Home Blog Page 2250

კიევ-პეჩერის  ლავრაში წმინდა თეოდოსის ხატმა მირონის დენა დაიწყო

კიევ-პეჩერის  ლავრაში წმინდა თეოდოსის ხატმა მირონის დენა დაიწყო.

ფოტო სოციალურ ქსელ „ტელეგრამზე“ გავრცელდა.  მორწმუნეებმა ამ ფაქტს ყურადღება მიაქციეს 9 აპრილს, ბზობის კვირას. ხატი მდებარეობს ლავრაში, მიძინების ტაძარში. ის XI საუკუნეში დაიწერა, ხატი სასწაულებრივად ითვლება.

ღვთისმშობლის მიძინების ხატის – ამ უდიდესი სიწმინდის – ისტორია ლავრის დაარსებას უკავშირდება. გადმოცემით ვიცით, რომ პეჩორის მონასტერი. საქართველოს მსგავსად, ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილია. ნიშნად მფარველობისა და წყალობისა დედა ღვთისამ სავანეს თავისი ხატი გამოუგზავნა. აი რას მოგვითხრობს პეჩორის პატერიკი:

ზეციურმა დედოფალმა ისურვა მიძინების ტაძრის აგება პეჩორის მონასტერში და კონსტანტინეპოლიდან ოთხი ცნობილი ხუროთმოძღვარი მოიხმო. მათ გადასცა ღვთისმშობლის მიძინების ხატი შვიდი წამებულის წმინდა ნაწილებით  (რომლებიც ტაძრის საძირკველში უნდა ჩაედოთ) და კიევისაკენ გზა დაულოცა.

მიძინების ხატი კიევში 1073 წელს ჩამოაბრძანეს. ჩამოტანისთანავე ხუროთმოძღვრებმა  სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის მიძინების ხატი გადასცეს წმინდანებს, ღირს ანტონს და თეოდოსს. ხუროთმოძღვრებმა წმინდა მამებს უამბეს როგორ მიიწვიეს ისინი ვლაქერნის ეკლესიაში, სადაც იხილეს ღვთისმშობელი მრავალი ზეციური მეომრით გარშემორტყმული, როგორ მიაგეს მას თაყვანი.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აპრილისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5274 ლარი ეღირება, ევრო – 2.7594 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1461 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5299 ლარი ღირდა, ევრო – 2.7599 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1459 ლარი.

ღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 აპრილს ამოქმედდება.

მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მაშველებმა ცხედარი მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.

მისი ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

ცნობილია, რომ ცხედარი მდინარემ გამორიყა.

ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში იგორ ჯუნდევი, ეუთოში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.

“BRICS-ის ქვეყნებმა G7-ის ქვეყნებს ეკონომიკურად პირველად გადაუსწრეს: რას მოასწავებს ეს ფაქტი?“

ფრანგულ ყოველკვირეულ გაზეთ „ლე ჟუღნალ დუ დიმანშ“-ში (JDD – Le Journal du Dimanche) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „BRICS-ის ქვეყნებმა G7-ის ქვეყნებს ეკონომიკურად პირველად გადაუსწრეს: რას მოასწავებს ეს ფაქტი?“ (ავტორი – მაიკლ ბლოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო დღეებში ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავდა, რომ „ბრიკსის“ (BRICS) სახელმწიფოებმა ერთობლივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობით მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნის ერთობლივ მშპ-ს გადააჭარბეს. მოწმობს თუ არა ეს ფაქტი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გადატრიალებას“?

მხოლოდ ფაქტები

„ბრიკსი“ (BRICS) აბრევიატურაა იმ ქვეყნების ჯგუფისა, რომელშიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა შედის. ბრიტანული კონსალტიგური კომპანიის Acorn Macro Consulting-ის მონაცემების მიხედვით, ამჟამად „ბრიკსის“ ქვეყნებს უფრო დიდი ეკონომიკური წონა აქვთ, ვიდრე G7-ს – „დიდ შვიდეულს“.

BRICS-ის ორგანიზაცია დღეისათვის მსოფლიოს მშპ-ის 31,5%-ს უზრუნველყოფს, „დიდი შვიდეული“ კი 30,7%-ს. ექსპერტთა გათვლებით, BRICS-ის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტენდენცია მომავალ წლებშიც გაგრძელდება. როგორც ხატოვნად აღნიშნა ცნობილმა ჟურნალისტმა და ეკონომიკურმა მიმომხილველმა ჟორჟ მაკმა, „დღეს განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო უკვე აღარ არსებობს. შეიძლება მხოლოდ ვილაპარაკოთ აღმავალ და დაღმავალ მსოფლიოზე“.

