რუსეთ-უკრაინის ომის 413-ე დღე
უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამოიყენოს „ვაგნერის“ PKV მებრძოლები ბახმუტის დასაკავებლად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს არმიის დანაკარგები. ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ PMK-ის მებრძოლები შეადგენენ იმ ძალების ძირითად ნაწილს, რომლებიც ცდილობენ დონეცკის ოლქში ბახმუტის აღებას.
ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ძალები, სავარაუდოდ, მხოლოდ ფლანგების შესანარჩუნებლად გამოიყენება და არა რაიმე მნიშვნელოვანი შეტევითი მოქმედებისთვის.
„ამრიგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამოიყენოს „ვაგნერის“ ჯგუფი ბახმუტის დასაკავებლად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები პერსონალის არმიაში“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.
ეს ადასტურებს ISW ექსპერტების წინა შეფასებებს, რომ რუსული არმია ცდილობს გამოიყენოს „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის დასაკავებლად, შემდეგ კი ისინი განდევნონ და გამარჯვებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ აიღოს.
“პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი,”– „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.
„ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და გაჟონვის მასშტაბებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისივე განმარტებით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, თუმცა არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.
„ეს ის არის რასაც გავარკვევთ გამოძიების გაგრძელებით“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის, პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.