Home Blog Page 2303

“თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება” – მეუფე შიო

თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება – დღევანდელი დღესასწაულით უფალი გვაჩვენებს ჩვენ, თუ სად არის ხსნა და გადარჩენა,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

ამასთან, მეუფემ მრევლს ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვა წაუკითხა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, დალოცვას.

როგორც იგალობება დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ღვთისმშობლის შობამ გაათავისუფლა მისი მშობლები უშვილობის ყვედრებისგან. წმინდა იოაკიმე და ანა ამ ყვედრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდნენ. როგორც პირად საუბრებში, ასევე ზურგს უკან, ჭორების სახით, მათზე ამბობდნენ, რომ ძალიან ცოდვილნი არიან, რაღაც ისეთი საიდუმლო ცოდვები აქვთ, რის გამოც ღმერთი შვილებს არ აძლევს. თქვენ გახსოვთ, ძველად ისრაელში უშვილობა ნიშნავდა, რომ ღმერთმა დასაჯა წყვილი და მიატოვა ცოდვების გამო. ამიტომ მათზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში ღმერთმა მათზე ეს ჯვარი დაუშვა სულ სხვა მიზეზით: იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი საშუალებით – ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია ამპარტავნებასთან, გაღიზიანებასთან, სხვათა განკითხვასთან, მრისხანებასთან თუ სხვა ვნებებთან, მათგან განშორებულიყო. შედეგად, იმ დროს მთელ დედამიწაზე ამ ორ ადამიანს ყველაზე მეტი სიმდაბლე ჰქონდათ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანები იყვნენ.

აი, როდესაც მათ მიაღწიეს ამ სათნოებას და სიმდაბლის თვისებას (სიმდაბლის თვისების მოხვეჭას ათწლეულები სჭირდება, მათაც სიბერეში მიაღწიეს ამას), მაშინ, როგორც ნათქვამია ჩვენს ლოცვებში, ღვთის მიერ იძლია ბუნების წესი და მათ შვეს ქალწული, ქალიშვილი.

რისთვის იყო საჭირო ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა ჰქონოდა მათგან შობილ ქალწულს, ღვთისმშობელს, ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა დაბადებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთი თავმდაბალი მშობლებისგან?

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის უნდა გამხდარიყო ქრისტე მაცხოვრის განკაცების იარაღი. ის უნდა დაბადებულიყო ასეთი მდაბალი მშობლებისგან, იმიტომ რომ თავად უფალია მდაბალი, როგორც თვითონ ამბობს: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“.

ასევე იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღება უნდა მომხდარიყო სულიწმიდისგან, სულიწმიდა მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან, უახლოვდება მდაბალ ადამიანს.

და თუ ადამიანს არ გააჩნია ეს სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება, როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი“. ანუ ის არც არის ქრისტესი. ასეთი ადამიანი შეიძლება მონათლულიც იყოს, შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლეს და სინანულს, რაც გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას, ცხოვრების წესის შეცვლას, სულიწმიდის მადლის მოზიდვას და მოხვეჭას, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, მდაბალსა მოსცის მადლი“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღევანდელი დღესასწაულით უფალი გვაჩვენებს ჩვენ, თუ სად არის ხსნა და გადარჩენა. დღევანდელ კონდაკში ასევე ნათქვამი იყო, რომ: ღვთისმშობლის შობით ადამი და ევა გათავისუფლდნენ ჯოჯოხეთისგან: „ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისგან და სიკუდილისა უხრწნელო, განთავისუფლდეს დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა“.

აი, აქ ადამსა და ევაში იგულისხმება მთელი კაცობრიობა, ვინაიდან ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და, ამრიგად, ეს დღესასწაული ყოფილა, როგორც ამბობს კონდაკის ტექსტი და როგორც წმინდა ეკლესია ასწავლის: გადარჩენის მომტანი კაცობრიობისთვის.

