“ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ”

200
spot_img

ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ. ამიტომ, შეყოვნებებს აზრი არ აქვს. ჩვეულებრივად უნდა იმოქმედოთ, – ასე მიმართა პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეჩერების საკითხის კომენტირებისას.

კითხვაზე რატომ აჭიანურებს პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებას, მდინარაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეჩერების პროცესს „აჭიანურებს ერთი რაღაცის გამო, რომ ეს მუხტი პიარულად როგორღაც იყოს შენარჩუნებული“.

„წარმოდგენა არ მაქვს, რას აკეთებს. გუშინ პრეზიდენტმა „ფეისბუქში“ დაწერა, ვერ მოითმინა, ჟურნალისტებსაც კი არ დაელოდა, რომ დაუყოვნებლივ ელოდებოდა ფარცხალაძის საბუთებს. გუშინ მიუვიდა საბუთები, ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება. რას ემსახურება, რას ხლართავენ, კაცმა არ იცის! გამოჩნდება. ამ საუბრების შემდეგ უბრალოდ, დააკარგვინებს მოქალაქეობას.

მოქალაქეობა არ დააკარგვინოს, წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ აჭიანურებს ერთი რაღაცის გამო, რომ ეს მუხტი პიარულად როგორღაც იყოს შენარჩუნებული. წინასწარ საუბრობდა ადამიანი, დაუყოვნებლივ ველოდებიო და ახლა არ აკმაყოფილებს, განცხადებას არ აკეთებს ამის შესახებ იმიტომ, რომ პირული მუხტი შეინარჩუნოს.

ქალბატონო სალომე, არანაირი პიარული მუხტი არ არის. ეს სვლა თქვენ, ყველას ერთად ჩაგივარდათ. ამიტომ, შეყოვნებებს აზრი არ აქვს. ჩვეულებრივად უნდა იმოქმედოთ.

რაც იმოქმედა, თურმე, ისიც ინანა და საქართველოს მოსახლეობა ნანობს, ჩვენც ვნანობთ მის არჩევას და მაშინ უნდა გადადგეს მაგ ლოგიკით“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტთანაა გადაგზავნილი.