Home Blog Page 2266

“არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება” – სააკაშვილი

უკვე არჩევნებამდე უარი უნდა ვთქვათ ილუზიაზე, რომ ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა, ოპოზიციაც ამ ახალ ტალღას მოაჯდება, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ წაიკითხა.

როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, საქართველო არის დაპყრობილი და დაპატიმრებული ქვეყანა.

„დაპყრობის პროცესი დაიწყო 2012 წელს, როდესაც რუსეთმა ხელში ჩაიგდო ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ახლა ჩვენ ამ დაპყრობის პროცესის საბოლოო ეტაპზე ვიმყოფებით. რუსეთს ჰყავს თავისი გენერალ-გუბერნატორი საქართველოში – ივანიშვილი, რომელიც აკეთებს იმას, რაც რუსეთში ისწავლა, გვაყურებინებს წარმოდგენებს, ერთმანეთთან აჩხუბებს პრეზიდენტსა და მთავრობას, ოპოზიციის შიგნით ხელს უწყობს რამდენიმე ბანაკის ჩამოყალიბებას და ხალხს აყურებინებს მათ კინკლაობას, ევროპას და ამერიკას მუდმივად აშანტაჟებს და, შესაბამისად, უქმნის რუსეთთან კონკურენციის განცდას. ვინც რეალურად მისთვის საფრთხეს წარმოადგენს, იმას ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად. ივანიშვილი და რუსები თამაშობენ სიხარბეზე და ამუშავებენ ფულს, ასევე თამაშობენ წვრილმან, დიდ ამბიციებზე და უქმნიან ცალკეულ ოპოზიციურ მოღვაწეებს ფუჭ ილუზიებს, რომ სწორედ ისინი შეძლებენ იმის მიღწევას, რაც სხვას არ გამოსვლია, ოღონდ მთავარია, სხვას გაემიჯნონ და რეგულარულად დაგმონ ის.

რა არის აქ გამოსავალი? პირველ რიგში, ყველას ერთობა, ვისიც შესაძლებელია, ოღონდ ერთობა არ ნიშნავს მრავალგზის დისკრედიტირებული ხალხის მოზიდვას და მარადიული დეპუტატების ხელახლა შრომითი მოწყობის მომზადებას. ივანიშვილის მიერ ელექტრონული არჩევნების ჩატარების არდაშვებას, არამედ მხოლოდ ევროკავშირის ან სანდო ქვეყანათა კოალიციის მიერ. იმ ფაქტის გათავისებას, რომ გარდატეხა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად და არჩევნებში გამარჯვება უნდა გავიფორმოთ.

უკვე არჩევნებამდე უარის თქმა ილუზიაზე, რომ მოხდება რაღაც მოვლენა, მაგალითად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა და ჩვენთვის უცნობი ახალგაზრდობა მორიგ ჯერზე გამოვა და ოპოზიციაც მოაჯდება ამ ახალ ტალღას. ჯერ ერთი, ჩემი აზრით, საქართველოს მისცემენ სტატუსს გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, რაც ქართველების ყოველდღიურობაში არაფერს შეცვლის და მეორეც, მითიურ ახალგაზრდულ პროტესტზე გათვლა არაფერს იძლევა, ამაზე ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და უფროსი თაობებიც უნდა ჩაერთონ მასში, სწორედ მათ ითამაშონ მთავარი როლი და არ გადაულოცონ ეს ფუნქცია მხოლოდ ახალგაზრდულ სტიქიას. მე ვიცი, რომ უფროს თაობებს ბევრად მეტი აქვს დასაკარგი, უმეტესობას ვალები აქვს, სამსახურის დაკარგვის ეშინია, ბევრი გასულია და დანარჩენები გასვლაზე ოცნებობენ, მაგრამ…

ოცნებას აღარ ჰყავს რეალური იდეოლოგიური მხარდამჭერები, რუსეთი და ივანიშვილი არიან ისტორიის არასწორ მხარეს, უკრაინა ყველა შემთხვევაში დასავლეთის დახმარებით დაამარცხებს რუსეთს, რითიც საფუძველს დაუდებს რუსეთის დაშლის პროცესს. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ და სომხეთის ღიად გადახრამ დასავლეთისკენ, დაარღვია რუსეთის მთავარი პარადიგმა სამხრეთი კავკასიაში. რუსეთს აღარ აქვს არცერთი ხალხის მხარდაჭერა კავკასიის სამ ქვეყანას შორის, ამიტომ როგორც არ უნდა დაქსაქსოთ ოპოზიციის მოლაპარაკე თავები, მე უკვე აქ ვარ და ვაპირებ, აქტიურად ჩავერთო ყველა ღირსეული ადამიანის გაერთიანებაში, მათ შორის მასიურად ახალი ხალხის მოყვანაში. მე თვითონაც საკუთარ საკადრო შეცდომებზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. პატიმრობაში კარგად დავინახე, ვინ ვინ არის და ვაპირებ, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ქვეყნის პატიმრობიდან გათავისუფლებას!“ – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