BRICS-ის ისტორიიდან

ტერმინი BRICS პირველად 2001 წელს იქნა მოხსენიებული კომპანია Goldman Sachs-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსის მიერ იმდროინდელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის მიმოხილვის მიზნით, რომელთა ტემპები სწრაფად მატულობდა. თანდათანობით ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა სტრუქტურირება დაიწყეს და ერთმანეთთან დაახლოება დაიწყეს. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ლიდერების პირველი სამიტი 2009 წელს ჩატარდა. იმ პერიოდში მათ მიზანს აშშ-ის საწინააღმდეგოდ მსოფლიო არენაზე ძალისხმევის კოორდინაცია წარმოადგენდა. ამ ქვეყნების ჯგუფს 2010 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც შეუერთდა.

დღეს, როგორც ჩანს, ბევრი სახელმწიფოა დაინტერესებული BRICS-ის წევრობით – კერძოდ, ასეთი განზრახვა აქვს საუდის არაბეთს, მექსიკას, ნიგერიას, ვენესუელას და ირანს. 2022 წლის მაისში ჩინეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ განსაკუთრებული ხაზგასმით მოიხსნია ჯგუფის გაფართოება ისეთი ქვეყნებით, როგორებიცაა არგენტინა და პაკისტანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ტაილანდი.

2010-იან წლებში BRICS-ის ქვეყნებმა შექმნეს „განვითარების ბანკი“ – მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატივა. მათ აგრეთვე ჩამოაყალიბეს საერთო სავალუტო რეზერვების ფონდიც. ობიექტურად თუ ვიტყვით, ბევრ ქვეყანას BRICS-ის წევრობა სწორედ ფულის (კრედიტების) სამართლიანად მიღების მიზნით სურს – მათი აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მოქმედება კრედიტებთან დაკავშირებით ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

რატომაა მომხდარი ფაქტი მნიშვნელოვანი?

„დიდი შვიდეული“ (G7), რომელიც 1974 წელს შეიქმნა პარიზის ინიციატივით, დღეს წარმოდგენილია აშშ-ით, იაპონიით, დიდი ბრიტანეთით, საფრანგეთით, გერმანიით, იტალიით და კანადით. „შვიდეულის“ ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და ძირითადი გლობალური პრობლემები იხილება. ის ფაქტი, რომ G7 BRICS-მა უკან ჩამოიტოვა, რამდენიმე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენას დემონსტრირებს, კერძოდ, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის აქტიურად გამოსვლას მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს სახით, რომელიც წინ უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გავიხსენოთ, რომ ჩინელებისა და ამერიკელების მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტი ჯერ კიდევ 2017 წელს იქნა დაფიქსირებული.
აშშ-ის ეკონომიკური ძლიერება თანდათან ეცემა. ეს რეალობაა – მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა მეორე მსოფლიო ომის დროიდან მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ითვლება – როგორც ეკონომიკური სისტემის რეორგანიზატორად (1944 წლის ბრეტონ-ვუდის შეთანხმების საფუძველზე) და როგორც მსოფლიოს ეტალონური ვალუტის მფლობელად, რომელსაც მთელი ვაჭრობა ეფუძნება.

BRICS-ის ქვეყნები G7-ის ქვეყნებს არამარტო ეკონომიკურად, არამედ დემოგრაფიულადაც უსწრებენ: „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებში 800 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, BRICS-ის სახელმწიფოებში კი 3,2 მილიარდი ადამიანი.

ვინ ვის?

უახლოეს წლებში, ალბათ, ნათელი გახდება, თუ რა აქვთ განზრახული BRICS-ის ქვეყნებს აშშ-ის ძლიერების დასათრგუნავად. დაიწყებენ თუ არა ისინი ვაშინგტონთან კონფრონტაციას? შეიცვლება თუ არა მათი პოზიცია რუსეთის როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომის დამწყები ქვეყნის მიმართ? გასული წლის ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის წევრებს მეტი თანამშრომლობისაკენ მოუწოდა „დასავლელი სახელმწიფოების ეგოისტური მოქმედების საპასუხოდ“. ბოლო დროს, ევროპასა და ამერიკას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე განუხრელად ფართოვდება რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა.

