Home Blog Page 2265

“სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”- შალვა ხაჭაპურიძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნასთან დაკავშირებით სააკაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ორი დღის წინ ვნახე და სააკაშვილს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ჩემი კონტრაქტორი მხარე არის  მიხეილ სააკაშვილი. ამასთან დაკავშირებით მას ჩემთვის ჯერ რაიმე დავალება არ მოუცია. ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი როცა გახდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ. საქმე დამთავრდა საქართველოში, ყველა ასე აცხადებს –  იგზავნება სტრასბურგის სასამართლოში. უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სააკაშვილი. ჯერ მას გადაწყვეტილება არ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არ უცნობებია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

„ტრამპისთვის ბრალის წაყენება ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას“ – ირაკლი მენაღარიშვილი

ამერიკის ისტორიაში პირველად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 4 აპრილს, სისხლის სამართლის მუხლით ბრალი წაუყენეს.

ყოფილ პრეზიდენტს,  ბრალი 34 მუხლით ედება და მას პროკურატურა აშშ-ის  ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს, რაც, მათივე თქმით, მიზნად ისახავდა იმ ინფორმაციის დამალვას, რომელსაც შეეძლო, გავლენა მოეხდინა 2016 წლის არჩევნების შედეგებზე.

კერძოდ, საქმე ეხება ტრამპის ადვოკატის მიერ, პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 130 000 დოლარის გადახდის საქმეს. დენიელსი ამტკიცებს, რომ მას წარსულში ტრამპთან ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ტრამპმა დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დანიშნულება განზრახ დამალა, რითაც არჩევნებზე ზემოქმედება მოახდინა.

ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზში მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები მოისმინა და ბრალდების 34-ვე პუნქტზე თავი უდანაშაულოდ ცნო.

ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურს, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, აშშ ჯოჯოხეთში ეშვება და ახლა ქვეყნის გადარჩენის დროა.

„ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. მე არასდროს მეგონა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ამერიკაში. ერთადერთი დანაშაული, რომელიც ჩავიდინე, ჩემი ქვეყნის უშიშრად დაცვაა მათგან, ვისაც მისი განადგურება სურთ. სულ დასაწყისიდან დემოკრატები უთვალთვალებდნენ ჩემს კამპანიას! ხომ გახსოვთ?! ისინი დამესხნენ თავს თაღლითური გამოძიებებით. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი, უკრაინა, უკრაინა – იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ერთი. იმპიჩმენტისთვის გამოგონილი ჭორი ნომერი ორი – უკანონო და არაკონსტიტუციური ჩხრეკა ჩემს რეზიდენციაში ფლორიდაში,“ – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა. მან კომენტარი არ გააკეთა და ჟურნალისტების კითხვები უგულებელყო.

ტრამპმა სასამართლო დარბაზში დაახლოებით 57 წუთი გაატარა.  სასამართლოს შემდეგ, ტრამპის თვითმფრინავი ნიუ-იორკის LaGuardia-ს აეროპორტიდან აფრინდა და ის ფლორიდაში გაემგზავრა.

დონალდ ტრამპის სისხლის სამართლის ბრალის წაყენების ფაქტი, „ჯორჯიან თაიმსთან“ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა,  ირაკლი მენაღარიშვილმა შეაფასა. მისი განმარტებით, ამ ფაქტით დადასტურდა, რომ აშშ-ში კანონზე ზევით არავინ დგას, მათ შორის – არც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.

„თავისთავად, ეს ძალიან არასასიამოვნო, თუმცა, საყურადღებო ფაქტია. ამით ამერიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონზე ზევით არავინ დგას, – მათ შორის, არც ყოფილი და არც  მოქმედი პრეზიდენტი. ამ ფაქტიდან  მსოფლიომ მაგალითი უნდა აიღოს და გაითავისოს. 

ტრამპის საქმით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამერიკის კანონი კანონობს, ის უზენაესია და ის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის საქციელიც კი დასჯადია.  ზოგადად, ამერიკის ძლიერების საფუძველიც ეს არის  – ის ერთ-ერთი ყველაზე სამართლებრივი სახელმწიფოა მსოფლიოში“, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

აშშ-ის სამართლებრივი სისტემიდან გამომდინარე, მენაღარიშვილს სასამართლო პროცესის შედეგების პროგნოზირება  უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.