თბილისმა “ღამის სერენადების” დასკვნით კონცერტს უმასპინძლა

“ღამის სერენადებმა” საიუბილეო, მე-15-ე ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისში გამართა. შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამით დატვირთული კონცერტები შესთავაზა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკოსებმა.

ნინა ცაგარელი:

– ძალიან გვიხარია, რომ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და ჩავატარეთ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, მოვაწყეთ ვორქშოპები, მასტერკლასები, გამოფენა…

ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჩვენი პარტნიორი გახდა.

ფესტივალზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევიოლინეებზე, იმიტომ რომ ეს ფესტივალი ქალბატონი ლიანას დაარსებულია. “ღამის სერენადებს” ეწვია ჰეიონ პარკი კორეელი მევიოლინე ლონდონიდან, ვირტუოზი ლაურა მარზადორი, ლა სკალას პირველი ვიოლინო, ჩვენი ვერიკო ჭუმბურიძე, ასევე ვოკალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, ჩვენი პიანისტი თათა ლიჩელი და მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი.

გიორგი ისაკაძე:

– ფესტივალის არსი და მნიშვნელობა არის ის იმპულსი, რომ ადამიანები დავმუხტოთ დადებითი ენერგიით. “ღამის სერენადების” დაარსების დღიდან, ლიანას სურვილი იყო, ამ უდიდესი საგანძურის, კლასიკური მუსიკის პროპაგანდა და განვითარება. კლასიკური მუსიკა ხომ კაცობრიობის სულიერების ერთ-ერთი უმთავრესი ბირთვია.

ბორჯომში ფესტივალის გახსნაზე შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები – იოჰანეს ბრამსის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. ასევე აჟღერდა ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხი ბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.

ბათუმში კორეელმა მევიოლინემ ჰეიონ პარკმა ქართველ პიანისტთან თამარ ლიჩელთან ერთად სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატა არაჩვეულებრივად შეასრულა. ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით კი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი ააჟღერა.

თბილისში დასკვნით კონცერტებზე კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდა ჯოაკინო როსინის, უმბერტო ჯორდანოს, პიეტრო მასკანის შესანიშნავი ნაწარმოებები.

ფესტივალის დასკვნით საღამოზე აჟღერდა მოცარტის მუსიკა. მოცარტის რონდო და სავიოლინო კონცერტები საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტმა და კამერულმა მუსიკოსმა, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველმა ვიოლინომ ლაურა მარზადორივ ააჟღერა. მას თანხლება ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები გაუწია.

მოხარულები ვართ, რომ ეს ტრადიცია გრძელდება და მადლობას ვუხდით უმაღლესი რანგის მონაწილეებსა და უთბილეს დამსწრე საზოგადოებას, ასევე სპონსორებსა და მხარდამჭერებს.

 

ვერიკო ჭუმბურიძე:

– პირველად შევასრულე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ასევე პირველად დავუკარი “ღამის სერენადებზე”. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის მონაწილედ ყოფნა, უდიდესი პატივია. 13 წლის ვიყავი ქალბატონი ლიანა რომ გავიცანი და რომ დამპატიჟა ამ ფესტივალზე ძალიან გამიხარდა. ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩემი ფავორიტი ქართველი მევიოლინეა, უდიდესი პატივს ვცემ.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

ფესტივალის  ორგანიზატორი კომპანიაა „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.

“მჯერა, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში” – კალაძე კანდიდატის სტატუსზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ოპტიმისტი ადამიანია და სჯერა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ქვეყანას კანდიდატის სტატუსს მისცემენ.

„ჩვენმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვიმსახურებდით ამას, თუ შევადარებთ იმ ქვეყნებს, რომელსაც სტატუსი მისცეს, საქართველოსთან მიმართებაში კი, იყო ის გადაწყვეტილება მიღებული, რაც იყო. ჩვენ მოგვცეს გზამკვლევი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა და საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ძალიან ბევრი იმუშავა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი.

დაველოდოთ, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვნახოთ. იცით, რომ თავის დროზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული და ახლაც მათზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტენ. ზოგადად, მე ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ თემასაც და მჯერა, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენ ქვეყანასთან და ხალხთან მიმართებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის” – კახა კალაძე ოპოზიციური პლატფორმის შექმნაზე

„რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“, რადგან ის არ ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს.

„იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, რომ ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოზე, შეინარჩუნეს მშვიდობა, არ გაატაროს სხვა ქვეყნის ინტერესები ისე, რომ ეროვნული ინტერესები დაზიანდეს, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ღონისძიების  საქართველოში გამართვასთან დაკავშირებით.

მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმარი, ტურიზმის სფეროს პროფესიონალი ეწვევა,  რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.

“ვფიქრობ, ყველაზე დადებითი, რაც ფილმმა „იარე ლიზა“ უნდა მოიტანოს არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს”

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ფილმ „იარე ლიზას“ ირგვლივ გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო.

როგორც ის ამბობს, ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.

ამასთან, ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ პოზიციის დაფიქსირებისას, პოლიტიკაზე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავს კვლავაც შეიკავებს.

„დიდი ხანია, რაც პოლიტიკაზე ჩემი მოსაზრებების გამოთქმისაგან თავს ვიკავებ და მომავალშიც არ ვგეგმავ ამ მიმართულებით აქტივობას, თუმცა დღეს თავი ვალდებულად ჩავთვალე, საჯაროდ, მოკლედ გამომეთქვა ჩემი აზრი არა იმდენად ფილმზე „იარე ლიზა“, არამედ იმ პროცესების ხასიათზე, რაც აღნიშნული ფილმის დღის შუქზე გამოსვლამ გამოიწვია. თავს ვალდებულად მივიჩნევ ორი მიზეზის გამო:

პირველი, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხვდა პატივი, ვყოფილიყავი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ანტისაოკუპაციო და შერიგების პოლიტიკა, საზოგადოებისთვის ჩემი პოზიციის თქმა მუდმივ მოვალეობად მიმაჩნია; მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური და პოზიტიური ინიციატივის, ” ნაბიჯი უკეთესი მომავლისათვის” ინიციატორი და ავტორი გახლდით თანაგუნდელებთან ერთად.

მეორე მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამომეხატა პოზიცია, გახლავთ ჩემი მორალური ვალდებულება ფილმის ავტორის მიმართ, საჯაროდაც ვთქვა ის, რაც მას პირადად ვუთხარი, როცა მომეცა საშუალება, მენახა ფილმი კინოთეატრებში გამოსვლამდე, მითუმეტეს, ახლა, როცა რეჟისორის მიმართ ხორციელდება უპრეცედენტო და დაუმსახურებელი შეტევა. სანამ სათქმელს ვიტყოდე, მინდა გამოვხატო ტკივილის თანაზიარობა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ამ ფილმმა იარა და ტრაგედია განუახლა და მათ მიმართაც, ვისთვისაც ფილმის იდეა თუ მხატვრული ფორმა მიუღებელი აღმოჩნდა. არასოდეს მექნება იმის პრეტენზია, რომ ბოლომდე ვგრძნობ, რასაც იმ ჯოჯოხეთში გამოვლილი ადამიანები დღესაც განიცდიან და ალბათ, ეს ემოცია სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. ვფიქრობ, რომ „იარე ლიზა“ არ გადაუღია ავტორს იმისათვის, რომ ის პოლიტიკოსებისთვის სამომავლოდ გზამკვლევი გამხდარიყო, არც ისტორიული ჭეშმარიტების დადგენის ამბიცია გააჩნია მის ავტორს. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფილმმა უნდა მოიტანოს და ვფიქრობ, რისთვისაც ფილმი შეიქმნა, არის ის, რომ საზოგადოებაში დაიწყოს ფიქრი, როგორ ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ის, რომ რუსეთია მომხდარი ბოროტების მთავარი აქტორი, რომელმაც ასევე საუბედუროდ შეძლო აემოქმედებინა საბჭოთა იმპერიის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩადებული ყველა ნაღმი, ფილმს არცერთ მომენტში არ გაუხდია სადავოდ. არც ანტისაოკუპაციო და არაღიარების პოლიტიკას აყენებს ამ ფილმით ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ. ფილმის მთავარი სათქმელი, როგორც ეს მე, ერთმა ადამიანმა დავინახე, არის ის, რომ რუსეთთან თანმიმდევრული, უკომპრომისო საგარეო პოლიტიკის პარალელურად აფხაზებთან და ოსებთან გულახდილი საუბარია საჭირო – საუბარი, რომელიც დაფუძნებული იქნება როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების უდიდესი ტკივილის აღქმაზე და თანაზიარობაზე. უფრო ზოგადად კი, და ეს მარტო ამ ფილმს არ ეხება, არის ეროვნული დონის საკითხები, რომელთა ირგვლივაც თუნდაც კარდინალურად განსხვავებული პოზიციის ადამიანებმა თუ ვერ შევძელით დასხდომა და ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე არგუმენტებით მსჯელობა, რომელმაც შესაძლოა, ყოველთვის ვერც მიგვიყვანოს საერთო პოზიციამდე, მაშინ ჩვენ ვერასოდეს შევდგებით იმ საზოგადოებად, რომელიც საკადრისი იქნება ჩვენი ერის წარსულის და კაცობრიობის ცივილიზებული თანამედროვეობის და რომელიც უნდა გახდეს შემოქმედი ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის.

