნქტიან დოკუმენტში, რომელშიც უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ ვსაუბრობთ, პირველი პუნქტი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ეხება. საქართველოსთან მიმართებით ამ პრინციპს ყოველთვის ვიცავთ. პატივს ვცემთ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩინეთს კარგი ურთიერთობა აქვს როგორც რუსეთთან, ისე საქართველოსთან და ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანად გადაწყდება ეს საკითხი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არცერთი მხარისგან არ მიგვიღია რაიმე სახის თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთმა ამ საკითხის მოგვარებაში მედიატორის როლი იტვირთოს. ჩვენ, საქართველოსა და რუსეთის კარგი პარტნიორები, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდება. საქართველოს მთავრობა ქვეყნის გაერთიანებასა და ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობს. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ სწორედ მშვიდობიანად გადაწყდება ეს საკითხი…“
ერთი შეხედვით მკაფიოდ ჩანს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო სტრატეგია“ სრულ ჰარმონიაში მოდის საქართველოს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებთან და ეს ყველაფერი ხდება აშშ-ის ელჩის უაღრესად თვალსაჩინო, აბსოლუტურად კონტრასტული დესტრუქციული შოუს ფონზე. თითქოს იმის დემონსტრირება ხდება, რომ შეერთებულ შტატებს ვითომც აღარაფერი დარჩა საქართველოსათვის შესათავაზებელი, გარდა იმისა, რომ საერთო მტერთან, რუსეთთან, ომისკენ უბიძგოს, ხოლო ამ ომის „გაცხელებისა“ და ჩვენი „დემოკრატიის მხარდასაჭერად“, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა – „დემოკრატიის ცეცხლის დასანთებად“, ჩვენი მოსამართლეების სანქცირების, სააკაშვილის „ჰუმანიტარული ტრანსფერის“, „დეოლიგარქიზაციის“, თუ „რუსული კანონის“ გმობის და სხვ. და ა.შ. ხერხებით -ფაქტიურად მეიდანის ორგანიზებისა!

კონტრასტი მართლაც გამაოგნებელია; ხოლო ამ ორ პოლუსს შორის არჩევანი თვითგადარჩენის ინსტიქტისა და საღი აზრიდან გამომდინარე, სამართალსა და სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ ერთი შეხედვითაც სრულიად მკაფიოა. რასაკვირველია, საქართველო, მისი ნება რომ იყოს, უსათუოდ სამშვიდობო სტრატეგიას აირჩევდა, სწორედ მშვიდობით და განვითარებით ეცდებოდა შუა დერეფანში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას და ასევე, მხოლოდ მშვიდობიანად გადაწყვედა სასიცოცლო მნიშვნელობის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს… უნდა აღინიშნოს, რომ ეს ასეც არის ოფიციალურად დეკლარირებული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ…

თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოს სურვილზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან მსოფლიო 24 თებერვლის შემდეგ საბედისწერო, „ახალი გენერაციის“ პოსტ-მოდერნისტულ ომშია! საქართველოს სრულიად მკაფიო ნების – მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება, სამართლისა და სამართლიანობის პატივისცემა, ეკონომიკური განვითარება – რეალიზება სწორედ ამ საბედისწერო პოსტ-ომის შედეგებზეა დამოკიდებული. ეს კი, როგორც ნებისმიერ ომში, ვიდრე არ დასრულდება, ბედისწერის სასწორზე დევს, ბიფურკაციის მდგომარეობაშია, როცა მოვლენები სრულიად განსხვავებული და საპირისპირო სცენარებით შეიძლება განვითარდეს; ამდენად ჯერჯერობით კვლავაც ბურუსითა და გაურკვევლობითაა შექმნილი კონტრატსის მომავალი.

განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ შემდეგ საკითხს: ეს სრულიად განსხვავებული, აქამდე არნახული მსოფლიო ომია, ვიდრე 24 თებერვლამდე მძვინვარე „ჰიბრიდული ომი“. როგორც თანამედროვე ომების ზოგიერთი მკვლევარი უწოდებს, ეს უკვე „დიფუზიური ომია“. ღრმა თეორიულ წიაღსვლებში რომ არ შევიდეთ, შევეცდები აღვწერო თუ როგორ გამოიყურება ეს „დიფუზიური ომი“ და რაც მთავარია, როგორი შეიძლება იყოს ამ უაღრესად საშიშ, შესაძლოა, საერთოდაც ყოფნა-არყოფნის საბედისწერო მდგომარეობაში საქართველოს პოზიცია. ამისათვის უნდა გავიხსენოთ 24 თებერვლამდე არსებული მდგომარეობა: მაშინ, ერთპოლუსიან მსოფლიო წესრიგს, როგორც „მოდუს ვივენდი“ განსაზღვრავდა Pax Americana, ხოლო საერთაშორისო ურთიერთობების „მოდუს ოპერანდის“ მთელ „შუა ხმელეთზე“ – ნატოს გაფართოებაზე რუსეთის რეაქციის (პუტინის „მიუნჰენის ბუნტის“ შემდეგ) გამო მძვინვარე „ჰიბრიდული ომი“ წარმოადგენდა; ამ მდგომარეობაში საქართველოს ადგილი და პოზიცია ცალსახად მკაფიო გახლდათ: ჯერ კიდევ ბუშის თბილისში ვიზიტისას, როდესაც ამერიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა კავკასიონზე ე.წ. წითელი ხაზები გაავლო, განსაკუთრებით კი აგვისტოს ომის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სხვა არჩევანი თეორიულადაც აღარ დარჩა: იგი შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი იყო და კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა, რომ თავად საქართველოს „მოდუს ოპერანდი“ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაცია იყო. ანუ 24 თებერვლამდე მძვინვარე „ჰიბრიდულ ომში“, რაც მაშინ Pax Americana-ს „მოდუს ოპერანდი“ გახლდათ, საქართველო დასავლეთის ერთგული და თავდადებული მოკავშირე იყო.

რასაკვირველია, საქართველო, განსაკუთრებით 2014 წლის მეიდნამდე, დასავლეთის უფრო თავდადებული მოკავშირე იყო, ვიდრე უკრაინა; არა იმიტომ, რომ მან მსხვერპლი გაიღო და როგორც არაწევრი ქვეყანა ნატოს პრაქტიკულად ყველა მისიაში მონაწილეობდა და მონაწილეობდა უფრო ინტენსიურად, ვიდრე ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოები: საქართველოს სამხედრო კონტრიბუცია და ამ მისიებისათვის შეწირული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა, ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან გამომდინარე, პროპორციულად ერთ-ერთი უდიდესი იყო თავად ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით. მაგრამ არც ესაა მთავარი: მთავარი ისაა, რომ საქართველო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყოველგვარი გეოპოლიტიკური უზურნველყოფის გარეშე ცარიელი დაპირება გაიცა, ფაქტობრივად რუსული აგრესიის ნომერ პირველი სამიზნე გახდა! საქართველო იმ დღის შემდეგ გადაიქცა რუსეთ-დასავლეთის ჰიბრიდული ომის სამხედრო პოლიგონად. ეს მოხდა საქართველოს ურყევი ცივილიზაციური არჩევანის გამოყენებით, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება სწორედაც ევროპული, ქრისტანული ცივილიზაციის ნაწილი. ამაზე დაყრდნობით საქართველო გაიმეტეს და მანაც თავი კიდევ ერთხელ გაიმეტა: მეტი ერთგულება და თავდადება, რაც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში გამოიჩინა და ჩვენს დროშიც სისხლით დაამტკიცა, უბრალოდ წარმოუდგენელია!

მეორე მხრივ, აგვისტოს ომმა და მისმა კატასტროფულმა შედეგებმა ცხადყო, რომ იმდროინდელმა მსოფლიო წესრიგმა, Pax Americana-მ, საქართველო ვერ დაიცვა, ხოლო დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰიბრიდულ ომში საქართველო დამარცხდა. 2014 წლის მაიდანის შემდეგ თავის გამეტების ჯერი უკრაინაზე მიდგა, 24 თებერვლის შემდეგ ეს ჰიბრიდული ომი აღარ არის, რომლის შეჩერება აგვისტოს ომის ანალოგიურად შესაძლებელი იქნებოდა, არამედ ეს არის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაწყებული დიფუზიური ომი, რაც მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტმაც ცხადყო.

