ევროპელი ლიდერები უფრო და უფრო მეტ თანადგომას უცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სწრაფვას შეერთებული შტატებისგან „სტრატეგიული ავტონომიისკენ“, – გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
შარლ მიშელი საფრანგეთის ლიდერის მიერ 9 აპრილს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა არ უნდა იყოს ყველა საკითხზე აშშ-ის მიმდევარი, რადგან ეს, მისივე თქმით, ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში შეუშლის ხელს.
„შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ევროპული საბჭოს მაგიდის გარშემო შეიძლება იყოს ნიუანსები და სენსიტიური საკითხები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ იტყოდა რაღაცას ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ფიქრობს ისე, როგორც ემანუელ მაკრონი.
ნამდვილად არის დიდი მიჯაჭვულობა – და ემანუელ მაკრონს სხვა არაფერი უთქვამს – შეერთებულ შტატებთან ალიანსის მიმართ. მაგრამ თუ ეს ალიანსი შეერთებულ შტატებთან გულისხმობს, რომ ჩვენ ბრმად, სისტემატურად მივყვებით შეერთებული შტატების პოზიციას ყველა საკითხზე, მაშინ არა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.