„ფუძემდებლური მითი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის შესახებ გაიფანტა“, – ამბობს გიუნტერ მაიჰოლდი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების გერმანული ინსტიტუტის (SWP) დირექტორის მოადგილე „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. მისი თქმით, BRICS-ის გაერთიანება თავისი გეოპოლიტიკური ძლიერების მომენტს განიცდის, მისი წევრები ცდილობენ ისეთი მოდელის შეთავაზებას, რომელიც G7-ის ალტერნატივა იქნება“.

და მაინც, BRICS-ის გეოპოლიტიკურ ძალად გადაქცევის შესაძლებლობა საეჭვოდ მოჩანს: „ამ ორგანიზაციას მოქმედი სისტემის ჩანაცვლების გეგმები არ აქვს“, – ამბობდა გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის (IRIS) დირექტორი ქრისტოფ ვენტურა, – BRICS-ის ჯგუფი სხვა მსგავს კლუბებს და ფორუმებს ჰგავს, რომლის წევრებს თავიანთი ინტერესები აქვთ და თითოეული საკუთარი მიზნის რეალიზებას ცდილობს“.

წყარო

რუსეთში „შიველუჩის“ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლმა ზღვის დონიდან 20 კილომეტრს მიაღწია

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის რეგიონული ფილიალის ცნობით, რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვულკანმა „შიველუჩმა“, რომელიც წუხელ ამოიფრქვა, კვლავ გამოუშვა ვულკანური ფერფლის ღრუბელი და მისმა სიმაღლემ დაახლოებით 12 კილომეტრს მიაღწია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვულკანი „შიველუჩი“ აგრძელებს ამოფრქვევას. თანამგზავრის საშუალებით მოპოვებული მონაცემების თანახმად, ვულკანმა ფერფლის ღრუბელი გამოუშვა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 12 000 მეტრს აღწევდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „შიველუჩის“ ვულკანმა ამოფრქვევა წუხელ დაიწყო, დღეს დილით ვულკანური ფერფლის ღრუბელმა ზღვის დონიდან 20 კმ-ს მიაღწია, რის შედეგადაც ფერფლის ნალექმა 240-დან 400 კილომეტრამდე ფართობი დაფარა.

„შიველუჩი“ კამჩატკას ერთ-ერთი უდიდესი ვულკანია, რომლის სიმაღლე 3283 მეტრია.

“სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქნით ერთი გამაგებინეთ” – თეა გოდოლაძე

რიკოთის მონაკვეთზე ქვათაცვენის ფაქტს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ეხმაურება:

“რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას!

აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს.

თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა,”– წერს თეა გოდოლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ- ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114- კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

“ბიძინა ივანიშვილი 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას” – ადვოკატი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.

აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.

შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული.

აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.

შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.

შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით“, – აცხადებს ადვოკატი.

“ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა – დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში?”

„ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქარხანაში, რომელიც საბრძოლო მასალებს ამზადებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან გიგანტური რობოტი-მანიპულატორები და მაღალტექნოლოგიური დანადგარები განუწყვეტლივ, დღე და ღამ მუშაობენ, რათა კიევის არმიისათვის აუცილებელი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები გამოუშვან. თუ ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც არის ჩაფიქრებული, კომპანია Nammo-ს ქარხანა 2028 წლისათვის წელიწადში 200 ათას ჭურვს დაამზადებს, რაც 20-ჯერ აღემატება ომამდელი წარმოების მოცულობას“, – ნათქვამია ამერიკული გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა. დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში? ალბათ, არა“ (ავტორი – ლარა ჯეიქსი).

 

„დიახ, ჭურვების ეს რაოდენობა არასაკმარისია და მათი დამზადების ტემპიც ნელია. არადა, უკრაინის არმია დღეს აცხადებს რომ მას ყოველთვიურად 250 ათასი 155-მილიმეტრიანი ჭურვი ჭირდება რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად. ფაქტობრივად, უკრაინის მოთხოვნას ჭურვების დამამზადებელი ევროპის 11 ქარხნის ერთობლივი სიმძლავრეც კი ვერ დააკმაყოფილებს“, – წერს ავტორი.

