Home Blog Page 2261

“ვეცადოთ, გამოვასწოროთ ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს”

არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება, ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის საიდუმლო სერობის ხსენება, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ, დიად და გამორჩეულ მოვლენას, ევქარისტიის საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგენას უფალი იესო ქრისტეს მიერ.

როდესაც წმინდა ეკლესია აღასრულებს ევქარისტიის საიდუმლოებას, სულიწმიდის ძალით და მადლით, იგი უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ თავის მოციქულებთან ერთად, როდესაც აკურთხა,

განტეხა და პური და ღვინო გარდაქმნა თავის წმინდა სისხლად და ხორცად. და აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით ვუერთდებით იმ საიდუმლო სერობას, იმიტომ რომ ღმერთში არ არსებობს დრო. ამრიგად ჩვენ გადავლახავთ დროსაც, მანძილსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, ვხდებით თანამონაწილენი იმ ერთადერთი საიდუმლო სერობისა. ყოველი წირვა არის გაგრძელება, არის მონაწილეობა იმ საიდუმლო სერობაში.

თქვენ იცით, რომ ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს როგორც მადლიერებას, ასევე ნიჭსაც. მართლაც, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებაზე დიდი ნიჭი რა შეიძლება იყოს?! ეს არის ყველაზე მეტი, რაც შეიძლება ღმერთმა მოგვმადლოს, ვინაიდან ჩვენ თავად მაცხოვარს ვუერთდებით ამ საიდუმლოთი, როგორც მან თავად ბრძანა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემშია და მე მასში“. და როგორც ასწავლიან წმინდა მამები, ღირსი იოანე დამასკელი და სხვა მამები, ჩვენ წმინდა ზიარების შედეგად წილმქონენი ვხდებით ქრისტეს სისხლისა, ქრისტეს სხეულისა და ქრისტეს ღვთაებისა. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობენ წმინდა მამები და ჩვენ ყველა ვხდებით ქრისტეს სხეული, შესაბამისად, ერთი მეორესაც ვეზიარებით, ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ზიარება. მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი ასევე ამბობს: „ჩვენ ვხდებით ქრისტეს თანამესხეულენი“, ე.ი. მისი სხეული, მისი სისხლი ხდება ჩვენი სისხლი და მისი ხორცი ხდება ჩვენი ხორცი.

აი, ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, მოგეხსენებათ, რომ ეს საოცარი თანაზიარება იწყება დედამიწაზე, მიწიერ ცხოვრებაში, წმინდა ევქარისტიაში და გრძელდება მარადიულად ცათა სასუფეველშიც. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საიდუმლოებას ჩვენი ცხონებისთვის, ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამიტომ, როცა ჩვენ ვემზადებით წმინდა ზიარებისთვის, კარგად უნდა გამოვცადოთ ჩვენი თავი, რამდენად შეესაბამება ჩვენი ცხოვრება სახარების მცნებებს, ვცხოვრობთ თუ არა სახარების მიხედვით, რომ არ მოხდეს ისე, როგორც წერდა პავლე მოციქული: „ჩვენ ჩვენს სხეულებს, რომლებიც ქრისტეს ასონი არიან, ვართმევთ ქრისტეს და მეძავის ასოებად ვაქცევთ”. ეს ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ადამიანი ეზიარება, მაგრამ არ ცხოვრობს სახარების მცნებებით და ამით, რა თქმა უნდა, არღვევს ამ თანაზიარებას და საკუთარ თავს აკლებს ამ საოცრად დიდ ბედნიერებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, უფალმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ყოველი წირვა, ყოველი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის შესაძლებლობა, გამოვცადოთ, შევამოწმოთ ჩვენი თავი, რამდენად ვცხოვრობთ სახარების მიხედვით. ვეცადოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცოდვები სინანულით, აღსარებით და შევწიროთ მადლობა უფალს, რომელმაც ღირსი გაგვხადა ამ დიდი საიდუმლოების, ვინაიდან არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება. ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან მშვიდობას, სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, რომელსაც ადამიანი მიაღწევს მხოლოდ წმინდა ზიარების მეშვეობით.

