Home Blog Page 2287

ვაზისუბნის დასახლებაში ისნის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოები განახორციელა

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზისუბნის დასახლება IIა მ/რ კორპუსი N23 და 23ბ-ს მიმდებარედ ისნის რაიონის გამგეობამ საგზაო სამუშაოები განახორციელა.

საფარი 1500 კვ.მ-ზე მოწესრიგდა და სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 91 000 ლარი გამოიყო.

ისნის რაიონის გამგეობის მიერ 2023 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა 19 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. ასფალტის ძველი საფარი ახლით 22 მისამართზე შეიცვალა.

ისნის რაიონის გამგეობა აღნიშნული მიმართულებით მუშაობას განაგრძობს და პრიორიტეტების მიხედვით მისამართებზე ასფალტის საფარს აახლებს.

კობა კობალაძე ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა

მიმდინარე წლის 6 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს, ალექსანდრე თევდორაძეს შეხვდა. შეხვედრა კომპანიის სათაო ოფისში გაიმართა.

მხარეთა შეხვედრის მიზანი იყო გურიის რეგიონში ჩამოყალიბებული ”ვეტერან ფერმერთა ასოციაციის” ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანადგომა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში მცხოვრები ვეტერანების წინაშე არსებული სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას;

ალექსანდრე თევდორაძემ კობა კობალაძეს და ”გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციას” მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის, კომპანიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

კობა კობალაძემ, ალექსანდრე თევდორაძესა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გულისხმიერებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე, ნინო ნაროზაშვილი.

„ის, რაც სისტემურად შეიქმნა მართლმსაჯულების შიგნით, კლანის სახით, ამოსაძირკვია“- რა შეფასებები მოჰყვა მოსამართლეების დასანქცირებას

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

აღნიშნული ფაქტი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა.

„მურუსიძის, ჩინჩალაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირება, რომლებიც დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბჭოში  უკავიათ მაღალი თანამდებობები, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისტორიული ფაქტია და ეს სასამართლო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დრო, იმისთვის, რომ მოსამართლეებმაც გაიაზრონ, თუ რა მოხდა და სანქცირებულ მოსამართლეებს არ უნდა დაეყრდნონ. რაც მოხდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია,“  – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

სამართლის დარგის სპეციალისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დასანქცირება  ლოგიკური იყო.

როგორ ის  „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს, უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოში მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება.

„ახლა ვფიქრობ, უდავო მტკიცებულება გვაქვს, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების კრიტიკა არ იყო მიკერძოებული და სუბიექტური, არამედ იყო ობიექტური. ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ – შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად თქვა, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ სანქციებს და ძალიან სერიოზული საერთაშორისო სანქციები დაუწესა.

ეს ერთის მხრივ შეიძლება შევაფასოთ დადებითად, იმ თვალსაზრისით, რომ უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება. მეორეს მხრივ ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან. ისინი არაფრის დიდებით ამ ფაქტის – ფაქტად ცნობას არ აპირებენ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი არის სუვერენიტეტის შელახვა, შიდა საქმეებში ჩარევა და რომ თითქოს მართლმსაჯულების რეფორმა წარმატებითაა განხორციელებული.

მიმუშავია ლონდონში, როგორც იურისტსა და ადვოკატს, ასევე აშშ -ში და ვიცი როგორ მუშაობს ნამდვილი, ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი სასამართლო და მოსამართლეები. ის, რაც საქართველოში ხდება არის სრულიად შეუსაბამო იმ სტანდარტებთან, რაც არსებობს საუკეთესო მართლმსაჯულების სისტემის მქონე ქვეყნებში. იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მე მიწევს მუშაობა მხოლოდ ევროსასამართლოს საქმეებზე, რადგან აზრს ვერ ვხედავ იმაში, მივმართო ჩვენს სასამართლოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოხვდეს იმ სიაში, სადაც ეს ოთხეული მოხვდა. ნამდვილად არიან მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და ობიექტური მოსამართლეები, მაგრამ ის, რაც სისტემურად შეიქმნა მართლმსაჯულების შიგნით, კლანის სახით, ამოსაძირკვია. ამის გარეშე, არათუ მართლმსაჯულებას, ისე სახელმწიფოს გაჯანსაღება არ უწერია,“- აღნიშნა  ჩვენთან საუბარში ლია მუხაშავრიამ.