ამგვარად, ეს დღესასწაული, რომელიც იზეიმება საეკლესიო წელიწადის დასაწყისში, გვაჩვენებს ჩვენ იმ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. და ასე, მთელი წლის განმავლობაში, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე, ერთი სახარებისეული მოვლენიდან მეორემდე და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ჩვენ ღმერთის სასუფევლამდე, რომლის დამკვიდრებას ღირს გვყოს ჩვენ უფალმა ღმერთმა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ამინ!.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს თვე, სექტემბერი, გახლავთ ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე, ამასთან დაკავშირებით, წაგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვას:

ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.

შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.

დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები. მართალია, ისინიც ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.

იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მრავალს დაესწარით“, – განაცხადა მეუფე შიომ.

“20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი მავნებლობა, მათი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ფინანსური სექტორი არ ჩამოიშლება”- მდინარაძე

20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს მათი [ოპოზიციის] მავნებლობა, საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ფინანსური სისტემის ჩამოშლა, გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა და ეროვნულ ბანკს 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა“.

„მათ არ გაუვიდათ, ძალიან ნერვიულობენ, დღეს ორი წევრიც ავირჩიეთ და აქედან გამომდინარე, მათ ვერ მოახერხეს საქართველოს ფინანსური სისტემის ჩამოშლა. ამ მცდელობის მიუხედავად, ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან დღეს რაღაც გადაწყვეტილებები გვესმის, რომელშიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ ყველაფრის მხარდაჭერა, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ფინანსური სექტორი, მათი [ოპოზიციის] მცდელობის მიუხედავად, არ ჩამოიშლება და არანაირი პრობლემა არ ექნება. გუშინ იყო პატარა ტურბულენტობა ამ მიმართულებით და 20 მილიონი დოლარის გაყიდვა დასჭირდა [ეროვნულ ბანკს]. ანუ, ამათი აქაური მავნებლობა, აქ რაც აკეთეს, 20 მილიონი დოლარი დაუჯდა სახელმწიფოს. საქართველოს მოქალაქეების რეზერვიდან 20 მილიონი დოლარი დაჯდა ვაშაძის ფეხების და ხელების ქნევა, გაქცევა და ზურგისკენ შეშინებული გამოხედვა. ასეთი მავნებლობებით არიან დაკავებული, მაგრამ საბედნიეროდ, ვერ გააქვთ ეს მავნებლობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

მარსაგიშვილის განმარტებითვე, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“).

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია 1999 წელს დაბადებული თ.ქ.; 1988 წელს დაბადებული ი.ჩ.; 1982 წელს დაბადებული ლ.ს.; 1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.; 1976 წელს დაბადებული გ.კ.; 1995 წელს დაბადებული ო.კ.

წარსულში ნასამართლევ 1961 წელს დაბადებული ა.ფ.-ს და 1995 წელს დაბადებული გ.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.

„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ რომან ხმალაძეს და 1978 წელს დაბადებულ ლევან მარღიას.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერ ქურდების“ მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა, ერთ-ერთ ბრალდებულს – 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ონლაინ სამორინეში დიდი ოდენობით მოგებული თანხიდან ე.წ. „ქურდული წილის“ გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს და არსებული საკითხის შესახებ „კანონიერ ქურდს“ – ჯეირან კინწურაშვილს შეატყობინეს, რა დროსაც ის საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დაჰპირდა მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის, ე.წ. „კანონიერი ქურდებისთვის“ და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ფულადი თანხის გადარიცხა განხორციელდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომობილი, ოქროს ნივთები და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, სამართალდამცველების მიერ ბრალდებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, მჭიდები და 50-მდე ვაზნა, ხოლო ბრალდებულის ვ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე უხეში ფორმებით ერევა პოლიტიკაში და ძალადობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს”-თალაკვაძე

კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ერევა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ერევა პოლიტიკაში, მით უმეტეს, ასეთი უხეში ფორმებით, სადაც ძალადობისა და არეულობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია და მოწყვეტილია პოლიტიკურ რეალობას.