ამრიგად, ძმებო და დებო, ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და ვევედროთ მას, რომ შეგვეწიოს სახარების მცნებების აღსრულებასა და ისეთი სულიერი მდგომარეობის მიღწევაში, რომელზეც წერდა წმინდა პავლე მოციქული, როცა წერდა: „მე აღარ ვცოცხლობ, არამედ ამიერიდან ცოცხლობს ჩემში უფალი იესო ქრისტე“, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამოთ მამით მისით, ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“,- განაცხადა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარშიქადაგებისას.

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

„ნავალნი იდუმალი დაავადებით იტანჯება, რომელიც შესაძლოა „ნელი მოქმედების საწამლავი“ იყოს“

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იდუმალი დაავადებით იტანჯება, რომელიც შესაძლოა, „ნელი მოქმედების საწამლავი“ იყოს“, – ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა კირა იარმიშმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 აპრილს ღამით ღამით ნავალნისთვის კუჭის მწვავე ტკივილის გამო სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, ბოლო 8 კვირაში კი ნავალნიმ 8 კილოგრამი დაიკლო.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს, კლავენ ნელა, რათა ნაკლები ყურადღება მიიპყროს“, – განაცხადა იარმიშმა.

კრემლის განცხადებით, ნავალნის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა მას არ აქვს და ეს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის პასუხისმგებლობაა.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.

“კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – ლაშა გეგეჭკორი

თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორი ლაშა გეგეჭკორი, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობების მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ელენე ხოშტარიას პარტია „დროასთვის“ ფულადი შემოწირულობებია ნაჩვენები.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, ხოშტარიას განცხადება, რომ მას კეზერაშვილისგან თანხა არასდროს მიუღია, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ელენე ხოშტარიამ, კეზერაშვილისგან 1 თეთრი არ მიმიღია არასდროსო და დიმიტრი ჩიქოვანი, კეზერაშვილის ცოლის ძმაა, თუ ჩემი…კარგია, ჰელენ, ევროპენსიონერების ფული?!“ – წერს ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის მაკრო-სექტორული შედეგები შეაჯამეს. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, ვალუტის კურსი, სექტორული ტენდენციები და 2023 წლის ეკონომიკური მოლოდინები მიმოიხილეს.

 

ბოლო პერიოდში სავალუტო შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მართალია რუსეთის წილი მომატებულია, ძირითადად მიგრანტებისა და გზავნილე ბის ხარჯზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდინებები სხვა ქვეყნებიდანაც იზრდება.

 

ამასთან, მიგრანტების დიდი ნაწილი შემოსავალს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. თიბისის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ კომპანიების 48%, რომლებისთვისაც თიბისი ბანკის მომხმარებელი მიგრანტები მუშაობენ – საერთაშორისოა,  29% – ქართული, 22% – კი რუსული.

 

ასევე გამოკითხული მიგრანტების 35% საქართველოში 2 წელიწადზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, 33%-ს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, 15% კი – 1-2 წლის განმავლობაში განიხილავს საქართველოს რეზიდენტობას.

 

რაც შეეხება საქართველოში ძირითად მაკროეკონომიკურ მოლოდინებს, რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2023 წელს – 5.6%, 2024-ში კი 4.8% იქნება. ინფლაციის მაჩვენებელი 2023-ში – 2.6%, 2024-ში კი 3.0% იქნება. თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის მოდელის მიხედვით, აშშ დოლარი ლართან მიმართებაში 2023 წელს – 2.60, 2024-ში კი – 2.70, ევრო ლართან მიმართებაში 2023 წელს – 2.91, 2024 წელს კი 3.08 არის ნავარაუდები. თიბისი კაპიტალის ლარის პროგნოზის მიხედვით, სავალუტო შემოდინებების ზრდის შენარჩუნების მიუხედავად, ლარის გამყარება საბაზო სცენარი არ არის.