 

„ეს პრობლემა ნატოს ყველა წევრი-ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი: „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ უკვე სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ბევრმა თავისი სამხედრო ხარჯები მინიმუმამდე შეამცირა, რათა უფრო მეტი თანხა სოციალურ სფეროს მოხმარებოდა. ახლა კი, როცა ამერიკა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს იარაღზე უკრაინის არმიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ჩინოვნიკებს და ანალიტიკოსებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა – შეძლებს თუ არა ევროპა გაზარდოს წარმოების მოცულობა თავის სამხედრო-სამრეწველო სექტორში იმდენად, რომ უკრაინას აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს?

 

და როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი უკვე ახლავე უარყოფითია; „ვერ შეძლებს, მოკლევადიან პერსპექტივაში“. ნატოელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უკრაინას იარაღს იმ რეზერვებიდან მისცემენ, რომლებიც ამჟამად მათ საწყობებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, აგრეთვე საზღვარგარეთაც. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ სწრაფად გაზარდონ წარმოების მოცულობა იმ შემთხვევისათვის, თუომი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

„დღეს სამხედრო წარმოება დიდ პრობლემებს აწყდება. ჩვენ გვინდა უკრაინაც დავაკმაყოფილოთ და საკუთარი რეზერვებიც შევავსოთ“, – ამბობს კომპანია Nammo-ს დირექტორი მორგენ ბრანდცეტი, – ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე უფრო ადრე უნდა გვეფიქრა… მაგრამ რას ვიზამთ – რაც მოხდა, მოხდა“.

 

მორგენ ბრანდცეტის აზრით, „ევროპას გრძელი გზის გავლა მოუწევს“, რათა დაარწმუნოს ცალკეული ქვეყნები სამხედრო მრეწველობის აღდგენაში.

მარტში ევროკავშირი დათანხმდა, რომ უკრაინისათვის 2,14 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე 155-მილიმეტრიანი ჭურვები 12 თვის განმავლობაში მიეცა. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის განკარგულებაში უფრო მეტი რეზერვებია და დაფინანსების უფრო ოპტიმიზირებული სქემა აქვს, კიევს უკვე თითქმის ამდენივე რაოდენობის ჭურვს აწვდის, ევროპას კი დიდი ძალისხმევა დაჭირდება თავისი დაპირების შესასრულებლად.

„ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, ჩვენ უკრაინისადმი მიცემულ პირობას ვერ შევასრულებთ“, – თვლის გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

წყარო

„ევროპის ბრძოლის მიზანი სტრატეგიული ავტონომია უნდა იყოს“ – ინტერვიუ ემანუელ მაკრონისთან

ფრანგული ჟურნალი „ლეზ ეკო“ (Les Echos) აქვეყნებს ინტერვიუს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონისთან სათაურით „ევროპის ბრძოლის მიზანი სტრატეგიული ავტონომია უნდა იყოს“. ჟურნალისტი ნიკოლ ბარე ფრანგ ლიდერს ჩინეთში ვიზიტის შედეგებსა და ევროპის პერსპექტივაზე ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

კითხვაზე, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან თქვენი დიალოგის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ ჩინეთისაგან უკრაინასთან მიმართებით?“, ემანუელ მაკრონი პასუხობს:

„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმას აკეთებს, რასაც ჩვენ – კერძოდ, იმას, რომ დღეს სამხედრო მოქმედებების ამინდია და ორივე სიტუაციას ვაკვირდებით. უკრაინას წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, ჩვენ კიევს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ამჟამინდელ მდგომარეობაში მოლაპარაკების დრო არ არის – თუნდაც მომზადებულნი ვიყოთ ამისათვის. ჩინეთთან ჩვენი დიალოგის მიზანი ისაა, რომ ჩვენი მიდგომების კონსოლიდირება მოვახდინოთ: პირველი – ესაა გაეროს წესდების დებულებებისადმი მხარდაჭერა; მეორე – მკაფიო გაფრთხილება ბირთვული პრობლემის თაობაზე. ჩინეთმა უნდა მიიღოს ზომები იმის გამო, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი ბელარუსში განალაგა – თანაც ორიოდე დღის მას შემდეგ, რაც კრემლმა მისი გაუვრცელებლობის ვალდებულება აიღო; მესამე – მკაფიო გაფრთხილება ჰუმანიტარული სამართლის ერთგულებისა და ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით და მეოთხე – სწრაფვა მტკიცე მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკების გზით.