„მისი კოლეგები ძალიან ბევრს აკეთებენ, რათა ის მთლიანად გაანეიტრალონ პარტიაში და ჩამოართვან თანამდებობა, იყოფენ ძალაუფლობას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოცვა, ყოველდღე არაერთი ადამიანი შედის და სრულად აწვდიან ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ეს იყო პირდაპირი დადასტურება იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ნამდვილად მხარს უჭერს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს დესტაბილიზაცია და როგორმე საარჩევნო პროცესისთვის გვერდის ავლით დაიბრუნონ ხელისუფლებაში რაღაც გავლენა.

ეს იყო ასევე ირიბი დადასტურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის, სადაც სამსახური მიუთითებდა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის მზადების პროცესში, რომ როგორმე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გამოიწვიონ არეულობა და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. კონკრეტული გამოძიება არის დაწყებული, საუბარია ძალადობრივ სცენარებზე, ესეც, პრინციპში, სააკაშვილმა, ვაშაძემ გუშინ დაადასტურეს და მოუწოდეს მოქალაქეებს იარაღის ხელში აღებისკენაც, რაც პირდაპირ ძალადობრივი გზავნილია.

კანონის დარღვევაა, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქე ერევა საქართველოს საარჩევნო პროცესში, ერევა პოლიტიკაში, მით უმეტეს, ასეთი უხეში ფორმებით, სადაც ძალადობისკენ და არეულობისკენ მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს. ეს ყველაფერი წინააღმდეგობაშია და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებსა და საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა: „ხალხი უნდა იყოს მუდმივად პროტესტში, უნდა ვიყოთ ქუჩაში, თუ სახელმწიფო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მთავრობის გადადგომა“.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც გაიტაცეს და სცემეს გარდაიცვალა

სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე – 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით 1 თვის წინ მოხდა. ოთარ გელაშვილს ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში მწყემსმა იპოვა, რის შემდეგაც ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

“ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ”

ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ. ამიტომ, შეყოვნებებს აზრი არ აქვს. ჩვეულებრივად უნდა იმოქმედოთ, – ასე მიმართა პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეჩერების საკითხის კომენტირებისას.

კითხვაზე რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას, მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეჩერების პროცესს „აჭიანურებს ერთი რაღაცის გამო, რომ ეს მუხტი პიარულად როგორღაც იყოს შენარჩუნებული“.

„წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს. გუშინ პრეზიდენტმა „ფეისბუქში“ დაწერა, ვერ მოითმინა, ჟურნალისტებსაც კი არ დაელოდა, რომ დაუყოვნებლივ ელოდებოდა ფარცხალაძის საბუთებს. გუშინ მიუვიდა საბუთები, ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება. რას ემსახურება, რას ხლართავენ, კაცმა არ იცის! გამოჩნდება. ამ საუბრების შემდეგ უბრალოდ, დააკარგვინებს მოქალაქეობას.

მოქალაქეობა არ დააკარგვინოს, წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ აჭიანურებს ერთი რაღაცის გამო, რომ ეს მუხტი პიარულად როგორღაც იყოს შენარჩუნებული. წინასწარ საუბრობდა ადამიანი, დაუყოვნებლივ ველოდებიო და ახლა არ აკმაყოფილებს, განცხადებას არ აკეთებს ამის შესახებ იმიტომ, რომ პირული მუხტი შეინარჩუნოს.

ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ. ამიტომ, შეყოვნებებს აზრი არ აქვს. ჩვეულებრივად უნდა იმოქმედოთ.

რაც იმოქმედა, თურმე, ისიც ინანა და საქართველოს მოსახლეობა ნანობს, ჩვენც ვნანობთ მის არჩევას და მაშინ უნდა გადადგეს მაგ ლოგიკით“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.

