თბილისის მერიამ 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსია გამოაცხადა

272
spot_img

ყველა დაინტერესებულ პირს სქესის მიუხედავად, ვთავაზობ, მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას ვაცნობე 160 ერთეული 18-მეტრიანი CNG (ბუნებრივ აირზე მომუშავე) ავტობუსების შესყიდვის თაობაზე, რომელთა შემოყვანა და ახალ მარშრუტებზე გაშვება დაგეგმილია 2024 წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება.
მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები. საუბარია დაახლოებით 400 მძღოლის საჭიროებაზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს სქესის მიუხედავად, ვთავაზობ, მიმართონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ დასაქმდნენ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2500 – 3000 ლარს გამომუშავებით.