აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი აღნიშნავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
აღნიშნული ფაქტი „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში “სასამართლოს გუშაგის” დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა შეაფასა.
„მურუსიძის, ჩინჩალაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირება, რომლებიც დღეს მოქმედი მოსამართლეები არიან და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საბჭოში უკავიათ მაღალი თანამდებობები, მნიშვნელოვანი მოვლენაა. ისტორიული ფაქტია და ეს სასამართლო სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დრო, იმისთვის, რომ მოსამართლეებმაც გაიაზრონ, თუ რა მოხდა და სანქცირებულ მოსამართლეებს არ უნდა დაეყრდნონ. რაც მოხდა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია,“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
სამართლის დარგის სპეციალისტი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დასანქცირება ლოგიკური იყო.
როგორ ის „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აცხადებს, უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოში მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება.
„ახლა ვფიქრობ, უდავო მტკიცებულება გვაქვს, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების კრიტიკა არ იყო მიკერძოებული და სუბიექტური, არამედ იყო ობიექტური. ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ – შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად თქვა, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ სანქციებს და ძალიან სერიოზული საერთაშორისო სანქციები დაუწესა.
ეს ერთის მხრივ შეიძლება შევაფასოთ დადებითად, იმ თვალსაზრისით, რომ უდავო გახდა საკითხი იმის შესახებ, რომ ჩვენს მართლმსაჯულებასა და კონკრეტულ პირებს მართლაც სჭირდებათ რადიკალური ზომების გატარება. მეორეს მხრივ ძალიან ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, რაც მოვისმინეთ ხელისუფლების მხრიდან. ისინი არაფრის დიდებით ამ ფაქტის – ფაქტად ცნობას არ აპირებენ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი არის სუვერენიტეტის შელახვა, შიდა საქმეებში ჩარევა და რომ თითქოს მართლმსაჯულების რეფორმა წარმატებითაა განხორციელებული.
მიმუშავია ლონდონში, როგორც იურისტსა და ადვოკატს, ასევე აშშ -ში და ვიცი როგორ მუშაობს ნამდვილი, ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი სასამართლო და მოსამართლეები. ის, რაც საქართველოში ხდება არის სრულიად შეუსაბამო იმ სტანდარტებთან, რაც არსებობს საუკეთესო მართლმსაჯულების სისტემის მქონე ქვეყნებში. იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ასეთ მძიმე მდგომარეობაშია, მე მიწევს მუშაობა მხოლოდ ევროსასამართლოს საქმეებზე, რადგან აზრს ვერ ვხედავ იმაში, მივმართო ჩვენს სასამართლოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოხვდეს იმ სიაში, სადაც ეს ოთხეული მოხვდა. ნამდვილად არიან მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერი, კვალიფიციური და ობიექტური მოსამართლეები, მაგრამ ის, რაც სისტემურად შეიქმნა მართლმსაჯულების შიგნით, კლანის სახით, ამოსაძირკვია. ამის გარეშე, არათუ მართლმსაჯულებას, ისე სახელმწიფოს გაჯანსაღება არ უწერია,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლია მუხაშავრიამ.
„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, მოგვიტანს თუ არა ეს ფაქტი სასიკეთო ცვლილებებს თუნდაც სასამართლო სისტემის შეცვლის მიზნით, იურისტი გვპასუხობს, რომ „ჯერჯერობით რა კომენტარებიც მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით იურისტების მხრიდან, ხელისუფლება არ აპირებს ანგარიში გაუწიოს ამ მნიშვნელოვან ხდომილებას. თავად მურუსიძის განცხადება სრულიად არაადეკვატური იყო. ვფიქრობ, ერთადერთი დადებით შეიძლება ამას მოჰყვეს ის, რომ ვისაც არ სჯეროდა აქამდე საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული რთული ვითარება, ეგებ იმათ მაინც გაიგონ ეს და მომავალი წლის არჩევნებზე, კარგად დაფიქრდნენ ვის ჩააბარონ ხელისუფლება. ვგულისხმობ, პოლიტიკურ და საპარლამენტო, საკანონმდებლო ხელისუფლებას, რადგან თუ არ შეიქმნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნება, ისე არც სასამართლოს ეშველება, არც სახელმწიფოს და მით უფრო საზოგადოებას,“ -განმარტა ლია მუხაშავრიამ.
მოსამართლეების დასანქცირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისი თქმით, შტატების გადაწყვეტილება მეგობარი საქართველოს მიმართ, უკიდურესად არასამართლიანია და ხელს უწყობს საზოგადოებაში ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებას. ნიკოლეიშვილი, აშშ-ის ამ ნაბიჯს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის დიდი სურვილით ხსნის.
„ქართველი ხალხი ისეთ იოტისოდენა პატივისცემას მაინც იმსახურებს მეგობარი ამერიკისგან, რომ გვითხრან კონკრეტული ფაქტები, რა დანაშაულის გამო დაასანქცირეს მოსამართლეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩათვლის, რომ აშშ ს მხრიდან ეს არის პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. მართლა გგონიათ, რომ ვინმეს დააჯერებთ აქ თქვენს ორხაზიან ბოდვას კორუფციაზე? ნუთუ ასეთი ჩამორჩენილი გგონიათ ქართველი ხალხი, რომ ვერ ხვდებოდეს რა მიზნები გაქვთ? ძალიან ცუდი. ერთადერთი, რასაც მოიმკით ამ თქვენი უკიდურესად უსამართლო გადაწყვეტილებით, არის ის, რომ კიდევ უფრო გააღვივებთ ქვეყანაში ანტიამერიკულ განწყობებს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ხელისუფლების არასამართლიანი ცვლილების დაუოკებელმა სურვილმა არ უნდა დაგაბრმაოთ.” – წერს ნიკოლეიშვილი
ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს – ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას.
„გუშინდლიდან ვაკვირდები საჯარო სივრცეში აქტიურებს. სახელმწიფო დეპარტამენტის უარგუმენტო გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაზარდა პოლარიზაცია საქართველოში. სააკაშვილის მეხუთე კოლონა კიდევ უფრო აღიგზნა რევანშიზმის ვნებით, ხოლო დანარჩენები უფრო შეკავშირდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის განცხადებებით.
აშშ-ის ფარისეველმა მმართველებმა დონალდ ტრამპის დევნით არა მხოლოდ რესპუბლიკელები შეაკავშირეს. ბრალდებები იმდენად ხელოვნურია, რომ ტრამპის ოპონენტებიც კი გამოთქვამენ საჯარო აღშფოთებას. მემარცხენე დემოკრატებმა აურიეს შინ და გარეთ მოკავშირეებთან ურთიერთობაში. ძალიან სავალალოა!“- წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.
/ ნინო ოთარაშვილი /