დიფუზიურობა ანუ მაქსიმალური არეულობა, ანომალიის ნორმად გადაქცევა, ამ ომის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია. ეს ერთიან მსოფლიოში მიმდინარე პოსტ-მოდერნული ომია. ცხადია, რომ დიფუზიურობას ქმნის ორი მთავარი გარემოება: მსოფლიო წესრიგი, როგორც ასეთი, რაიმე მკაფიო „მოდუს ვივენდის“ გარეშე დარჩა, ასევე – ასეთ სიტუაციაში ყველა სახელმწიფოს, გარდა თითქოსდა ჩინეთისა, უჭირს ადეკვატური „მოდუს ოპერანდის“ მიგნება. არეულობა დამახასიათებელი გახდა ერთიანი მსოფლიოს თითქმის ყველა მთავარი მოთამაშისათვის. არეულობაა, უწინარეს ყოვლისა დასავლეთში, რომელიც დაჟინებით ებღაუჭება Pax Americana-ს და ცდილობს რამენაირად აღადგინოს; ხოლო ამისათვის არა მხოლოდ უკრაინას სწირავს, არამედ „უკრაინიზაციას“ ესწრაფვის მთელ „შუა ხმელეთზე“, რუსეთში და რუსეთის გარშემოც, სადაც კი ეს შესაძლებელია. რასაკვირველია, ამას მეტი არეულობა მოაქვს და იკვრება მანკიერი წრე: უკრაინასთან ომში რუსეთი სისხლისგან არ იცლება; ასევე, ერთიან მსოფლიოში რუსეთის ეკონომიკური თუ პოლიტიკური იზოლირება და მის მიმართ მძიმე სანქციების დაწესება შედეგს ვერ იძლევა. ეს შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ოქსიმორონია – ლიბერალიზმის, რაც კლასიკური გაგებით სხვა არაფერია, თუა არა „თავისუფალი ბაზარი“, მიმდევარმა და ერთ დროს თავგამოდებულად დამცველმა ქვეყნებმა გლობალიზაციის პირობებში შეაჩერონ რესურსების, მათ შორის – ენერგომატარებლების, კაპიტალის, ინფორმაციის, ადამიანების და ა.შ. თავისუფალი მოძრაობა; იქმნება მდგომარეობა, როდესაც, მაგალითად, რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვა იწვევს უდიდეს ზიანს, საფინანსო ინსტიტუტების „მოდუს ოპერანდის“ დანგრევას – ფუნდამენტურად არყევს ნდობას მსოფლიო სარეზერვო ვალუტი, დოლარის, მიმართ და კიდევ უარეს არეულობას განაპირობებს. დიფუზიურობა მჟღავნდება და აისახება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, რომელიც ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ეპიცენტრს, ფაქტობრივად მსოფლიო მეტროპოლიას, წარმოადგენდა. აშშ-ში უკვე კრიტიკულ ზღვარს აღწევს პოლარიზაცია და მკვეთრი კონტრასტები არა მხოლოდ მთავრ პარტიებს, არამედ, „ლურჯ“ და „წითელ“ შტატებს, ზოგადად კონსერვატიულ და ლიბერალურ ამერიკას შორის, თვალსაჩინო ხდება…

აქ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული „მოდუს ოპერანდი“, რაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თავისუფალ სახმელეთო გაცვლა-გამოცვლას რაღაც დონზე შეინარჩუნებს, სწორედ „შუა დერეფანია“; თუმცა ცივილიზებული, წესებზე დამყარებული ურთიერთობების ვერც ეს არხი რჩება უსაფრთხოდ და ისიც დიფუზიური ომის ასპარეზია; ამას ადასტურებს საქართველოს შიდა პროცესებში უხეში საგარეო ჩარევის მაგალითიც; ცხადია, აქ საკვანძო მნიშვნელობა შავი ზღვის აუზს და ქვეყანას, რომელსაც ხელთ უპყრია ბოსფორის და ამდენად, მთელი ევრაზიისაც კლიტენი, თურქეთს ენიჭება; ამიტომ, 14 მაისის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ბიფურკაციის წერტილი, საიდანაც მოვლენები მთელი ამ უზარმაზარი რეგიონის – შავი ზღვიდნ ვიდრე ჩინეთმდე, ან „უკრაინიზაციის“ ანდა პირიქით, ჩინური „გლობალური უსაფრთხოების კონცეფციის“ შესაბამისად განვითარდეს. შეგახსენებთ, რომ ამ კონცეფციის შესაბამისად, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისგან, უწინარესად კი ნატოსგან გათვისუფლების გარეშე, გლობალური უსაფრთხოების მიღწევა ჩინეთს შეუძლებლად მიაჩნია. არადა, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რომლის ახალი „მოდუს ოპერანდი“ ევროპაში არა მხოლოდ აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთისკენ გზაჩაკეტილი რუსეთის გამტარი „ჰაბის“ ფუნქცია ხდება, რაც დიფუზიურობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია….
დიფუზიური ომის ხატოვნად დასახასიათებლად აქ მოვიყვან თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი სკანდალურად ცნობილი პოლიტტექნოლოგის, ერთ დროს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხებში პუტინის მრჩეველის, ვლადისლავ სურკოვის, სიტყვებს, რომელიც მან ნათან დუბოვიცკის ფსევდონიმით გამოაქვეყნა:

