Home Blog Page 2277

“თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი”-ADB-ის პრეზიდენტი

თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მასაცუგუ ასაკავამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად.

„ჩემთვის დიდი პატივია შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა – საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა, ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს, ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო, კიდევ ერთხელ, გმადლობთ, რომ წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს. ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

“ყველა სადარბაზოში ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის” – ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ქვეყნისთვის მძიმეა.

„კონკრეტულად რომელიმე ადამიანთან კავშირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მხოლოდ საჯარო ინფორმაცია რაც გაჟღერდა, ის ვიცი. ზოგადად, საქართველოში ყველა სადარბაზოში ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ბარიერი ვერავინ გადალახოს”

„ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ბარიერი ვერავინ გადალახოს – მე ვხედავ გამსხვილების და პარტიების ძალიან მჭიდრო კოორდინაციის პროცესს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 5 – პროცენტიანი ბარიერის პირობებში “ნაციონალური მოძრაობის” “ორბიტაზე” შევლენ სხვა პარტიები, ვისაც გაერთიანება და გამსხვილება სურს. დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, მსჯელობა მიმდინარეობს იმ საკითხზეც, იქნებიან თუ არა ისინი ერთი ნომრით წარმოდგენილი.

„მაშინაც კი როცა „ნაციონალურ მოძრაობაში” ვიყავი, მე ვემხრობოდი დაბალი ბარიერის სისტემას, საერთოდ, მე ვემხრობი ბუნებრივ ბარიერს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოცემულობა შეიძლება მიგვეღო. ახლანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ვერავინ გადალახოს ბარიერი. ამიტომ ბუნებრივად “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე, სიაში უნდა შევიდნენ სხვა პარტიები და ჩვენ ვიცით ეს პარტიები, ვისაც უნდა გაერთიანება და გამსხვილება, არ აქვს მნიშვნელობა ერთი ნომრით იქნებიან თუ სხვა ნომრით და ამაზეც არის მსჯელობა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. რაც შეეხება გამოსავალს, შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ჯერ კიდევ ჩადებული დაბალი ბარიერი, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო და ვხედავ ამ ორბიტას შორის გამსხვილების პროცესს და პარტიების მუშაობის და ძალიან მჭიდრო კოორდინაციის პროცესს იმ შემთხვევაში, რომ ეს მოცემულობა და კოალიცია მომავალ პარლამენტში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რაც შეიძლება აქტიური და ეფექტური იყოს,”– განაცხადა დეკანოიძემ.

“ბრალდებული შეურაცხადი იყო” – პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 “საუნივერსიტეტო დიპლომატია”- მნიშვნელოვანი ვიზიტი პოლონეთში

2023 წლის 27 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი დავით ჯალაღონია ბიდგოშის უნივერსიტეტის მიწვევით სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ჩვენი პოლონელი პარტნიორების ინიციატივით, პოლონურად ითარგმნა და იქვე გამოიცა რექტორ ზ. ხონელიძის მონოგრაფია „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, რომლის პრეზენტაციაც ბიდგოშის უნივერსიტეტშივე შედგა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლებმა ძალიან საინტერესო და გადატვირთული სამუშაო პროგრამა დაახვედრეს: პრეზენტაციები, საჯარო ლექციები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, შეხვედრები როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ მისიებთან (ჰოლანდია, ესპანეთი და სხვ.) და კათოლიკური ეკლესიის იერარქებთან.

აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრა მსმენელთა განსაკუთრებული აქტიურობით მიმდინარეობდა. სსუ-ს რექტორს არა ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კითხვა დაუსვეს, რასაც ამომწურავი პასუხები გაეცა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ბიდგოშის უნივერსიტეტს, მის დამფუძნებლებს, რექტორატს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესდნენ „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ ქართული იდეით, თარგმნეს და გამოსცეს ეს წიგნი. მინდა მადლობა გადავუხადო მათ იმ პირობებისათვის, რომ პოლონეთში მოგვცეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრ მნიშვნელოვან პიროვნებასთან დაგვემყარებინა ურთიერთობა და მათთვის წარმოგვედგინა როგორც საქართველო, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა. ჩვენ ვცდილობდით და, მგონი, შევძელით კიდევაც, რომ ევროპელი მეგობრებისათვის საქართველო განსხვავებული კუთხიდან დაგვენახებინა და, ფაქტობრივად, ხელახლა გაგვეცნო მათთვის“, – აღნიშნა პროფესორმა ზ. ხონელიძემ სსუ-ს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან საუბარში.

პოლონურ საზოგადოება განსაკუთრებით დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის არსით, რით განსხვავდება ის სახალხო თუ სამეცნიერო დიპლომატიისაგან; ასევე მიექცა განსაკუთრებული ყურადღება საქართველო-ევროპის ურთიერთობებს.

„ჩვენ შევხვდით მაღალი დონის პოლონელ მეცნიერებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპატს. ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი და საპატიო იყო, რომ ბიდგოშის უნივერსიტეტში საგანგებოდ ჩამოვიდა პოლონეთის სტუდენტთა პარლამენტის 150 წარმომადგენელი. ისინი, ფაქტობრივად, ყველა პოლონურ უმაღლეს სასწავლებლებსა და მათ უცხოელ სტუდენტებს წარმოადგენდნენ. ამ პარლამენტის სპიკერი გახლავთ კიეველი გოგონა, რომელიც პრეზენტაციისა და საჯარო ლექციის შემდეგ ჩემთან მოვიდა და არა ერთ საკითხზე ვისაუბრეთ. ალბათ, მან გამოთქვა სურვილი საქართველოში ჩამოსვლისა და ჩვენი უნივერსიტეტების, პროფესორების, სტუდენტების უშუალო გაცნობისა“, – გვითხრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა.

მომხსენებელმა აუდიტორიას დაწვრილებით აუხსნა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეა, რომელიც, თავისი არსით, მხოლოდ სამეცნიერო-საგანმანათლებლო არ არის, ისევე, როგორც ის მხოლოდ დიპლომატიურ-პოლიტიკური მიმართულებით არ უნდა განვიხილოთ:

„საუნივერსიტეტო დიპლომატია ორივე ამ ასპექტს სცდება, მაგრამ, იმავდროულად, მათ მჭიდროდ აერთიანებს, აკავშირებს, ახალი მიზნების შესაძლებლობას გვაძლევს. ეს მნიშვნელოვანია რათა მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც თანამედროვე მსოფლიო საზოგადოების წინაშე დგას და ცალკე აღებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დიპლომატიისთვის გადაუჭრელად ისახება, ამ ორი სისტემის სინერგიით შეძლოს მშვიდობიანად გადაწყდეს, – აღნიშნა სსუ-ს რექტორმა. – აქედან გამომდინარე კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შევძელით გაგვეხსნა „სამშვიდობო განათლების ცენტრი“, რომელიც, უკვე წლებია, წარმატებით ფუნქციონირებს“.

პოლონელი საზოგადოებრიობა, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა ვერ დატოვებდა საქართველო-ევროპის ურთიერთობების პერსპექტივას. ბატონმა ზურაბმა მათ უპასუხა:

