Home Blog Page 2296

“მე წარმოვადგენ საქართველოს – ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას” – პრემიერი

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას.

მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი.

თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი”, – განაცხადა პრემიერმა.

“დროა ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება”

რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური ჯგუფების მიმართ ხდება, არის ზუსტი კალკი იმისა, რასაც ასლან აბაშიძე აჭარაში და შევარდნაძის დავალებით, ლევან მამალაძე ქვემო ქართლში აკეთებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, კარგად ახსოვს „2003 წელს, რა ისტერიკაში იყო ჩავარდნილი მაშინდელი ხელისუფლება“.

„ისიც მახსოვს ბათუმში, დღე არ გაივლიდა, რომ ჩვენ მხარდამჭერებს თავს არ დასხმოდნენ.

ვისი შეშინება უნდა ივანიშვილს? ქართველი ხალხი მშიშარა არ არის, დროა, ყველა ძლიერად დავდგეთ, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა არავის შერჩება.

ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, არამედ კრიმინალური ბანდაა, რომელიც დღეებს ითვლის და ცდილობს, თავის გადარჩენას.

საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს და არა ერთ მუჭა ორგანიზებულ კრიმინალებსა და “ეფესბეს” აგენტებს, რომელთაც უზარმაზარი ქონება მიითვისეს.

რაც უფრო მეტი და კოორდინირებული ვიქნებით, ნაკლებად შეძლებენ ძალადობრივი, “ეფესბეს” გეგმის თავზე მოხვევას.

ახლა საჭიროა სიფხიზლე და მობილიზაცია, ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ, მოგიწოდებთ ჩვენი რიგების გაძლიერებისკენ!

მე აღტაცებული ვარ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამბედაობით და ზუსტად ასეთია “ენმ”-ს ტრადიცია.

მე ვამაყობ თქვენით!“, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში.

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საკმაოდ რთული დღეა. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ.

არსებობს მოგებიანი გარიგების დადების შანსი, მაგრამ ამისთვის სიმტკიცის და პრინციპულობის გამოჩენა მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – დღეს მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

კურო

ნუ აჩქარდებით – ეს დღე მშვიდი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, რადგან მათი შედგენის დროს ბევრი რამ არ გაითვალისწინეთ. ამაზე ნუ ინერვიულებთ – სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით – უცნობ ადამიანებთან. ძველ მეგობართან შეხვედრა დამღლელი დღის საზრუნავს დაგავიწყებთ.

ტყუპები

გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი აუცილებლად უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ეცადეთ, გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.

თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კირჩხიბი

დილიდან დაბნეული და უყურადღებო ხართ, ამიტომ შეიძლება ფული, საბუთები ან ძვირფასი ნივთები დაკარგოთ.

ურთიერთობების თვალსაზრისითაც რთული დღეა – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ან მოქმედებით ვიღაც ძალიან გაანაწყენოთ. პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება, თუ საკუთარ ქმედებებს ობიექტურად შეაფასებთ.

ლომი

ნაყოფიერი, მაგრამ პრობლემური დღეა, თუმცა სირთულეებს ადვილად გაუმკლავდებით. სამსახურში შესაძლოა, წარმატებას მიაღწიოთ და ვიღაციის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება. პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრები კარგად ჩაივლის.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. ახალი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება, ძველი გეგმა განახორციელოთ ან შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, როგორზეც ადრე ვერ იოცნებებდით.

ხელსაყრელი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად, შესაძლოა, გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოთ.

ამ ნიშნის შეყვარებულ წარმომადგენლებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

სასწორი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რამეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. ისიც კი, რაც აქამდე ადვილად გამოდიოდა, ახლა შეიძლება რთული იყოს.

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

მორიელი

ვარსკვლავების მხარდაჭერით ნებისმიერ დაბრკოლებას ადვილად გადალახავთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე იმუშაოთ, რადგან ეს სასურველი შედეგის მიღწევას გაგიადვილებთ.

შეიძლება მცირე ფინანსური ზარალი განიცადოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – მალე უფრო დიდ შემოსავალს მიიღებთ. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

მშვილდოსანი

ამ დღეს დიპლომატიის ნაკლებობა, უფრო სწორად, მისი სრული არარსებობა ძალიან დაგაზარალებთ. თქვენი კრიტიკა მეტწილად სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ კონფლიქტებში გაატარებთ.

