Home Blog Page 2290

ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა – ომის 538-ე დღე-

რუსეთ-უკრაინის ომის 538-ე დღე

ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

რუსული რაკეტები დნეპრში საწარმოს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ. აფეთქების ხმა ისმოდა ლვოვშიც. იქ ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაიბომბა ლუცკი და ხმელნიცკი.

“ლვოვში დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები გაისმა,” – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსები საცხოვრებელ სახლებს დაესხნენ თავს.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ბევრი რაკეტა ჩამოაგდეს. დაზიანებულია კერძო სახლები და სხვა ნაგებობები. ასევე, ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა.

“უკრაინულმა ძალებმა, 13 აგვისტოს, კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე ორ სექტორზე ჩაატარეს და დონეცკის აღმოსავლეთით და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილში წინ წაიწიეს,” – ამის შესახებ ამერიკული “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშშია აღნიშნული.

ინსტიტუტში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებებით და ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს რობოტინოს რაიონში (ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთი ნაწილი, ორეხოვის სამხრეთით 13 კმ-ში).

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის თანახმად, რამდენიმე რუსულმა წყარომ 12 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსული ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე მდებარე უროჟაინედან გავიდნენ. თუმცა, 13 აგვისტოს ბევრმა რუსულმა წყარომ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს კვლავ ეკავათ უროჟაინის სამხრეთი ნაწილი. „რუსული ჯარები, სავარაუდოდ, კვლავ იკავებენ პოზიციებს დასახლების სამხრეთ ნაწილში“, – აცხადებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

“არცერთი დღე არ გადის ისე, რომ რუსულმა ბოროტებამ ჩვენგან არ მიიღოს სამართლიანი პასუხი,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„დღეს რუსი დამპყრობლები სასტიკად დაესხნენ თავს ხერსონის რაიონს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დაღუპულებს შორის არის 22 დღის გოგონა. დაღუპულია ბავშვის დედაც. ჩვენი მეომრები სამაგიეროს უხდიან ოკუპანტების ტერორს. არ გადის არცერთი დღე, რომ რუსულმა ბოროტებამ არ მიიღოს ჩვენი სრულიად სამართლიანი საპასუხო მოქმედება. ყველა განადგურებული ოკუპანტი, დამწვარი რუსული ტექნიკა, ცეცხლი მათ შტაბსა და საწყობებში, ქერჩის ხიდზე გაჩენილი კვამლი და სხვა – ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთის არცერთ დანაშაულს უპასუხოდ არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველდღე უახლოვდება სამართლიანობის აღდგენასა და გამარჯვებას.

„ჩვენ ყოველთვის გვაქვს საბაბი, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეომრებს. უკრაინა უახლოვდება სამართლიანობას, უახლოვდება გამარჯვებას და რუსი მკვლელები ჩვენს მიწაზე უახლოვდებიან განადგურებას. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია, შევქმნათ პირობები, რომ მთელი უკრაინა კვლავ გახდეს თავისუფალი და უსაფრთხო. რუსმა ტერორისტებმა მხოლოდ ერთი რამ უნდა იგრძნონ: ისინი განადგურდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უკიდურესად მამაცი და გაბედულია, მათ კარგად იციან, როგორ დაიცვან საკუთარი ქვეყანა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კუბლაშვილის ახლობლები ადასტურებენ.

ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.

2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის” იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.

“მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით” – კახა კალაძე

გრძელდება უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. გასულ წელს შევიძინეთ 56 ბინა, ხოლო მიმდინარე წელს შესყიდულია 23 საცხოვრებელი ფართი, რაც ჯამში, 79 უძრავ ქონებას შეადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გარდა ამისა, უკვე მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი დამატებით, ექვსი უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც აღნიშნული პრობლემა აქვთ, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღონ. შემდეგ მათ საქმეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

“განაცებისთვის ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს” – დავით ზურაბიშვილი

დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს.

მისი თქმით, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, თუმცა ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო მათ, ვინც შეკითხვებს სვამს, არამედ  დაზარალებულებსაც.

„ვეჭვობ ეს სტატუსი ნაცებს არ მოეწონებთ და ქოცებს ხომ არ მოეწონებათ და არ მოეწონებათ.

ნაცების მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ისინი არასდროს აღიარებდნენ არანაირ შეცდომას თუ გადაცდომას, არასდროს არაფერში არ ეთანხმებოდნენ არცერთ ოპონენტს და მუდმივად საკუთარი ქმედებების “გაპრავების” რეჟიმში იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, ამგვარმა მიდგომამ ნაცების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას ძალიან შეუწყო ხელი.

მათგან განსხვავებით, ივანიშვილის ხელისუფლება ბოლო დრომდე გაცილებით უფრო ლაბილური იყო და კრიზისულ მომენტებში არ თაკილობდა ტაქტიკურ უკანდახევებს, მეისრეების დასჯას, ერთგვარ ორთქლის გამოშვებას და ა.შ. ამით ოცნება ახერხებდა საზოგადოებაში პერიოდულად გაჩენილი მძაფრი უკმაყოფილების მუხტის შენელებას და საბოლოო ჯამში ჩაცხრობასაც.

