Home Blog Page 2264

“ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის კავშირი არ არის”

არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის, არ არის. ეს რომ ასე იყოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რადგან ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა რამე და სტრატეგიული პარტნიორობა არის სრულიად სხვა რამე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ისე, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას.

„რაც შეეხება ფრენებს. საუბარი ჰქონდა ჩვენს კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის არაერთი ქვეყანა სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა ფრენები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის არის ისრაელი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არის პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატოს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები. ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი – აქაც არის პირდაპირი ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით გურჯაანის ტექნოპარკმა ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

თიბისის მხარდაჭერით და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებით გურჯაანის ტექნოპარკმა, მდგრადი განვითარების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ინოვაციების ბანაკის მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ  საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში იმუშავეს. მონაწილე გუნდებს დაევალათ ინოვაციური პროექტის მომზადება, რომელის გრძელვადიანი მიზანი მსოფლიოს შეცვლა ან/და არსებული პრობლემის გადაჭრა იყო.

ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

ინოვაციების ბანაკი განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნთან, გურჯაანის ტექნოპარკთან  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

(R)

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები” – პეტერ სტანო

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესდა.

ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ცდილობს გახდეს გაერთიანების წევრობის კანდიდატი, დაიცვას მოქმედი ევროპული სანქციები, როგორც ამას ევროკავშირის სხვა პარტნიორები აკეთებენ. და ხაზს ვუსვამთ, სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ დიდი ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით, საავიაციო სექტორში”, – თქვა მან.

სტანომ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველომ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში რუსული თვითმფრინავების ჩასვლა.

„ბოლოს და ბოლოს, სანქციების გამო, რუსული საავიაციო ფლოტის 95% ვერ მოდერნიზდება ან მისი შეკეთებაა რთული, რაც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს“, – დასძინა სტანომ.

მოსკოვის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს გამოიყენონ თუ არა ახალი რეჟიმი, და ევროკავშირი ამ საკითხზე განცხადებებს არ გააკეთებს.

მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

იტალიის ქალაქ მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

პორტა რომანას რაიონში აფეთქების შემდეგ, ქუჩაში მდგარ რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ აფეთქება გაზის ავზებით დატვირთულ სატვირთო ავტომობილზე მოხდა.

“სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ”- ირაკლი კობახიძე

სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემხთვევაში, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციას ჩვენ სანქციებს არ დავუწესებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველოს მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება.

„რაც შეეხება სანქცირებულ ბორტებს, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ჩვენ გაცხადებული გვაქვს პოზიცია, სანქცირებული ბორტები საქართველოში ვერ იფრენენ, სხვა შემხთვევაში, ბუნებრივია, ჩვენ რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ. არსებობს სანქცირებული და არასანქცირებული ბორტები, მათ შორის სხვა ქვეყნებში დაფრინავენ არასანქცირებული ბორტები. იგივე ისრაელიც რომ ავიღოთ, ისრაელი ანგარიშს უწევს იმ ზომებს, რომლებიც მიღებულია დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად, ისრაელშიც დაფრინავს არასანქცირებული ბორტები. ჩვენც ამ მიდგომით ვიმოქმედებთ. სანქციების გვერდის ავლა და ასეთი ქმედებები ჩვენი მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ იქნება განხორციელებული. არაერთი სპეკულაცია, ტყუილი გავრცელდა ამაზეც, სხვა თემებთან დაკავშირებით, გვაბრალებდნენ, თითქოს საქართველო გამოიყენებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც დადასტურდა, რომ ტყუილი იყო, ეს დაადასტურა ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა. აქაც არ მოხდება სანქციების გვერდის ავლა, არ იფრენენ სანქცირებული ბორტები, ჩვენ პატივს ვცემთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიღებული, მაგრამ რაც შეეხება არასანქცირებულ ბორტებს, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ დავუწესებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს მიმართავს, ივანიშვილსა და კობახიძეს სანქციები დაუწესოს

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელს ალექსი დანილოვს მიმართავს, რომ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესდეთ.

“ვინ არიან ისინი და რატომ არის საჭირო სანქციები?

 

ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი პრორუსი ოლიგარქი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, მაგრამ დღემდე ითვლება “საქართველოს არაფორმალურ მმართველად“. ამავდროულად, მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან, აქტიურად ეწევა რუსეთის წინააღმდეგ

სანქციების გვერდის ავლის საკითხს. 2012 წელს მან დააარსა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც დღეს მმართველი პარტიაა და რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

კობახიძე თანმიმდევრულად ავრცელებს რუსულ ნარატივებს, მაგალითად, უკრაინის ომს უწოდებს „მაიდანის შედეგს“, დადებითად საუბრობს საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

2022 წელს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია და პირდაპირ ეწინააღმდეგება უკრაინისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სულისკვეთებას.