 

რომ შევაჯამოთ, თიბისი კაპიტალის 2022 წლის დეკემბრის მაკრო-სექტორული მიმოხილვის შემდეგ: ევრო აშშ დოლარის მიმართებით გამყარდა, აშშ დოლარის მთავარი განაკვეთი შემცირდა, მიგრანტების გადინება წელს ნაკლებ სავარაუდოა, ეკონომიკის ზრდა ნორმალიზდება, ინფლაცია დაბალია, ლარი კი „წონასწორულ” ნიშნულს გასცდა.

 

რაც შეეხება თიბისი კაპიტალის სექტორულ განახლებას, 2023 წელს სამომხმარებლო სექტორის ყველა ქვედარგში (FMCG, გარეთ კვება, ფარმაცია, საწვავი, ტანსაცმელი, სამშენებლო მასალები, ავეჯი, ელექტრონიკა) დანახარჯების ზრდა არის მოსალოდნელი, რაც აღნიშნული პროდუქციის გაზრდილი მოხმარებით, მიგრანტების დასახლებითა და ტურიზმის ძლიერი აღდგენით იქნება გამოწვეული.

 

2023 წლის პირველ კვარტალში, ყველაზე მეტი დანახარჯი სურსათსა და საყოფაცხოვრებო საქონელზე – 21.8 მილიარდი ლარი, შემდეგ კი გარეთ კვებაზე – 4.6 მილიარდი ლარი მოდის. გასულ წლებთან შედარებით, ყველაზე მეტად ხარჯვა სწორედ სურსათისა და საყოფაცხოვრებო საქონლის მიმართულებით გაზიარდა. 2023 წლის მონაცემებით,  აღნიშნული მონაცემი 2022 წელს – 18.6 მილიარდ ლარს, 2021 წელს კი 13.6 მილიარდ ლარს შეადგენდა. სამომხმარებლო სექტორში მოსახლეობის დანახარჯების ზრდის ტენდენცია 2023 წელს შენარჩუნდება და 15%-ით გაიზრდება.

 

მიგრანტების რაოდენობა საქართველოში 2022 წლის მსგავსად, 2023-შიც 115 000-ია, თუმცა მიმდინარე წელს, მათი დანახარჯებში წილის 5.8%-მდე –  1.66 მილიონ დოლარამდე მატებაა მოსალოდნელი.

 

2023 წლის პირველ კვარტალში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები კვლავ მაღალ ნიშნულზეა და მნიშვნელოვნად აღემატება 2019 წლის ხარჯვის მაჩვენებელს. სასტუმროში გადახდები და გარეთ კვება არარეზიდენტებისთვის 2023 წლის პირველ კვარტალშიც უმსხვილეს ხარჯვით კატეგორიად რჩება.

 

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, სასტუმროზე გაწეული დანახარჯების უმეტესი ნაწილი მოდის ბიუჯეტური – 03 ვარსკვლავის რეიტინგის მქონე სასტუმროებზე. საქართველოს დიდ სასტუმროებში ფასის ზრდის ტენდენცია 2023 წლის პირველ თვეებშიც გრძელდება და 2023 წელს ფასი დოლარში, 2019 წლის დონეს გადააჭარბებს.

 

2023 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების ძირითადი მაჩვენებლები ზრდას განაგრძობს. თებერვალში გასაყიდი ფასის წლიურმა ზრდამ – 30%, ქირის ფასის ზრდამ კი 125% შეადგინა, რისი ძირითადი ფაქტორებიც  მაღალი ამონაგები, კურსის გამყარება, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და მიგრანტების ქვეყანაში დარჩენაა.