ვფიქრობ, ნანა ჯანელიძემ გამოიჩინა მოქალაქეობრივი გამბედაობა ასეთი (თუნდაც საკმაოდ პროვოკაციული) ფორმით ეთქვა თავისი, ერთი ადამიანის, რომელსაც უდავოდ სტკივა ეს პრობლემა, სათქმელი და ამისთვის ის ინკვიზიციას ნამდვილად არ იმსახურებს”, – წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში.

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაზე. თანხის განაღდება უკვე შესაძლებელია QR კოდით, რომელიც ციფრულ ბანკში ზედა მარჯვენა კუთხეშია მოთავსებული.

QR კოდით თანხის განაღდებას თავისი უპირატესობები აქვს.  მაგალითად, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია – თქვენი იდენტიფიცირება ხდება სახის ან ანაბეჭდის ვერიფიკაციით თქვენივე ტელეფონში.

უფრო უსაფრთხო – QR განაღდება არის უსაფრთხო, რადგან თქვენ დაცული ხართ მობაილბანკში ბიომეტრიული იდენტიფიკაციით და დამატებით ერთჯერადი კოდით, რომელიც თქვენ მოგდით ბანკში რეგისტრირებულ მობილურის ნომერზე.

2-ჯერ უფრო სწრაფი – QR მეთოდით განაღდებას სჭირდება 2-ჯერ უფრო ნაკლები დრო, ვიდრე ბარათით ბანკომატიდან განაღდებას.

პროცესი უკონტაქტო – თანხის განაღდებისას თქვენ არ ეხებით ბანკომატს. პროცესი სრულად იმართება მობილური ტელეფონიდან.

იმისათვის რომ ისარგებლოთ QR-ით თანხის განაღდებით, საჭიროა:

  • განაახლოთ მობაილბანკის აპლიკაცია ბოლო ვერსიამდე
  • გახსენით მობაილბანკი, აირჩიეთ QR ნიშანი ზედა მარჯვენა კუთხეში
  • დაასკანერეთ QR კოდი ბანკომატის ეკრანზე
  • აირჩიეთ ან შეიყვანეთ თანხა
  • აირჩიეთ ბარათი
  • დაადასტურეთ თანხა SMS კოდით
  • გაანაღდეთ და აიღეთ თანხა