„ამერიკის სამართლებრივი სისტემა ძალიან რთულია. ამიტომ, წინასწარ არ შემიძლია გითხრათ, თუ რა განაჩენს გამოუტანს ტრამპს სასამართლო. თუმცა, ფაქტი სახეზეა და დარწმუნებული ვარ, 4 დეკემბრის  სასამართლოც, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მენაღარიშვილმა.

ტრამპისთვის ბრალის წაყენების ფაქტს, ჩვენი ქვეყნის რეალობას ადარებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„1. ის, რომ 17 წლის წინ ქალი სიჩუმის საფასურად ადვოკატებისგან 130 ათასს იღებს და შემდეგ პირს აღებს, მორალზე ლაპარაკი ზედმეტია. ალბათ ფინანსური პასუხისმგებლობა დაეკისრება ტრამპის სასარგებლოდ?! ისმის კითხვა, რა მოტივით გააღო პირი, თუ ამ 130 ათასის დაბრუნება მოუწევს?

2. დღეს 5 აპრილია, პროცესის შემდეგი სხდომა კი წლის ბოლოსთვის, ანუ დეკემბრისთვის გადაიდო. რატომ ასე შორს? ანუ, კიდევ 8 თვის მანძილზე ეს საკითხი ტრამპის თავზე იქნება ჩამოკიდებული. 

3. ახლა შევადაროთ აქაურ ფინანსურ დანაშაულებს, რომლებიც პოლიტიკოსებმა ჩაიდინეს.

ტრამპის შემთხვევაში საუბარია მილიარდერის პირად თანხებზე, რომელიც ფინანსურად არასწორად გააფორმა. იგივე ხასიათის სხვა ბრალდებებიცაა.

სააკაშვილთან შემთხვევაში, გარდა სხვა ოთხი მძიმე ბრალდებისა/მსჯავრისა, ედავებიან ბიუჯეტის 9 მილიონის ფლანგვას, მაგალითად მასაჟისტისთვის გადახდა, შიშველი სხეულით შექმნილი ნახატის შეძენა, ბრასლეტების და მობილურების შეძენა მისი ახლობლებისთვის, არა სახელმწიფო ან სამუშაო ვიზიტების, არამედ პირადი ვოიაჟების დაფინანსება, შვილის სწავლის საფასურის გადახდა და სხვა. ამ ყველაფერს პიჯაკების საქმე დაარქვეს.

ასევე პოლიტიკურად უნდათ გაასაღონ ბიუჯეტის 48+3 მილიონის ფლანგვა და მითვისება, ბანკის 17 მილიონის საეჭვო სქემებით დატრიალება, ტელევიზიის 6,7 მილიონის მითვისება, ჯარის წვრთნების 5 მილიონი ევროს გაქრობა და სხვა“, – წერს სალუქვაძე.

 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა – ჯონ ბოლტონმა კი,  აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.

 

„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს – „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“. მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე – ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? – პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი (ტრამპის საქმის პროკურორი)“, – განაცხადა ბოლტონმა.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის  მორიგი სასამართლო სხდომა უკვე ჩანიშნულია და 4 დეკემბერს გაირკვევა, რა განაჩენს გამოუტანს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს სასამართლო.

/თამუნა დუღაშვილი/

ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა.

მოსამართლემ ბადრი ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარე ბრალდებულის მიერ ფაქტის გულწრფელი აღიარებიდან გამომდინარე სასჯელის მინიმუმის გამოტანას მოითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

„გულწრფელობა არ ნიშნავს, აღიარო ფაქტი, რომ იარაღი მას ჰქონდა. აქ საუბარია იარაღის წარმომავლობაზე. მოგეხსენებათ, რომ იარაღი არის უკანონოდ შეძენილი. გამოძიება მიმდინარეობს ამ იარაღის გასაღების ფაქტთან დაკავშირებით. ამ კუთხით ბრალდებული დუმს, არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ასევე განმარტება არ გაუკეთებია არც სასამართლო სხდომის დარბაზში არც პირადად და არც ადვოკატებს, შესაბამისად, ფაქტის აღიარება არ კმარა“,- განაცხადა პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას მიმდინარე წლის 9 თებერვალს პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის მუხლით წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5420 ლარი ეღირება, ევრო – 2.7817 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1686 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5461 ლარი ღირდა, ევრო – 2.7801 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1829 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 აპრილს ამოქმედდება.

“დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ” – “უფლებები საქართველო”

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ადგილი ადვოკატებს განადგურებული დახვდათ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მიმართეს.

“უფლებები საქართველო“ მოითხოვს დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობას:

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 2023 წლის 04 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში). 

მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები. დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას.  

საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა. 

დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.

2023 წლის 05 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც  შესაძლოა კიდევ უფრო მეტად  დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.

„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს,”– ნათვამია განცხადებაში.

ქმნიან თუ არა ნინო ლომჯარია, ეკა გიგაური და თამარ ჩუგოშვილი პოლიტიკურ პარტიას

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძალიან მალე თამარ ჩუგოშვილმა, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური პარტია შექმნან, რომელიც 2024 წლის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ წყარო უყვება, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის დასავლეთისთვის მთავარი დასაყრდენი ძალა გახდება. წყაროს ინფორმაციით, 7-9 მარტის მოვლენების შემდეგ, დასავლეთში ფიქრობენ, რომ რუსთაველზე გამოსულ ახალგაზრდების ამ უკონტროლო ძალას, რომელიც სერიოზული ანგარიშგასაწევია, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები სჭირდება და ამ ლიდერებად სწორედ ეს სამეული შესაძლოა მოიაზრებოდეს.

აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „ჯორჯიან თაიმსი“ თამარ ჩუგოშვილსა და ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა. რესპონდენტებმა გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს.

“ამ ქალებთან ერთად ნებისმიერ საქმეში სიამოვნებით ვიქნებოდი, თუმცა ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, თუ ოდესმე პოლიტიკური საქმიანობა გადავწყვიტე, ამას საზოგადოება პირველი ჩემგან გაიგებს,”– განაცხადა ჩვენთან საუბარში ნინო ლომჯარიამ.

ასევე, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყოფილი სახალხო დამცველი „ლელოს“ შეუერთდებოდა, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად ლომჯარიამ არ დაადასტურა.

პარტიის შექმნის შესახებ, გავრცელებული ინფორმაცია „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა. მისი თქმით, ასეთი პარტიის შექმნა ურიგო არ იქნებოდა.

„ყველას აქვს უფლება პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნას, თუ აქვს სურვილი, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსი.  როგორც ჩანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაფიქრდნენ იმაზე, რომ პროდასავლური ფრთა სუსტია საქართველოში. სერიოზული ტვირთები აქვთ, რომელთა დაძლევის უნარი და საშუალება არ გააჩნიათ და ცდილობენ, რომ ამ მიმართულებით ხელი შეუწყონ და წაახალისონ  ორგანიზაციების შექმნა. 

აქ ისმის მარტივი კითხვა. ნინო ლომჯარია,  ეკა გიგაური და თამარ ჩუგოშვილი საკმაოდ გამოცდილი პიროვნებები არიან, აქვთ გარკვეული გამოცდილება და შეუძლიათ ჩაერთონ პოლიტიკაში, მაგრამ რატომ არ უერთდებიან ისინი ამ მიმართულების მედროშეებს, თუნდაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს? მათი მიზნები და ამ პარტიების მიზნები არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან და რატომ არ უერთდებიან? ხომ შეუძლიათ შეუერთდნენ და ერთად იბრძოლონ, მათ მიერ დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს და საკმაო მხარდაჭერის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიერონ კიდევ. კი ითვლება, რომ ისინი ვერაფერს შემატებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ელექტორალური მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერი აქვთ და მეტი მხარდამჭერის გადაბირების უნარი კი აღარ გააჩნიათ. ისინი უარს ამბობენ, რომ ის 9 წლიანი მმართველობა, რომელსაც ხელისუფლება ედავება, შეაფასონ ადეკვატურად, დაგმონ და გაემიჯნონ იმას, რაც იყო წარსულში. 

