Home Blog Page 2277

თბილისის მერიამ 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსია გამოაცხადა

ყველა დაინტერესებულ პირს სქესის მიუხედავად, ვთავაზობ, მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ვაცნობე 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG (ბუნებრივ აირზე მომუშავე) ავტობუსების შესყიდვის თაობაზე, რომელთა შემოყვანა და ახალ მარშრუტებზე გაშვება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება.
მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები. საუბარია დაახლოებით 400 მძღოლის საჭიროებაზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს სქესის მიუხედავად, ვთავაზობ, მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2500 – 3000 ლარს გამომუშავებით.

“ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მილეული პარტიაა” – დიმიტრი ხუნდაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მილეული პარტიაა. მას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძეს კითხვა დაუსვეს ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს: „ჩვენს პარტიაში მძიმე რეალობაა, არ გამოვრიცხავ, სხვა პლატფორმიდან მოგვიწიოს ბრძოლა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და ღირსეულად დავშორდეთ“.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მათი სეგმენტაცია უშედეგო იქნება.

„ისინი ცდილობენ გარკვეულ გადაადგილებას შიგნით, მაგრამ იმდენად დისკრედიტებულია მისი ყველა შემადგენელი, რომ მათი სეგმენტაცია საერთო ჯამში, მაინც  უშედეგო იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

„დიდი ტრამპი” თეთრ სახლში ბრუნდება?“- რას წერს “გარდიანი”

„როცა დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად თეთრ სახლში ყოფნის უფლება წაერთვა, ევროპელმა პოლიტიკურმა პოპულისტებმა ძლიერი მოკავშირე და მფარველი დაკარგეს. და მაინც, ბევრმა ევროპელმა „მინი-ტრამპმა“ ამერიკის პრეზიდენტის დაცემა და მისი მომხრეების კაპიტოლიუმზე შეტევა მეტ-ნაკლებად გადაიტანეს და ახლა ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რესპუბლიკელთა ლიდერი თეთრ სახლში დაბრუნდება და „ევროპული გემების იალქნებს ქარი დაუბერავს“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპელმა „მინი-ტრამპებმა“ ამერიკელი დონალდ ტრამპის დაცემა გადაიტანეს, ახლა კი იმედი აქვთ, რომ ექს-პრეზიდენტი თეთრ სახლში ისევ დაბრუნდება“ (ავტორი – პოლ ტეილორი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

დონალდ ტრამპმა, თავისი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში ევროპის კავშირს „მტერი“ უწოდა, ხოლო ნატო „მოძველებულ ბლოკად“ შერაცხა. უფრო ადრე იგი ღიად მიესალმა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას Brexit-ის თაობაზე და მოუწოდა ევროკავშირის სხვა წევრებს ლონდონისათვის მიებაძათ. (…)

გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებში ბევრ მაღალჩინოსანს „შიშისაგან აკანკალებს“ იმ პერსპექტივის წარმოდგენის შემდეგ, თუ რა ბედი ეწევათ მათ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში – მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს წინ სასამართლო პროცესები ელოდება წარდგენილი ბრალდებების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ დონალდ ტრამპი თავიდანვე ლიდერობს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს შორის, ევროპელების შიში სულ უფრო ძლიერდება – ვაითუ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მან თავისი ქადილი შეასრულოს და უარი განაცხადოს უკრაინის მხარდაჭერაზე, აგრეთვე ტარიფები დასწიოს ევროპული პროდუქციის იმპორტზე.
დონალდ ტრამპის პოლიტიკის მხარდამჭერები კონტინენტური ევროპიდან – ისეთები, როგორებიც არიან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და პოლონეთის ფაქტობრივი ლიდერი, მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ხელმძღვანელი იაროსლავ კაჩინსკი, ბრიუსელთან მწვავე დავას აგრძელებენ ევროპული კანონების უზენაესობასთან, მიგრაციასთან და „ლგბტ-საზოგადოების“ წევრების უფლებებთან დაკავშირებით.

სულ მალე ვიქტორ ორბანს და იაროსლავ კაჩინსკის შეიძლება ახალი არალიბერალი მოკავშირე გამოუჩნდეთ – სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომელმაც თავისი ტაქტიკა პირდაპირ დონალდ ტრამპისგან გადაიღო და რომელიც, დიდი ალბათობით, 30 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, შეიძლება ხელისუფლებაში დაბრუნდეს. როგორც რობერტ ფიცო აცხადებს, სლოვაკეთის ამჟამინდელი პროევროპული და ლიბერალური მთავრობა ცდილობს არჩევნები ჩაშალოს და კორუფციის ფაქტები მიჩქმალოსო.

