“ქართული “მასადა” კრწანისია- იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს”- კონსტანტინე გამსახურდია

375
spot_img

ქართული “მასადა” კრწანისია. იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენი კონსენსუსი ამას უნდა დაეუფუძნოს – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომელიც კრწანისის ომის ისტორიულ თარიღს ეხმაურება.

“1795 წლის 11 სექტემბერს (ძველი სტილით, ხოლო ახალი სტილით დღევანდელ დღეს) კრწანისის ბედის განმსაზღვრელი ბრძოლა მოხდა. სისხლის ამ საშინელ კალოს გარდა გუდამაყრის, ხანდოს და ჭართლის ხეობის სამასი თავგანწირული მეომრისა ბევრი სხვა მებრძოლიც შეეწირა. ამ ბრძოლის შემდეგ ქართული სამეფო ფაქტობრივად ჩამოიშალა, იგი დამპყრობელი რუსეთის მსხვერპლი გახდა ძალიან მალე.

ასეთ პარალელს მოვუხმობ: ახალი წელთაღრიცხვით 73-74 წლებში, ისრაელში რომის ლეგიონებმა ჯერ ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი აიღეს იუდას უდაბნოს შემაღლებაზე მდებარე მასადას ციხესიმაგრე, სადაც გამაგრებულნი იყვნენ ისრაელის პატრიოტები. მათგან არც ერთი არ გადარჩენილა ცოცხალი. ამის შემდეგ იუდეა, როგორც ცალკე ერთეული დასრულდა. დღევანდელი ისრაელის სახელმწიფოს ძირეული დებულებაა, რომ “მასადა არასოდეს არ უნდა განმეორდეს”.. ამის გარანტორია შეიარაღებული ძალები “ცახალი” და საზოგადოებრივი ერთიანობა.

ქართული “მასადა” კრწანისია. იგი არასოდეს არ უნდა განმეორდეს. ჩვენი კონსენსუსი ამას უნდა დაეუფუძნოს”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.