2022 წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თბილისში და ბათუმში შეძენილი ბინების წილი გაიზარდა, რაც პანდემიის დასრულებამ, მიგრაციამ და მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. 2023 წლის პირველ კვარტალში თბილისში გაყიდული ბინების 7% რუსეთის მოქალაქეებმა,  9% კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძინეს. ბათუმში გაყიდული ბინების 24% – რუსეთის მოქალაქეებმა, 30%  კი – სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

 

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ამონაგები ისტორიულ მაქსიმუმზეაშესაბამისად, ინვესტორებისთვის გაიზარდა მისი მიმზიდველობა დაზოგვის სხვა საშუალებებთან შედარებით. საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასისა და გაყიდვების რაოდენობის კორექცია ბაზარზე 2023 წლის ბოლოდან დაიწყება. ბინების ქირის ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 7%-ით დაიკლებს. ბინების გასაყიდი ფასი 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 1%-ით მოიმატებს. ბინების გაყიდვები კი, 2024 წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 3%-ით დაიკლებს.

თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ – ქარმა წაიღო მილიონი დოლარი” -ნინო ფოჩხუა

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მოწამვლის შესახებ კამპანია თავიდანვე რთული დასაჯერებელი იყო. მისი განცხადებით, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული, ამიტომ, სპეკულაციები მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა დასრულდეს და სააკაშვილმა საკვების მიღება უნდა განაახლოს.

„მთელი ეს კამპანია ეტყობა გათვლილი იყო იმ ადამიანთა ჯგუფზე, რომელიც მოკლებულია ელემენტარულ აზროვნებას. აბა როგორ შეიძლება დაიჯერო ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, როცა შეხედავ შვილთან მისულ დედა გიულის ცივი ჭადით, ერთი კიტრით და სალათის ფურცლით ხელში, რომელიც მშვენივრად ერგება პატიმარს. მოწამლულიც ვყოფილვარ და კიტრი კი არა, ერთი ყლუპი წყალიც ვერ დამილევია.

“ლიმბახის” ლაბორატორიის პასუხებმა დაანგრიეს ლეგენდა მიშას მოწამვლის შესახებ, ქარმა წაიღო მილიონი დოლარი, ახლა გინდ ბრეჟნევივით დაკიდეთ მედლები და გინდა სულ გააშიშვლეთ და უთვალეთ ნეკნები, მიშა არ არის მძიმე მეტალებით მოწამლული და ურჩიეთ დაიწყოს საკვების მიღება და დაასრულონ სპეკულაციები.“ – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

“სამმა მოსამართლემ უარი განაცხადა აშშ-ში გამგზავრებაზე”- დიმიტრი გვრიტიშვილი

22-30 აპრილს დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი წერს.

როგორც გვრიტიშვილი აღნიშნავს, მისი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქვა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ.

„მიმდინარე თვეში (22-30 აპრილის განმავლობაში) დაგეგმილია ქართველი მოსამართლეების სასწავლო ვიზიტი აშშ-ში.
ჩემთვის, როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისათვის, ცნობილი გახდა, რომ ამ ვიზიტის მონაწილე სამმა მოსამართლემ: ნანა ჯოხაძემ, თამარ ბეჟანიშვილმა და კონსტანტინე კოპალიანმა უარი განაცხადეს გამგზავრებაზე, რის შესახებაც მათი განცხადებები ოფიციალურად არის შემოსული საბჭოში.
ჩემი მოსაზრებით, ეს არის სოლიდარობის ერთგვარი აქტი, ისევე, როგორც ეს იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში (როცა ასევე რამდენიმე მოსამართლემ უარი თქმა ანალოგიურ ვიზიტში მონაწილეობაზე და გამგზავრებაზე), რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა მხრიდან სახეზეა აშკარად უსამართლო და დამამცირებელი მიდგომა ქართველი მოსამართლეების მიმართ“ – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი Facebook-ზე.