R

“უკრაინაში მიმდინარე ომი მტკიცე მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოებისა და მისი გაუმჯობესებისათვის”- The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მიმდინარე ომი მტკიცე მიზეზს წარმოადგენს ევროკავშირის გაფართოებისა და მისი გაუმჯობესებისათვის“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი მსოფლიო ომის საშინელებებმა საფრანგეთი, დასავლეთი გერმანია და ევროპის რიგი სახელმწიფოები აიძულა გაერთიანებინათ თავიანთი ძალისხმევა და შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, როგორსაც დღეს ევროკავშირი წარმოადგენს. 70 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე მსხვილმასშტაბიანი ომი ისევ დაბრუნდა. უკრაინის ნანგრევების ფონზე ისევ ჩნდება იმის მსგავსი განწყობა, როგორიც ევროკავშირის დამფუძნებელ მამებს ამოძრავებდათ. ამჟამად საქმე ეხება ევროკავშირში ცხრა ახალი წევრის მიღებას, უკრაინის ჩათვლით. მსოფლიოში ყველაზე წარმატებული და მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნების კლუბში ომით დანგრეული ქვეყნის – უკრაინის მიღება, აგრეთვე საქართველოს, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედისმომცემ გზაზე დადგომა იქნება.
თვით ევროკავშირისათვის ჩამოთვლილი ქვეყნების თავის შემადგენლობაში მიღება სხვა არაფერი იქნება, თუ არა დიდი კონტინენტური კავშირის შექმნის პროცესის ისტორიული დასრულება, რომელიც ნაცისტებზე გამარჯვების შემდეგ დაიწყო. კიდევ ერთი თუ ორი პრეტენდენტის გამოკლებით (შესაძლოა დიდი ბრიტანეთი ოდესმე ისევ დაბრუნდეს ევროკავშირში), ევროკავშირის ფორმა მთლიანობაში უკვე განსაზღვრულია, მაგრამ ის წესები, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი, ალბათ, შეიცვლება.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის გაფართოება 27 ქვეყნიდან, ვთქვათ, 36-მდე, იოლი არ იქნება. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, როცა გაფართოების იდეა „თვლემდა“ – ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა, ათი წლის წინ ხორვატეთი იყო – ეს საკითხი ისევ დღის წესრიგში დგას.

ხუთ ოქტომბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები, ერთმანეთს ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდებიან და განიხილავენ იმ საკითხებს, თუ რა რეფორმები იქნება საჭირო ახალი პერსპექტიული წევრებისათვის, შემდეგ კი რთული პროცესი დაიწყება: უნდა შეიცვალონ როგორც პრეტენდენტები, ასევე თვით ევროკავშირიც.

გაფართოების ვადის დასრულება – 2030 წელი ჯერ-ჯერობით საორიენტაციოა, მაგრამ იმავდროულად ოპტიმისტური. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ განზრახვა რეალიზებული იქნას.

ევროკავშირის სამომავლო ფორმის განხილვის დროს ლიდერებს უნდა ახსოვდეთ, რომ გაფართოება ყოველთვის იყო ორგანიზაციის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის ყველაზე საუკეთესო მიმართულება. ისეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა ერთიანი ვალუტის – ევროს შემოღება, ერთიანი ბაზრის შექმნა და ტექნოლოგიური გიგანტების ერთობლივი მართვა, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ მოხდებოდა, თუ ევროკავშირი არ გაფართოვდებოდა. წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნებოდა უკრაინისთვის დახმარების გაწევა, მას რომ ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყანა – პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი – ხმელეთიდან არ ესაზღვრებოდეს. ევროკავშირის შემდგომი გაფართოება ხელს შეუწყობს ევროპის გეოპოლიტიკური წონის ზრდას, რასაც უკვე აღიარებს თვითონ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელიც ევრო ექსპანსიას ოდესღაც სკეპტიკურად უყურებდა.

ევროკავშირმა მეტად აღარ უნდა გააგრძელოს გაჭიანურების პოლიტიკა ცხრა პოტენციური წევრის მიღების მიმართ. ასეთი დამოკიდებულება მათ გაწევრიანების რეალურ იმედებს უმცირებს. ევროპელი მეზობლების „ნაცრისფერ ზონაში“ დატოვება სამოქმედო სივრცეს აძლევს მათ, რომლებსაც ევროპის კონტინენტის დესტაბილიზება სურთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინით დაწყებული. სწორედ მათ მიერ გატარებული არაჯანსაღი პოლიტიკის შედეგად, რა თქმა უნდა, ახალი წევრების მიღება და ინტეგრირება იოლი არ იქნება. არსებობს რამდენიმე მიზეზი: ჯერ ერთი, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის ჯარებს მათი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ ოკუპირებული (როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით იყო 1990 წლამდე); მეორე – ამერიკული ანალიტიკური ცენტრი „ფრიდომ ჰაუსი“, დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველა ცხრავე პრეტენდენტს „ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად“ თვლის (თურქეთი, მართალია, ტექნიკურად ისევ კანდიდატად ითვლება, მაგრამ რეალურად, მათგან განსხვავებით, ევროკავშირისაგან ძალიან შორს დგას).
გაფართოების მისიის დაწყებისას, ევროკავშირმა საკუთარ თავზე მტკიცედ უნდა აიღოს სამი ვალდებულება:
პირველი – ბრიუსელმა გაწევრიანების პრეტენდენტებს იმის პირობა უნდა მისცეს, რომ ისინი წევრები გახდებიან მანამდე, სანამ აუცილებელი რეფორმების გატარებას დაასრულებენ. (სხვათა შორის, მსგავსი დაპირება მიეცათ ბალკანეთის ქვეყნებსაც 2003 წელს, მაგრამ შემდეგ სწრაფად იქნა დავიწყებული). რა თქმა უნდა, კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დემოკრატიის პრინციპების დაცვას ეხება. გაწევრიანების პირობები მკაცრი უნდა იყოს, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ რეფორმების გატარებას, წახალისებულნი უნდა იყვნენ, ბრიუსელმა მათ მეტი დახმარება უნდა გაუწიოს და შეღავათები მისცეს.