ამიტომ შეიძლება შეიქმნას ახალი პარტია. თუმცა, მინდა ვუთხრა ჩვენს მოკეთეებს დასავლეთში, რომ ეს არაფერს არ შეცვლის, 2024-ის არჩევნებზე არ გაამრავლებს ელექტორალურ მხარდაჭერას და შანსებს ოპოზიციის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ეს სამი პიროვნება მკაფიო ხედვის ადამიანია. მათ გარკვეული გამოცდილება და რესურსიც გააჩნიათ, რომ საკუთარი სიტყვა თქვან პოლიტიკურ არენაზე,“– აცხადებს პოლიტოლოგი.

როგორც ვაჟა ბერიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიის ფონზე, ახალ პარტიას შესაძლოა 1%-ზე მეტი მხარდაჭერა არ ჰქონდეს.

„თუ სხვა ოპოზიციური პარტიები ჩაეხსნებიან პოლიტიკურ პროცესს, შეიძლება მეტი ელექტორატი გადმოიბირონ. გააჩნია რას შესთავაზებენ საზოგადოებას, ისეთს, რომ ყურადღება მიიქციონ და 1% მხარდაჭერას ასცდნენ. მე ასეთ რესურს ამ ადამიანების რენომეში ვერ ვხედავ,“ – აცხადებას ვაჟა ბერიძე.

/ ნინო ოთარაშვილი /

“ნუცას მეწყვილე -კონკურენტის მცდელობა იყო, აბსოლუტურად, იაფფასიანი ფიასკო… ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა” – ზაზა შენგელია

“ბრა­ვო რე­კორდსის” პრე­ზი­დენ­ტი ზაზა შენ­გე­ლია ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გუ­შინ­დელ გა­მოს­ვლას ამე­რი­კუ­ლი მე­გაპ­რო­ექტ “American Idol”-ში ეხ­მა­უ­რე­ბა. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მე­წყვი­ლე ქალ­მა კა­რი­ნა დე ან­ჯე­ლომ სპე­კუ­ლა­ცი­ას მი­მარ­თა, მიხ­ვდა რა, რომ ნუცა მას ყვე­ლა სა­კონ­კურ­სე პა­რა­მეტ­რით აღე­მა­ტე­ბო­და.

📌“ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა “ჰო­ლი­ვუდს ცრემ­ლე­ბის არ სჯე­რა”…

რო­გორც სხვა ამე­რი­კულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში, ასე­ვე “American Idol”-ში ხში­რად მი­ნა­ხავს, როცა მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ სთო­რის (ამ­ბა­ვის) შექ­მნას თა­ვის გარ­შე­მო, იმ მიზ­ნით, რომ მი­ი­პყრონ ჟი­უ­რის და მა­ყუ­რებ­ლე­ბის მხრი­დან თა­ნაგ­რძნო­ბა (ხან­და­ხან ეს თა­ვის შე­ცო­დე­ბის გზით ხდე­ბა) და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მხარ­და­ჭე­რაც.

📌სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ სა­ღა­მოს ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია ABC-ის ეთერ­ში, ნუ­ცას მე­წყვი­ლე – კონ­კუ­რენ­ტის, კა­რი­ნა დი­ან­ჯე­ლოს ანა­ლო­გი­უ­რი მცდე­ლო­ბა იყო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად,
📌ია­ფ­ფა­სი­ა­ნი და თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი ფი­ას­კო. ის გრძნობ­და, რომ ვო­კა­ლით და ბევ­რი სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, ნუცა მას აშ­კა­რად და ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და და ამის გამო სპე­კუ­ლა­ცია გა­და­წყვი­ტა, რის გა­მოც და­ტო­ვა კონ­კურ­სი.

📌დღეს დი­ლით, “American Idol”-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ვე­ცა­ნი ამე­რი­კე­ლი მა­ყუ­რებ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რებს მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ბედ­ნი­ე­როდ (ნამ­დვი­ლად გა­მიკ­ვირ­დე­ბო­და სხვაგ­ვა­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო), უმე­ტე­სო­ბა ნუ­ცას უცხა­დებს მხარ­და­ჭე­რას, რო­მელ­მაც მაქ­სი­მა­ლუ­რი თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და უაღ­რე­სად ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა კონ­კურ­სის ამ ეპი­ზოდ­ში, უკვე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ ნუ­ცამ თა­ვი­სი გა­მოს­ვლით აშ­კა­რად და­ჯაბ­ნა მე­წყვი­ლე-კონ­კუ­რენ­ტი”, – წერს ზაზა შენ­გე­ლია “ფე­ის­ბუქ­ში”

