Home Blog Page 2273

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით – ლავროვი

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობის და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ძალაში რჩება: მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მოლაპარაკებისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შეიქმნა და ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენი ინტერესების, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით. რუსეთის საზღვრებზე მტრული ძალების ნაცისტური რეჟიმის შექმნის პრევენციის ინტერესების გათვალისწინებით”, – აღნიშნა ლავროვმა.

 

გერმანია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს -The Wall Street Journal

გერმანია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემისგან თავს იკავებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს, სარაკეტო სისტემების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად უკრაინაში საკუთარი სპეციალისტების გაგზავნა მოუწევს, რამაც რუსეთს შესაძლოა გერმანიასთან პირდაპირი კონფრონტაციისკენ უბიძგოს.

კოალიციურმა მთავრობამ უკრაინისთვის რაკეტების გადაცემას მხარი უკვე დაუჭირა, თუმცა კანცლერი შოლცი კიევში „ტაურუსების“ გაგზავნისგან თავს იკავებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 სექტემბერს ქუთაისში +32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში მზიანი დღე და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

“კარგი იქნება, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადახედოს, როგორ ეპყრობოდა აშშ მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ ცდილობდა”-ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობას ურჩია, გაიხსენონ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება.

„ისინი თუ ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ ალბათ მათთვის კარგი იქნება, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების პოპულარიზაციას ამერიკის სანაპიროებიდან შორს ცდილობდა. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია.

„ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.

“მე ძალიან მიჯაჭვული არ ვარ ამირანივით ამ სტატუსზე, სულ არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა”- გია მურღულია

მე, მაგალითად, ძალიან მიჯაჭვული არ ვარ ამირანივით ამ სტატუსზე, სულ არ მგონია, რომ ეს არის პანაცეა. ვიცით ჩვენ, არიან ქვეყნები, რომლებსაც, ათეული წლებია, ეს სტატუსი აქვთ, თუმცა ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო მონაწილეობს ყველა დემოკრატიულ პროცესში.

„პირველ რიგში, სტატუსს იმიტომ ვიმსახურებთ, რომ დიდი ხანია, ჩვენ ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი. ვმონაწილეობთ ყველა დემოკრატიულ პროცესში, რაც შემოგვთავაზეს. ვქმნით ინსტიტუციებს, რაც გვითხრეს და ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ინსტიტუციები შესაქმნელი გვაქვს. ის ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფდა და დღესაც უზრუნველყოფს საქართველოს, როგორც ღირსეული კანდიდატის სვლას ევროპისკენ, ყველასთვის თვალსაჩინოა. მგონი, ოპოზიციისთვისაც ძალიან თვალსაჩინოა და ამიტომ ნერვიულობენ ხოლმე ასე ხშირად ამაზე“, – განაცხადა გია მურღულიამ „იმედის“ ეთერში.

დღეს ალავერდობაა

ალავერდობა ღირსშესანიშნავი დღეებისგან შემდგარი უძველესი დღესასწაულია. ის ყოველთვე ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა. 

ალავერდობა ალავერდის ტაძრის კარზე იმართება, მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. წმინდა იოსებ ალავერდელი თორმეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთს, სწორედ იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვარისგან, რომელზეც უფალი აწამეს.
მაშინ ალავერდი უდაბური, კაცთაგან უვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებს უფალმა მოუვლინა ერთი დიდებული მონადირე, რომელიც მრავალი ყმის თანხლებით იმ მიდამოებში სანადიროდ იყო გასული. დიდებულმა მონადირემ აღუთქვა მამა იოსებს, რომ ალავერდის უდაბნოში ტაძარს ააშენებდა და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს.

მალე წმ. იოსების ღვაწლით იმ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა მისსავე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობაც, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო. მთავრობისგან მიცემული გეგმით აშენებდნენ დუქნებს, ალავერდის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეებს საკუთარი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი. წესრიგის დასაცავად ახლომახლო სოფლების სამამასახლისოებიდან თითო კაცს ირჩევდნენ, რაც დღეობაზე სიმშვიდეს უწყობდა ხელს. ბაზრობაზე თუშებს გასაყიდად ჩითები, ყველი, კარაქი ჩამოჰქონდათ; ფშავლებს – იარაღი, ნაჭერი, ნაბადი, ქეჩა; ხევსურებს ჩამოჰყავდათ საქონელი; სომხებს ხმალი, ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი მოჰქონდათ გასაყიდად. ეს საქონელი ან ნაღდ ფულზე იყიდებოდა, ან იცვლებოდა. ქართველი მეფეები ხელს უწყობდნენ ამ სადღესასწაულო ბაზრობას, რადგანაც იგი სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების კარგ საშუალებად მიაჩნდათ.