შოვის ტრაგედია ამ მხრივ სახელისუფლო მიდგომის ერთგვარ შემობრუნების წერტილადაც შეიძლება აღვიქვათ. აქ ხელისუფლებამ პირველივე დღიდანვე გამოაცხადა თავი შეუმცდარად და ყველანაირი ფაქტი, რის გამოც შესაძლოა ვიღაცას ეფიქრა, რომ მთავრობამ რამე ვერ შეძლო, სადღაც დააგვიანა, რაღაცაში გამოიჩინა დაუდევრობა და ა.შ., იმთავითვე გამოცხადდა სიცრუედ და ნაცების პროვოკაციად. ანუ, ქოცები აქ თავიდანვე იმყოფებიან მხოლოდ ტოტალური გაპრავების რეჟიმში, არაფერს არ აღიარებენ, არავის დასჯას არ აპირებენ და დამოუკიდებელ მედიას და დაზარალებულებს აბრალებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.

სხვანაირად რომ ვთქვა, დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს. ჯერ ერთი აქ საზოგადოებას თავიდანვე უამრავი ინფორმაცია ჰქონდა არასახელისუფლო წყაროებიდან მიღებული და იმთავითვე შეუძლებელი იყო შავის თეთრად გასაღება. გარდა ამისა, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, ამ დროს კი ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო იმათ, ვინც შეკითხვებს სვამს და მის უცთომელობაში ეჭვი შეაქვს, არამედ თვით დაზარალებულებსაც, რაც უკვე ისეთი უგუნურებაა, რომ პროსახელისუფლო კონსოლიდაციას არსებითად გამორიცხავს.

ამიტომ მე პირადად პრინციპულად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. თავად ქოცი ამომრჩევლისთვის ასეთი ხისტი სიჯიუტე წმინდა ესთეტიურადაც უჩვეულოა და ნაცების მიდგომებთან უფრო ასოცირდება, რომ არაფერი ვთქვა დაზარალებულების მიმართ ეჭვების გამოთქმის ამორალობაზე, რასაც მეტ-ნაკლებად პატიოსანი ქოციც კი ვერ აარიდებს თვალს.

და თუკი რაიმე ოპტიმისტური და დადებითი შეიძლება გამოვიტანოთ ამ მძიმე და გულისამრევი სიტუაციიდან, ეს არის ის, რომ ამით ხელისუფლება ვერაფერს იგებს. უფრო პირიქით“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი

გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკააკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვან სკააკმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი.

თუმცა, მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ დაძლევს მანამ, ​​სანამ ის თანამდებობაზე რჩება.

ვან სკააკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, ვიდრე ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები პუტინისა და რუსეთის სარდლობის ჯაჭვის სხვა პირების მიმართ”.

ვან სკააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის მიმართ გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს, სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.

იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის სახერხი საამქროები, მოქალაქეებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ახმეტაში ჰქონდათ მოწყობილი. ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი და 21 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.

სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში – არა ბარებში ან კლუბებში, არამედ ჯარისკაცების კონკრეტული დახმარებით -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ფრონტზე მებრძოლი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს ზურგის ქალაქებში არსებული ვითარება განიხილა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„კიდევ ერთი რამ ითქვა დღეს სხვადასხვა ბრიგადაში. ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან, რომლებიც ზურგის ქალაქებში მიდიან, იმსახურებენ იმას, რომ დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს არის ზურგის ქალაქები, რომ ხალხს იქ ახსოვს, რომ ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცები აქ არიან და იბრძვიან უკრაინისთვის, სიცოცხლეს წირავენ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე ვიღაც კი არ იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეს არის ყველას საერთო ეროვნული საქმე, ვინც იბრძვის და მუშაობს გამარჯვებისთვის.

“უკრაინა ომშია. ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში. და არა ბარებში, არა კლუბებში, არამედ საკმაოდ კონკრეტული დახმარება ჯარისკაცებისთვის. ეს არის მინიმუმი. ქვეყნის მთელი ადრენალინი, ქვეყნის ყველა ემოცია, ქვეყნის მთელი ძალები იქ უნდა იყოს – ბრძოლებში სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის – ეს არის მთავარი პრინციპი. სხვა რამის გულისთვის ან საკუთარი თავისთვის – ეს იქნება მოგვიანებით, როცა გავიმარჯვებთ. ახლა დაცვაა. ახლა ომია”, – დაასკვნა მან.

“ქართული ოცნება” პასუხს აგებს – გიორგი ვაშაძე

სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს, ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” ეშინია შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილების, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

” „ქართულ ოცნებას” ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

ის ბინძური კამპანია რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.

მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება” პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.

ჩემი სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.

სიმართლე და ძალა თქვენს მხარეს არის და კობახიძეები ვერასდროს მოგერევიან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტ6არსაც პრესსამსახური ავრცელებს

მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 12 დაიღუპა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 56 ადამიანი.