“რჩეული” 29 ოქტომბერი, 2022 წელი

როგორია ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ – რას წერს გაზეთი The Hindu

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ The Hindu-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ინდოეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ“ (ავტორი – სტენლი ჯონსი), რომელშიც განხილულია, თუ რატომ გამოხატავს ნიუ-დელი მოსკოვისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას და რატომ არ უჭერს მხარს დასავლეთის მიერ შემოღებულ ანტირუსულ სანქციებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გაეროს რეზოლუციის კენჭისყრის დროს, რომელიც, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე იქნა მიღებული და რომელშიც კრემლის აგრესიაა დაგმობილი, ინდოეთმა თავი შეიკავა, რაც სრულებით შეესაბამება ნიუ-დელის მიერ არჩეულ პოზიციას უკრაინის კრიზისის დაწყებიდან. ინდოეთმა უარი თქვა რუსეთის მოქმედების დაგმობაზე, არ შეუერთდა დასავლურ ანტირუსულ სანქციებს და რეგულარულად თავს იკავებს გაეროში იმ დოკუმენტებისადმი ხმის მიცემისაგან, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს ეხება. სამაგიეროდ, ინდოეთი რუსეთისაგან ნავთობს იაფად ყიდულობს.

რა თქმა უნდა, ნიუ-დელის პოზიციამ დასავლეთში მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. კონფლიქტამდე ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი თვლიდა, რომ ინდოეთი აუცილებლად დასავლეთის მხარეზე დადგებოდა, ამიტომაც ძალიან გაუკვირდათ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდ დემოკრატიას რუსეთის აგრესია არ დაუგმია. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ნიუ-დელი, რუსული ნავთობის შესყიდვით, რუსეთის სამხედრო მანქანას აფინანსებს. რატომ არ მიჰყვება ინდოეთი თავისი დასავლელი პარტნიორების კურსს? ამაში გასარკვევად საჭიროა გავარკვიოთ, თუ როგორ უყურებს ნიუ-დელი რუსეთ-უკრაინის ომს.

დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი საიმონ ტისდალი წერდა გაზეთ გარდიანში, ჯო ბაიდენისათვის რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეზე დადგომა „დემოკრატიისათვის ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ნიშნავს. მან რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას „დემოკრატიის საუკუნო გამოცდა“ უწოდა. ნატოსათვის კი ავტორიტარული რუსეთის მიერ დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი მთლიანობაში კრემლის მიერ „მსოფლიო დემოკრატიის გამოწვევას“ წარმოადგენს. ამ კონცეფციის მიხედვით, თუ რუსეთი საბოლოოდ არ დამარცხდება, ამით „მსოფლიო წესრიგი დასრულდება“. ამიტომაც, მსოფლიო წესრიგისა და გლობალური დემოკრატიის გადასარჩენად, ყველა დემოკრატიულმა და კანონმორჩილმა სახელმწიფოებმა ანტირუსული პოზიცია უნდა დაიკავონ და დასავლურ კოალიციას უნდა შეუერთდნენ.