“30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება” – გიორგი ამილახვარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა. ორშაბათიდანვე დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ გაუნულებენ არსებულ დავალიანებას. ჩვენ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო, დაახლოებით, სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. აქვე მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უაღრესად არაკონსტრუქციულ, პროცესების დამაზიანებელ დეზინფორმაციის გავრცელებას – თითქოს სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება და შესაბამისად სტუდენტებს და საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ეს ისტორიული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება:

საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული.

სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს – უნივერსიტეტებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებისგან.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნებათ პრობლემა მათთვის მინიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით. ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი უფლებამოსილია, მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდა დააჯილდოვა


#ახალითაობისთვის 
კრეატივის საერთაშორისო ფესტივალ AD BLACK SEA 2023-ზე თიბისიმ, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერმა, წლის ყველაზე კრეატიული ახალგაზრდას გამოსავლენად ახალი ნომინაცია „Young Creative“ წარადგინა. ნომინაციის გამარჯვებული ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი, ლაშა დ. კოტორი გახდა.

გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულისთვის 10 000 ლარს გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც, მას შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად აირჩიოს და დაესწროს ნებისმიერ ფესტივალს ან საგანმანათლებლო კურსს კრეატივისა და მარკეტინგის სფეროში.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ახალი თაობის მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გვინდოდა, წვლილი შეგვეტანა კრეატივის სფეროში მათ აღმოჩენასა და წახალისებაში. სწორედ ამ მიზნით წარვადგინეთ ფესტივალზე ახალი ნომინაცია “Young Creative”. გვჯერა, რომ გამარჯვებულისთვის გამოყოფილი პრიზი მას კარიერულ განვითარებაში დაეხმარება და მომავალში არაერთ წარმატებას მიაღწევს.“ – მარიამ მიქელაშვილი, ბრენდის ლიდერი.

თიბისი ახალი თაობის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს და საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს აუდიტორიას.

(R)

“ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს”- გიორგი ვაშაძე

გვაქვს ორი მთავარი საკითხი – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ ყველამ ნახა, „ქართული ოცნება“ როგორ ჩადგა ჯაშუშის დამცველის ფუნქციაში.

მისივე თქმით, უტყუარად დადასტურდა, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფება.

„მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას – რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული? გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, თუ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაუყონებლივ დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით? სუს-ი და სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც არ აკავებენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, პირდაპირ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებასაც“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?

ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს: უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის მთავარია, „ოცნებამ“ საზოგადოებას პასუხი გასცეს, რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება, კაცი არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

“გვქონდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები კრიტიკულ მომენტში წავიდოდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ”-ირაკლი კობახიძე

გვქონდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ცვლილება თავის დროზე, როცა შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ.

„თავის დროზე აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შევიტანეთ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში და შემოვიტანეთ პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტებთან დაკავშირებით, რომ კრიტიკულ მომენტში ისინი წავიდოდნენ ამ ინსტიტუციის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ შევიტანეთ ეს ცვლილება თავის დროზე და, როგორც ჩანს, იმ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონს, მათაც ჰქონდათ შესაბამისი ინფორმაცია, მათ სურდათ საბოტაჟი.

ხომ გამოჩნდა დღეს ყველაფერი, სამწუხაროდ, კრიტიკულ მომენტში სამივე ვიცე-პრეზიდენტი, არცერთის გამოკლებით, წავიდა ინსტიტუციის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ჰქონდათ მძიმე ვალდებულებები ყოველგვარი კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მათ შორის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებამდეც მიდის ეს ყველაფერი. როცა მივიღეთ ინფორმაცია, შევიტანეთ ეს ცვლილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „დღეს უზრუნველყოფილია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ის, რომ ეს ორგანო იფუნქციონირებს სწორედ სახელმწიფო ინტერსების და არა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესების შესაბამისად“.