რობერტ ფიცო, რომლის პარტია „სმერი“ ევროპელი სოციალისტებისა და სოციალ-დემოკრატების ალიანსში შედის, დასავლეთს ბრალს სდებს რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების წინაპირობების შექმნაში და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიევს ყოველგვარ დახმარებას შეუწყვეტს. სლოვაკი ანალიტიკოსები შიშობენ, რომ Smer-ის ლიდერი ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას შეზღუდავს და ოპოზიციის წმენდას ჩაატარებს ისე, როგორც ეს გააკეთეს მეზობლებმა – ვიქტორ ორბანმა და იაროსლავ კაჩინსკიმ. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ რობერტ ფიცო შეუერთდეს ევროკავშირის მიგრაციული პაქტის მოწინააღმდეგეებსაც.

ბრატისლავური 30 სექტემბრის არჩევნების შემდეგ ევროპელი ტრამპისტების გამოცდის პროცესი ვარშავაში გაგრძელდება, სადაც 15 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში პოლონელი „სიმართლის მოყვარულები“ უპრეცედენტო მესამე ვადით დარჩენას ცდილობენ და ოპოზიციის – ლიბერალურ-მემარჯვენე ცენტრისტული მოძრაობის – ლიდერს დონალდ ტუსკს დემონად წარმოსახავენ. პოლონეთის მმართველი პარტია დღეს ყველას აკრიტიკებს – ბრიუსელს, მოსკოვს, ბერლინს და ახლა კიევსაც კი და მას პოლონელი ფერმერების გაკოტრების მცდელობას აბრალებს, უკრაინული მარცვლეულის ევროპაში ექსპორტის გამო.

უნგრელი ვიქტორ ორბანი, რომელმაც გასულ წელს ბუდაპეშტში ამერიკელი ულტრამემარჯვენე კონსერვატორების კონფერენციას უმასპინძლა და რომელიც „ფოქს ნიუსის“ ყოფილი ტელეწამყვანის თაკერ კარსლსონის მეგობარია, მასმედიას და სოციალურ ქსელებს მკაცრად აკონტროლებს. იგი უნგრულ ოპოზიციას „ბრიუსელის მარიონეტებს“ უწოდებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელ ხალხს და უნგრეთის განათლების სისტემას თავს მოახვიონ „გეი-პროპაგანდა“ და უნგრელ მოსწავლეებს სკოლაში ტრანსგენდერობა ასწავლონ.

პოლონეთის მმართველი პარტიის (PiS) მთავრობაც მსგავსი ტრიუკის განხორციელებას ცდილობს: არჩევნებთან ერთად რეფერენდუმიც ჩატარდება ოთხი კითხვით, რომელთაგან ერთ-ერთი ასე „მიმზიდველად“ ჟღერს: „მხარს უჭერთ თუ არა ათასობით არალეგალური მიგრანტის მიღებას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ისე როგორც ამას ევროპული ბიუროკრატია გვთავაზობს?“.
დონალდ ტრამპის ტაქტიკამ – შეუტიოს მასმედიის ძირითად საშუალებებს და უპირატესობა მისცეს მემარჯვენე გამოცემებს, რომლებიც „ალტერნატიულ ინფორმაციას“ ავრცელებენ – ევროპაში პოპულარობა მოიპოვა. იაროსლავ კაჩინსკიმ და ვიქტორ ორბანმა სამაუწყებლო კომპანიები თავიანთ კონტროლქვეშ მოაქციეს. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, გაჩნდა ამერიკული Fox News-ის მსგავსი ულტრამემარჯვენე ტელეარხები (ვთქვათ, ფრანგული Cnews), რომელთა მეშვეობით მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკოსები თავიანთ იდეებს ავრცელებენ და ამით თავს არიდებენ სხვა მასმედიის ჟურნალისტების არასასიამოვნო კითხვებს. პოპულისტი პოლიტიკოსები ფართოდ სარგებლობენ სოციალური ქსელებითაც და მხარდამჭერებს იმრავლებენ.