„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, მოგვიტანს თუ არა ეს ფაქტი სასიკეთო ცვლილებებს თუნდაც სასამართლო სისტემის შეცვლის მიზნით, იურისტი გვპასუხობს, რომ „ჯერჯერობით რა კომენტარებიც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით იურისტების მხრიდან, ხელისუფლება არ აპირებს ანგარიში გაუწიოს ამ მნიშვნელოვან ხდომილებას. თავად მურუსიძის განცხადება სრულიად არაადეკვატური იყო.  ვფიქრობ, ერთადერთი დადებით შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ  ვისაც არ სჯეროდა აქამდე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული რთული ვითარება, ეგებ იმათ მაინც გაიგონ ეს და მომავალი წლის არჩევნებზე, კარგად დაფიქრდნენ ვის ჩააბარონ  ხელისუფლება. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და საპარლამენტო, საკანონმდებლო ხელისუფლებას, რადგან თუ არ შეიქმნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნება, ისე არც სასამართლოს ეშველება, არც სახელმწიფოს და მით უფრო  საზოგადოებას,“ -განმარტა ლია მუხაშავრიამ.

მოსამართლეების დასანქცირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილება მეგობარი საქართველოს მიმართ, უკიდურესად არასამართლიანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას. ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ამ ნაბიჯს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილით ხსნის.

„ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. მართლა გგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებთ აქ თქვენს ორხაზიან ბოდვას კორუფციაზე? ნუთუ ასეთი ჩამორჩენილი გგონიათ ქართველი ხალხი, რომ ვერ ხვდებოდეს რა მიზნები გაქვთ? ძალიან ცუდი. ერთადერთი, რასაც მოიმკით ამ თქვენი უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებით, არის ის, რომ კიდევ უფრო გააღვივებთ ქვეყანაში ანტიამერიკულ განწყობებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების არასამართლიანი ცვლილების დაუოკებელმა სურვილმა არ უნდა დაგაბრმაოთ.” – წერს ნიკოლეიშვილი

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს – ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას.

„გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნა რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით.

აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას. მემარცხენე დემოკრატებმა აურიეს შინ და გარეთ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ძალიან სავალალოა!“- წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

“ეს ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი” – ანრი ოხანაშვილი

მე წინასწარმეტყველი არ ვარ, სხვის ნაცვლად რაიმეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ, ყველაფერს სჭირდება ლოგიკა, არგუმენტი, ვერ ვისაუბრებ ვერავის სახელით,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სანქციები გაგრძელდება და შესაძლოა, ის გავრცელდეს, მათ შორის პოლიტიკოსებზეც.

მისი თქმით, საინტერესოა, რა წყაროებზე დაყრდნობით ხდება ინფორმაციის მიწოდება, რამდენად ობიექტურია ეს წყარო და რა მტკიცებულებებზეა საუბარი, რაზე დაყრდნობითაც სანქცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ოხანაშვილის თქმით, „ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება, საინტერესო პროცესების მონაწილენი ვიქნებით”.

მისი თქმით, მათ ექნებათ კომუნიკაცია პარტნიორთან, რის შემდეგაც საზოგადოებას მიაწვდიან “ბევრ და საინტერესო ინფორმაციას”.

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, ფაქტობრივად ამით ბრალს უყენებენ სასამართლო სისტემაში ცალკეულ მოსამართლეებს. ეს რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება სასამართლოს რეპუტაციაზე, ამიტომ ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან პარტნიორებთან და მეგობრებთან ამ ფორმით საუბარი არავის არაფერში არ წაადგება, როცა სანქციების ენით ესაუბრებიან ხელისუფლების რომელიმე შტოს. აქედან გამომდინარე გვექნება კომუნიკაცია, რა თქმა უნდა ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ცნობილი იყოს, ვისი მხრიდან იქნა მიწოდებული ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი და გამჭვირვალე. ამ კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ბევრი სხვადასხვა მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ცხადი ხალხისთვის. უსამართლობა არის მძიმე რამ, როცა ადამიანს რაღაც არ აქვს ჩადენილი, ბრალი წარუდგინო, ამიტომ რასთან გვაქვს საქმე ყველას გვაინტერესებს. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია, არსებობს ბევრი სხვადასხვა ფორმატი კომუნიკაციის. ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი იყოს საჯარო და ნათელი, რომ რაიმე სპეკულაციის სივრცე არ დარჩეს, ჩვენ ყველას, პარლამენტის წევრებს, ჟურნალისტებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს სიმართლე, რა მტკიცებულებებია, თუ არის მტკიცებულებები, თუ დანაშაულთან გვაქვს საქმე ამას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა სჭირდება, ამიტომ პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია, რა ფორმით, როგორ ამ ეტაპზე არ გაგიზიარებთ.

ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ყველას, გვაქვს უფლება ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე გავიგეთ. როცა საუბარია სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების სანქცირებაზე, ეს უპრეცედენტო არის. 2012 წლამდე, როცა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, სასამართლო სისტემა იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პულსი არ ესინჯებოდა, მაშინ არ განხორციელებულა ასეთი მძიმე ქმედება. შესაბამისად, ჩნდება კითხვები, მოლოდინიც გვაქვს ლეგიტიმური, ეს ასე არ ჩაივლის, ამას სჭირდება კონკრეტული მტკიცებულება, საკითხების გაშლა, ჩვენ მზად ვარ საპარლამენტო მანდატის ფარგლებში ყველა საკითხზე ვისაუბროთ. პირველ რიგში საჭიროა პარტნიორთან კომუნიკაცია, ამის შემდეგ ჩვენ საზოგადოებას მივაწვდით ბევრ და საინტერესო ინფორმაციას,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

“დღითი დღე, მოსკოვისა და ოცნების გზავნილები, ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს” -კახა ქემოკლიძე

 

” ოცნების მოსამართლეების დასანქცირება მძიმე ამბავია. ქვეყნისთვის მოკლე ვადიანში “ცუდი”, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანში კარგი”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელშ პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძეაშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

როგორც  ქემოკლიძე წერს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”.

“ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით:

1. ოცნების მოსამართლეების დასანქცირება მძიმე ამბავია. ქვეყნისთვის მოკლე ვადიანში “ცუდი”, მაგრამ საშუალო და გრძელვადიანში კარგი. ეს ფაქტი დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”. ეს ფაქტი სისტემას გააჯანმრთელებს და საბოლოო ჯამში ოცნების (ასევე ენმ-ის ხელისუფლების დროს) დათესილ სენს საბოლოოდ დაამარცხებს ან უმკურნალებს…
2. კობახიძე (ანუ ბ-ნი ივანიშვილი) ისევ ჩანაწერებით იმუქრება, მაგრამ მას ავიწყდება, რომ თუკი ვინმეს ჩანაწერების უნდა ეშინოდეს ეს თავად ოცნებაა, რადგან ელჩი დეგნანის მიერ განცხადებაში გაჟღერებული “ღამის საუბრები” შემთხვევითი არ ყოფილა. ინსტიქტი მკარნახობს, რომ თუკი ვინმე “პანდორას ყუთის” გახსნას მოინდომებს ბევრად საინტერესო ვიდეო-აუდიო კართოტეკა ეჭვი მაქვს ვერც ოფიც. თბილისს, ვერთ მათ დღევანდელ მოკავშირეს ოფიც. მოსკოვს ვერ იქნება, რადგან გაცილებით მძლავრი “საკომუნიკაციო დაზვერვის” (ე.წ. Signal Intelligence) ინფრასტრუქტურა ამერიკელების და მათი სხვა ძლიერი მოკავშირეევის ხელშია. ოცნებამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი ვაშინგტონმა უკრაინაში შეჭრის უკიდურესად გასაიდუმლებული ინფორმაცია წინმსწრებად იცოდა (პრეზ. პუტინის უახლოეს ანტურაჟში ჩანერგილი ინფორმატორის მეშვეობით), მაშინ რა გარანტია აქვს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დღევანდელი კავშირების (შუამავლებით, უშუალო კომუნიკაციით თუ სხვა საშუალებებით) დამადასტურებელი ვიდეო-აუდიო ფაქტები არ არსებობს?!…
3. დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს. იმ ქვეყანაში სადაც ორი “საელჩო” აქვს გახსნილი შენს უშუალო მტერს, სადაც სამხედრო ბაზები აქვს განლაგებული შენს, მაგრამ მათ მიერ დროებით ოკუპ. ტერიტორიებზე, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გიჭერენ, აწამებენ, გიკლავენ, ცხედრებს გიმალავენ, მავთულხლართებით სოციალურ კავშირებს გიხერგავენ, სახელმწიფოდ არ გაღიარებენ და ამ დროს შენ (ოცნება) მაინც მათ ცრუ ნარატივზე ჯდები სხვა რაა თუ არა შენივე სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების ღ ა ლ ა ტ ი!?
4. ტერმინები “სატანისტები”, “ანტიქრისტე”, “უკრაინიზაცია”, “მეორე ფრონტი”, “კოლექტიური დასავლეთი”, “ომის პარტიები”, “გლობალური ომის პარტია”, “სუვერენული დემოკრატია”, “ცალ ფეხზე დგომა”, “შიდა საქმეებში ჩარევა” და ა.შ. რუსული არაყია, ოცნების ახალ ბოთლში ჩამოსხმული… რაც დრო გადის ოცნება (ანუ ივანიშვილი) რუსეთის გარდა სხვა მანევრის რესურს დღითიდღე იმცირებს. ეს კი ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირების პრაქტიკულ რისკს…ამისგან გადაზღვევა ოცნების ყოფილი და მოქმედი ამომრჩევლის გონიერება, მათი რეალური სახის დროულად ამოცნობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება იქნება…
5. ოცნების მიერ შალვა რამიშვილის, ენმ-ის და ოცნების დროის ყველაზე ოდიოზური მოსამართლეების დაცვა ბუნებრივი ინსტიქტია! პარტია მათ ფიგურალურად არ იცავს, ის საკუთარ თავს იცავს, რადგან ოცნება თავად შეეზარდა მანკიერებას და ეს უკანასკნელი გახდა მისი დნმ-ის ნაწილი.
6. და ბოლოს – საქართველო ისტორიულ გზაგასაყარზეა, ასეთზე ვიყავით 90-ში მხოლოდ. ახლა დგას მომენტი, რომ ან გავალთ სამშვიდობოს ან ჩავრჩებით სამხრეთ კავკასიაში (აქაც კი მაჩანჩალად). იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის გახსნილი “გაწევრიანების მოლაპარაკებების” მატარებელს ჩვენც “შევახტეთ”. თუ ეს უკანასკნელი ვერ გავაკართეთ დიდია რისკი იმის, რომ კანდიდატის სტატუტით მაინც ჩავრჩეთ სამხრეთ კავკასიურ ჭაობში. მგონია, რომ ოცნებას და რუსეთს დღეს ეს უნდა. მათი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ჩვენდა სამწუხაროდ დაემთხვა. ამიტომ ჯერი გონიერ საქართველოს მოქალაქეებზე…”, – წერს კახაბერ ქემოკლიძე.

“გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება” – ილია დარჩიაშვილი ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს წერილით მიმართავს.

როგორც ილია დარჩიაშვილი აღნიშნავს, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.

„ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას. როგორც შევიტყვეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში, 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი – 10-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ.

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები – მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ.

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს”,- წერს მინისტრი.

“სრული სიცრუეა” – თბილისის მერია დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაზე

დედაქალაქის მერია სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, „თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა“.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ, სადაც გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება ჩატარდა, საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულმა სამუშაოებმა თითქოს გამოიწვია 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება იყო სრულიად შეუზღუდავი და არ იყო შემოსაზღვრული სპეციალური ნიშნით.

რაც შეეხება საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ჩატარებულ სამუშაოს, 4 აპრილს, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მდებარე კოლეჯის, 186-ე საჯარო სკოლისა და „ლელო არენას“ ორივე მხარეს, ბილიკების მიმდებარედ დაიწყო გაველურებული ხე-მცენარეებისა და ეკალ-ბარდების სხვლა-ფორმირება. მსგავსი სამუშაოები ასევე ჩატარდა პეტრიწის ქუჩა N12 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ე.წ. წითელ ხაზებში, რადგან კორპუსის ამხანაგობის მხრიდან შემოსული იყო წერილი ტერიტორიის მოწესრიგების მოთხოვნით. ამასთან, ანალოგიური მოთხოვნა გავრცელდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში, რომელიც დიდი დიღმის მცხოვრებლებს აერთიანებს.

ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ, დიდ დიღომში, ჯამში, დაახლოებით, კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, პეტრიწის ქუჩა #12-ის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებების შესაძლო მიმდინარეობის არანაირი ნიშანი არ არსებობდა. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, გამგეობამ კეთილმოწყობის სამუშაოების შედეგად, გარდაცვლილი მოზარდის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების განადგურება სცადა, არის სრული სიცრუე“,- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„8 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, ღამით მაღალმთაში შესაძლებელია თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რატომ მოსამართლეები? – ზურაბ გურული

“რატომ დაიწყეს “ქვემოდან”? იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე, ქართველი ექიმი, ზურაბ გურული აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მაქსიმალურად კომპაქტური, იურიდიულ-დიპლომატიური შეჯამება რომ გავაკეთოთ:
——-
1. რატომ მოსამართლეები?

ა) ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია. გავიხსენოთ, რომ უვადოდ არჩეულმა ქართველმა მოსამართლემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ამერიკაში და ამავე დროს ქართული პოლიციის წარმომადგენლები საემიგრაციო ციხეებში სხედან მექსიკასთან საზღვრის უკანონოდ გადალახვისათვის.

შესაბამისად, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პროტესტი უსაფუძვლოა. მათ თავად შექმნეს პრეცედენტი და მსოფლიოს აჩვენეს საკუთარი სასამართლოს და პოლიციის კორუმპირებულობის უკიდურესი ხარისხი.

ბ) ხელისუფლების სამ შტოში, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, მთავარი ფუნქცია სასამართლოს ეკისრება. სანქციების შემდეგი ტალღა შეეხება პარლამენტს, ბოლო კი მთავრობას.

2. რატომ ახლა?

ა) რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა პროტესტმა მსოფლიო რეზონანსი მოიპოვა. ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერმა ამბოხმა მოახერხა “ტრენდის” შექმნა და მძლავრი ემოციური ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინა ამის კარგი მაგალითია.

ბ) საქართველოში ჩამოსასვლელად ახალი ელჩი შეირჩა; ისევ ქალი. ამერიკის სახდეპი კარგად ხედავს ქალების მიმართ “ოცნების” ხაზგასმულად აგდებულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. “ოცნების” უზრდელ და არაპროფესიონალ წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ ამერიკის ელჩის შეურაცხყოფა ამერიკის სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

გ) ქართული სასამართლო იწყებს კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გასამართლებას, რაც ანტიკონსტიტუციური აქტია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებსაც. ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა თავისი დემარშით უკვე აუწყა ეს საქართველოს მთავრობას. ლაზარეს მოსამართლემ უკვე იცის რაც ელის.

3. რატომ დაიწყეს “ქვემოდან”?

იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება.

4. რას ნიშნავს ეს აქტი?

ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პატივისცემის და თანადგომის დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ. ამერიკის სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის პროტესტი საკუთარი მთავრობის მიმართ არის სამართლიანი. სწორედ და მხოლოდ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს უპრეცედენტო სანქცია გახრწნილი და კორუმპირებული სასამართლო სისტემის მიმართ”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას.

ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას.

შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

ფინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი არჩევნებში დამარცხების შემდეგ გადადგა.

სანა მარინმა გადადგომის შესახებ განცხადებით პრეზიდენტს მიმართა, რომელმაც განცხადება უკვე დააკმაყოფილა.

სანა მარინის გუნდი ახლა დროებითი მთავრობის რანგში იმუშავებს, ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტი შეიქმნება.

საპარლამენტო არჩევნებში ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პეტერი ორპო მთავრობის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალი კვირიდან დაიწყებს.

“ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული სააკაშვილის მმართველობის პერიოდში” – მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

ახსნა სჭირდება თუნდაც იმ მიზეზებს, რის გამოც იქნა მიღებული საქნცირების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხიელ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, მსგავსი საქნციები არ ყოფილა გამოყენებული წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში.

„იქ არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც, როგორც მაქვს ინფორმაცია, რამდენიმე წელიწადია, აღარ არის მოსამართლე. რამ განაპირობა ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, ამ შემთხვევაში არამოქმედი მოსამართლე მოყვა რაღაცა ქმედებისთვის ამ სანქცირებულების სიაში. ასეთი სანქციები არ ყოფილა გამოყენებული, მაგალითად, სააკაშვილის პერიოდის მმართველობისას, რა დროსაც, მოგეხსენებათ, რომ, მათ შორის ევროპული სტრუქტურების შეფასების მიხედვითაც, შეუდარებლად დაბლა იდგა სასამართლო და შეუდარებლად მეტად პრობლემური იყო, თუ შეიძლება, რომ დღევანდელობას შევადაროთ საერთოდ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.