მეორე ვალდებულება ისაა, რომ ევროკავშირმა საკუთარი შიდა რეფორმირების გამო გაფართოების პროცესი არ უნდა გააჭიანუროს.

რა თქმა უნდა, შედარებით ღარიბი წევრების გაწევრიანება ევროკავშირის ბიუჯეტის გადანაწილებას გამოიწვევს და ფულს შეუმცირებს მათ, ვინც დღეს სუბსიდიებს იღებს, მაგრამ ისინი ამას უნდა შეეგუონ. ევროკავშირმა ახალ წევრებს კარი არ უნდა დახუროს იმ დროსაც კი, როცა „სახლის შიგნით წესრიგის დამყარება მიდის“.

ბოლო, მესამე იმპერატივი იმაში გამოიხატება რომ ევროკავშირმა დასკვნები უნდა გააკეთოს წინა გაფართოებებიდან. იმ ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც რეფორმებს ატარებენ ევროკავშირის წევრობის მიზნით, როგორც წესი, სწორ გზაზე რჩებიან და თანდათან უფრო თავისუფალნი და დემოკრატიულები ხდებიან. მაგრამ ზოგიერთებმა საქმე ცუდად წაიყვანეს და სწორი გზიდან გადაუხვიეს: უნგრეთმა და პოლონეთმა ევროკავშირის ის საერთო ნორმები უგულებელყვეს, რომელთა შესრულებაზე ხელი მოაწერეს და ბრიუსელს „დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს“. თუ ევროკავშირს არ სურს, რომ ახალბედა წევრები მსგავსი მოქმედების საეჭვო გამოცდილება გაიზიარონ, მან „ცუდი ქცევისათვის“ დასჯის მექანიზმიც უნდა შეიმუშაოს. ამ მხრივ კარგი იქნებოდა „ურჩების“ მიმართ ფინანსური სანქციების განხორციელება.

ბუნებრივია, ახალბედების ევროკავშირში მიღება შეიძლება ზოგიერთებს აშინებს, შეიძლება მათთვის დიდად სასიხარულო და მისასალმებელი არ იყოს, მაგრამ ევროპას ამის პოზიტიური გამოცდილება აქვს: საბერძნეთი, პორტუგალია და ესპანეთი ევროკავშირის წევრები ათი წლის შემდეგ გახდნენ იმ დროიდან, რაც მათ დიქტატორული რეჟიმები მოიშორეს, ახლა კი დემოკრატიული ქვეყნები არიან. იგივე შეიძლება ითქვას ყოფილ სოციალისტურ (კომუნისტურ) ქვეყნებზე და საბჭოთა რესპუბლიკებზეც. 2004-2007 წლების გაფართოების დროს ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელი და რთული ჩანდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვრწმუნდებით, რომ იმდროინდელი ნაბიჯები სასიცოცხლოდ აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

რა თქმა უნდა, ევროკავშირს თუ სურს, რომ მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძალის მქონე ბლოკად დარჩეს, მან უნდა აჩვენოს, რომ მზადაა აქტიური მოქმედებისათვის.