„… მე-19-20 და შუა საუკუნეების პრიმიტიულ ომებში, როგორც წესი, ორი მხარე იბრძოდა. ორი ერი ანდა ორი დროებითი კავშირი. ახლა ერთმანეთს ოთხი კოალიცია შეეჯახა. და არა ისე, რომ ორი-ორზე ან სამნი ერთზე. არა. ყველა-ყველას წინააღმდეგ. თან როგორი კოალიციები! არა ისეთი, როგორც ადრე. იშვიათად, რომ მთლიანად რომელიმე სახელმწიფო შედის რომელიმე კოალიციაში. სახელმწიფოს ნაწილი ერთ, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად სხვა კოალიციაშია. ხდებოდა ისეც, რომ რამდენიმე პროვინცია ერთ, სხვები – სხვა მხარესაა, ასევე რომელიმე ქალაქი, ანდა თაობა, სქესი, პროფესიული საზოგადოება და სხვ. ერთი და იგივე სახელმწიფოსი მეორე, მესამე მხარესაა ან სულაც მეოთხე მხარეს. ომის მსვლეობისას მათ თავისუფლად შეუძლიათ შეიცვალონ პოზიციები. გადავიდნენ საწინააღმდეგო ბანაკში. ხანდახან – უშუალოდ ბრძოლისას. კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სხვადასხვა ამოცანები ამოძრავებთ. ვის რა, როგორც იტყვიან. სადავო ტერიტორიის დაპყრობა, სულაც – ახალი რელიგიის ძალადობრივი პრეზენტაცია. რეიტინგების აწევა. ახალი საბრძოლო სხივებისა თუ თვითმფრინავების ბრძოლაში გამოცდა. ადამიანთა კაცებად და ქალებად დაყოფის საბოლოო აკრძალვა, რადგან ასეთი მკვეთრი სქესობრივი განსხვავებულობა თურმე ერის ერთიანობას ანგრევს. და ასე შემდეგ. წარსულში გულმართალი მხედართმთავრები საბოლოო გამარჯვებისკენ მუდამ ილტვოდნენ. ახლა ასე სულელურად აღარავინ იქცევა. ცხადია, ზოგი ძველ ჩვევებს ინარჩუნებს კიდეც. ცდილობს, ძველი არქივებიდან ძველი დევიზების ამოქექვას. მაგალითად, ამ ტიპის – „გამარჯვება ჩვენი იქნება“. თუმცა ახლა ძირითადად ომი ესმით, როგორც ცხოველმოქმედების ორდინალური პროცესი. უფრო სწორედ – პროცესის ნაწილი, მისი მწვავე ფაზა. შესაძლოა, არც თუ ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგიერთი ქვეყანა ომში სპეციალურად იმიტომ ჩაერთო, რომ დამარცხებულიყო. მათ აღაფრთოვანებდათ გერმანიისა და საფრანგეთის წარსული მაგალითი. ისინი არნახულად აყვავდნენ მეორე მსოფლიო ომში განადგურების შემდეგ. აღმოჩნდა, ასეთი დამარცხებისათვის ბრძოლა არანაკლებ რთულია, ვიდრე გამარჯვებისათვის. ამისათვის საჭიროა გაბედულებაც, თავდადებაც და ასევე ძალთა მაქსიმალურად დაძაბვაც. ამავდროულად, გამომგონებლობა, ცივსისხლიანობა, საკუთარი სიმხდალისა და სიჩლუნგის საუკეთესო გამოყენების უნარებიც…“