სანამ ქართველები უკრაინის მხარეს იბრძვიან, საქართველოს პრორუსული ხელისუფლება რუსეთთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის და მათ ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში ეხმარება.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ადამიანების მიმართ სანქციების დაწესება”, – წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაღუპული უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.

 

2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი” – ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით ევროპის სოციალისტურ პარტიას დაუყოვნებლივ გაეგზავნება წერილობითი განცხადება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაცის გზაზე სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. აღნიშნულ კონფერენციაში ჩვენი პარტიის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე მონაწილეობა და პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა იყო ტრადიციული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მიმართ ჩვენი ერთგულებისა და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულება. ღრმად გვწამს, რომ ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოს წინსვლასა და წარმატებას მყარი ღირებულებითი საყრდენი ჭირდება. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ ღირებულებით კრიზისზე, რომელიც თანამედროვე სამყაროშია შექმნილი და რომელსაც ფსევდოლიბერალები მიზანმიმართულად აღრმავებენ.

როგორც ცნობილია, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში ჩვენი მონაწილეობა კრიტიკულად შეაფასეს იმ ევროპული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა, რომლის დამკვირვებელი წევრიც არის „ქართული ოცნება“. მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ჩვენი პარტია „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრია 2015 წლიდან. სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა „ევროპის სოციალისტური პარტიიდან“ მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლუციებს, რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას განთავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება. დღეიდან, „ქართული ოცნება“ თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან იმ საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შიომღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტერის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით განხორციელდა.

რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში, განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.

პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.

“გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ პირველ მაისს მოგვმართა”- TAV Georgia

კომპანია TAV Georgia  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე, განცხადებით ეხმაურება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გიორგი ფხაკაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და არა მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ფრენების გახსნის შესახებ გაკეთდა განცხადება.

„თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ეხმაურება  კომპანიის ყოფილი თანამშრომლის, გიორგი ფხალაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სამსახურიდან მისი წასვლის მიზეზების თაობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ მისი სტატუსი შეიცავს არაერთ უზუსტობას, იძულებული ვართ, განვმარტოთ, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. შესაბამისად, მის მიერ სამსახურის დატოვება ვერანაირ კავშირში ვერ იქნება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნასთან, რის შესახებაც 10 მაისს გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ფხალაძეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის  ავტოსადგომის მოლარე-ოპერატორად მუშაობდა, საჰაერო ხომალდების მომსახურებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. შესაბამისად, სრულიად უადგილოა მისი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ „რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურება“,- აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი ფხალაძემ   10 მაისს Facebook-ზე დაწერა:  “მე არ მოვემსახურები რუსეთიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს!!!

დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და 19 მაისიდან აღარ ვიმუშავებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში!”

10 მაისს, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვზო მიმოსვლა აღადგინა სდა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვა გააუქმა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა.

 

“საქართველო დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად”-საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკი დამაკმაყოფილებელ ნაბიჯებს დგამს საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად. ასე უპასუხა მან ჟურნალის კითხვას, რომელიც შეეხებოდა ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან რუსეთში სანქცირებული საქონლის რეექსპორტს.

მისივე თქმით, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, სანქციები შეასრულოს.

„საქართველოს ფინანსური სისტემა ჯანსაღია და კომერციულ ბანკების მიმართ სანქციების დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნები საქართველოს ეკონომიკაზე ომის უარყოფითი გავლენის შეზღუდვას ეხმარება. რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, ჩვენ ვესაუბრეთ ბევრ დაინტერესებულ მხარეს, როგორც პარტნიორი ქვეყნებისგან ვიგებთ და ვხვდებით, საქართველო და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, დამაკმაყოფილებელ ძალისხმევას დებენ, რომ შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. ეს არის ის, რაც გვესმის იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც შემოიღეს სანქციები. რა თქმა უნდა, არსებობს რისკ ფაქტორები, მაგრამ საერთო ჯამში, საქართველო ცდილობს, რომ სანქციები შეასრულოს“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

 

“თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი” – ლაშა ხუციშვილი

თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, – ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით სამუშაო პროცესი გრძელდება.

„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა, იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამის შესახებ შესაბამისი ვადებიც არსებობს. ისე არ არის, რომ გადაწყვეტილება დღეს და ხვალ იქნას მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება – უშუალოდ დეტალებთან, კონტრაქტთან დაკავშირებით. ობიექტური მოცემულობაა, რომ თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება მეტი გამტარიანობა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.