,,ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია ე. წ. პოლარიზაციის გასაღრმავებლად ”- კობახიძე

219
spot_img

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს საქართველოში.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის სტატუსის თემას იყენებს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს და მის მიერ კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ესეც არის ამ სცენარის ნაწილი და აქაც ვხედავთ, რომ კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც იყენებს კანდიდატის სტატუსის თემას. სადაც არ უნდა წახვიდე, როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან რადიკალური ოპოზიცია უკვე თავისი სალომე ზურაბიშვილით, ისინი ყოველ ჯერზე საბაბად იყენებენ სწორედ კანდიდატის თემას. ამ შემთხვევაშიც რა ხდება – ამბობს, რომ კი, არღვევას კონსტიტუციას, ფაქტობრივად, აღიარება გამოდის, მაგრამ ამას აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ეს არის მორიგი საბაბი, რათა ქვეყანა რაღაცნაირად გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოდან და იმისთვის, რომ მოხდეს პროცესების რადიკალიზაცია ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს არის განგრძობითი პროცესი.

„რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი. ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგრამ სინამდვილეში, ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ, სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს იქ.  ყველა პროტოკოლის, ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ განაგრძობს უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რგიში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.