„ეროვნულ ბანკს შეუძლია ძალიან ბევრი რამის გაკეთებაც და გაფუჭებაც, იმავე ლარის კურსთან, ინფლაციასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რა ხდებოდა, როდესაც გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. პირდაპირ საბოტაჟი წარმოებდა ეროვნულ ბანკში. ძალიან ბევრი რამის გაფუჭება შეიძლება ეროვნულ ბანკში და ამას ვგულისხმობ. კრიტიკულ მომენტში იყო სერიოზული რისკები დაკავშირებული ამ ადამიანებთან, მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი შეასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, იყო ძალიან სერიოზული რისკები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნული ბანკი 20 სექტემბერს საბჭოს სამმა წევრმა, ვიცეპრეზიდენტებმა – ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვა.

“ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა”-თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილი ხედავს, რომ სანქციების შემდეგი სამიზნე თვითონაა და ამიტომ ხდება კოორდინირებული ქმედებები ფარცხალაძის დასაცავად.

მისი თქმით, განვითარებული მოვლენების ფონზე, სავარაუდოდ, რთული შეხვედრა ექნებოდა ამერიკაში მყოფ პრემიერ-მინისტრს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

რაც შეეხება თავად ფარცხალაძეს, ბოკუჩავას თქმით, მას ხელი შეუწყვეს, რომ არ მიეღო ზიანი დასანქცირებით და ფარცხალაძემ სავარაუდოდ, მოასწრო თანხების გატანა, ისევე, როგორც ქონება გადააფორმა ოჯახის წევრზე.

„სალივანთან შეხვედრა დარწმუნებული ვარ მძიმე იყო ივანიშვილის პაიკისთვის, პრემიერად წოდებულ ღარიბაშვილისთვის, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს მის ყველა დავალებას, მათ შორის იმას, რომ კოორდინირებულად მოქმედებდეს მთელი მთავრობა, ყველა სახელმწიფო უწყება ჯაშუშ ოთარ ფარცხალაძის დასაცავად. კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ თავი დაიზღვიოს იმ გარდაუვალ მოცემულობაში, რომლის წინაშე ის აუცილებლად დადგება, თუ არ გადააბარებს დროულად, მშვიდობიანად ხელისუფლებას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება”-ირაკლი კობახიძე

სააკაშვილის მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იგი სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ, ქუჩის აქციების მოწყობაზე, გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, რაც უფრო სუსტია რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების მოწყობის კუთხით.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ მოსახლეობას, რომ დეპოზიტები გაეყინებოდათ, ბარათით ვეღარ გადაიხდიდნენ ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ, ანუ ათასი სისულელე უთხრეს საზოგადოებას და 200 კაცზე მეტი მაინც ვერ გამოიყვანეს ქუჩაში ამდენი ტყუილის ფონზე. მათ ხომ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერები მაინც მოატყუონ, საკუთარ მხარდამჭერებსაც ვეღარ ატყუებენ. ამდენი ტყუილები თქვეს და მძიმე შიშები უნდა შეექმნათ, ისეთ რაღაცას ეუბნებოდნენ – 200 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს რეალურად ქუჩაში! საზოგადოება უკვე ძალიან გამოცდილია და ასეთ ტყუილებსაც აღარ იღებს და ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. შესაბამისად, ეს აქცია ჩავარდა.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, მისი მოწოდებები მორიგი დასტურია იმისა, რომ მათ გონებაში ეს რევოლუციური გეგმა იხარშება, რომელიც ბუნებრივია განწირულია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავმშვიდდეთ. რაც უფრო სუსტია ეს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო მეტი რისკი არსებობს პროვოკაციების კუთხით. ისინი სისუსტის ფონზე არიან ყველაფერზე წამსვლელი – კაცი შეიძლება მოკლან. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! არ მოუკლავთ თუ რა?! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კაცი შეიძლება მოკლან იმისთვის, რომ როგორღაც სცადონ აქ ვითარების ადუღება. არაფერი გამოუვათ, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა კობახიძემ.