„ამ დროის მონაცემებით, მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, 56 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

„სამუშაო რიტმში შესვლა“ გიჭირთ, მაგრამ თუ შეძელით, ძალიან ნაყოფიერი დღე გელით. ვარსკვლავები გირჩევენ დილას კონტრასტული შხაპი მიიღოთ – ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს დღე საინტერესო ადამიანებთან საუბარში გაატაროთ. შეიძლება არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ.

კურო

ან დღეს სანამ საქმეს შეუდგებით, ცდილობთ, დრო რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროთ და ძალიან ცდებით – ამ დღეს ნებისმიერი საქმის დასრულებისთვის გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარი წესებით თამაში მოგიწევთ, სადაც სხვების ადგილი არ იქნებათ. შესაძლოა, სიტუაციამ თქვენგან საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, ამიტომ სხვა ადამიანების ინტერესები ავტომატურად მეორეხარისხოვანი გახდება. თუ ეს შესაძლებელია, ამ დღეს მოერიდეთ დიდ და საპასუხისმგებლო პროექტებზე მუშაობას და უბრალოდ დაისვენეთ.

კირჩხიბი

იმაზე ფიქრი, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია, მოსვენებას არ გაძლევთ. მთელი დღე გამდიდრების გეგმებს ადგენთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული პროექტების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. სავარაუდოდ, ისინი რეალობისგან ძალიან შორსაა. ამიტომ დღეს ჯობია, უბრალოს მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ლომი

შესაძლებელია, რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაძლოა თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ რაღაც დაკარგოთ. ეს შეიძლება, მაგალითად, დოკუმენტები ან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

სასწორი

დღის განმავლობაში ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი იქნება. სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც ხვალ შეხვდებით, პრობლემებს, რომლებთანაც გამკლავება მოგიწევთ და ვითარებას, რომელშიც აღმოჩდებით, თქვენს გეგმებთან საერთო არაფერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოს და უსიამოვნოც, ეს დღე სასწორის ცხოვრებაში უამრავ სიახლეს შემოიტანს!

მორიელი

შესაძლოა, ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც გარშემო მყოფთა ზედაპირულობაა. გაღიზიანებთ, რომ ადამიანები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად უდგებიან და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაციის შეცვლას შეძლებთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სიტუაციის კონტროლი და მოთმინებაა, რომელიც ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

მშვილდოსანი

დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელ დღეს სადღაც აგვიანებთ. განცდა, რომ გარბიხართ, მაგრამ აგვიანებთ, ამ დღის სავიზიტო ბარათი გახდება და ამაში დამნაშავე თქვენივე არაორგანიზებულობაა. დიახ, ხვალ ასეთი დღეა…

თხის რქა

გახსოვდეთ რომ კამათში შეიძლება ყველაფერი დაიბადოს, ჭეშარიტების გარდა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემომყოფები თქვენს დებატებში ჩათრევას ცდილობენ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაემორჩილოთ. თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ძალიან ბევრი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ მის გამოსასწორებლად. ბევრად უკეთესი იქნება, ენერგია რაიმე სასარგებლოსკენ მიმართოთ -ამ შემთხვევაში ვარსკვლავები სერიოზულ წარმატებას გპირდებიან!

მერწყული

ამ დღეს უფრო ფრთხილი უნდა იყოთ – ვიღაც თქვენთვის ინიციატივის წართმევას ცდილობს. მოვლენების განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – თუ მშვიდად დათმობთ, შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ და პოზიციები არ დათმოთ. შინაგანად მოემზადეთ, რომ კონკურენტს თქვენი ძალა დაანახოთ, თუ თქვენი მინიშნებები საკმარისი არაა.

თევზები

მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ, პირიქით მოდუნებული ხართ და სასწრაფო საქმეების დაწყებასაც კი არ ჩქარობთ. ეს დღე თქვენთვის ჩაივლის დევიზით: „ნუ გააკეთებთ დღეს იმას, რისი გაკეთება ხვალაც შეიძლება“. ასე რომ, თუ დასვენების შესაძლებლობა გაქვთ, ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

რუსეთში ნავთობის საბადოზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ფედერაციაში ქალაქ ხანტი-მანსიისკის ნავთობის საბადოზე აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას unian -ი ავრცელებს.

 

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

როგორც ტელეგრამ არხები იტყობინებიან, აფეთქების შემდგომ ნავთობის საბადოზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, 70% დამწვრობით 4 ადამიანი გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია, თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება -შალვა პაპუაშვილი

ყველანაირად ცდილობენ, ყველა სიტყვა გაატარონ იმ კონტექსტში, როგორც არ იყო ნათქვამი და სიძულვილი გამოიწვიონ, მათ შორის, დაზარალებულები გამოიყენონ ამისთვის. ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც სტიქიის პირველივე წუთიდანვე ცდილობდნენ ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული განცხადებები სპეკულაციის ნაწილია.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ, როცა ხარ ეპიცენტრში, ეს შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს. ამის მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.