სი ძინპინმა ბევრი ილაპარაკა უსაფრთხოების ევროპულ არქიტექტურაზე, მაგრამ შეუძლებელია ევროპულ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი მანამ, სანამ ევროპაში „გაყინული“ კონფლიქტებისა და დაპყრობილი ტერიტორიების მქონე ქვეყნები არსებობენ. ანუ, როგორც ხედავთ, ამ ყველაფრისაგან ერთი საერთო მატრიცა იქმნება… არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიისათვის პრიორიტეტი? შესაძლოა, არ არის. მაგრამ ეს დიალოგი შესაძლებელს ხდის იმ კომენტარების შერბილებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით – მათში რუსეთის მიმართ ერთგვარი თვითკმაყოფილებაა გამოხატული“.

ტაივანთან დაკავშირებული კითხვაზე, „რამდენადაც ჩინელები ამერიკელებთან კონფრონტაციაში არიან, განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო, ხომ არ განიხილავენ ისინი ევროპას ორ დიდ სახელმწიფოს შორის მოქცეულ პაიკად?“, – საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენი, ევროპელების მთავარი საზრუნავი ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩინეთს ვაჩვენებთ, რომ ევროპა ერთიანია. სწორედ ეს აზრი იყო ჩადებული ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტში. ჩინელებიც შეშფოთებულნი არიან ერთიანობის საკითხით, ტაივანთან დაკავშირებით, რომელიც, პეკინის აზრით, მის ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რატომ მსჯელობენ ასე ჩინელები. ჩვენ, ევროპელებს, ხშირად გვისვამდნენ კითხვას: დაინტერესებულები ვართ თუ არა ტაივანის პრობლემის სწრაფი გადაწყვეტით? არა, არ ვართ დაინტერესებულები. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ევროპელები ამერიკის ტემპებს ავყვეთ ამ საკითხში და ჩინეთი გავაღიზიანოთ“.

„ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავიღვიძოთ. ჩვენი პრიორიტეტი იმაში არ უნდა იყოს, რომ სხვა რეგიონებში მდებარე ქვეყნების დღის წესრიგს შევეწყოთ“, – ხაზს უსვამს ემანუელ მაკრონი. ფრანგი პრეზიდენტის აზრით, „ევროპა ხაფანგში აღმოჩნდება, თუ ის სტრატეგიული ავტონომიის პირობებში მაინც იქნება ისეთ კრიზისებში ჩათრეული ევროპის მიღმა მდებარე ქვეყნების მიერ, რომლებიც მას პირდაპირ არ ეხება. თუ მსოფლიო ორპოლუსიანი იქნება, ჩვენ არანაირი სახსრები არ გვეყოფა ჩვენი ავტონომიის შესანარჩუნებლად, ჩვენ ან რომელიმე პოლუსის ვასალები გავხდებით, ან მესამე პოლუსი უნდა ვიყოთ“.

„მართალია, ევროპის სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში ბევრი რამ იქნა გაკეთებული, მტკივნეულ ადგილად მაინც რჩება საერთო თავდაცვა“, – ამბობს ემანუელ მაკრონი. იმის გამო, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამხედრო წარმოება განუვითარებელია, ისინი იძულებულნი არიან იარაღისათვის ამერიკას და აზიის ქვეყნებსაც კი მიმართონ: „ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, უნდა გავძლიერდეთ“.
ინტერვიუში საფრაგეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში [თხევადი გაზის იმპორტის სახით], უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო რუსულ „ცისფერ საწვავზე“ უარის თქმის გამო.
„ამერიკელებზე ჩვენი დამოკიდებულება და შევზღუდოთ და შევამციროთ, ამის გასაღები ევროპის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებაშია, ასევე ატომური და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების საერთო სტანდარტების შემუშავებაში. რასაკვირველია, ევროპის სტრატეგიული ავტონომია არ ნიშნავს კარჩაკეტილობას და ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან დაახლოებასაც, მაგრამ ევროპას არ სურს დაემორჩილოს ორი ბლოკის დაპირისპირების ლოგიკას“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

„პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ იმ მომენტში, როცა ჩვენ ნამდვილ ევროპულ სტრატეგიულ ავტონომიას ვქმნით, მაინც პანიკური რეფლექსით ვხელმძღვანელობთ და აშშ-ის პოლიტიკას უკან მივყვებით“, – აცხადებს ფრანგი ლიდერი და იქვე ამატებს – „ევროპა რ უნდა იყოს დამოკიდებული დოლარის ექსტერიტორიულ ძალაუფლებაზე“.