სურკოვმა ეს სიტყვები 24 თებერვლამდე რამდენიმე წლით ადრე დაწერა. თუმცა დღევნდელი ომის დიფუზიურობა ამ სიტყვებით კარგად აღიწერება: მართლაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა, რომელიც ნადგურდება ამ ომში, სურკოვის სიტყვებისა არ იყოს შთაგონებულია მიწასთან გასწორებული გერმანიის ომისშემდგომი აღორძინების მაგალითით და შეგნებულად სჩადის ამას…

დიფუზიური ომის კლასიკური სურათია „გლობალური ომის პარტიის“ ქმედება; მაგალითად, რუსეთის თითქოსდა დაუძინებელი მტერი დემოკრატი სენატორი ჯეიმი რასკინი საუკეთესოდ ასრულებს „უღალატო მტრის“, თუ გნებავთ „სასარგებლო იდიოტის“ როლს; რად ღირს, მაგალითად, ჯეიმი რასკინის ეს იდიოტური გამონათქვამი: „რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს. სწორედაც ამიტომ ის უნდა განადგურდეს იმისდა მიუხედავად, თუ რა საფასურის გადახდა მოუწევს ამისათვის შეერთებულ შტატებს“.

რასკინმა ჯერ კიდევ მაშინ გაითქვა სახელი, როცა ომამდე ეს სისულელე თქვა: „რუსეთთან ომი გამართლებული იქნებოდა, რადგან ეს არის ანტიფემინისტური, ანტიგენური და ანტიტრანსგენდერული სიძულვილის მსოფლიო ცენტრი“.

ბუნებრივია, რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა და მისი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევები სწორედ ამგვარი სასარგებლო იდიოტების, ე.ი. ისეთი „მტრის, რომელიც არასდროს გიღალატებს“, მიერ შექმნილ წინაპირობებს ეყრდნობა. რასაკვირველია, შემდეგ ეს ყველაფერი „ითარგმნება“ რეალურ სამხედრო აგრესიაში, რეალურ რაკეტებსა და ბომბებში, რაც უკრაინის თავზე ცვივა….

ყველაზე ამაზრზენი კი ის არის, რომ არც რუსეთის სასარგებლო მტერი ჯეიმი რასკინი და არც მისი მსგავსნი, მაგალითად, იგივე საქართველოში „მოღვაწე ომის პარტია“, არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და თავს ისულელებენ, თითქოსდა წარმოდგენაც არა აქვთ, რომ დიფუზიურ ომში რუსეთის ყველაზე უღალატო და ერთგული პარტნიორები არიან. ისინი რუსეთთან ერთად და კოორდინირებულად ანადგურებენ უკრაინას და ემუქრებიან საქართველოს.

დასკვნა ნათელია: დიფუზიურ ომში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერთო. მას გამარჯვებულები არ ჰყავს. მთავარია, ყოველგვარ არეულობას ცეცხლივით უნდა ვერიდოთ და დაველოდოთ ჟამს, როცა მსოფლიო იპოვის ახალ „მოდუს ვივენდის“; ჩვენც, ისე რომ შევინარჩუნოთ ურყევობა ამ ისტორიული ცივილიზაციური არჩევანისა – საქართველო ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაციაა, ტრადიციულ „მოდუს ოპერანდის“ დაუბრუნდებით: ვიქნებით მნიშვნელოვანი ქვეყანა „შუა დერეფნისა“ და ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ხიდი მიჯნავს კიდეც და არა მხოლოდ აერთებს ნაპირებს. ხოლო არსებულ „დამაბრმავებელ“ კონტრასტში ცხადია, საქართველო სამშვიდობო სტრატეგიის მომხრეა და არა ომისა…. მით უმეტეს არა დიფუზიური ომისა!

“ელჩო დეგნან დიპლომატის სახე დაკარგეთ, თაღლითს ქომაგობთ, უცხო სახელმწიფოში შფოთს აღვივებთ” -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს ტვიტერით მიმართავს:

“ელჩო დეგნან დიპლომატის სახე დაკარგეთ უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევთ თაღლითს ქომაგობთ უცხო სახელმწიფოში შფოთს

აღვივებთ საკუთარ რეპუტაციას არაფრად აგდებთ

აშშ პრესტიჟს მაინც გაუფრთხილდით!

