Home Blog Page 2278

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის” – პრემიერი

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია, სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ჩინეთს შორის კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში – ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული.

„მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში – ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით. შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა რვა პირის მიმართ დაიწყო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს 8 717 236 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 1 326 603 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი 876 723 ლარი გამოიტანეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა გამოყენებულ იქნა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”

სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი, ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაური ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი.

ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება.

კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს – მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა.

მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 28 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი გადავიდა- სომხეთის მთავრობა

მთიანი ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთში უკვე 28 120 ეთნიკური სომეხი გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში განაცხადეს, მთავრობა უზრუნველყოფს საცხოვრებელს ყველა იმ პირისთვის, ვისაც არ აქვს წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი.

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, სომხეთში საკოორდინაციო ცენტრი მოქმედებს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ყარაბაღელ სომხებს სხვადასხვა ქალაქში გზავნიან.

,,ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია ე. წ. პოლარიზაციის გასაღრმავებლად ”- კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს საქართველოში.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის სტატუსის თემას იყენებს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც არის ამ სცენარის ნაწილი და აქაც ვხედავთ, რომ კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის სტატუსის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია უკვე თავისი სალომე ზურაბიშვილით, ისინი ყოველ ჯერზე საბაბად იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც რა ხდება – ამბობს, რომ კი, არღვევას კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი, რათა ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს არის განგრძობითი პროცესი.

„რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი. ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში, ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ, სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს იქ.  ყველა პროტოკოლის, ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ განაგრძობს უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რგიში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კანადის პარლამენტის სპიკერი თანამდებობას ტოვებს -Reuters

კანადის პარლამენტის თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს პარლამენტში “ვაფენ-სს”-ის “გალიჩინას” დივიზიის ვეტერანის, იაროსლავ ჰუნკას მიწვევას სკანდალი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

98 წლის იაროსლავ ჰუნკას მიწვევას პარლამენტში დეპუტატების ტაში მოჰყვა მას შემდეგ, რაც თემთა პალატის სპიკერმა, ენტონი როტამ მას გმირი უწოდა. ეს ფაქტი კანადაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მოხდა.

“ამ საჯარო აღიარებამ გამოიწვია ტკივილი ინდივიდებსა და თემებში, მათ შორის კანადაში ებრაულ თემში და მთელ მსოფლიოში. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე”, – აღნიშნა როტამ.

თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა

თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში არჩევნები გააუქმა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კონსერვატორია ავრცელებს და წერს, რომ ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა.

,,საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება.

ამავე ბრძანების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა ნათქვამია”, – ნათქვამია განცხადებაში.

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება – მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებები არასწორად ესმით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი და მოვლენების ხელსაყრელი განვითარება.

კურო

ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ ნებისმიერ დავალებას სწრაფად და ადვილად გაუმკლავდებით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ. შანსი გექნებათ, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ და მომგებიანი თანამშრომლობა დაიწყოთ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია მსხვილი გარიგებებისთვის.

ტყუპები

დროს თუ არ დაკარგავთ, ამ დღეს ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. თვითკონტროლი და დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია – მათ გარეშე ცდუნებებთან გამკლავება და სიმშვიდის შენარჩუნება გაგიჭირდებათ.

საღამო ყველაზე შესაფერისი დროა პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობისა და სამუშაო საკითხების განხილვისთვის. ამ დღეს შანსი გექნებათ, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგან მიიღოთ, რომლებსაც ძალიან პატივს სცემთ.

კირჩხიბი

ამ დღეს წარმატებას ის კირჩხიბები მიაღწევენ, რომლებიც არავის რჩევებს და დახმარებას არ ელიან, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ და პასუხისმგებლობის აღების არ ეშინიათ.

ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის. პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრები სასურველი შედეგით დასრულდება.

მარტოხელა კირჩხიბებისთვის საქმიანი თანამშრომლობა შეიძლება სიყვარულში გადაიზარდოს – ადამიანებს საერთო ინტერესები ძალიან აახლოებს.

ლომი

ამ დღეს იღბალი იმ ლომს გაუღიმებს, რომელიც მზადაა თავდაუზოგავად იშრომოს და ადამიანებს უანგაროდ დაეხმაროს. თქვენი სიკეთე აუცილებლად დაფასდება, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მშვენივრად აეწყობა. ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და მზად ხართ, ერთმანეთის პასუხისმგებლობა გაიზიაროთ.

დღის მეორე ნახევარი მოულოდნელ საჩუქრებს გპირდებათ, მაგრამ არც უფროსი ნათესავების შესახებ დაივიწყოთ – შესაძლოა, ერთ-ერთი ჯანმრთელობის პრობლემებმა შეაწუხოს.

ქალწული

დღის პირველ ნახევარში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რათა საკუთარი გულუბრყვილობის გამო არ დაზარალდეთ. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების ხელმოწერის ან ფინანსური ვალდებულებების აღების დროს. ამ დღეებში სამოგზაუროდ წასვლა არ არის მიზანშეწონილი.

დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. შესაძლოა, ძველი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლოთ ან ერთგული თანამოაზრეები იპოვოთ.