წყარო

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.  ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის ორი სარჩელი ერთდროულად შევიდა.

ადვოკატები  მიხეილ სააკაშვილისთვის  სასჯელის გადავადებას და დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვენ.  მეორე სარჩელით კი  მესამე პრეზიდენტის წამებას და მის მიმართ არაადამიანური  მოპყრობის ფაქტებს ასაჩივრებენ.

“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან ვცდილობ, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობა გადავარჩინო” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

“მესამე პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალებზე საუბარს მოვერიდები ანუ რა მოთხოვნებზეა საუბარი და ა.შ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე”

საქმის პოლიტიზირება უნდოდათ, ის ისტერია რაც ვნახეთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან გეგმა A ჩაეშალათ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კვლავ არ გავგრძელოთ საქმის პოლიტიზირება და ისე განვავითაროთ საქმე როგორც ეს მესამე პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩვენ არ ვიტყვით რა არის და რა ფორმით არის საჩივარი და ასევე არ ვიტყვით არის თუ არა 39-ე მუხლის შესახებ საუბარი ამ საჩივარში. მე დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდნეტის გადასარჩენად არის სხვა ღონისძიებებიც დაგეგმილი,”- აცხადებს  ენმ-ს წევრი, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ”- თეონა ჯორბენაძე

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ,” – ამის შესახებ “კონცეპტ art – ის ” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯორბენაძე სოციალურ ქსელის საშუალებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილის მიმართავს.
“შენ უკვე გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე, მალე ალბათ, მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება. უბრალოდ, შენს შემქმნელზე ადევნებასაც ვერ შეძლებ, ის გაგასწრებს აუცილებლად.
როგორ მოექეცი შენს ნიჭს, შვილებს, რის ფასად გიღირს? არ მჯერა, რომ მხოლოდ ლარებმა გადაწონა. იმდენად ღიაა უკვე შენი ტროლობა, რომ „გასაშავებელი“ არტისტების სიას აღარც მალავ, პირდაპირ შეგაქვთ სტუდიაში რომელიმე რომ არ გამოგრჩეთ. გუშინდელი ეთერის შემდეგ შექება დაიმსახურე თუ დღეს გადაუგზავნიან?
მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში Postv-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილსწამებენ?
არხი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენის ფონდ „იავნანას“ დარბევით გაიხსნა! ეს იყო მათი პირველი მაშტაბური მავნებლობა, რის შემდეგაც დააჯილდოვეს ბიუჯეტით და ონლაინ სივრციდან ტელევიზიად გახადეს. ინვესტიცია ჩაიდო სიძულვილის და სიცრუის პროპაგანდაში და ყოველი ვიზიტი მათთან სწორედ ამ სიბოროტის ხელშეწყობაა.
გუშინ მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, ხვალ თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგდგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
Ps. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ შალვა რამიშვილი როცა დაიჭირეს და 202 უპატრონოდ დარჩა მე და მაკა რაზმაძე სრულიად უანგაროდ, არხი რომ არ გაჩერებულიყო, საეთეროს არ მოვშორებივართ. შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით „დარდუბალა 2“. მართლაც სარისკო იყო იმ დროს ბევრი რამ და შალვა ღია ხაზით შენ იმედზე ვარო ციხიდან მირეკავდა :))) ჩემთვის მთავარი მოტივი მაშინაც უსამართლობასთან უგუებლობა იყო და დღესაც!
როდესაც ჩემი და მრავალი საამაყო ქართველი თუ უცხოელი არტისტის აშენებული სიკეთის სახლის „იავნანას“ დარბევა დაევალა ვერ დავიჯერე, ვურეკავდი და სატელეფონო ზარებსაც კი დაემალა.. მანამდე მეგონა, რომ ცუდი ტიპის როლის თამაში არავის უნდოდა და მას ეს ნიღაბი რაღაც გამოწვევად მიაჩნდა. დღეს უკვე ვიცი, მისი თანამონაწილეობით ცხოვრებაში გადმოტანილი „დარდუბალა 3“ რა ფინალით დაუსრულდება,” – წერს თეონა ჯორბენაძე.