თხის რქა

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. სირთულეები ნუ შეგაშინებთ – ყველაფერი მოსალოდნელზე უკეთაც კი გამოვა. მოკავშირეები და დამხმარეები გამოჩნდებიან, რომლებიც თქვენი საზრუნავის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ.

დაგეგმილი შესყიდვები წარმატებული იქნება, დაუგეგმავისგან კი უმჯობესია, თავი შეიკავოთ. საღამოს მოულოდნელ სიახლეებს მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

მერწყული

მსუბუქი და ხალისიანი დღეა, რომელიც საინტერესო შეხვედრებს და მოულოდნელ სიახლეებს გპირდებათ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავი ადამიანები მოინახულოთ, შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გქონდათ ან საინტერესო ღონისძიებას დაესწროთ და საინტერესო ადამიანები გაიცნოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება მოგვიანებით ბევრჯერ გამოგადგებათ.

თევზები

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ ეს არ გაშინებთ – ოპტიმიზმით სავსე ხართ და ზუსტად იცით, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს.

საღამოს წარმატებული შესყიდვები გელით. ხელსაყრელი დღეა ხელოვნების ნიმუშების, ანტიკვარული ნივთების, ასევე უჩვეულო ნივთების შესაძენად.

 

შსს-მ ირაკლი ეძგერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვეიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე არიან დაკავებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მიმდინარეობს.

რაც შეეხება „ნაცონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

“თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაოაბზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს?

ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება.

სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, – ნათქვამია განცხადებაში.

“უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გრძელვადიანი შეთანხმება შექმნის სამუშაო ადგილებს და ახალ ინდუსტრიულ ბაზას უკრაინაში.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი [ვაშინგტონში], ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. და გრძელვადიანი შეთანხმება – ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. თავდაცვის სფეროში ერთობლივი წარმოება შეერთებულ შტატებთან ისტორიული რამ არის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

“შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მე განსაკუთრებით გამისწორდნენ”

თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კოტე ზარნაძეა.

„შემოგვივარდნენ ეს არაკაცები, ესენი ამას ხომ ისე ვერ გაბედავენ, პოლიცია და სახელმწიფო რომ არ უმაგრებდეს ზურგს. არ ვიცი საერთოდ რაში წერია ასეთი მოქცევა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ყველანი ერთნაირად, მე განსაკუთრებით გამისწორდნენ. ყველამ ნახეთ საკრებულოში რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, იმის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. ყველას ვიცნობ, ვინც იყვნენ. ყველას ამოვიცნობ, ყველას ამოცნობა შემიძლია.

რა თქმა უნდა, ზარნაძეს უდგანან ესენი 2020 წლის არჩევნებში, კალაძესაც, 2021 წლის არჩევნებშიც უბანში იარაღით რომ მოვარდნენ, ზარნაძის გარემოცვაა, ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში. ოფიციალური პირებიც იყვნენ, მაგალითად, ტატო ხუნდაძე, „ქართული ოცნების“ აქტივისტია“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ კომენტარში ეძგვერაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, სავარაუდო დამკვეთები არიან თუ არა კოტე ზარნაძე, ან კახა კალაძე, ეძგვერაძე ასე პასუხობს:

„კალაძე არ ვიცი, მაგრამ ზარნაძე რომ არის, 100 %-ით ვიცი“, – განაცხადა ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეძგვერაძე და ზარნაძე თბილისის საკრებულოში დღეს ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

“გული მწყდება – თუ შეცდომა დავუშვით, გვითხარით და შეიძლება შეცდომაზე ვისწავლოთ” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში საგანგებო სიტუაციების შტაბს თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დასვკნითი სიტყვის დროს გაანცხადა, შემთხვევის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა, მაგრამ მუდმივად კონტაქტზე იყო.

„ხაზს ვუსვამ, საგანგებო სიტუაციების შტაბს ონშიც და ზემოთ შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მთელი ამ დღეების მანძილზე ბატონი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა და მისი მოადგილეები სხვადასხვა მიმართულებებით. საქართველოში არ ვიყავი, თუმცა, სულ კონტაქტზე ვიყავი “, – განაცხადა გომელაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა.

„5-ჯერ ავხსენით, მართლა გული მწყდება, არ მაინტერესებს ვინ, რა თქვა. მთელი ღამე იმუშავეს მაშველებმა. სირცხვილია, იმ მაშველების მაინც არ გრცხვენიათ, ვინც ამას ამბობს, რომ 22:00 საათზე მაშველებმა დაისვენეს და თურმე დილით გაუგრძელებიათ. როცა დაღამდა, ვერტმფრენი გაჩერდა, აღარ მუშაობდა და დილის 06:00 საათიდან ჩაერთო, ისევ გამოიყვანეს ჩვენი მოსახლეობა. მაშველები მთელი ღამე მუშაობდნენ“, – განმარტა გომელაურმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი ახსნის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც იმავეს იმეორებს.

„10-ჯერ რომ მოვიდე და 10-ჯერ ავხსნა, აქაც და პრესასთანაც, მაინც აზრი არ აქვს მგონი. ის ადამიანები ისევ იმავეს გაიმეორებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ წავალ, კიდევ პრესასთან დადგებიან და იტყვიან, რომ „სამუშაოები შეწყდა, „გომელაური დასაჭერია“, ისევ იგივე ტყუილებს იტყვიან. ეს ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. პარლამენტია და უფრო მეტი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო, შეიძლება რაღაც უკეთესად გაკეთდეს, შეცდომაზე ვისწავლოთ, თუ შეცდომაზე დავუშვით. გვითხრათ, რომ რაღაც შეგეშალათ. ჩვენ გვგონია, რომ არ შეგვეშალა. შეიძლება მართლა შეგვეშალა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ და არა ის ლანძღვა, რაც იყო“,- განაცხადა გომელაურმა.

როგორც მან აღნიშნა, დაკარგულების რაოდენობის გამო, სამოქმედო გეგმა მუდმივად იცვლებოდა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, გარდაცვლილთა ცხედრები სტიქიის დროს სხვადასხვა სიღრმეში იქნა აღმოჩენილი.

„6 მეტრშიც იყო ნანახი, 2 და 3 მეტრშიც“,-განაცხადა გომელაურმა.

10-ჯერ რომ მოვიდე და 10-ჯერ ავხსნა, აქაც და პრესასთანაც, მაინც აზრი არ აქვს მგონი. ის ადამიანები ისევ იმავეს გაიმეორებენ. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ წავალ, კიდევ პრესასთან დადგებიან და იტყვიან, რომ სამუშაოები შეწყდა, გომელაური დასაჭერია, ისევ იგივე ტყუილებს იტყვიან. ეს ძალიან სამწუხაროა და გული მწყდება. პარლამენტია და უფრო მეტი კითხვა შეიძლებოდა დასმულიყო, შეიძლება რაღაც უკეთესად გაკეთდეს, შეცდომაზე ვისწავლოთ, თუ შეცდომაზე დავუშვით. გვითხრათ, რომ რაღაც შეგეშალათ. ჩვენ გვგონია, რომ არ შეგვეშალა. შეიძლება მართლა შეგვეშალა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ და არა ის ლანძღვა, რაც იყო“, – განაცხადა მან.

“გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ!” – ლადო კახაძე

50 წელია გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ! – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.

კახაძის თქმით, პოლიტიკოსები საზოგადოებას გაჯანსაღების ნაცვლად, აავადებენ.

