Home Blog Page 2272

რუსეთში ლია ახეჯაკოვას ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვენ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა გენერალურ პროკურორს, იგორ კრასანვოს რუსეთის სახალხო არტისტის, ლია აჯეხაკოვას დასჯის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ვიტალი ბოროდინი მის წინააღმდეგ სამი მიმართულებით ითხოვს გამოძიების დაწყებას, მათ შორის არის ღალატის ბრალდებაც.

“მინდა გთხოვოთ, დაავალოთ უფლებამოსილ ორგანოებს ჩაატარონ აუდიტის მოკვლევა და ლია მეჯიდოვნა ახეჯაკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (ღალატი), 280.3 მუხლით (საჯარო ქმედებები, რომლებიც მიმართულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ) და რუსეთს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით (სიძულვილის ან მტრობის გაღვივება) დაიწყონ გამოძიება”, – ვკითხულობთ წერილში.ბოროდინმა გენერალურ პროკურორს ასევე სთხოვა, რომ ახეჯაკოვა საგარეო გავლენის აგენტად აღიარონ და მას ჩამოართვან წოდებები, უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ მისი განცხადებების გამო.

„ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს

უკვე რამდენიმე წუთია, რაც ერთ-ერთი მთავარი სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ შეფერხებით მუშაობს.

Downdetector-ის მიხედვით, პრობლემა ჩვენი დროით 19:11 საათიდან ფიქსირდება.

ვითარება რიკოთზე – შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებული იყო.

8 აპრილიდან აღნიშნულ მონაკვეთზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საგზაო დეპარტამენტის მიერ დადგენილი რეჟიმების შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყოფდნენ როგორც მსუბუქი, ასევე, სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას, მათ შორის, ამავე რეჟიმის შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ რევერსულად, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე პერიოდში. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მძღოლებს რამდენიმე დღე უწევთ ლოდინი, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამ დროის მონაცემებით, რიკოთის უღელტეხილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება სრულად აკრძალულია.

თბილისიდან დასავლეთის და დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, შეუფერხებლად. აღნიშნულ გზაზე გადატვირთული მოძრაობა ამ დროისთვის არ შეინიშნება.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, კვლავ რჩებიან ადგილზე და ავტოტრანსპორტის გატარებას უზრუნველყოფენ საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმების მიხედვით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ არიან – შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენთვის კანდიდატობის სტატუსის არმოცემა სწორედ ამერიკის ზეწოლის შედეგი იყო – თამარ ჩიბურდანიძე

„საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღიად აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან ზეწოლას უნდა გაუძლონ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩინეთ-ტაივანის ომის თემაში ამერიკის მიმდევრები არ უნდა გახდნენ, ანუ, ევროკავშირის ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ ამერიკის ზეწოლის ქვეშ არიან. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთი წლის წინ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არ მოგვცეს, ესეც სწორედ ამერიკის ზეწოლის შედეგი იყო“, – ამის შესახებ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის აშშ-ის მხრიდან ფაქტების გარეშე კორუმპირებულის წოდებასა და მათთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა. ჩიბურდანიძემ ამას აშშ-ის მხრიდან მართლმსაჯულებისთვის თვალების ახვევა უწოდა.

„სამი მოქმედი და ერთი ყოფილი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება ამერიკისთვის ბოლო პერიოდში პირველი უსუსტესი პოლიტიკის გატარების ღია ფაქტი იყო, იმიტომ, რომ ამერიკის განცხადება ყოველთვის გამყარებული იყო ფაქტებითა და არგუმენტებით. რა დონეზე დავიდა მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ უარგუმენტოდ, ფაქტების გარეშე გამოიტანეს გადაწყვეტილება და სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს სანქციები დაუწესეს. სასამართლო – ეს არის ხელშეუხებელი სისტემა. სასამართლო არ არის პოლიტიკური ხელისუფლება – მათ ეს ძალიან კარგად იციან. მაგალითად, ევროპულ სახელმწიფოებში, ასევე ამერიკაში, მოსამართლე ბევრად უფრო მაღალი სტატუსია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობა. წარმოიდგინეთ, რა დონეზე გაილაშქრეს სასამართლოს წინააღმდეგ, რომ ეს აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს.