ესე იგი, გამოდის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დემოკრატიისა და ავტოკრატიის ერთმანეთთან ბრძოლას წარმოადგენს? გაეროს წევრ-სახელმწიფოთა უმრავლესობამ ზემოთ ხსენებულ რეზოლუციას – ანუ ომის შეწყვეტას – მხარი დაუჭირა, მაგრამ კენჭისყრის შედეგებს თუ დაკვირვებით გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაინცდამაინც დიდი წარმატებით ვერ შეძლო იმ დემოკრატიული ქვეყნების მობილიზება, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციული სისტემის ფარგლებს მიღმა დგანან. ინდოეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – აზიისა და აფრიკის უდიდესი დემოკრატიული სახელმწიფოები – სისტემატურად თავს იკავებენ მსგავსი რეზოლუციებისადმი ხმის მიცემისაგან და უარს ამბობენ სანქციებისადმი მხარდაჭერაზე – იმიტომ, რომ ის სანქციები განსაზღვრულმა ქვეყნებმა და ბლოკებმა ცალმხრივად დააწესეს გაეროს თანხმობის გარეშე. ბრაზილია, რომელიც სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყანას წარმოადგენს, არ მიუერთდა დასავლურ სანქციებს – ისევე როგორც შედარებით უფრო პატარა დემოკრატიული ქვეყნები (და სხვა პოლიტიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებიც) მთელ მსოფლიოში. თვით ის ქვეყნებიც კი, რომლებიც დასავლური ალიანსების ტრადიციულ სისტემას მიეკუთვნებიან – მაგალითად, თურქეთი და ისრაელი – მაინცდამაინც დიდ სურვილს არ ამჟღავნებენ ჯო ბაიდენის „ჯვაროსნულ ლაშქრობაში“ მონაწილეობის თვალსაზრისით. ბევრი ასეთი ქვეყანა რუსეთ-უკრაინის ომს სუფთა ევროპულ პრობლემად თვლის, რომელიც ორ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას შორის საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია. ამ შემთხვევაში მათთვის ანუ თურქეთისა და ისრაელის მსგავსი ქვეყნებისათვის, საკითხი ეხება არა იმდენად გლობალურ დემოკრატიას, რამდენადაც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ცივი ომის შემდეგ. ამიტომაც ისინი „თავს არ იწუხებენ“.

პრიორიტეტი მორალურ პრინციპებს თუ ეროვნულ ინტერესებს?

ბევრი იტყვის: რუსეთ-უკრაინის ომი რომ თუნდაც დემოკრატიისა და ავტოკრატიის დაპირისპირება არ იყოს, ამ შემთხვევაში საქმე ეხება მორალური პრინციპების დაცვის საკითხსაც. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს იმასთან მიმართებით, რომ რუსეთმა ნამდვილად დაარღვია უკრაინის დამოუკიდებლობა, ყირიმის მიერთება საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების დარღვევით მოხდა. და თუ ეს ასეა, მაშ როგორ შეუძლიათ ინდოეთს და მსგავსი პოზიციის მქონე ქვეყნებს ამ ფაქტების უგულებელყოფა და რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება? ნიუ-დელის ხომ თვითონაც არაერთხელ განუცხადებია გაეროში, რომ საჭიროა პატივი ვცეთ ყველა სუვერენიტეტს და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ როცა ქვეყნები მორალური და ეროვნული პრინციპების გზაგასაყარზე დგანან, მათთვის მთავარი დილემა წამოიჭრება ხოლმე, თუ რომელი გზით იარონ.

ვაშინგტონისათვის და ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის უკრაინის ომი ერთმანეთში ავსებს როგორც ზნეობრივ პოზიციებს, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიზნებს. როგორც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თქვა, ამერიკის მიზანია რუსეთის დასუსტება, ხოლო ევროპას სურს, რომ ომი რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს, რომ მისთვის ომი მწარე გაკვეთილი იყოს და მომავალში მსგავს მოქმედებაზე თავი შეიკავოს. გამოდის, რომ დასავლეთის მორალური პრინციპები მის საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემთხვევა. და მაინც, ისტორია გვიჩვენებს, რომ დასავლეთი ყოველთვის არ არის ერთგული ამ პოზიციისადმი – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ფასეულობებისა და ინტერესების შეჯახებას.

აბა, გავიხსენოთ და შევადაროთ: იგივე თურქეთი, ნატოს წევრი, რომელმაც უკანონოდ დაიპყრო სირიის ტერიტორია, ვინმემ დასავლეთიდან დაგმო ანკარის მოქმედება?

სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა წარმოიქმნა ერთგვარი კოლიზია ეროვნულ და მორალურ პრინციპებს შორის, დასავლეთმა უყოყმანოდ აირჩია პირველი. მაშინ რატომ არ უნდა გააკეთონ იგივე განვითარებადმა ქვეყნებმა – ისეთებმა, როგორიც ინდოეთია – და რატომ არ უნდა დააყენონ ეროვნული ინტერესები ყველაზე მაღლა თავიანთ პოლიტიკაში? რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ მიექცეს მორალურ საკითხს. 2003 წელს, როცა ინდოეთზე აშშ-მა, ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს, მნიშვნელოვანი ზეწოლა განახორციელა „სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის მიზნით ამერიკელების მიერ ოკუპირებულ ერაყში. იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ათალ ბიხარი ვაჯპაიმ თეთრ სახლს კატეგორიული უარი განუცხადა. ზუსტად ასევე ინდოეთმა არავითარ შემთხვევაში არ გაუწიოს რუსეთს სამხედრო დახმარება უკრაინასთან ომში.

