Home Blog Page 2295

ლატვიის პრეზიდენტმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია

ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ბელარუსის საზღვართან შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ინფორმაციას ლატვიის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია: დასჯის პოლიტიკა ჰიბრიდული ომის პირობებში, ვითარება აღმოსავლეთ საზღვარზე და „ვაგნერის“ არსებობა ბელარუსის ტერიტორიაზე“, – განაცხადა რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, არალეგალური მიგრაციის ორგანიზებისთვის პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პოლიტიკა ძალიან მსუბუქია.

„ვინც, არალეგალურ მიგრაციას ეხმარება და ორგანიზებას უწევს, ის ეხმარება ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმს, ეხმარება მტერს. ამისთვის კი დაპატიმრების 30 დღე არის გათვალისწინებული, რის შემდეგაც ეს ხალხი აგრძელებს იგივე საქმიანობას. ეს ძალიან რბილი სასჯელია“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა

ქალის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოების დაზარალებულის ახლობლებთან გაგზავნის გამო, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ყოფნის პერიოდში ქართველი გოგო გაიცნო, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანაცხოვრობდა. ისინი ერთმანეთს პერიოდულად სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით ეკონტაქტებოდნენ, რა დროსაც ბრალდებული შიშველ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს სურათებს ფარულად უღებდა და ე. წ “სქრინებს” კუთვნილ მობილურ ტელეფონში ინახავდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაზარალებულთან ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, ბრალდებულმა უკანონოდ მოპოვებული სურათებით ვიდეოკოლაჟი დაამზადა და იგი დაზარალებული ქალის ახლობლებს გადაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის მომართვის შემდეგ, მისი კონფიდენციალურობის სრული დაცვით, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ჩაატარა, რის შემდეგაც დაკავებული იქნა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით წარუდგინა.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფრანკფურტის აეროპორტში წყალდიდობის გამო ავიარეისები გაუქმდა

გერმანიაში, ფრანკფურტის აეროპორტში ძლიერი წვიმის გამო ათობით ავიარეისი გაუქმდა, – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფრენ-დასაფრენ ბილიკის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, რის გამოც, მგზავრები დაშვებული თვითმფრინავებიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ფრანკფურტის აეროპორტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, უამინდობის გამო 70-მდე ფრენა გაუქმდა. აეროპორტის ადმინისტრაციის პირველადი შეფასებით, ათასზე მეტი მგზავრი დაზარალდა.

F-16 ტიპის გამანადგურებლებს უკრაინა გაზაფხულამდე ვერ მიიღებს – უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის პრესმდივანი იური იგნატი აცხადებს, რომ ქვეყანა F-16 ტიპის ამერიკულ გამანადგურებლებს შემოდგომაზე ან ზამთარში ვერ მიიღებს.

„უკვე ნათელია, რომ შემოდგომაზე ან ზამთარში უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებით ვერ დავიცავთ“, – აცხადებს იგნატი.

მისივე თქმით, ამ გამანადგურებლებს დიდი იმედი უკავშირდებოდა, ვინაიდან ეს გააძლიერებდა უკრაინის საჰაერო თავდაცვას და გაანეიტრალებდა რუსულ რაკეტებს.

„ასეა თუ ისე, ყინული დაიძრა. გვესმის, რომ უახლოესი დროის განმავლობაში ჩვენი მფრინავები F-16 ტიპის გამანადგურებლების მართვას ისწავლიან“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურობის პრესმდივანი.

აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოწმებული 1339 ადამიანიდან, ნარკოტიკული თრობა 968-ს დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (აპრილი – ივნისი) შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1339 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 968-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სამ თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 3 იყო არასრულწლოვანი, რომელთაგან ყველას ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, მეორე კვარტალში, ყველაზე მეტი 789 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც 587-ს ნარკოლოგიური თრობა დაუდასტურდა.

რაც შეეხება ქალების შემოწმების შედეგებს, ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 49 ქალს შორის, დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 19-ს ჰქონდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა და კახეთის რეგიონში შეამოწმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის პირველი სამი თვის მონაცემების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1241 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 928-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს საექსპერტო – კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოლოგიურ თრობაზე 5052 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც ნარკოტიკული თრობა 3631-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2021 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 4225 პირი შეამოწმეს, ნარკოტიკული თრობა 2689-ს დაუდასტურდა. შემოწმებულ პირთაგან 71 ქალი იყო, მათ შორს, ნარკოტიკული თრობა 17 ქალს დაუდასტურდა. რაც შეეხება არასრულწლოვანებს, 2021 წლის განმავლობაში, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 30 არასრულწლოვანი შეამოწმეს, მათ შორის 28 ბიჭი და 2 გოგო, აქედან ნარკოტიკული თრობა 19-ს აქვს დადასტურებული 17 – ბიჭს და 2 – გოგოს.