თავს ნუ გაიხდით სასაცილოდ პოლიტიკური დიდი დეპრესია მოგადგათ კარს!

God Blees AmerIca!”-წერს გოგა ხაინდრავა

“ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია” – თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანს

მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადებას სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, ამერიკული მხარის მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწეს. აღნიშნული მოსამართლეების დასანქცირება ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ საელჩოს და საკუთრივ, კელი დეგნანის წარმოდგენებს ამ მოსამართლეებზე.

ქართული მხარის არგუმენტირებული მოთხოვნა საკითხის ირგვლივ წარმოდგენილ იქნეს მყარი, დადასტურებული მტკიცებულებები, საელჩოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა. ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, მათი მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება. ანუ საკითხზე „საფუძვლიანი“ მიმოხილვის დროს საელჩოს არ გახსენებია ქართულ მხარესთან, აუცილებელი ურთიერთობა, ქართული სახელმწიფოს ამ პროცესში ჩართვის აუცილებლობა.

მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს.

საელჩომ ამ პროცესში არ ცნო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი და მხოლოდ მის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს მის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ქართული სახელმწიფოს დაცინვა, მართლმსაჯულების პრინციპებზე ფეხით გადავლა, ქართული კანონის დაკნინება.

ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია, ვიმსახურებთ კანონზე კანონით საუბარს და ეს უნდა გესმოდეთ“, – მიმართავს კელი დეგნანს თამთა მეგრელიშვილი.

https://www.facebook.com/tamta.megrelishvili/posts/pfbid02XzxF3s7UFwJPJH3nfBwVYLGJVuVVmQn8ARMwfvsgxY53UtEB1oEbEpvEVGqxPkBHl

“12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა, ახლა აღარ მუშაობს”

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.

ქადაგიძის თქმით, თუკი აქამდე საქართველოს „კეთილის მსურველები“ კულისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ.

„მადლობა ქალბატონო დეგნან, რომ ასე ღიად, გახსნილად და თვალნათლივ გვანახებთ პროცესებს. რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, რომ კულისებიდან მიმდინარეობს კონკრეტული რადიკალური დღის წესრიგის შექმნა, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ და იმ მოჩვენებით დიპლომატიურ ჩარჩოებსაც გასცდნენ, ჩვენი „კეთილის მსურველები“, რასაც ადრე არ იმჩნევდნენ. თუ მანამდე, „ისფედის“ გაყალბებულ დათვლებს არ იმჩნევდნენ, თუ გამჭვირვალობაზე კანონპროექტს „რუსულად“ ლომჯარიას ანათლინებდნენ, ახლა პირდაპირ გამობრძანდა ელჩი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ანუ, ამერიკის საელჩოში დაიგეგმა კონკრეტული პროცესი, რასაც ორი გათვლა აქვს: 1) სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. 2) გამარგინალებული მართლმსაჯულების მქონე ქართული სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპერსპექტივობა. ორივე გათვლა, ერთ მიზანს ემსახურება: პოლარიზაციის ისეთი მასშტაბების მიღწევას, რომლის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მისცემს! P.S. 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი „კეთილის მსურველები“ ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. კიდევ ერთი – ეს პროცესი თუ შედეგს არ მოუტანთ, მალე დაიწყება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ვაჭრობა!“ – წერს ქადაგიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0ZQKGi5HjKyHZagtL6KL7scXCRYBtTm4FEwzLWEMAFxVkDVo4xHx6WKdCuKXLkGxwl&id=100086327117582

 

“საბოლოო ჯამში, მგონი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ”-კობახიძე

საქმე როცა ეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია სჭირდება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია, მაგალითად, იმისა, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ფორმით შეიძლება გამოჰკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„ათი წელია გასული ამ დანაშაულების ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს

საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

“ამერიკა ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

“ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – განაცხადა კელი დეგნანმა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტი 24.7 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 52.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით შემცირდა და 766.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 141.4 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 123.4 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 93.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში 205.6 მლნ. აშშ დოლარით პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები , აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 81.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 56.3 მლნ. აშშ დოლარით.