გაფართოების გადადება კონტინენტს დაასუსტებს, რაც ცუდია პერსპექტივისათვის იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის აგრესიას ამერიკული იზოლაციონიზმი მოჰყვება. რაც არ უნდა ცუდი იყოს ომი, მან ევროკავშირს პოზიტიური სტიმული მისცა – გაფართოვდეს და უკეთესი გახდეს. ევროპა უნდა ეცადოს, რომ მშენებლობა, მომავლის სახელით, უფრო უკეთ განახორციელოს.

წყარო:

“პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმპიჩმენტზე ნაკლებად ვისაუბრეთ” – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს არის საქართველო.

სამადაშვილის თქმით, პრეზიდენტთან ისაუბრა იმაზე, რომ ქვეყნისთვის უმთავარესი ამოცანა არის რუსული ხელისუფლების შეცვლა.

„ვისაუბრე იმ გამოწვევებზეც, რომელიც გვაქვს მათ შორის არა მხოლოდ ევროკავშირის დღის წესრიგის თვალსაზრისით, არამედ იმ პასუხით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელოსუფლებამ გასცა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელმაც ფარცხალაძე დაასანქცირა. საფრთხე, რომელიც ქვეყანას ამ პასუხით შეექმნა. ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ ნათელი გავხადოთ, რომ რუსეთის ჯაშუშები გადაიხდიან ფასს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობისთვის. ასევე საუბარი მქონდა, რომ ის ხალხი, ვინც იბრძვის და იბრძოლა ქვეყნის ევროპული დღის წესრიგის დასაცავად, არ უნდა ხდებოდეს „ქართული ოცნების“ რუსული დავალებებისა და შურისძიების სამიზნე. ამ კონტექსტში ჩემი მხრიდან ნახსენები იყო ლაზარე გრიგორიადისის საქმეც. ეს ადამიანი „ქართული ოცნების“ მიერ შურისძიების მიზნით არის დაპატიმრებული. ასევე საუბარი მქონდა იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსის ჩავარდნა დღეს ეს არის რუსეთის დავალება „ქართული ოცნებისთვის“ და რა შეიძლება, გააკეთოს ჩვენმა საზოგადოებამ იმისთვის, რომ ამ დავალების შესრულებაში ხელი შეუშალოს „ქართულ ოცნებას“ შეუშალოს.

იმპიჩმენტზე ნაკლებად ვისაუბრეთ. ყველას ესმის, რომ იმპიჩმენტი „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული მასკარადია, რომელიც მიზნად ისახავს, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. იმპიჩმენტის პროცედურის წარმატებით დასრულება ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახადონ ევროკავშირისთვის, საქართველოს საკითხზე პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღონ. საქართველოს პრეზიდენტის მოტივაცია დღეს არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს შანსი, ჩვენმა ქვეყანამ დაკარგოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“2023 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა 1 831 პირის მიმართ დაიწყო” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 1831 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 114 პირის მიერ, რაც დევნადაწყებულთა 6.2 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 515 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება. აჭარაში 343, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში ოთხი შემთხვევა.

2023 წლის აგვისტოში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:

ქურდობა – 344 შემთხვევა; მუქარა – 232 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 227 შემთხვევა; ძალადობა – 167 შემთხვევა; გაუპატიურება – 13 შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ცხრა შემთხვევა; თაღლითობა – 51 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 153 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 222 შემთხვევა; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 87 შემთხვევა;

ამასთან, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში განზრახ მკვლელობის მუხლით – ხუთი შემთხვევა, ხოლო მკვლელობის მცდელობის მუხლით ექვსი შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ორი შემთხვევაზე დაიწყო.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 591 პირი შეადგინა. საქართველოს მასშტაბით, სისხლის სამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ შეწყდა.

“დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად” – დავით კირკიტაძე

დროა, პრეზიდენტი გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კომპეტენცია, რომ იმოქმედოს.

ამასთან, როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენი პარტიის პოზიცია და დამოკიდებულება პრეზიდენტთან დაკავშირებით იცით, იმპიჩმენტის პროცედურას, პროცესს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტში და საკონსტიტუციოში დაიწყო, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ არასწორად, არასწორ დროს და არასწორი მოტივაციით არის დაწყებული.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგმულ სხვა ნაბიჯებს, მიგვაჩნია, რომ მან უნდა იმოქმედოს, მას აქვს ამის კომპეტენცია და შესაძლებლობა, დროა, გადავიდეს საქმეზე ლაპარაკის ნაცვლად“, – განაცხადა კირკიტაძემ.

“საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 5.8 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.