„საქართველო ევროპის არც გერია და არც შორეული ნათესავი. ჩვენ უშუალოდ ევროპის ორგანული ნაწილი ვართ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლიანი ისტორია დაკავშირებულია ამ რეგიონთან. მაშინ, როდესაც ევროპა ისტორიას ელინებით იწყებს, მათ წინ უსწრებდა იბერიულ-კავკასიური მოდგმა, რომელსაც იმ დროს იმაზე ბევრად გაცილებით  დიდი სივრცე ეჭირა, ვიდრე დღეს აქვს. მათი ტერიტორია ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მოიცავდა, რაც დადასტურებულია სხვადასხვა კვლევით, მათ შორის – არქეოლოგიურით, ლინგვისტურით, საისტორიო წყაროებით. ჩვენ ევროპა აღმოსავლეთად განგვიხილავს ზოგჯერ. თუმცა აქ ჩვენი მეგობრები არც ცდებიან. დიახ, ჩვენ ბუნებრივი ხიდი ვართ ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ აღმოსავლეთს ვაკავშირებთ დასავლეთთან და ევროპას კი აზიასთან. ამას გვიჩვენებს და გვასწავლის ჩვენი ისტორიული წარსული. ესაა ჩვენი ჯვარიც და პასუხისმგებლობაც ორივე კონტინენტის მიმართ. ჩვენ ევროპის მიღმა ვერ დავრჩებით, რადგან მუდამ ამ ოჯახში ვიყავით, მაგრამ ევროპას, დასავლეთს შესანიშნავ ელჩობას, წარმომადგენლობას გავუწევთ აღმოსავლეთში. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანე არა ქართველ მკვლევართა დასკვნები, არამედ ცნობილ ევროპელ მოაზროვნეთა დაკვირვებები და მოსაზრებები საქართველოს შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაინტერესდნენ, სხვა კუთხით შეხედეს ამ საკითხს, განსხვავებულად გაიაზრეს. ბიდგოშის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს საქართველოში ჩამოსვლისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებისა“.

პოლონეთში ვიზიტის დროს გაიმართა (ონლაინ-ფორმატით) საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიდგოშის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტების ახალი მისია“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ბიდგოშის უნივერსიტეტის კანცლერი, დოქტორი ფილიპ სიკორა და სხვა პოლონელი მკვლევრებიც.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მასპინძლებს უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ამ ვიზიტის დროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას გრძნობდა კომპანია „სარაჯიშვილის“ გენერალური დირექტორის, ბატონ ზურაბ ბუბუტეიშვილის მხრიდან.

ბიდგოშის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა რექტორმა, დოქტორმა ქშიშტოფ სიკორამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი – დედოფალ იადვიგას სახელობის მედლით დააჯილდოვა.

„დაჯილდოების ცერემონიალზე ჩვენს თბილ და ერთგულ პოლონელ მეგობრებს ვუთხარი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე მე ახალი საქართველოს სამ მნიშვნელოვან იდეას – სოხუმს, სახელმწიფოსა და უნივერსიტეტს – ვემსახურები. ეს არის ჩემი ცხოვრების უმთავრესი გამოწვევა“, – აღნიშნა ბატონმა ზურაბმა საუბრის დასასრულს.

შეგახსენებთ, რომ ბატონი ზურაბის მონოგრაფია უკვე გამოცემულია ინგლისურ, რუსულ და ბულგარულ ენებზე; მალე გამოქვეყნდება თურქულ და იტალიურენოვანი თარგმანები.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია და ისევე იბრწყინებს მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ხვიჩა კვარაცხელია”

„საქართველოს მომავალი ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია. გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/photo.php?fbid=638282818341655&set=a.300589298777677&type=3

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4834 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4858 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7377 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7488 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0111 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ამ საქმის მონაწილეები, დამფინანსებლები და ხელის დამფარებლები ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს”

ქოლცენტრები არის სრული კატასტროფა. ქვეყანას ხომ აზიანებს, ეს იქნება ჯაჭვი გამოძიებების მთელს ევროპაში თავისი უმძიმესი შედეგებით ქვეყნის რეპუტაციისთვის, მაგრამ კიდევ უფრო დიდი უბედურებაა აქ ლოკალურად, სადაც ასეულობით ახალგაზრდა დააჯერეს რომ არაა პრობლემა თუ ბედნიერ მდიდარ ავსტრიელ ბებიას ფულს მოჰპარავს და გააუბედურებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი წერს.

მისი თქმით, ამ საზიზღარი დანაშაულის თანამონაწილედ აქციეს მასიურად ქართველი სტუდენტები და ირიბად მათი ოჯახის წევრები, რომელთა უმრავლესობამაც ალბათ მეტ – ნაკლებად იცოდა რასთან ჰქონდათ საქმე და მაინც მშვიდად მიყვებოდა დინებას.