მე კონკრეტულ მოსამართლეებზე არ ვსაუბრობ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, იმ მოსამართლეს რა ერქმეოდა. ჩემთვის მთავარია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცია დაუწესა (მართალია, დღეს ამ სიტყვის ხსენება აღარ სურთ და უნდათ, ძალიან რბილად თქვან, რომ სავიზო მიმოსვლა შეეზღუდათ, მაგრამ არა – სანქცია დაუწესა!) ჩვენს მოსამართლეებს. ამერიკელებმა იმ დღეს მართლმსაჯულებას ნამდვილად აუხვიეს თვალები. ამან კიდევ ერთხელ ცხადყო დღევანდელი ამერიკული პოლიტიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როდესაც დასავლეთის დღევანდელ პოლიტიკას ვაკრიტიკებთ, ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენ სახელმწიფოებს ვებრძვით. არა, ჩვენ გვსურს პარტნიორობა ამერიკასთან, ევროპულ სახელმწიფოებთან – ეს კურსი არის ჩვენი არჩევანი. მაგრამ, ჩვენ არ გვსურს თანამშრომლობა ასეთ პოლიტიკასთან. ეს არის ის ვასალური პოლიტიკა, რომელსაც დღეს ამერიკა საქართველოს მიმართ აწარმოებს და რომლის წინააღმდეგაც პირადად ჩვენ გამოვდივართ“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

„რიგგარეშე სხდომის დაანონსება არასწორად მოხდა, კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება უმართებულოა“ – ლევან ბეჟაშვილი

„რიგგარეშე სხდომის დაანონსება არასწორად მოხდა, კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება უმართებულოა“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის.

„ლევან ხაბეიშვილს და ანი წითლიძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ჰქონდათ  ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. მოხდა მისკომუნიკაცია, პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის, ჩემთანაც. შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის და ვფიქრობ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. ამ შემთხვევაში კუდების ძიებას და ვინმეს დადანაშაულებას უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულო არის“, – აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებმა ცეცხლი გახსნეს – არის მსხვერპლი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

წინასწარი მონაცემებით, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ რამდენიმე სომეხი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა.

„11 აპრილს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ტეხის დასახლების მიმართულებით საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ. არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

,,საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას დაველოდებით” – ვლადიმერ ბოჟაძე

„იმდენ ხანს დაველოდებით საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას, რამდენსაც უკრაინის სახელმწიფო ინებებს და ამის შემდეგ მასთან ერთად განვიხილავთ სკვერისა და ქუჩისათვის დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელის მინიჭების საკითხს“, – ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის რა აქვს უკრაინისთვის გაკეთებული საქართველოს.

მისივე თქმით, სანქციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შესახებ გასცა ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, მხარი 123 ქვეყნიდან 38-მა დაუჭირა. კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვა არ იყო მხარდამჭერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო სანქციის გაცემა საქართველოს არათუ მხარდაჭერით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინიცირებით მოხდა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არიან საქართველოს მოქალაქე მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან. არცერთი სახელმწიფოს საელჩოს, რომელთა მოხალისეები უკრაინაში იბრძვიან, არ გაუკეთებია იმდენი საკუთარი მოქალაქეების მშობლიურ მიწაზე გადასასვენებლად, რამდენიც გააკეთა საქართველოს საელჩომ. არცერთ სახელმწიფოს სამხედრო პატივით არ დაუკრძალავს უკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ხოლო რომელი მუნიციპალიტეტი დაღუპულების ოჯახებს რით და როგორ დაეხმარა, ამაზე საუბარს აქ არ ვაპირებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 2014 წლამდე იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის სათავეში და მათ ქუჩებისთვის სრულად არც 9 აპრილს დაღუპულების, არც 2004 -სა და 2008 -ში დაღუპული გმირების და იუნკერების სახელები არ მიუნიჭებიათ.

“ჩინეთ-აშშ – ის პოლიტიკური შერკინებაც სწორედ რუსულ ვექტორზე გადის” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

გეო პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული ქვეყნების ინტერესთა კვეთას ან დაპირისპირებას ამა თუ იმ რეგიონში, ის შეიძლება განვრცობილი იყოს ქვეყანათა ალიანსების დაპირისპირებით ერთმანეთთან ან სულაც რომელიმე ქვეყანასთან და ამავდროულად იმ ქვეყნების ინტერესთა ჩართულობით რომლებიც პირდაპირ ამ გეო პოლიტიკური კვეთის ხაზზე არ გადიან.

დღევანდელი გეო პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც უკრაინაში რუსეთის და უკრაინის სამხედრო კონფლიქტშია ასახული სწორედ ამ გლობალური მოთამაშეების დაპირისპირების ეპიცენტრია, ჩინეთის როგორც ე. წ გარე მოთამაშის მონაწილეობით. ანუ სახეზეა ყველა გეო გლობალური ძალის ჩართულობა ამ კონფლიქტში, სადაც თუ კოლექტიური დასავლეთის ინტერესი, რუსეთის ენერგო წიაღისეულის დასაკუთრებაა, იგივე მიზანი აქვს ჩინეთსაც.

ჩინეთ – აშშ ის პოლიტიკური შერკინებაც სწორედ რუსულ ვექტორზე გადის, ამიტომ არის ძალზე მნიშვნელოვანი უახლოესი პერიოდის მოსალოდნელი ცვლილებები, მათ შორის საქართველოსთვის. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს არ გადის აქ 2024 წლის არჩევნებზე, არამედ უკვე პოლიტმოქმედებათა ყველაზე დიდი ამპითეატრი უკვე უახლოეს ერთ თვეში მაისში თურქეთში გაიმართება.

შესაბამისად თურქეთსაც ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს გეო პოლიტიკურ განედად აქცევს საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში.

თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ გეგმავს მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულების გაუქმებას, რაც ნიშნავს ნატოს გემების შავ ზღვაში შემოსვლას ყოველგვარი შეთანხმების გარეშე რუსეთთან და თურქეთთან, თურქეთის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური ხდება. კერძოდ კი 14 მაისის არჩევნებს თურქეთში, ამ არჩევნების შედეგების საქართველოზე პირდაპირი გავლენის ფაქტორიდან გამომდინარე.

ბუნებრივია თუ ერდოგანი ამ არჩევნებში დამარცხდა და გაიმარჯვა პოზიციურმა კოალიციამ რომელიც წარმოდგენილია ქემალ კირჩილიოღლუს სახით, უკვე ამ სცენარისას დიდი ალბათობით მონტრეს კონვენცია გადაიხედება. ბოსფორისა და დარდანელის ე. წ გასაღები კი გადადის აშშ-ს ხელში, და ნატო ც ფაქტობრივად აშშ-ს გეოპოლიტიკური ესპანსიის ერთ ერთი წამყვანი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება მოვლენათა განვითარების ეს სცენარი მნიშვნელოვანწილად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში და მთლიანად რეგიონში, მათ შორის უკრაინის ფრონტზე. რეალურად უკრაინის არმიის კონტრშეტევაც თურქეთის არჩევნებზეა პოლიტიკურად მიბმული. იგებს ოპოზიცია, იგებს დასავლეთი და აგებს რუსეთი!

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისათვის, რადგან თურქეთი არის რა ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, არეულობების ინსპირაცია და მოსალოდნელი სამოქალაქო დაპირისპირება, პროცესების ესკალაციას აქაც გადმოიტანს, არაერთი შიდა თუ საგარეო აქტიორთა ინტერესთა თანხვედრის გამო!!

აშშ ის სახდეპის ბოლო განცხადებაც აქ მოსამართლეთა ნაწილის დასანქცირებაზე, არის სწორედ ამ მოსალოდნელი სცენარის შემადგენელი ნაწილი, და აისახება იმ მოვლენებში რომლებიც ჩვენს ირგვლივ გათამაშდება უკვე უახლოეს პერიოდში.

კიევ-პეჩერის  ლავრაში წმინდა თეოდოსის ხატმა მირონის დენა დაიწყო

კიევ-პეჩერის  ლავრაში წმინდა თეოდოსის ხატმა მირონის დენა დაიწყო.

ფოტო სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ გავრცელდა.  მორწმუნეებმა ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს 9 აპრილს, ბზობის კვირას. ხატი მდებარეობს ლავრაში, მიძინების ტაძარში. ის XI საუკუნეში დაიწერა, ხატი სასწაულებრივად ითვლება.

ღვთისმშობლის მიძინების ხატის – ამ უდიდესი სიწმინდის – ისტორია ლავრის დაარსებას უკავშირდება. გადმოცემით ვიცით, რომ პეჩორის მონასტერი. საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია. ნიშნად მფარველობისა და წყალობისა დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა. აი რას მოგვითხრობს პეჩორის პატერიკი:

ზეციურმა დედოფალმა ისურვა მიძინების ტაძრის აგება პეჩორის მონასტერში და კონსტანტინეპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით  (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა.

მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ჩამოტანისთანავე ხუროთმოძღვრებმა  სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონს და თეოდოსს. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც იხილეს ღვთისმშობელი მრავალი ზეციური მეომრით გარშემორტყმული, როგორ მიაგეს მას თაყვანი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ეღირება, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1461 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5299 ლარი ღირდა, ევრო – 2.7599 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1459 ლარი.

ღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 აპრილს ამოქმედდება.

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მაშველებმა ცხედარი მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

ცნობილია, რომ ცხედარი მდინარემ გამორიყა.

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში იგორ ჯუნდევი, ეუთოში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.