Home Blog Page 2304

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. იგი ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft, კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე“. ასევე, „ზაფხულის ერთი დღე“ ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრად დასახელდა.

კამპანიის ფარგლებში — ზაფხულის ერთი დღე, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია. ამ კამპანიით თიბისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, აუდიტორიისთვის ახალი სახით მიწოდებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფესტივალის გამარჯვებულები წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ.

R

“ნათია თურნავას მიმართ პრეზიდენტის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე „პირდაპირი ზეწოლა მიმდინარეობს“.

კალაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ძალიან მძიმე და ცუდია“.

„ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელ სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ამ შემთხვევაში ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას უნდა იცავდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს, რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე და ცუდია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები კარგად ხედავენ, „ქვეყნის პრეზიდენტი როგორ მოქმედებს კონსტიტუციასთან ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით“.

„რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ყველაფერი ცხადია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს რეალურად, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან მიმართებით, როგორ მოქმედებს ან თუნდაც დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა, თუმცა ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე, კახა კალაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რის თანახმადაც საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ქონება თავის შვილს გადაუფორმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ამბობს, რომ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, პიროვნება ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებით, სავარაუდოდ, არ იზღუდება.

„პირველ რიგში, ახსნა-განმარტებები გაკეთდა ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ყველაფერი ცხადია, რომ ჩვენ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, სახელმწიფოებრიობას, კანონებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს. რაც შეეხება, ფარცხალაძის მიერ ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას, მე იურისტი არა ვარ, შეიძლება გამიჭირდეს ამ დეტალებში შესვლა, თუმცა ერთი რამ როგორც ვიცი და ამას არ ვიჩემებ, მას ამის უფლება აქვს და აღნიშნული სანქციები ამას არ ზღუდავს – ქონების გადაფორმება-არ გადაფორმებას.

ფარცხალაძე არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, სანქციები გავრცელდება და საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში. რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე შესაბამისი უწყებები განცხადებებს გააკეთებს, კერძოდ, ვინც ჩემზე უკეთ იცნობს აღნიშნულ საქმეს, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, მე პოლიტიკოსი და დედაქალაქის მერი ვარ და ამ სიღრმეებზე ინფორმაციას ცხადია, არ ვფლობ“, – განაცხადა კალაძემ.

მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით – კახა კალაძე ოპოზიციას

რადიკალებს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაიცავს.

„ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება, ამ შემთხვევაში სუს-ი როცა აკეთებს განცხადებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამასთან დაკავშირებით. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, არის მცდელობა, შესაბამის უწყებას მიაყენონ გარკვეული დისკრედიტაცია, თუმცა რაზეც იყო საუბარი, არის სამწუხარო რეალობა. არ იფიქროთ, რომ ეს რადიკალები მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ, მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, ამაზე არ ვხუმრობ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. ამის მცდელობა აქვთ. არ იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს ვაშინებ, მშვიდად იყავით, მეგობრებო, ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენს ხალხსაც, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღეს დავიცავთ. ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით, იგივე სააკაშვილის განცხადება, ვაშაძის განცხადება იარაღთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ადასტურებს იმ კონკრეტულ განცხადებას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცეცხლს ეთამაშებით, ცეცხლს ეთამაშებით, ძალიან ფრთხილად იყავით. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დაპირისპირება და სცადონ ხელისუფლების დამხობა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც დააპირებს არაკანონიერ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არცერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა.

რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მისი კანდიდატურის მომხრე 82 დეპუტატი იყო, არცერთი წინააღმდეგი.

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრემა მათ მხარი არ დაუჭირეს.

ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში, ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა – საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.

“გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა. შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.

დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა. იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია პატრიარქის მილოცვის წერილში.

“აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- გია აბაშიძე

აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ – წერს ექსპერტი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც უარი განაცხადა, ეროვნული ბანკის წევრების თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე.

ექსპერტის თქმით, ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს.