“ამ საქმის მონაწილეები, დამფინანსებლები და ხელის დამფარებლები ყველა სასტიკად უნდა დაისაჯოს.

იმ შემთხვევაშიც თუ თავად არ კრიშავდნენ სუსი და შსს, რომ არა ევროპული გამოძიება ხელის განძრევას, რომ აპირებდნენ ეს ხომ ცალსახაა, იმიტომ რომ მათი უმრავლესობაც ასე ფიქრობს რომ ავსტრიელი ბებიების გაქურდვა არაა პრობლემა,”– წერს თინა ხიდაშელი.

https://www.facebook.com/khidasheli.tinatin/posts/pfbid02mrCgHBysD1vbUJgq6YKW36VPTZebeZhDR7YpwSow3oZrGCska1v2DCZaijyZsgVel

“რასაც ვუყურებ, მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს „ქოლ ცენტრი“ – ალეკო ელისაშვილი

მგონი, მე და მამაჩემს არ გვაქვს “ქოლ ცენტრი”, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა – არ მჯერა, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, „ქოლ – ცენტრები” ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა და “ქართულმა ოცნებამ” არაფერი იცოდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბევრი კითხვაა და საგამოძიებო კომისიის შექმნას სწორედ ამიტომ უჭერდა მხარს, რომ პასუხები მიეღო.

„რასაც ვუყურებ, მგონი მე და მამაჩემს არ გვაქვს “ქოლ ცენტრი”, თორემ დანარჩენი ყველა პენსიონერებს ატყავებდა. მე პირადად იმიტომ მინდოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ გაგვეგო, მართლა რა ხდება. როგორც ჩანს „ნაცი“, „ქოცი“, დიდი, პატარა, ყველა ერთად შეიკრა, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ. ჩემთვის თანაბრად საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია პენსიონერების ძარცვით, არ აქვს მნიშვნელობა კეზერაშვილი იქნება თუ სხვა, ჩემი ნათესავი რომ იყოს სისხლით, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. ბევრი კითხვაა, მე არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში, დღისით, მზისით, მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში „ქოლ ცენტრები” ისეა მოწყობილი, რომ სუს-მა არაფერი იცის, „ქართულმა ოცნებამ” არაფერი იცოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა – სერგეი რიაბკოვი

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ღია შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არ ჩავარდეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის უფსკრულში, ჩვენ უკვე ვართ ზღვარზე, ამ უფსკრულის ზღვარზე“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტები მიმდინარეობს საჭიროებისამებრ, მათ შორის მაღალ დონეზე.

ამასთან, კრემლზე უკრაინული თვითმფრინავის თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ აშშ-ის რეაქციას სერგეი რიაბკოვმა საგარეო პოლიტიკის საფუძვლების უგულებელყოფა უწოდა.

“ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული”- მამუკა ხაზარაძე ქოლცენტრების საქმეზე

“ლელოს”  ლიდერის, მამუკა ხაზარაძის  განცხადებით, ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც  ” ქოლ-ცენტრების ე.წ. ბიზნესშია  ჩართული.

მისივე თქმით, ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა.

„ქოლ-ცენტრები“ – კრიმინალური ე.წ. „ბიზნესი“, დიდი უბედურებაა ქვეყნისა და მისი საერთაშორისო იმიჯისთვის. ახალგაზრდების კრიმინალსა და ადამიანების ძარცვაში ჩართვა მათი ცხოვრებისა და მომავლის დამახინჯებაა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი სტრუქტურები მთავრობისა და ხელისუფლების მფარველობის გარეშე ვერ იარსებებს. ყველა დასასჯელია კანონის მთელი სიმკაცრით, ვინც ამ სქემაშია ჩართული, მონაწილეობს, მფარველობს, ან იცის და ჩუმადაა. თუმცა, რა გასაკვირია, პრემიერის ოფისში, კანცელარიაში, ბოტებისა და ტროლების ფაბრიკაა გახსნილი“, – აღნიშნავს ხაზარაძე.

“ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება” – ხალხის ძალა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა გამოვხატოთ აღშფოთება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფს ქრისტიანების რელიგიურ გრძნობებს და არის იმ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გაგრძელება, რომელიც პრინციპულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის, საქართველოს ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, განურჩევლად რელიგიური კუთვნილებისა.

ჩვენ ვართ ადამიანის უფლებების ერთგული და მიგვაჩნია, რომ მყარად უნდა იყოს დაცული ნებისმიერი ადამიანის უფლება, განურჩევლად მისი ცხოვრების წესისა. თუმცა, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალების მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არაფერი აქვს საერთო. რაც შეეხება ევროპარლამენტში გამართულ გამოფენას, ის პროპაგანდაზე ბევრად მეტია და თავად უხეშად ლახავს ადამიანის უფლებებს. ადამიანების რელიგიური გრძნობების მიმართ სრული შეუწყნარებლობა არის იმის მკაფიო დადასტურება, რომ ფსევდოლიბერალები თანამედროვე პოლიტიკაში ყველაზე არალიბერალურ და არატოლერანტულ პოლიტიკურ მიმდინარეობას წარმოადგენენ. ადამიანების რელიგიური გრძნობების ხელყოფის ესოდენ უხეში გამოვლინება ბოლოს ბოლშევიკებისგან გამოვცადეთ. აღმაშფოთებელია, რომ რასაც სჩადიოდნენ ბოლშევიკები 100 წლის წინ, იმის კიდევ უფრო უხეში რეკონსტრუქცია დღეს ევროპარლამენტის კედლებში ვიხილეთ.

ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული ცივილიზაციური არჩევანია, რაც ისტორიული ფაქტია. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ ამ ცივილიზაციური არჩევანის მთავარი საფუძველი ქრისტიანობა იყო. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, რადგან მასში საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენის – ქრისტიანული რწმენისა და კულტურის დაცვის შესაძლებლობას ხედავდა. დღეს, როდესაც ევროპარლამენტში ცდილობენ, ევროპა და ანტიქრისტიანული პროპაგანდა ერთმანეთთან გააიგივონ, ეს საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს პირდაპირ უპირისპირდება, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ.

ყველას გვახსოვს გზავნილი – ტრადიციებით ევროპაში, რომელსაც ფსევდოლიბერალებიც კი ახმოვანებდნენ. თუმცა, არსებული ტენდენციები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ როდესაც შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ევროპაში არა ტრადიციებით, არამედ მხოლოდ ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაგმობით შეიძლება მიგვიღონ. აქვე გავიხსენებთ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარმა ქედმაღლურად გამოგვიცხადა, კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ჩვენი პირობებით მოგცემთო. ეს განცხადება განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს იმ ფონზე, რომ ევროპარლამენტარებმა თავიანთი რეზოლუციებით ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების შეფარდება და ორი კრიმინალის – სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსის საპირწონე პირობა ვერც ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა იქნება, ვერც კანონის უზენაესობის დათმობა და ვერც კრიმინალებისთვის ხელისუფლების იძულებით გადაბარება.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რისთვისაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიც ზედმიწევნით სრულდება. თუმცა, მიგვაჩნია, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზეა საუბარი, ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი პირობები და ეს პირობები სწორედ ქართული საზოგადოების ტრადიციულ ფასეულობებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტს უნდა დავუკავშიროთ.

შესაბამისად, საზოგადოებასთან ერთად უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმის დასაზუსტებლად, თუ რა პირობების დაცვას ვითხოვთ ევროკავშირისგან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. თუ ამ პირობებს არ დავაყენებთ, ვერც სუვერენიტეტს დავიცავთ, ვერც ტრადიციულ ფასეულობებს და ვერც მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში“, – ნათქვამია განცხადებაში.