საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი ჯეკ ტეიშეირა პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო დააკავეს. ეჭვმიტანილის დაკავება მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული გამოძიება ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამთავრობო დოკუმენტების ყველაზე დიდი გაჟონვის წყაროს „უახლოვდება“.
ბაიდენის განცხადებამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 21 წლის ტეიშეირა ხელმძღვანელობდა Discord-ის სერვერს, სადაც ფაილები იყო განთავსებული და ის არის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის 102-ე სადაზვერვო ფრთის პირველი კლასის პილოტი. ითვლება, რომ საუბარია ასობით დოკუმენტზე, რომლებიც დეტალურად ასახავს ყველაფერს, რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების შეფასებებით დაწყებული, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში მიმდინარე პროცესების აღწერით დასრულებული.
რას ამბობენ ოფიციალური პირები?
უცნობია, თუ როგორ მოიპოვა ტეიშეირამ უაღრესად გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომა. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ ტეიშეირა ეჭვმიტანილია „ნაციონალური თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო წაშლაში, შენახვასა და გადაცემაში“. „FBI-ს აგენტებმა ტეშეირა ხუთშაბათს, შუადღისას, ინციდენტის გარეშე დააკავეს. თავდაპირველად ის წარდგება აშშ-ის მასაჩუსეტსის ოლქის საოლქო სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა საჰაერო ძალების პენტაგონის პრესსპიკერმა.
ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა პეტ რაიდერმა ტეიშეირას საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა მან აღნიშნა, რომ გაჟონვა იყო “წინასწარ განზრახული დანაშაულებრივი ქმედება” და მათ, ვისაც საიდუმლო მონაცემებზე წვდომა აქვთ, ეს უკეთ უნდა იცოდნენ. ”თქვენ მონაწილეობთ ტრენინგებში, რომლებზეც იგებთ ამ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ წესებსა და მოთხოვნებს. თქვენ უნდა დაიცვათ ეს წესები, რეგულაციები და პასუხისმგებლობები. ამას ჰქვია სამხედრო დისციპლინა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სენსიტიურ ინფორმაციას, ეს ასევე ეხება კანონს“, – განმარტა პეტ რაიდერმა.
სავარაუდოდ, ჯგუფის ლიდერი ამ ინფორმაციას წლების განმავლობაში ავრცელებდა
The Washington Post-ის ცნობით, 2020 წელს, ონლაინ მეგობრების ჯგუფმა, რომელსაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიმართ საერთო ენთუზიაზმი აერთიანებდა, გახსნა სერვერი Discord-ზე. ეს არის ჩატ-ფორუმის ვებგვერდი, რომელიც თავდაპირველად თამაშებისთვის გამოიყენებოდა. Discord-ის ჯგუფის ლიდერი, ცნობილი – როგორც “OG”, მუშაობდა დაუდგენელ სამხედრო ბაზაზე და სწორედ მან დაიწყო საიდუმლო დაზვერვის გაშიფრული ინფორმაციის გაზიარება სერვერზე, რომლის სახელწოდებაა “Thug Shaker Central”-ი. The Washington Post-ის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი 30-მდე წევრს აერთიანებდა.
Post-ის ანგარიშში ტეიშეირას ვინაობა არ იყო დასახელებული, მაგრამ მოგვიანებით New York Times-მა თავის ანგარიშში ის ჯგუფის ლიდერად დაასახელა. 2022 წლის ივლისის Facebook პოსტში, 101-ე ეროვნულმა გვარდიამ ტეიშეირას 1-ლი კლასის პილოტის წოდების მიღება მიულოცა. OG კი ამტკიცებდა, რომ თავისი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა დაცულ სამთავრობო დაწესებულებაში, სადაც მობილური ტელეფონები და კამერები აკრძალულია. The Post-ის ცნობით, ონლაინ სერვერების ჯგუფი მას პატივს სცემდა და საიდუმლო დოკუმენტებზე ტეიშეირას წვდომას რეკლამას უკეთებდა. თუმცა სერვერზე განთავსებული საიდუმლო დოკუმენტების მიმართ ინტერესი დროთა განმავლობაში გაქრა. The Post-ის ცნობით, გასული წლის ბოლოს, OG, რომელიც აშშ-ის კორუფციას ეწინააღმდეგებოდა და მემარჯვენე იდეოლოგიას მხარს უჭერდა, გადავიდა საიდუმლო დოკუმენტების გადაღებაზე, რათა ჯგუფის ყურადღება მიეპყრო.