ალავერდობის დღესასწაულს რიტუალური დასასრული ჰქონდა: ეკლესიის ეზოში 200–300 თუში ცხენოსანი იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის „დალაის“ სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს.
აღსანიშნავია, რომ 1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ალავერდობა“ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

,,ეს კაცი ვერ გაიცნეს, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის ”- მდინარაძე

მოგებული პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო სანქცია დაუწესეს ბიძინა ივანიშვილს და სანქციები ემუქრებაო, გვაშინებენ ყოველდღე. ეს კაცი ვერ გაიცნეს, რომ ფულით კი არა, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე

სამშობლოსთვის 2011 -12 წლებში და ახლა, ასეთ კაცს რომ აშინებ 2 მილიარდი გაგიჩერეო და ვერ ხვდები, ეს ერთი მხარეა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება საქმე, საქართველოს ხელისუფლება მეგობრულთან ერთად, მომთხოვნიც არის, ოპონენტები კი ცდილობენ, რომ ეს რუსულ ნარატივად წარმოაჩინონ.  “დე ფაქტო სანქციები დაადეს [ბიძინა ივანიშვილს] და  ახლა ვინღა უნდა დაასანქცირონ ან რითი უნდა დაასანქცირონ ისეთით, რომ გული გაუხეთქონ ვინმეს. მაგრამ, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ეხება, ჩვენ მომთხოვნებიც ვართ მათ მიმართ, მეგობრულებიც და ამას მერე ვიღაც დაიჩემებს და რუსულად გასაღებას შეეცდება.  წეღანაც ვთქვით, ამერიკული კანონი გაუსაღეს საზოგადოების ნაწილს რუსულად და შეიძლება ესეც კი შეძლონ. მაგრამ ჩვენ, ყველა შემთხვევაში, საკუთარი სიტყვა უნდა ვთქვათ და მართლები უნდა ვიყოთ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი საზოგადოების წინაშე და ხვალ რომ სხვა მოქალაქე დაასანქცირონ, ქართული სახელმწიფო ამ ყველაფერს უნდა შეხვდეს მზად.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია”- არჩილ თალაკვაძე

შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილი, როგორც ლიდერი დასრულებულია, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ექსპრეზიდენტმა აჩვენა, რომ არ არის ლიდერი და თავისი თანაპარტიელებისგან განსხვავებით, ორი თვეც ვერ შეძლო პატიმრობაში ყოფნა.

„მისმა პარტიამ ეს დაინახა, რომ სინამდვილეში ეს ადამიანი, მათი ლიდერი, რომლებზეც ლეგენდები დადიოდა, რომ თითქოს იყო ყველაზე მამაცი, თითქოს მტერს შიშველი ხელით ხვდებოდა და ტანკებს წინ უდგებოდა და ა.შ. არ არის ლიდერი.შეიძლება ყველაზე სუსტიც არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ დანაშაულებზე, რომლებსაც პოლიტიკურად სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მას ჩამოართვეს ლიდერობა და მისი მემკვიდრეობის გადანაწილებას, ვხედავთ, რომ მთავრდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

,,აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა”-ბოკერია

აბსურდი და მარაზმია პრეზიდენტის მხრიდან რაღაც ჩახვეული ლოგიკით ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ ჩამორთმევა , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მედიასთან განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არა ოპოზიცია, არამედ კანონი ითხოვს და ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გაკეთებულიყო.

„სანამ გვყავს რეჟიმი, რომლის სახეც არის ფარცხალაძე, გამარჯვებაზე ვერ იქნება საუბარი, ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა გვეყოლება პროდასავლური და პრო ქართული, ნორმალური ხელისუფლება, ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ნატო-ს წევრი გავხდებით, რუსების ჯარს გავყრით აქედან, ნორმალური ქვეყანა გავხდეთ. ესაა გამარჯვება. ფარცხალაძეს თუ მოქალაქეობას შეუწყვეტ, ეს რა გამარჯვებაა?

ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ოპოზიცია კი არ ითხოვს, კანონი ითხოვს და ეს უნდა მომხდარიყო ახლა კი არა ერთი წლის წინ. ამიტომაა აბსურდი და მარაზმი რაღაც ჩახვეული ლოგიკით პრეზიდენტის მხრიდან ამის არ გაკეთება. ახსნები და მარაზმში შეყოლა ივანიშვილის რეჟიმთან, არის კატასტროფა და დამაბნეველ ვითარებას იწვევს.

ყველაზე უფრო მთავარი არის ის, რომ ფარცხალაძე წარმოადგენს ჩვენს ხელისუფლებას. მას ხელს აფარებდნენ ეროვნული ბანკის ბრძანებულებით, აქამდე არც კი იძიებდნენ, როცა ეს კაცი ჩვენს მტრებთან დადიოდა მოსკოვში. ახლა საკუთარ თავს ხომ არ დასჯიან? საკუთარ შვილს ხომ არ მოაჭრის თავს, როგორც ერთ ცნობილ ანიმაციურ ფილმშია? ეს არის უბედურება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ნიკოლ ფაშინიანსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა და მაკრონმა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა და მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სიტუაცია განიხილეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-საფრანგეთის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები.