„აღმაშფოთებელია, რომ ორბელიანების სასახლიდან კვლავ გრძელდება კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილის საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ უარი თქვას ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატურების წარდგენაზე, უკანონობის გარდა, მიუთითებს, რომ ზურაბიშვილის ადეკვატურობა იმაზე უარესადაა დაცემული, ვიდრე ნაცოპოზიციის ელექტორალური მხარდაჭერა. აქსიომაა, რომ ნებისმიერი ჩინოსნის პოლიტიკური კარიერა ვერასდროს მთავრდება მისთვის სასიკეთოდ, როცა ის სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა საკუთარ ანგარებასა და ჯიბრიანობას აყენებს“, – წერს აბაშიძე facebook – ზე.

“საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სსფ-თან თანამშრომლობას და ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

„საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.

“უკრაინა დანაშაულის ადგილია, დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის და იცით, ვინც ხართ” – შარლ მიშელი გაეროს

თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ვინ იქნება შემდეგი, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე განაცხადა.

„უკრაინა დანაშაულის ადგილია. დამნაშავე სწორედ ამ ოთახში ზის. იცით, ვინც ხართ. კრემლი ძველი რუსული იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს. უკრაინის შემდეგ, ვინ იქნება შემდეგი? ვინ იქნება შემდეგი, ვინც დააკმაყოფილებს პუტინის წარსულის ფანტაზიას? და თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, რომელ ქვეყნებს ჩააგდებს განსაცდელში მისი ქმედებების კოპირება? ამ დანაშაულის ადგილზე ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ის, ვისაც თავს დაესხნენ. უკრაინა და ყველა უკრაინელი იბრძვის ომში, რომელიც არ დაუწყიათ, იცავენ თავიანთ ქვეყანას ომისგან, რომელიც არ სურდათ და იცავენ შვილებს ტანჯვისგან, რომელსაც არავინ იმსახურებს“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელმა უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანაზე, ე.წ. გაშვილებაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეში ეს არის ბავშვების დეპორტაცია.

„გეკითხებით ყველას, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლებს: შეძლებდით თქვენი შვილის მოტაცებისა და დეპორტაციის ატანას? შვილების დაცვით უკრაინელები იცავენ ყველაზე ძვირფასს: ოჯახებს, მომავალს, თავისუფლებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირი, მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რათა დავიცვათ თავი. მანამ, სანამ უდანაშაულოებს თავს დაესხმებიან, ჩვენ დავეხმარებით მათ თავის დაცვაში და ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – აღნიშნა მიშელმა.

მან გაერო-ს წევრ ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდა. მან ჩინეთს მიმართა, დაარწმუნოს რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს.

„რას ვაკეთებთ ამ დანაშაულთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ ამ აგრესიასთან დაკავშირებით? რას ვაკეთებთ, როცა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი თავს ესხმის მეზობელს? რა გავაკეთეთ ჩვენ, როცა ის იყენებს ვეტოს უფლებას თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ და გაერო-ს წესდების ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ? მსურს პირდაპირ ვესაუბრო თითოეულ თქვენგანს ამ მაგიდის გარშემო. როგორც პასუხისმგებლიან ქვეყნებს, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ როლი გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობაში. განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩინეთის პატივცემულ წარმომადგენელს. მოდით გავერთიანდეთ, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, დაასრულოს ეს კრიმინალური ომი, რომელიც ბევრს აზარალებს. მოდით გავაერთიანოთ ძალები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი, პატივი სცეს გაერო-ს წესდების პრინციპებს. ჩვენს თვალწინ ტრაგიკული დანაშაული ხდება და ჩვენ ყველანი ამის მოწმეები ვართ. მტკიცედ უნდა დავდგეთ იმის გვერდით, ვისაც თავს ესხმიან. განსაკუთრებით აქ, უშიშროების საბჭოში. სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს პალატა და ამიტომ ვართ დღეს აქ: რომ ვუთხრათ აგრესიას „არა“, დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და თანამშრომლობა ადამიანებსა და ჩვენს ყველა ერს შორის“, – აღნიშნა მიშელმა.

რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრი უნდა დააკავონ -ლევან ხაბეიშვილი

“ეფესბეს” აგენტი ოთარ ფარცხალაძის დაცვა, თავს დაესხა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ფიზიკურად გაუსწორდა, სამაუწყებლო აპარატურა და პირადი მობილური ტელეფონი წაართვა. რუსეთის აგენტის ფარცხალაძის გამო, როცა ხელს უშლიან მისი ქვეყნის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, არის სისხლის სამართლის დანაშაული, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განმარტებით, „რუსეთის აგენტის დაცვის წევრი უნდა დააკავონ“.

“ეფესბეს” აგენტი ოთარ ფარცხალაძის დაცვა, თავს დაესხა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს, ფიზიკურად გაუსწორდა, სამაუწყებლო აპარატურა და პირადი მობილური ტელეფონი წაართვა. რუსეთის აგენტის ფარცხალაძის გამო, როცა ხელს უშლიან მისი ქვეყნის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში, არის სისხლის სამართლის დანაშაული. უპირობოდ, რუსეთის აგენტის დაცვის წევრი უნდა დააკავონ. ქედს ვიხრი ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინაშე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე და ფასად საზოგადოებას რეჟიმის რუსულ სახეს აჩვენებენ“, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

“სალომე ზურაბიშვილი არ არის ღირსი იმ მილიონი ამომრჩევლის, ვინც საკუთარი ნერვების ფასად მიათრია პრეზიდენტის სასახლემდე”

ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბრძანების გაუქმებამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენაზე უარს აცხადებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი არ არის ღირსი იმ მილიონი ამომრჩევლის, ვინც საკუთარი ნერვების ფასად მიათრია პრეზიდენტის სასახლემდე.

„არავინ მითხრას, რომ ეს ქალი არის ადეკვატური. ან უმწვავესი ტვინის უჯრედების განლევა აქვს ან იმხელა პირადი ინტერესი დაუკმაყოფილეს „ბოსებმა“, რომ უკვე რას აკეთებს ვეღარ ხვდება. უკვე ეჭვი მეპარება, იცის კი ამ ქალმა რა არის კონსტიტუცია და მისი არსი თუ ჰგონია ის უწიგნური ალქაჯები, ვინც გუშინ წულუკიანს უნიჭო პერფორმანსი მოუწყო, ბოლომდე გვერდში დაუდგებიან? აი, ზუსტად ამ ალქაჯების გარემოცვაა მისთვის ზედგამოჭრილი, არ არის ღირსი იმ მილიონი ამომრჩევლის, ვინც საკუთარი ნერვების ფასად მიათრია პრეზიდენტის სასახლემდე“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 274 470 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი – 4638
  • ჯავშანტექნიკა – 8883
  • საარტილერიო სისტემა – 6137
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 781
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 528
  • თვითმფრინავი – 315
  • ვერტმფრენი – 316
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4850
  • ფრთოსანი რაკეტა – 1479
  • გემი/ნავი – 20
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8670
  • სპეცტექნიკა – 911

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს” – პაატა მანჯგალაძე

კობახიძეს მინდა ვურჩიო, რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი გააკეთოს, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა – ფარცხალაძე კი არა, საკუთარი თავი გადაირჩინეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრძანება, რომელიც ნათია თურნავამ გამოსცა, „ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ქონების დაცვას ემსახურება.

„ამ ქმედებით, რომ გუშინ ჯაშუშ ფარცხალაძეს იცავდნენ გაშმაგებით, საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინეს. 58 დღე იყო პროკურორი და ნახეთ, რა ქონება დააგროვა, სამი ვადით რომ არიან პარლამენტში, მათი ქონება რამდენი იქნება?! ფარცხალაძეს კი არ იცავდნენ ესენი, ესენი იცავდნენ საკუთარ მოპარულ ქონებას. დატოვეს „ხვრელი” სანქციების გვერდის ავლის, რომ თუ რომელიმე ღიად გაუშიფრავი აგენტის სანქცირება მოხდება ამერიკის მიერ, მათაც ჰქონდეთ საკუთარი ნაძარცვის გატანის უფლება საქართველოდან. კობახიძეს მინდა ვურჩიო, სპეციალური სერვისი გააკეთოს, კომპანია რუსი ჯაშუშების და სანქცირებული პირების მომსახურების სერვის პლუსი, თუ როგორ შეძლონ ქვეყნიდან ნაძარცვი ქონების გატანა, ამ ოპერაციაში მონაწილეობდა გუშინ „ქართული ოცნება” და არ აინტერესებდათ საქართველო და მისი ინტერესი, რომელიც დადგა რისკის ქვეშ. კობახიძემ ჩაატარა ბლეფი თითქოს ფარცხალაძის გადასარჩენად, კარგად იცოდნენ რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე არ იყო, ფარცხალაძე კი არა, საკუთარი თავი და საკუთარი ნაძარცვი გადაირჩინეს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.