დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს – ხატია დეკანოიძე

80
spot_img

დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა“.

„გუშინწინ და გუშინ ჩვენი მობილიზაციის შედეგად მათ ჰქონდათ შიში და გაიქცნენ ორჯერ დარბაზიდან. ანუ უმრავლესობა უმცირესობაში გადავიდა. ძალიან სამწუხაროა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს მურუსიძეს და კლანს გადაეფარა. დისკუსია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი ერთმანეთთან არიან გარიგებულები, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ეს არის უკვე ის მოცემულობა, რომელიც არის ძალიან აქტიურად განხილვადი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ახლა დგება უკვე მეორე ეტაპი. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაშიც ძალიან სერიოზული მობილიზაცია უნდა გვქონდეს. ვნახოთ, როგორი იქნება ყველა ოპოზიციის გეგმა. მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს და წავა ყველანაირ საბოტაჟზე ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მხრიდან მუქარა, გაცვეთილი არგუმენტაცია და სუსტი გზავნილები აჩვენებს მათ ძალიან სუსტ პოზიციას.

„თუ მათ უნდათ რაიმე სახის პრობლემის გამოკვლევა სასამართლოს სისტემაში რა თქმა უნდა ოპოზიციის საგამოძიებო კომისია ამის საშუალებას იძლეოდა. მათ ეს არ სურთ. მათ სურთ მხოლოდ ერთადერთი, რომ კლანს გადაეფარონ. ეს მუქარა, გაცვეთილი არგუმენტაცია და სუსტი გზავნილები ბატონი კობახიძის მხრიდან აჩვენებს მათ ძალიან სუსტ პოზიციას, რომელიც ჰქონდათ ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ მუქარაა და არაფრის გაგრძელების საშუალება და შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ არ აქვს. ამიტომ, ამ გზავნილს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი“, – განაცხადა დეკანოიძემ.