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ადამიანების განწყობა ისე კარგად გრძნობთ, რომ შეგიძლიათ თქვენ გარშემო შექმნილი ფსიქოლოგიური გარემო შეცვალოთ. წარსულში მომხდარი შემთხვევის გამო შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები წარმოიქმნას და კრიტიკის მოსმენაც კი მოგიწიოთ. გირჩევთ, ამ საკითხის განხილვა სამომავლოდ გადადოთ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ უთანხმოებას უნდა ერიდოთ. ახლა ცვლილებებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დროა, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოცდილი ხერხები გამოიყენოთ და ახალ საქმეს ერიდოთ. უმჯობესია ეს დღე სახლში, მშვიდად გაატაროთ.

ტყუპები

მოემზადეთ ფინანსური ან მატერიალური საკითხების განხილვის ან ამ საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში მონაწილეობისთვის. პირად ურთიერთობებშიც ეცადეთ, მეტი მოთმინება და დიპლომატიური უნარები გამოიჩინოთ და დაპირისპირების ნაცვლად, შეთანხმებას მიაღწიოთ. გირჩევთ, განწყობის გასაუმჯობესებლად რამე გემრიელი მიირთვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს რთული და უსიამოვნო საკითხების განხილვას თავიდან ვერ აიცილებთ, ამიტომ ეცადეთ, პრობლემა დროულად მოაგვაროთ. გირჩევთ, ოჯახთან და, საჭიროების შემთხვევაში, ადვოკატებთან საუბარი სამომავლოდ არ გადადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. საყვარელი გატაცება სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ლომი

თუ შესაძლებელია, ყველა მივლინება და საქმიანი მოლაპარაკება სამომავლოდ გადადეთ და ეს დღე მარტოობასა და სიჩუმეში გაატარეთ. უმჯობესია, აქტივობა შეამციროთ და მეტი ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც გარშემო ხდება. ამ დღეს ახალი ნაცნობობა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ გირჩევთ საღამო სახლში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად გარშემო მყოფებთან ურთიერთობა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გიჭირთ. თუ შესაძლებელია, ასეთი საქმიანობა სხვა დროისთვის გადაიტანეთ, დღეს კი ინდივიდუალურად იმუშავეთ. რჩევა პირად ურთიერთობებსაც ეხება. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ან მეგობრებთან საუბარი შესაძლოა კამათში გადაიზარდოს, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ.

სასწორი

შინაგანად მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ. უმჯობესია შეხვედრები, მოლაპარაკებები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების ხელმოწერა სხვა დროისთვის გადადოთ. შესაძლოა, ამ დღეზე წარსულის ნეგატიურმა მოვლენებმა იქონიოს გავლენა.

მორიელი

თუ გსურთ, რომ პოზიტიური განწყობა და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ, უპირატესობა მხოლოდ საკუთარ სურვილებს უნდა მიანიჭოთ. სამეცნიერო სფეროში მომუშავე მორიელებს წარუმატებელი პერიოდი აქვთ, თუმცა ზოგმა შეიძლება მოულოდნელი შემოსავალი მიიღოს.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ბნელი ფიქრები თავიდან მოიცილოთ და ოპტიმისტურად განეწყოთ. რთული და უსიამოვნო საუბარი გელით, რომელსაც თავიდან ვერ აიცილებთ. სტრესის ალკოჰოლით ან ტკბილეულით მოხსნას ნუ ეცდებით. ამის ნაცვლად, სპორტულ დარბაზში უნდა წახვიდეთ ან სუფთა ჰაერზე მაინც ისეირნოთ.

თხის რქა

შესაძლოა, თავშეკავებამ გიმტყუნოთ და ის თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. ზოგადად, ამ დღეს ძალიან კრიტიკულად ხართ განწყობილი და არავის აზრს არ ითვალისწინებთ. ამ მიზეზით, ჯობს მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ და შეხვედრები გააუქმოთ. საღამოს ემოციური ფონი შემცირდება და ურთიერთობა გაგიადვილდებათ.

მერწყული

დილიდან უხასიათოდ ხართ, ამიტომ ეცადეთ მენეჯმენტს არ შეხვდეთ და საქმიანი მოლაპარაკებები არ აწარმოოთ, რომ ზედმეტი არაფერი თქვათ. ფრთხილად იყავით – გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ თუ ყველა საქმის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ.

,,მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 53 ათასზე მეტი ადამიანი ჩავიდა”-  სომხური მედია 

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 27 სექტემბრის მდგომარეობით 53 629 ეთნიკურად სომეხი ლტოლვილი ჩავიდა. ამის შესახებ სომხური მედია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერზე დაყრდნობით იტყობინება.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში 120 000 სომეხი ცხოვრობდა.

სომხეთის მთავრობა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა მოქალაქეს აძლევს საცხოვრებელს, ვისაც საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. იძულებით გადაადგილებულმა ზოგიერთმა ადამიანმა ნათესავებთან ან მეგობრებთან სომხეთში დარჩენა არჩია.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდში ეთნიკურად აზერბაიჯანელების დაბრუნების გეგმებს განიხილავენ.