ნორვეგიის მთავრობა რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელს გააძევებს

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაზვერვის ოფიცრები იყვნენ, რომლებიც დიპლომატიური პოზიციების საფარქვეშ მოქმედებდნენ.

„მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებას ევროპაში, რამაც რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა გამოიწვია“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ამ გზით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“

ავსტრიული გამოცემა „ექსპრესი“ (Exxpress) სარედაქციო სტატიაში სათაურით „ანალენა ბერბოკი რომ უკეთ გამოიყურებოდეს, ბიუჯეტი მინისტრის ვიზაჟისტს 137 ათას ევროს უხდის“ ასაჯაროებს გერმანიის მთავრობის დანახარჯებს სტილისტების, ვიზაჟისტების, ფოტოგრაფების და სხვათა მომსახურებისათვის, რაც გადასახადის გადამხელთა ფულის უყაირათოდ მოხმარებას და ხშირ შემთხვევაში „ქარს გატანებას“ ნიშნავს.

„მასმედიაში რომ მისი კარგი ფოტოსურათები გავრცელდეს, გერმანიის ვიცე-კანცლერს და ეკონომიკის მინისტრს რობერტ ხაბეკს პირადი ფოტოგრაფი ჰყავს დაქირავებული და მას წელიწადში 100 ათას ევროს უხდის. საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიერ დაქირავებული ვიზაჟისტს გერმანიის მთავრობამ 2022 წლის განმავლობაში 137 ათასი ევრო გადაუხადა. თვით ოლაფ შოლცი კი ფოტოსურათებისთვის ფოტოგრაფს – როგორც კანცლერს შეეფერება – უფრო მდიდრულ ხელფასს აძლევს – 510 ათასი ევროს.

გერმანიის „შუქნიშნური“ კოალიციური მთავრობა (მასში შემავალ პარტიათა ფერების მიხედვით) ფოტოგრაფებისა და ვიზაჟისტების მომსახურების მიზნით უამრავ საბიუჯეტო სახსრებს ხარჯავს. 2022 წელს ამ მიზნით თითქმის 1,6 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი. პატივმოყვარეობით და განდიდებით განსაკუთრებით „მწვანეები“ გამოირჩევიან.

გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირმა ღრმად გაანალიზა მინისტრთა მომსახურების გარემოებები და „გერმანიის 2023 წლის ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის წიგნში“ 30 კონკრეტული წინადადება შეიტანა ოლაფ შოლცის მთავრობის მაღალ და იმავდროულად არაფრისმომტან დანახარჯებთან დაკავშირებით.

მართალია, „ეკონომიის წიგნი“ ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ დაგეგმილი ფედერალური ხარჯებიდან ბევრი პუნქტი „გაუქმდება, შემცირდება, მათი შესრულება გადაიდება და გაჭიანურდება“.

ოლაფ შოლცის მთავრობის წევრები ერთგვარი მანიით არიან შეპყრობილები – მათ ძალიან სურთ, რომ ზედმეტად გალამაზდნენ და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. პრინციპში, ეს შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ ამდენი ფული ფოტოგრაფებისა და პარიკმახერებისათვის?

ერთადერთი მინისტრი, რომელიც ფულს არ ხარჯავს ფოტოგრაფ-სტილისტ-ვიზაჟისტებში, და მაინც ელეგანტურია, ფინანსთა მინისტრი ქრისტიან ლინდნერი გახლავთ, იგი კოლეგებს მუდმივად მოუწოდებს ეკონომიისაკენ, მაგრამ ჰერ ქრისტიანის თხოვნა „რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

ანალენა ბერბოკი თავის სტილისტ-ვიზაჟისტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში 7,5 ათას ევროს უხდის იმ დროს, როცა გერმანია და ევროკავშირი ფაქტობრივად კრიზისში იმყოფება. უფრო მეტიც – ამას წინათ მთავარმა გერმანელმა დიპლომატმა, ლამაზმანმა ანალენამ კოსმეტიკის ექსპერტი წელიწადში 90 ათას ევროდ დაიქირავა“, – ნათქვამია ავსტრიული „ექსპრესის“ მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში.