საგამოძიებო სამსახურმა ივლისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის ივლისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში 19 პირი მიეცა, მათგან დაკავებულია 5 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში, 19 670 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა

2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 4 918 036-ჯერ გადაიკვეთა – საზღვრის კვეთის 30% საქართველოს, 70% კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საზღვრის კვეთა ყველაზე ხშირად სარფის სასაზღვრო -გამტარ პუნქტზე დაფიქსირდა. კერძოდ, სარფიდან ქვეყანაში შემოსვლის რაოდენობა 811 031-ია.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 1 754 992-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 1 683 567-ჯერ, მაშინ, როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 1 100 087 და 1 029 118 იყო.

ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ გადმოიკვეთა, პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. მეორე ადგილზეა თურქეთი – შემოსვლა 413 127; გასვლა 406 268. კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულში რუსეთისა და თურქეთის შემდგომ, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინაა, ასევე, ევროკავშირის ქვეყნები.

სქესისა და ასაკის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების თანახმად კი, კაცისა და ქალის შემთხვევაშიც 31-დან 45-წლამდე ასაკობრივი კატეგორია ლიდერობს.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 746 734 პირი გავიდა, მაშინ, როცა იმავე პერიოდში ქვეყანაში 732 743 პირი შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა, ასევე, მოიცავს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას. უფრო კონკრეტულად, სამ თვეში (აპრილი-ივნისი) საქართველოს საზღვარზე მსუბუქი ავტომობილი 250 812-ჯერ შემოვიდა, 186 958-ჯერ კი გავიდა; სატვირთო ავტომობილი 216 606-ჯერ შემოვიდა და გავიდა 388 554-ჯერ; ავტობუსი შემოვიდა 8 427-ჯერ; გავიდა 8 388-ჯერ; მოტოციკლი შემოვიდა 2 290-ჯერ; გავიდა 2188-ჯერ; სპეცტექნიკა შემოვიდა 5 592-ჯერ; გავიდა 5625-ჯერ; მისაბმელი შემოვიდა 206 938-ჯერ; გავიდა 207 520-ჯერ.

რაც შეეხება სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2023 წლის მეორე კვარტალში სამგზავრო შემადგენლობის 44-ჯერ შემოსვლა და ასევე 44-ჯერ გასვლა დაფიქსირდა; ხოლო, სატვირთო შემადგენლობა შემოვიდა 1256-ჯერ; გავიდა – 1028-ჯერ.

საზღვაო რეისების მოძრაობის დინამიკა კი ასეთია: ფოთის პორტიდან შემოსვლა – 253; გასვლა 257; ბათუმის პორტიდან შემოსვლა – 153; გასვლა – 153.

ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მონაწილე საუკეთესო ხუთეულში დასახელდა!

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით, BTU ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით ჩატარებულ ADOBE-ის დიზაინის რეგიონული კონკურსის გამარჯვებულმა, მარიამ ბაღათურიამ ADOBE-ის გრაფიკული დიზაინის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.

ADOBE-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი თემა იყო “Refugees welcome – always”. ჩემპიონატი 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ფლორიდაში (აშშ) მიმდინარეობდა და ქართველ ფინალისტებთან ერთად, მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ფინალში 10 საუკეთესო გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ ფლორიდაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, BTU-სა და IT Academy Step Georgia-ს ორგანიზებით, რეგიონული კონკურსი 13-23 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. სწორედ აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები გაემგზავრნენ ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მეოთხე ადგილის მფლობელი მარიამ ბაღათურია გახდა.

Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების გამოვლენაა.

პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.

პროექტის პარტნიორები არიან: GITA, ACAG CG Georgia, Marketer.ge პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.

R

აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე საფეხმავლო ხიდის მოწყობის გამო, მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება „თბილისი მოლიდან“ დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით შეძლებენ.

„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ – აღნიშნავენ მერიაში.

ომის 540-ე დღე – რა ვითარებაა უკრაინაში

ომის 540-ე დღე. უკრაინა აღმოსავლეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. სახმელეთო ჯარების სარდლის, განცხადებით, ვითარება უკიდურესად გართულდა კუპიანსკში, სადაც რუსული ძალები უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობენ, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ.

მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებითაც.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 20 სამხედრო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 8 სარაკეტო და 82 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნეს.

„რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვები. დაზიანდა და განადგურდა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, დნიპროსა და ხერსონის ოლქებში საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის თავშეყრის რაიონებს და საზენიტო-სარაკეტო სისტემას. ასევე, უკრაინის დამცველებმა ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 8 სადაზვერვო დრონი გაანადგურეს. სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი რუსების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

დნეპროპეტროვსკში, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას 18 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, კიდევ 6 ადამიანი კი დაშავდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა.

“რუსმა ტერორისტებმა 18 წლის ბიჭი მოკლეს. მან ჭრილობები სინელნიკოვშჩინაში, მეჟევსკაიას თემზე მტრის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად მიიღო. ექიმები ცდილობდნენ ახალგაზრდის გადარჩენას, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ”, – აღნიშნა ლისაკმა.

მისი თქმით, დაშავებულებს შორის 2 წლის ბავშვია. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგდ დაზიანდა კაფეები, 14 საცხოვრებელი სახლი, 8 სამეურნეო დანიშნულების შენობა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.

 

უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის-ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ დიპლომატია, დისკუსიები და მოლაპარაკებები ერთადერთი გზაა უკრაინაში ომის საკითხის გადასაჭრელად.

ფრანგულ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, სარკოზიმ აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა “დააზუსტოს თავისი სტრატეგია” და კომპრომისი მოძებნოს რუსეთთან.

“კომპრომისების გარეშე არაფერი იქნება შესაძლებელი და იმის რისკია, რომ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუარესდეს. ამას საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, – აღნიშნა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.

სარკოზიმ დაგმო უკრაინაში შეჭრის თაობაზე ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთი “ევროპის მეზობელია” და საერთო ისტორიაში გაუგებრობების მიუხედავად, “ჩვენ გვჭირდება ისინი და მათ ვჭირდებით ჩვენ”.

სარკოზიმ ასევე აღნიშნა, რომ მაკრონის ადრინდელი ინტუიცია სწორი იყო, მაგრამ ის ვერ მიჰყვა მას, ნაწილობრივ აღმოსავლეთ ევროპელების ზეწოლის გამო.

სარკოზიმ ასევე უარყო უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა და აღნიშნა, რომ “ჩვენ ცრუ დაპირებებს ვყიდით, რომელიც არ შესრულდება”.

“უკრაინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელია. უკრაინა ნეიტრალური უნდა იყოს, რადგან მისი მოწოდებაა, იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის. უკრაინას სთხოვო, არჩევანი გააკეთოს ამ ორ ერთეულს შორის, მეჩვენება, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ რთული რეგიონის ისტორიასა და გეოგრაფიას. არ მესმის, ეს ნეიტრალიტეტი შეურაცხყოფა როგორ იქნება. ის ასევე შეიძლება იყოს გარანტირებული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების უკიდურესად ძლიერ გარანტიებს, რათა დაიცვას იგი ახალი აგრესიის რისკისგან”, – განაცხადა მან.

“2014 წელს ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა იყო. რაც შეეხება ამ ტერიტორიას [ყირიმს], რომელიც 1954 წლამდე რუსეთის იყო და სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თავს ყოველთვის რუსად გრძნობდა, მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის შემოტრიალება ილუზორულია. მაშინაც კი, თუ მივიჩნევ, რომ უდავო რეფერენდუმი, ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი კონტროლის ქვეშ ორგანიზებული, აუცილებელი იქნება არსებული მდგომარეობის რატიფიცირებისთვის”, – აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

უკრაინამ ისრაელს შეიძლება უვიზო რეჟიმი გაუუქმოს

უკრაინამ ისრაელს შეიძლება უვიზო რეჟიმი გაუუქმოს. მიზეზად ისრაელში უკრაინის ელჩი რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. ევგენი კორნიჩუკის თქმით, ყოველწლიურად ქალაქ უმანში როშ-ჰა-შანას დღესასწაულზე 20 ათასზე მეტი ხასიდი მომლოცველი ჩადის, რუსეთის სარაკეტო თავდასხმების ფონზე კი მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა გაჭირდება.

„ჩვენ არ გვყოფნის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ამ პრობლემაზე ისრაელს არაერთგზის ვესაუბრეთ, მაგრამ თავდაცვითი სისტემების მოყიდვა მათ არ სურთ. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ისრაელში შესვლაზე უკრაინის სულ უფრო მეტ მოქალაქეს ეუბნებიან უარს და მათ მიმართ უკიდურესად არამეგობრულად არიან განწყობილნი.“ -აღნიშნა კორნიჩუკმა.