„ყველა ადამიანს შეიძლება ტვინში სისხლი ჩაექცეს, ინფარქტი დაემართოს, უცებ, ტრავმა მოუვიდეს, გარეთ გავიდეს და ფეხი მოიტეხოს – ამის ტოლფასია სტიქია, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ახლა. პოლიტიკოსებს ექიმებს გადარებთ და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ექიმების დონეზე ავიყვანო, მაგრამ ზოგს არ გიხდებათ ეს პოლიტიკოსობა, რადგან საზოგადოების ექიმებად ვერ ივარგებთ, თქვენი სიტყვით გაჯანსაღების ნაცვლად საზოგადოებას აავადებთ. ბოდიშს ვუხდი გარდაცვლილთა ყველა სულს, მიწაზე დარჩენილებს ტკივილში ვუერთდები, ყველას ვისაც სტკივა, ყველას მიმართ სამძიმარს გამოვთქვამ, დედამიწის მიმართ – დედამიწაც ცოცხალი ორგანიზმია და მან არ იცის, სად, რა მოუვა, სად მოწყდება მეწყერი, ეს დედამიწამ არ იცის. პროგნოზს და გაფრთხილებას რაც შეეხება, აგერ, 50 წელია, გაფრთხილებთ, სიგარეტს ნუ ეწევით, თორემ ინფარქტი მოგივათ-მეთქი და არ მიჯერებთ, კაცო! პოლიტიკაში გეუბნებით, ანალიზის გარეშე, მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სიტყვებს ნუ ლაპარაკობთ ამ მიკროფონში, ხალხს აავადებთ-მეთქი ვამბობ და არ ასრულებთ, კაცო! რატომ არ ლაპარაკობთ დღეს შავი ზღვის დაბინძურებაზე? იცით რატომ? სეზონი გავიდა და იმ ხალხს ვეღარ დააფრთხობთ. გაფრთხილების სისტემა 7 იყო, 9 გახდა, მერე 12, ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდნენ მოსახლეობას, ეს წყალი უსაფრთხოაო, თქვენ კი, ჯინაზე იძახდით, რომ სახიფათო იყო! მე ქრონიკულ დაავადებებთანაც მაქვს საქმე, ტუბერკულოზი განუკურნებელი სენია, მას რეზიდენტობა ახასიათებს, რა წამალიც არ უნდა დახარჯო, არ განიკურნება, სანამ არ მოსპობს. არ მინდა ჩემი ქვეყანა ტუბერკულოზის ამ რეზისტენტული ფორმით იყოს დაავადებული – პოლიტიკურ ტუბერკულოზზე ვლაპარაკობ. იქნებ, შევეცადოთ, თუ განკურნება არ გინდათ, იზოლაციაში იყოთ. მოსახლეობას ვთხოვ, თუ თავი გინდათ დაიძვრინოთ, პოლიტიკური ტუბერკულოზის მსხვერპლი არ გახდეთ, ამ ხალხს გავემიჯნოთ. როგორც გინდათ, ისე აღიქვას ჩვენმა მოსახლეობამ, რასაც ახლა ვიტყვი. დიდი ხანია, რაც დიაგნოსტიკაში ვარ, ნაღვლის ბუშტში კენჭს რომ დავინახავ, იმ ადამიანს ვეუბნები, შენ აუცილებლად ოპერაცია უნდა გაიკეთო-მეთქი. რატომ? – არ მტკივაო. ისეთ დროს შეგიტევს, ექიმი იქ არ გეყოლება – თვითმფრინავში, გემზე, მატარებელში და ამან შეიძლება შენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი შემატოს-მეთქი. აი, ჩემდა სამწუხაროდ, ვაკვირდები, რომ პოლიტიკური ნაღვლის ბუშტის კენჭები ჩვენს პოლიტიკაში ბევრია, ეს საბოტაჟის წყაროა, დიდი მადლობა ჩვენს გონიერ მოსახლეობას, ამ კენჭის გაჭედვისთვის. ხმამაღლა ვამბობ, ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამის უფლება მაქვს, დრო დადგა, ეს პოლიტიკური კენჭებიანი ნაღვლის ბუშტი ამოვიღოთ!“, – განაცხადა კახაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსაც მიმართა.

„ამ ინტერპელაციაზე, ჩემმა სახელმა და გვარმა გაიჟღერა. როცა ადამიანს პატივს ვცემ, ვუსმენ, ყურებზე მიკეთია [ყურსასმენი], ვის ნათქვამსაც არ ვუსმენ, ყურებზე არ მიკეთია. თავი იმიტომ დავაქნიე – ჰო, ჩემი დიაგნოზი გამართლდა-მეთქი, ვამოწმებ ადამიანებს, ცხოვრებაში დასმული დიაგნოზით. ერთ-ერთი, რომელმაც ჩემ გვარს მოუხმო – ფრთხილად, ჩემ გვართან, კბილი არ მოიტეხოთ“, – განაცხადა კახაძემ.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ

თბილისის საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში, პირველი მიკრორაიონში, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, თავდასხმაში დაახლოებით 60 ადამიანი მონაწილეობდა.

“სულ რაღაც ნახევარი საათის წინ, მას შემდეგ რაც ეძგვერაძე მობრუნდა სახლში, პირველ მიკროში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად და მას თავს დაესხა დაახლოებით 50-60 ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი“, – აცხადებს ნიკა მელია.

ფოტო: “მთავარი არხი”.

“ტრაგედიის ქულების დასაწერად გამოყენება გერმანიაში „ნეონაცისტებმა“ სცადეს, ხოლო საქართველოში „ნაცებმა“

ტრაგედია არის ისეთი რამ, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს, მაგრამ თუ არაფერი წმინდა არა გაქვს, ვერაფერი ვერავისთან

ვერ გაგაერთიანებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა, სადაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით, შოვის ტრაგედიაზე უსმენენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შოვის ტრაგედიიდან ერთი თვის განმავლობაში ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც სტიქიის ზონაში ჩავიდა, შალვა ნათელაშვილი იყო.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ არცერთი თქვენგანი არ იყო შოვში, არა თუ პირველივე დღეს, საერთოდ არ ჩასულხართ – არცერთი თქვენგანი არ ჩასულა შოვში! ერთადერთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც შოვში ჩავიდა, იყო შალვა ნათელაშვილი. ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ. იქ რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით, ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამათი გუნდის წევრია ყოფილი გუბერნატორი რაჭის, რაჭველია, ჰქვია რაჭველი და ისე არ ვიცი რა არის თავისი მენტალიტეტით. ეს კაცი გამოდის და ამბობს, რომ რაჭაში ტურიზმი დამთავრდაო. წარმოიდგინეთ, რა დონის მავნებლები არიან. სხვათა შორის, ასეთი განცხადებების მერე სისტემატურად ხდებოდა ჯავშნების გაუქმება რაჭაში. სხვათა შორის, რაჭველი დეპუტატებიც არიან აქ და ისინიც არ ჩასულან, არც სამშობლო, არც თავისი კუთხე, არაფერი არ აქვთ, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შოვის ტრაგედიაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის ქულების დასაწერად გამოყენება გერმანიაში „ნეონაცისტებმა“ სცადეს, ხოლო საქართველოში „ნაცებმა“.

„არცერთ საპარლამენტო პარტიას არ უცდია ტრაგედიის სპეკულაციისთვის გამოყენება, ტრაგედიის, რომელსაც 200-ზე მეტი გერმანელი შეეწირა, თუმცა იქაც არიან არასაპარლამენტო ძალები, „ნეონაცისტები“ და მხოლოდ მათ სცადეს ამ ტრაგედიის გამოყენება საკუთარი ქულების დასაწერად – გერმანიაში „ნეონაცისტები“, საქართველოში „ნაცები“. ეს არის რეალური სურათი, რასაც აკეთებდნენ გერმანიაში „ნეონაცისტები“, იმავეს აკეთებდნენ ჩვენი „ნაცები“ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი გია ხუხაშვილს შეხვდა – დეტალები

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანის სასახლეში, სამოქალაქო პლატფორმის „შინ მომავლისთვის“ დამფუძნებელი გია ხუხაშვილი მიიღო.

პლატფორმის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ საუბარი, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ემიგრაციის საკითხს შეეხებოდა.

პრეზიდენტმა ყველა ამ თემაზე სტუმრის მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი პოზიციაც გააცნო.

გია ხუხაშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე, იდეა „შინ მომავლისთვის“ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის ქართველთა სოლიდარობის მსოფლიო ქსელის შექმნაზე, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეებს გააერთიანებს. საქართველოს პრეზიდენტმა იდეას მხარდაჭერა აღუთქვა.

„შინ მომავლისთვის“ უკვე სამი თვეა მუშაობს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ პირთა რეინტეგრაციისა და ემიგრაციის პრობლემებზე. მუშაობა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

იქმნება ქართული ემიგრაციის პროფესიული პრინციპით სტრუქტურირებული ქსელი, შესაბამისი დარგობრივი პანელებით. პლატფორმა მუშაობს ამა თუ იმ სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქართველებთან, კონკრეტული მიმართულებების მიხედვით სხვადასხვა პროექტებზე, რაც ერთი მხრივ ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული და მეორე მხრივ, ქართველთა სოლიდარობის გაძლიერებაზე, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.

პლატფორმა ეხმარება ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ქართველებს ინტეგრაცია/რეინტეგრაციის პროცესში – სოციალურ და ეკონომიკურ ადაპტაციაში სთავაზობს რა სასწავლო კურსებს ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში. ასევე, სამართლებრივ დახმარებას უწევს სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერების დასაძლევად.

უკვე ფუნქციონირებს ქართული ენის, ისტორიის და სამართლის შემსწავლელი სკოლა, სადაც სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები რამდენიმე თვეა, სრულიად უფასოდ სწავლობენ.

მიმდინარე პროექტების პარალელურად, შემუშავებულია სამოქმედო გეგმა სამედიცინო, სამეცნიერო და სხვა სფეროებში. დაგეგმილია ჯანდაცვის საკონსულტაციო ჰაბის შექმნა აშშ-ს და ევროპის წამყვან კლინიკებში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩართულობით.

დაგეგმილია საგანმანათლებლო შერეული ბანაკების ფორმირება ემიგრანტთა შვილების და ადგილობრივი მოზარდების მონაწილეობით.

იდეას „შინ მომავლისთვის“ აქტიური მხარდამჭერები ჰყავს როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ დიასპორულ საზოგადოებაში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.