წყარო

“მოხსნილი ხართ რეისიდანო”… – მამუკა ხაზარაძე

 “უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ..”- “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე გერმანიის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე სოციალურ ქსელში წერს.
“გერმანიაში, აეროპორტში რეგისტრაციაზე ვდგავართ მე და ნიკა, შოტლანდიაში მივფრინავთ საინტერესო ხალხთან შესახვედრად. უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ. დამატებითი ჯგუფი უერთდება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო, ოფიცერს ეკითხება.
ამის შემდეგ ავიაკომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ მათი კომპანიის ბორტზე ვერ აგვიშვებენ, ჩემს კითხვაზე – რატომ? პასუხი იყო, საქართველოს პასპორტებით ბევრი ცდილობს ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას და ამიტომო, შესაბამისად, მოხსნილი ხართ რეისიდანო.
ალბათ, მიხვდებით, რა რეაქცია მექნებოდა ამაზე. განსაკუთრებით “თქვენი ქვეყნის პასპორტის” ასე ხსენებამ გამაგიჟა. უკვე მივფრინავთ, თუმცა, ეს შეურაცხმყოფელი განცდა არ მტოვებს. ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად. ქვეყნისა და პასპორტის იმიჯი დიდი პრობლემაა, ისევე როგორც დაცარიელებული ქვეყნის. უნდა შევცვალოთ ეს, თან სასწრაფოდ!”- წერს სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ” – მეუფე იაკობი

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ აზროვნება ისწავლონ და ზომბებივით ნუ იქნებიან.

„ახალგაზრდობას მინდა ვუთხრა, რომ საუკეთესო ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ რობოტებივით და ზომბებივით ნუ იქნებიან, აზროვნება ისწავლონ. შეიძლება გეგონოს, ქრისტეს საქმეს ვაკეთებო, მაგრამ სინამდვილეში ბარაბას საქმეს ემსახურებოდე და რუსულ სიტყვას ვიტყვი – „ურაპატრიოტი” იყო. ჩვენი ეკლესია ყოველთვის იდგება მართლმადიდებლობისა და საქართველოს სახელმწიფოს ძლიერების სადარაჯოზე. ჩვენი ეკლესია არ დაუშვებს, რომ სადმე ძალით შეგვიყვანონ, რაც არ უნდა იმპერია იყოს. ჩვენ თუ ვინმესთან ურთიერთობა გვინდა, იმიტომ გვინდა, რომ კარგად ვიცხოვროთ, კარგად ვიყოთ და არა ვიღაცის მონები ვიყოთ. რუსის მონობა სხვისი მონობით შევიცვალოთ? ნურას უკაცრავად. ყველამ იცოდეს – ევროპამაც, ამერიკამაც, რუსმაც, თურქმაც, ირანელმა, ჩინელმა და ა.შ. – ქართველი კაცი არავის მონა არ გახდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

“BBC-ის გამოძიება უკვე ტორტზე მარწყვია” – იაგო ხვიჩია

ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, BBC-ის გამოძიება აჩვენებს, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ საფუძვლიანი კითხვები არსებობს.

„ვიდრე ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, მანამდე მგონია, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა აქტიური პარტნიორობისგან, რასაც პარტნიორობას ეძახიან და ფულის აღება ჰქვია, თავი უნდა შეიკავონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დააზიანა კეზერაშვილის ფაქტორმა. მგონი, რაც ეს ფაქტორი გაჩნდა „ნაცმოძრაობაში“, უფრო და უფრო ზიანდება. ახლა რომ იტყვიან, ტორტზე მარწყვიო, ასე გამოუვიდათ. ევროპელი პენსიონერების ასეთი ფორმით გაძარცვა ტეხავს, რადგან ძარცვა მორალურად მძიმე ამბავია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

BBC-მ  ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.