რატომ მოსამართლეები? – ზურაბ გურული

386
spot_img

“რატომ დაიწყეს “ქვემოდან”? იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში, ამერიკაში მოღვაწე, ქართველი ექიმი, ზურაბ გურული აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების მაქსიმალურად კომპაქტური, იურიდიულ-დიპლომატიური შეჯამება რომ გავაკეთოთ:
——-
1. რატომ მოსამართლეები?

ა) ეს არის პირდაპირი მესიჯი, რომ ქვეყანაში სამართლის პოვნა შეუძლებელია. გავიხსენოთ, რომ უვადოდ არჩეულმა ქართველმა მოსამართლემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა ამერიკაში და ამავე დროს ქართული პოლიციის წარმომადგენლები საემიგრაციო ციხეებში სხედან მექსიკასთან საზღვრის უკანონოდ გადალახვისათვის.

შესაბამისად, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების პროტესტი უსაფუძვლოა. მათ თავად შექმნეს პრეცედენტი და მსოფლიოს აჩვენეს საკუთარი სასამართლოს და პოლიციის კორუმპირებულობის უკიდურესი ხარისხი.

ბ) ხელისუფლების სამ შტოში, სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი, მთავარი ფუნქცია სასამართლოს ეკისრება. სანქციების შემდეგი ტალღა შეეხება პარლამენტს, ბოლო კი მთავრობას.

2. რატომ ახლა?

ა) რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულმა პროტესტმა მსოფლიო რეზონანსი მოიპოვა. ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერმა ამბოხმა მოახერხა “ტრენდის” შექმნა და მძლავრი ემოციური ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინა ამის კარგი მაგალითია.

ბ) საქართველოში ჩამოსასვლელად ახალი ელჩი შეირჩა; ისევ ქალი. ამერიკის სახდეპი კარგად ხედავს ქალების მიმართ “ოცნების” ხაზგასმულად აგდებულ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. “ოცნების” უზრდელ და არაპროფესიონალ წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ ამერიკის ელჩის შეურაცხყოფა ამერიკის სახელმწიფოს შეურაცხყოფაა.

გ) ქართული სასამართლო იწყებს კიდევ ერთი პოლიტპატიმრის გასამართლებას, რაც ანტიკონსტიტუციური აქტია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებსაც. ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა თავისი დემარშით უკვე აუწყა ეს საქართველოს მთავრობას. ლაზარეს მოსამართლემ უკვე იცის რაც ელის.

3. რატომ დაიწყეს “ქვემოდან”?

იმიტომ, რომ მკვეთრი და ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მსახურთა და მოხალისეთა უზარმაზარ არმიას, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სათავეში მყოფი რამდენიმე ადამიანის დასჯა. როცა მათი დრო მოვა, სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იქნება.

4. რას ნიშნავს ეს აქტი?

ეს არის ამერიკის სახელმწიფოს პატივისცემის და თანადგომის დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ. ამერიკის სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხის პროტესტი საკუთარი მთავრობის მიმართ არის სამართლიანი. სწორედ და მხოლოდ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხის დამსახურებაა ეს უპრეცედენტო სანქცია გახრწნილი და კორუმპირებული სასამართლო სისტემის მიმართ”- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.