რა სურს ნიუ-დელის?

რაში გამოიხატება ამ შემთხვევაში ინდოეთის ეროვნული ინტერესები? რუსეთთან როგორც ისტორიულ პარტნიორთან კავშირები ინდოეთისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით: პირველ რიგში – ენერგეტიკის გამო, რუსული იაფფასიანი ნავთობი ინდოეთის ეკონომიკისათვის (მეხუთესათვის მთელ მსოფლიოში!) დიდი შეღავათია, რომელიც თავისი მოთხოვნილების 80%-ს იმპორტით იკმაყოფილებს. მაგრამ ენერგეტიკული კავშირები ძირითადად კონიუნქტურულ ხასიათს ატარებს – რუსეთიდან იმპორტი რომ დაირღვეს, ინდოეთი რუსული ნავთობის ალტერნატივას მოძებნას შეძლებს, თუნდაც უფრო ძვირი რომ დაუჯდეს. შესაბამისად, მეორე, შედარებით უფრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს რუსული წარმოების იარაღის შესყიდვა: ბოლო წლებში რუსეთი ამ სფეროში ექსკლუზიურად აკმაყოფილებს ნიუ-დელის მოთხოვნების 46%-ს. ახლა ამბობენ, რომ ინდოეთმა შეიარაღების იმპორტის დივერსიფიცირება უნდა მოახდინოსო, მაგრამ ამ ეტაპზე იმპორტიორთა ჩანაცვლება-გაფართოება სწრაფად ვერ მოხერხდება, დივერსიფიცირების განხორციელება დიდ დროს მოითხოვს. მესამე ფაქტორი – იმ დროს, როცა რუსეთი კავშირებს აფართოებს ჩინეთთან – ნიუ-დელის მთავარ კონკურენტთან, ნუთუ ინდოეთმა არ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს – უნდა შეინარჩუნოს თუ არა მოსკოვზე გავლენის ბერკეტები უკვე არსებული კავშირების მეშვეობით თუ მთლიანად დაკარგოს ისინი დასავლური კოალიციისადმი მხარდაჭერით, მორალური ვალდებულების მიხედვით?

გარდა ამისა, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზებისა და კონტინენტური უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტის დროს ინდოეთმა ევრაზიულ სახელმწიფოებთან უნდა იმუშაოს, სადაც აშშ პრაქტიკულად ჩანს, განსაკუთრებით ავღანეთიდან კატასტროფული გაქცევის შემდეგ. რუსეთი კი ინდოეთის კონტინენტურ საგარეო პოლიტიკაში საკვანძო როლს ასრულებს.

და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომის როგორი დასასრულია უპირატესად ინდოეთისათვის? ნიუ-დელის ინტერესებში არც რუსეთის დასუსტება და არც უკრაინის დეზინტეგრირება არ შედის. ინდოეთს სურს ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და დიდ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სფეროში ახალი ბალანსის შექმნა, რათა მოხდეს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზება და ყურადღება დაეთმოს სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებასაც – დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან, დამთავრებული გაეროს რეფორმირებით.

ამიტომაც, თუ ინდოეთს მშვიდობა და ომის შეწყვეტა სურს, როგორც ჯავაჰარლალ ნერუმ განაცხადა 1957 წელს საბჭოთა ჯარების უნგრეთში შეჭრის შემდეგ, „არ არის ამისთვის აუცილებელი ვინმესთვის რაღაცის წამოძახება და რომელიმე სახელმწიფოს მოქმედების მკაცრი დაგმობა“. ამის ნაცვლად ინდოეთმა პრაგმატული ნეიტრალიტეტი უნდა დაიცვას, რომელიც რეალიზმს ეფუძნება და გააგრძელოს ძალისხმევა უკრაინის კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტისათვის.