,,საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას დაველოდებით” – ვლადიმერ ბოჟაძე

80
spot_img

„იმდენ ხანს დაველოდებით საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნას, რამდენსაც უკრაინის სახელმწიფო ინებებს და ამის შემდეგ მასთან ერთად განვიხილავთ სკვერისა და ქუჩისათვის დაღუპული ქართველი და უკრაინელი მებრძოლების სახელის მინიჭების საკითხს“, – ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.

საკრებულოს წევრის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ ძალიან კარგად იცის რა აქვს უკრაინისთვის გაკეთებული საქართველოს.

მისივე თქმით, სანქციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შესახებ გასცა ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ, მხარი 123 ქვეყნიდან 38-მა დაუჭირა. კანდიდატის სტატუსის მქონე მოლდოვა არ იყო მხარდამჭერ სახელმწიფოთა შორის, ხოლო სანქციის გაცემა საქართველოს არათუ მხარდაჭერით, არამედ ჩვენი ქვეყნის ინიცირებით მოხდა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არიან საქართველოს მოქალაქე მებრძოლები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძვიან. არცერთი სახელმწიფოს საელჩოს, რომელთა მოხალისეები უკრაინაში იბრძვიან, არ გაუკეთებია იმდენი საკუთარი მოქალაქეების მშობლიურ მიწაზე გადასასვენებლად, რამდენიც გააკეთა საქართველოს საელჩომ. არცერთ სახელმწიფოს სამხედრო პატივით არ დაუკრძალავს უკრაინაში დაღუპული მებრძოლები, ხოლო რომელი მუნიციპალიტეტი დაღუპულების ოჯახებს რით და როგორ დაეხმარა, ამაზე საუბარს აქ არ ვაპირებ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 2014 წლამდე იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის სათავეში და მათ ქუჩებისთვის სრულად არც 9 აპრილს დაღუპულების, არც 2004 -სა და 2008 -ში დაღუპული გმირების და იუნკერების სახელები არ მიუნიჭებიათ.