Brexit-მა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას აშკარა ზიანი მიაყენა. ამის შედეგად ევროპელმა რადიკალმა მემარჯვენეებმა უარი თქვეს თავიანთ მანიფესტურ დაპირებებზე ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე და ამის ნაცვლად გეზი „ევროპის ეროვნული სახელმწიფოების“ შექმნისაკენ აიღეს, რომელიც ზღუდავს საერთოევროპული კანონმდებლობის უზენაესობას ეროვნულთან შედარებით. ამ ახალი ტაქტიკით ისინი ევროპული ერთიანი საკანონმდებლო წესრიგის დანგრევას ცდილობენ.
არავინ იცის ზუსტად, დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი თეთრ სახლში და თუ დაბრუნდება, რამდენად შეუწყობს ხელს მისი გაპრეზიდენტება მისსავე ევროპელ მეგობრებს და თაყვანისმცემლებს ერთიანი ევროსკეპტიკური მოძრაობის შექმნაში. მაგრამ აშკარაა, რომ თუ ასე მოხდება, ეს უამრავ პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო პრობლემას გააჩენს, რისთვისაც ევროპის მთავრობები ცუდად არიან მომზადებულნი.

წყარო

თიბისი – წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით

აზიის განვითარების ბანკმა – ADB, ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულ ბანკებს შორის, თიბისი საქართველოში წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა. ჯილდო თიბისიმ, ბოლო 1 წლის განმავლობაში, ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის მიიღო.

„ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით ზედიზედ მეცხრე აღიარება, ადასტურებს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებსა და ზოგადად, გლობალურ ტენდენციებს წარმატებით ვპასუხობთ – კომპანიებს თანამედროვე, ინოვაციურ გადაწყვეტებს ვთავაზობთ, მათ ბიზნესპროცესებს ვამარტივებთ და ნებისმიერ რეალობაში, სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობასა და უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის ხელშეწყობის პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან პროგრამამ ჯამურად 57 მილიარდი დოლარის ღირებულების 45,510 ტრანზაქცია განახორციელა.

 

R

“ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა” – ლევან ხაბეიშვილი

ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა. თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, მისი მთავარი მოტივაცია სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

„ჩემი მთავარი მიზანი სოხუმში დაბრუნებაა! თუ რამე მამოძრავებს, მაძლევს ძალასა და ენერგიას, არის ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საოკუპაციო ხაზის, ერთხელ და სამუდამოდ მორღვევის დაუოკებელი სურვილი. ამაზე დიდი სურვილი, არასდროს არაფერი მქონია და არც მექნება! ხსოვნა იყოს ყველა ქართველი გმირის, ვინც თავი გაწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის.

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც სოხუმში უდიდესი აეროპორტის მშენებლობასთან, იძულებით გადაადგილებული ასობით ათასი ოჯახის სახლში დაბრუნებასა და სოხუმის ევროპის ულამაზეს ქალაქად გადაქცევასთანაა დაკავშირებული.

ქედს ვიხრი გმირულად დაცემული თითოეული პატრიოტის წინაშე, რომლებმაც თავი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს. „საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი, აფხაზეთი საქართველო არის“. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ორბელიანების სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშა დაეშვა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სოხუმის დაცემიდან დღეს 30 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მომავალი თაობები პასუხს მოგვთხოვენ, თუ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით”

5814250 13.03.2019 Экс-спикер парламента Грузии, лидер партии "Демократическое движение — Единая Грузия" Нино Бурджанадзе во время интервью в агентстве МИА "Россия сегодня". Евгения Новоженина / РИА Новости

ჩვენი შვილები და მომავალი თაობები სწორედ ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, ამას ერთობა, კონკრეტული ნაბიჯები და ეფექტური ხელისუფლება სჭირდება.

„30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა უახლოეს ისტორიაში არა მხოლოდ იმ თაობებისთვის, რომლებიც ამას მოვესწარით, არამედ შემდეგი თაობებისთვისაც. ტკივილი შეიძლება მხოლოდ მაშინ შემსუბუქდეს, როდესაც ყველანი გავერთიანდებით და დავბრუნდებით აფხაზეთში. წლები გადის, ჩვენ კი არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადაგვიდგამს იმისათვის, რომ დაწყებულიყო შერიგების პროცესი, აღგვედგინა ნდობა. ვერც ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც მიმზიდველი გახდებოდა აფხაზებისთვის. დრო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. წარმოუდგენელი იყო, რომ 30 წლის თავზე ისევ გაყოფილი და ე.წ. საზღვრით დაშორებული ვიქნებოდით. მაგრამ ეს სამწუხარო რეალობაა. თუმცა რეალობა, რომელსაც არ უნდა შევეგუოთ. ჩვენი შვილები და მომავალი თაობები სწორედ ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს, თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადავდგით ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად და აფხაზებთან ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. ამას კი ჩვენი ერთობა, კონკრეტული ნაბიჯები და ეფექტური ხელისუფლება სჭირდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი საქართველო“ ავრცელებს.

“ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიზნად ისახავდა” – გია ვოლსკი

ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა გია ვოლსკიმ ინფორმაცია, რომელიც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში დაადასტურა, იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერებულია.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე დაყრდნობით, გია ვოლსკიმ იმედი გამოთქვა, რომ სავალუტო ფონდი პროგრამას პროგრამას განაახლებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიზანი ეს არ არის, მათი მიზანია „პანიკური სიტუაციის შენარჩუნება“.

„საფინანსო სექტორზე, კონკრეტულად ეროვნულ ბანკზე შეტევა იყო აბსოლუტურად თვალხილული, თვალსაჩინო და ზუსტად ვიცოდით, რომ ეროვნული ბანკის სისტემის ჩამონგრევა იყო მთავარი ამოცანა, რომელსაც ისახავდა მიზნად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამას ვერ მიაღწიეს, ახლა ამოქექეს ძველი თემა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბოლო პროცესებთან. რა საკვირველია, არ არის სასიამოვნო, როდესაც ეს თანამშრომლობა არ ვითარდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, გარკვეულ პერიოდში ეს თანამშრომლობა აღდგენილ იქნება, მაგრამ ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის ამოცანა ეს არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ პანიკური სიტუაციის შენარჩუნება, რათა იქნებ უფრო მტკივნეული დარტყმა მიაყენონ ინფლაციის პროცესს, ვალუტის კურსს, ეს არის ამოცანა. საერთოდ, უნდა ერთიანდებოდეს ოპოზიციაც, უმრავლესობაც, როდესაც ქვეყანას რაიმე ემუქრება. არც ერთი მოვლენა, არც დღევანდელი დღე, 27 სექტემბერი, არაფერი, არ გამოდგა იმის სიმბოლოდ, რომ გაერთიანებულიყო მთელი საზოგადოება საქართველოს ინტერესებისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიუ-იორკის მოსამართლემ თაღლითობაში დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა სცნო

ნიუ-იორკის მოსამართლემ დაადგინა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და მისმა ოჯახურმა ბიზნესმა თაღლითურად გაზარდა ტრამპის ქონებისა და სხვა აქტივების ღირებულება.

მედიის ინფორმაციით, მანჰეტენის ნიუ-იორკის შტატის სასამართლოს მოსამართლის, არტურ ენგორონის მკაცრი გადაწყვეტილება შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს გაუადვილებს ზიანის ანაზღაურების დადგენას 2 ოქტომბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე.

ენგორონმა ასევე გასცა ბრძანება იმ სერტიფიკატების გაუქმების შესახებ, რომლებიც ტრამპის ზოგიერთ კომპანიას, მათ შორის Trump Organization-ს, ნიუ-იორკში ოპერირების საშუალებას აძლევდა.

მოსამართლემ აღწერა, თუ როგორ შეადგინეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, მისმა ვაჟებმა, დონალდ უმცროსმა და ერიკმა, ტრამპის ორგანიზაციამ და სხვა ბრალდებულებმა შეფასებები და გაზარდეს ტრამპის წმინდა მოგება თავიანთი ბიზნეს საჭიროებებისთვის.

ამასთან, დონალდ ტრამპი და სხვა ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ მათ თაღლითობა არასოდეს ჩაუდენიათ. ისინი ენგორონის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

„დღევანდელი აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება სრულიად მოწყვეტილია ფაქტებიდან. პრეზიდენტი ტრამპი და მისი ოჯახი ყველა არსებულ სააპელაციო საშუალებას გამოიყენებენ, რათა გამოასწორონ მართლმსაჯულების შეცდომა“, – განაცხადა ტრამპის ადვოკატმა კრისტოფერ კეისმა. ნიუ-იორკის მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც და ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მან თაღლითობა ჩაიდინა, სასაცილო და სიცრუე უწოდა.

„ეს არის დემოკრატების პოლიტიკური კანონი და კუდიანებზე ნადირობა ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ უნახავთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.მან და სხვა ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ შეუძლებელია სასამართლო პროცესისთვის მომზადება, რადგან არ იციან, რომელი საჩივრების წინააღმდეგ უნდა დაიცვან თავი. სააპელაციო სასამართლო, სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნის შესახებ.

“დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე”

ბატონო ელჩო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია მოგმართოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გამართულ წვეულებაზე, სადაც ღირსშესანიშნავი ქვეყნის დაარსებას აღვნიშნავთ; იმ ქვეყნისას, რომელიც გამოირჩევა თავისი მდიდარი კულტურით, ისტორიითა და წარმოუდგენელი მიღწევებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად.

„ჩინეთის გასაოცარმა ცივილიზაციამ, რომელიც უხვადაა გაჯერებული ტრადიციებითა და სიმბოლიზმით, მოიპოვა საყოველთაო აღფრთოვანება მისი უსაზღვრო სიღრმით. ჩინეთის კულტურული სიმდიდრე ცხადყოფს ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში ტრადიციის მატარებელ ძალას და ეფექტს. ჩინეთის კულტურა, რომელიც ათასწლეულებს მოიცავს, გულისხმობს კონფუციანელობას, ხაზს უსვამს პატივისცემასა და იერარქიას, დაოიზმის ჰარმონიას ბუნებასთან და წონასწორობასთან, ტრაპეზში ჩაის როლს და სტუმართმოყვარეობას. ჩინური კალიგრაფია ხოტბას ასხამს ესთეტიკას, ხოლო ჩინეთის დიდი კედელი ისტორიისა და მიზანდასახულობის სიმბოლოა. მართლაც აღმაფრთოვანებელია, თუ როგორ მოახდინა ჩინეთმა თავისი წინაპრების სიბრძნის საფუძველზე, შეუფერხებლად გააერთიანებინა ტრადიციული ღირებულებები უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციურ სტრატეგიებთან და გადაქცეულიყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად. ძველისა და ახლის ეს ჰარმონიული შერწყმა ცხადყოფს, რომ ჩინეთის წინსვლა განპირობებულია არა მხოლოდ მისი სამომავლო ამბიციებით, არამედ ისტორიული მემკვიდრეობის, როგორც ძალისა და შთაგონების წყაროს, მიმღებლობის უნარით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს, თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია” – გიგა ბოკერია

დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს, თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა გამალებული მუშაობა ნატო-ში გაწევრიანებასა და ქვეყნის თავისუფლების დაცვაზე უნდა იყოს.

„ეს არის აბსურდი და ამ დისკუსიის მარაზმში ჩაგვითრიეს. თურმე, ჩვენი ქვეყნის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე ზურაბიშვილის სიარულია. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, თუ რაზე იხარჯება ამ ხელისუფლების რესურსი და შემდეგ საზოგადოების დებატების, იმის მაგივრად, რომ ახლა ნატო-ში გაწევრიანებასა და ჩვენი თავისუფლების დაცვაზე იყოს გამალებული მუშაობა. ზურაბიშვილს რაც შეეხება, სადაც მას აქვს მოვალეობები, იქ შეასრულოს, ფარცხალაძის საკითხში, ვიზიტებს ეს ხელს არ უშლის”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერიამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, დღეს, აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე ინფორმაციით, დღეს პარტიის ორგანიზებით პარლამენტთან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენა გაიმართება.

„ჩვენ 20:00 საათზე, პარლამენტის წინ, გვექნება წარმოდგენა დამატებით იმ მონაცემების, რაც ღია წყაროების საშუალებით შეგცივდა. კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების, რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ნაწილებიდან და იმ მტკიცებულებების, რომ ეს იყო გენოციდი და ეთნოწმენდა”, – აღნიშნა ბოკერიამ.

“საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში”

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც მისი ხელმოწერის დღიდან, ორ მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში და ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას საერთო მიზნებისადმი.

„როდესაც ჩვენი თანამშრომლობის სიღრმეებს ვიაზრებთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ვაჭრობა ოდითგანვე იყო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, რომელიც ორ მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად  მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.

გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა; სხვადასხვა სამინისტრო, უწყება და რეგიონი აქტიურად არიან ჩართულნი ამ ძალისხმევაში. ეს მრავალმხრივი თანამშრომლობა უდავოდ ცხადყოფს ჩვენს ერთგულებას საერთო მიზნებისადმი.

მეგობრებო, მივესალმებით ჩინეთთან აქტიურ თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ამ მიმართულებით უაღრესად სასიხარულოა ქართული მოსახლეობის მზარდი ინტერესი ჩინური ენისა და კულტურის მიმართ, რაც ადამიანთა შორის აუცილებელი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის ქმნის საფუძველს.

სწორედ ამ გაგებით, ჩვენ ახლახან გამოვეცით განკარგულება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის.

მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.