დოკუმენტები პირველად მარტში გამოჩნდა
Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, საიდუმლო დოკუმენტების ფოტოები Thug Shaker Central-ის ფარგლებს გარეთ, პირველად მარტის დასაწყისში გამოჩნდა. Discord-ის სერვერზე გავრცელდა 10 დოკუმენტისგან შემდგარი პაკეტი, რომლის სახელწოდებაც არის “Minecraft Earth Map”-ი. Bellingcat-მა შეისწავლა უფრო ადრეული გაჟონვა Discord-ის სერვერზე სახელწოდებით “WowMao”, რომელიც, როგორც ჩანს, Thug Shaker Central-დან წამოვიდა. The Times-ისა და The Post-ის თანახმად, რომლებიც Discord-ის სერვერის წევრებს ესაუბრნენ, დოკუმენტებს ძირითადი სერვერიდან არასდროს უნდა გაეჟონათ.
„ხანძარი“ The New York Times-მა გააჩინა
გასულ კვირას The New York Times-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ვრცელდებოდა ინტერნეტში, რამაც მსოფლიოს ყურადღება სწრაფად მიიპყრო. ეს მასალები გამოჩნდა Telegram-სა და Twitter-ზე, გაურკვეველი ჩატ- ფორუმებიდან უფრო საჯარო ონლაინ სამყაროში, სადაც ეს მასალები რუსული წყაროების ხელშიც აღმოჩნდა. დოკუმენტების პირველმა პარტიამ გამოავლინა პენტაგონის შიდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების შეფასებას ეხებოდა. ერთ-ერთმა დოკუმენტმა, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეცვლილი იყო, საერთო ყურადღება მიიპყრო, რადგან აქ მოცემული ციფრებით, რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი დაბალი და ომში დაღუპული უკრაინელების რაოდენობა კი მაღალი იყო. გასულ პარასკევს, პენტაგონმა განაცხადა, რომ იძიებს გაჟონილი დოკუმენტების საქმეს და კვირას ოფიციალური გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა.
არსებული სისუსტეები
კლარკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა მაიკლ ბატლერმა, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით არის სპეციალიზებული, განაცხადა, რომ გაჟონილი დოკუმენტები პენტაგონის “სისტემურ სისუსტეებსა” და დაუცველობას უსვამს ხაზს. „ინფორმაცია ძალზე დეცენტრალიზებულია. ის შეიძლება ძალიან მარტივად და სწრაფად, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე გადაიტანო“, – განაცხადა ბატლერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო მასალების გაჟონვის შემდეგ, პენტაგონმა საიდუმლო მასალებსა და ბრიფინგებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დაიწყო. თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციის გაცვლის პოლიტიკას განიხილავენ.
ორივე მხარის კანონმდებლები სთხოვენ პენტაგონს, უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ მოხდა გაჟონვა და როგორ აპირებს ამის შეჩერებას. წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ჯიმ ჰაიმსმა CNN-ს განუცხადა, რომ ოთხშაბათის საჯარო ბრიფინგზე მან რამდენიმე პასუხი მიიღო და შეშფოთებულია იმით, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულმა ფაქტმა ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს. „მიუხედავად ყველა დამამშვიდებელი ტონისა, რაც სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინე, მე რომ მოკავშირე ვიყო ახლა, დავინტერესდებოდი, შეძლებდა თუ არა შეერთებული შტატები თავისი საიდუმლოების დაცვას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.