მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით – კახა კალაძე ოპოზიციას

266
spot_img

რადიკალებს აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას და ხალხს დაიცავს.

„ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყება, ამ შემთხვევაში სუს-ი როცა აკეთებს განცხადებას იმ მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით, დააკვირდით, რადიკალები, ოპოზიციის წარმომადგენლები რა განცხადებებს აკეთებდნენ ამასთან დაკავშირებით. მიდის მიზანმიმართული ქილიკი, არის მცდელობა, შესაბამის უწყებას მიაყენონ გარკვეული დისკრედიტაცია, თუმცა რაზეც იყო საუბარი, არის სამწუხარო რეალობა. არ იფიქროთ, რომ ეს რადიკალები მხოლოდ თავიანთი თავებით მოქმედებენ, მათ აძლევენ კონკრეტულ მითითებებს, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა იმოქმედონ და კონკრეტული დაჯგუფებებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, აქვთ მცდელობა, ქვეყანაში მოხდეს არეულობა, ხელისუფლების დამხობა ყველანაირი გზით. მერწმუნეთ, ამაზე არ ვხუმრობ, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. ამის მცდელობა აქვთ. არ იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს ვაშინებ, მშვიდად იყავით, მეგობრებო, ჩვენ ჩვენს ქვეყანასაც დავიცავთ, ჩვენს ხალხსაც, ამ ქვეყნის მომავალს და ხვალინდელ დღეს დავიცავთ. ეს ადამიანები, თავიანთი განცხადებებით, იგივე სააკაშვილის განცხადება, ვაშაძის განცხადება იარაღთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი ადასტურებს იმ კონკრეტულ განცხადებას, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცეცხლს ეთამაშებით, ცეცხლს ეთამაშებით, ძალიან ფრთხილად იყავით. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, დაპირისპირება და სცადონ ხელისუფლების დამხობა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებები განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხმებით. მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში და ვის უნდა ანდოს ქვეყნის ბედი. ვინც დააპირებს არაკანონიერ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.