სასწორი

ამ დღეს ურთიერთობებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დილიდან უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ და ნებისმიერი შენიშვნა გულთან ახლოს მიგაქვთ, ამიტომ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც ირგვლივ ყველას აკრიტიკებს, არაფერში გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანების დახმარების სურვილმაც პრობლემები შეგიქმნათ – ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

დღის მეორე ნახევარში სამსახურთან ან ბიზნესთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს გაიგებთ. უახლესი წარსულის ანალიზი შეცდომებს თავიდან აგაცილებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თანამშრომლობის დასაწყებად. საშუალება გექნებათ, რომ თანამოაზრეებთან ერთობლივი გეგმები და ქმედებები შეათანხმოთ. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი, თუმცა ახლა სასიყვარულო ურთიერთობების განვითარებისთვის არახელსაყრელი დროა.

ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ახალ პარტნიორთან ხელსაყრელი გარიგება დადოთ. თუ სწრაფად და ადვილად იღლებით, იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ.

დღის ბოლოს ოჯახის წევრთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავს შეიტყობთ.

მშვილდოსანი

წინააღდეგობრივი დღეა – ერთი მხრივ, პიროვნული თვისებების დახმარებით ადამიანებთან ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და ადვილად ხიბლავთ, მეორე მხრივ, მცირე პრობლემებს გამო გეგმების განხორციელებას ხშირად ვერ ახერხებთ.

წარუმატებელი შესყიდვები და მცირე ფინანსური ზარალი გელით. არახელსაყრელი დღეა ფულთან ან ძვირფას ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

ვარსკვლავები შეყვარებულ მშვილდოსნებს მფარველობენ – ბევრი რომანტიკული თავგადასავალი გელით.

თხის რქა

ამ დღეს გეგმების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ – უმჯობესია, ხელსაყრელ მომენტს დაელოდოთ. საშუალება გექნებათ, რომ სასიამოვნო ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო, მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ.

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ, სიტუაცია კი პირიქით, თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოთ.

მერწყული

ამ დღეს ნებისმიერი შეხვედრა, მათ შორის დაუგეგმავი, კარგად ჩაივლის. საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ და შეიძლება მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი მოაწეროთ.

დღის მეორე ნახევარში მოგიწევთ, ყურადღება ოჯახურ საკითხებზე გადაიტანოთ – ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ. დაუპატიჟებელი სტუმრები თქვენთან დიდხანს დარჩებიან, თუნდაც ეს დიდად არ გსიამოვნებდეთ.

თევზები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ კონკურენტებს გაუსწროთ და პირადი მიღწევები გააუმჯობესოთ.

დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რთულ სიტუაციაში ჩავარდნილ ადამიანს დაეხმაროთ. თქვენი ენერგიის, შეუპოვრობისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.

,,არ არსებობს იარაღი, რომელსაც შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ბრძოლის ველზე”- პესკოვი

ამერიკული „აბრამსის“ ტანკები სერიოზული იარაღია, მაგრამ ისინი დაიწვებიან ისე, როგორც უკრაინისთვის დასავლეთისგან მიწოდებული სხვა ნებისმიერი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს იარაღი, რომელსაც შეუძლია, რადიკალურად შეცვალოს სიტუაცია ბრძოლის ველზე.

„ეს ყველაფერი ვერანაირად ვერ იმოქმედებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის არსზე, მის შედეგზე. არ არსებობს პანაცეა და არცერთი ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია, ბრძოლის ველზე ძალთა ბალანსი შეცვალოს. ასეთი იარაღი არ არსებობს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მანამდე პენტაგონში განაცხადეს, რომ 31 ამერიკული „აბრამსის“ ტიპის ტანკი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია – დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით, საქართველომ კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს მიაღწია.

როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა,  ევროკომისრებთან შეხვედრებზე  ძირითადი ყურადღება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე გამახვილდა.

„ჩვენთვის რეფორმების დღის წესრიგი არის პრიორიტეტი ნომერი ერთი, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს – ჩვენი ქვეყნის საბოლოო წევრობას. ეს არის რთული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზა”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, მას საინტერესო შეხვედრები ჰქონდა ევროკომისრებთან, მათ შორის, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერად  ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობა. „ვისაუბრეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოხდეს კომისრების კიდევ უფრო მეტად მობილიზება ჩვენი მხარდაჭერის მიმართულებით” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ბრიუსელში მის ვიზიტს წინ უძღოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც   დადებითაც შეფასდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებები და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი. დარჩიაშვილის თქმით, 25-26 სექტემბერს ბრიუსელში გამართული სამუშაო შეხვედრები სწორედ ჯოზეფ ბორელის ოფიციალური ვიზიტის გაგრძელებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 25-26 სექტემბერს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარომადგენლებსა და ევროკომისრებს შეხვდა. კერძოდ, გაიმართა შეხვედრები  ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ღირებულებებისა და  გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან, შინაგან საქმეთა საკითხებში ევროკომისართან, ილვა იოჰანსონთან, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისართან კადრი სიმსონთან. ბრიუსელში ვიზიტისას, ასევე შედგა ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, ხერტ იან კოპმანთან.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. გააფთრებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს (კოდორის ხეობის გარდა). საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250 000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილ-დევნილი გახდა.

 

1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა ძმათა მკვლელი ომი საქართველოს ისტორიაში, რომლის შედეგად დაიღუპა 3 ათასი აფხაზი და 12 ათასი ქართველი