Home Blog Page 2239

“ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს”

ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოზიციას ითვალისწინებს, ყურადღებას იმსახურებს და რუსეთი მზად არის მას მოუსმინოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო ინიციატივების კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერი იდეა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას იმსახურებს და უნდა განვიხილოთ. რუსეთი მზად არის ამისთვის. ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უკრაინის კონფლიქტის წახალისების ნაცვლად საუბარი მის მოგვარებასთან დაკავშირებით უნდა დაიწყონ. მან მოუწოდა ქვეყნებს, რომლებიც მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტში ჩართულები არ არიან, აიღონ პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების წინსვლაზე და რუსეთს მიაწოდონ „მინიმალური პირობები“ ამ კონფლიქტის დასასრულებლად. გარდა ამისა, ლულა და სილვამ წამოაყენა ინიციატივა, უკრაინაში არსებული სიტუაციის განსახილველად „დიდი ოცეულის“ მსგავსი ფორმატი შეიქმნას.

“პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი”

ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, რა ღირებულებების ქვეყანა უნდა გახდეს მათი დემოკრატიული ოჯახის წევრი, – ამის შესახებ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩარკვიანი გამოეხმაურა სხდომაზე მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„დავიჯერებდი ბატონი მათიკაშვილის გაღიზიანებას ზოგიერთი ყოფილი ჩინოსნის მიმართ, კერძოდ, გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით რომ არ მოსწონდეს ის მურუსიძე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ზუსტად იმ გირგვლიანის თემაზე, რომელიც მაშინ იყო რიგითი და დღეს არის უპირველესი კაცი სასამართლოში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მოსამართლეების მიმართ სანქციები ხელისუფლებისთვის მისანიშნებლად დაწესდა, რომ ამ ტიპის სასამართლოთი და არადასავლური ღირებულებებით ვერ მიიღებს ქვეყანა ევროკავშირის სტატუსს.

„ეს ყაჩაღთა თავშესაფარი შეიძლება იყოს, ტერორისტული ქვეყნის ჰაბი თუ რა წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს ეს შესანიშნავი სამოთხე, რომელიც დღეს არასამართლებრივ ქვეყანაში ჯოჯოხეთად იქცა“, – განაცხად ჩარკვიანმა.

ისნის რაიონის გამგეობა ვაზისუბანში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა, “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ვაზისუბნის მე-2 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

მუჯირიშვილის ქ. N10-ის, შირაქის ქ. N3-ის, ქეთევან დედოფლის გამზირი N63ც-სა და დედოფლისწყაროს ქ. N68-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამუშაოების საერთო ღირებულება 116 695 ლარია. კორპუსებში წყალარინების შიდა და გარე ქსელი გამოიცვლება და ცენტრალურ ქსელზე დაერთდება, ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის ჭები, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ისნის რაიონის გამგეობა, მიმდინარე წელს, მსგავს პროექტს საჭიროების მიხედვით, რაიონის მასშტაბით სხვადსხვა მისამართზე განახორციელებს.

“209 უსახურ ნაგებობაზე სამხარაულის ექსპერტიზაში დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია” – ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია და მათგან 17 შენობა პროცესირებულია.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაზღვრულია მოქმედებები, რომლებიც უსახური შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებული პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამისად განხორციელებას ხელს უწყობს და საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებულია.

„უსახურ შენობებთან დაკავშირებით, განკარგულების გამოცემის დღიდან, პროცესი დაწყებულია. როგორც მუნიციპალურ და სახელმწიფო საკუთრებაში, ისე კერძო საკუთრებაში არსებული შენობები, რომლებსაც რეაბილიტაცია ან დემონტაჟი სჭირდება, იდენტიფიცირებულია. პროცედურულად პირველი ეტაპი დაწყებულია, რაც შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მიღებას გულისხმობს. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება თითოეული შენობის პრივატიზებასა თუ დემონტაჟთან დაკავშირებით, ასევე, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც როგორც უსაფრთხოების, ისე იერსახის თვალსაზრისით, მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

დღეის მდგომარეობით, 209 უსახურ ნაგებობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზაში შესაბამისი დასკვნებისთვის დოკუმენტები გაგზავნილია. უკვე დაპროცესებულია 17 შენობა, რომლებიც ექსპერტიზის სხვადასხვა ეტაპზე არიან. ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო ამ პროცესში ჩართულები არიან და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროგრამის ფარგლებში კონკრეტული პროგრესი არსებობს. განსაზღვრულია ის მოქმედებებიც, რაც ხელს შეუწყობს პროექტის არა მხოლოდ ეფექტიან, არამედ კანონთან შესაბამის განხორციელებასაც. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ პროექტი კანონს არ შეესაბამება, რეალობას მოკლებული, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

“გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი კეზერაშვილი ევროპაში პენსიონერების ძარცვაშია ეჭვმიტანილი”- იაგო ხვიჩია

ერთი მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებული მოსამართლეებით ამაყობს და მეორე მხრივ, გვყავს ოპოზიცია, რომლის მთავარი დონორი არის ევროპაში პენსიონერების ძარცვაში ეჭვმიტანილი და ჯერ არ ვიცით როგორ მორჩება ეს ამბავი, – ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატის ვარაუდით, კეზერაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ასეთი ქსელი არსებობდა, ეს ქსელი შეუძლებელია არსებულიყო საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე. შესაძლოა, საქმე გვქონდეს შეთანხმებულ ქმედებასთან ხელისუფლებასა და ბატონ კეზერაშვილს შორის. რა შეიძლება იყოს ასეთ შეთანხმების და გარიგების საგანი? რაზე შეიძლება შეუთანხმდე, როცა ხელისუფლებაში ხარ ოპოზიციის მთავარ დონორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ევროპაში პენსიონერების ძარცვა? მე მინდა თვალი გავახილოთ და დავინახოთ, რომ თუ გვინდა იმ უპირატესობის გამოყენება, რომელიც სანქცირებული მოსამართლეების ძმაკაცობაში გამოიხატება, ამისთვის საჭიროა ოპოზიცია იყოს ერთგვარად განწმენდილი და ის არ იყოს დამოკიდებული კეზერაშვილის ფულზე და არსებობდეს ადამიანი, რომელიც ღიად გამოვა და მოჰყვება 2016 წლის ბატალიებს. ჩვენ მოწმე გვჭირდება, რომელიც ახსნის „ქართული ოცნების“ და მაშინდელი ოპოზიციის ურთიერთობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ტვ „ფორმულაში“ არეულობა და წივილ-კივილი აწი ნახეთ” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.

„ტვ „ფორმულაში” არეულობა და წივილ-კივილი აწი ნახეთ თქვენ, მშიერმუცელა მონები რომ დაიწყებენ კეზერაშვილის 50% იანი წილის გაყოფაზე წეწვა – გლეჯას და ერთმანეთის თავპირის მტვრევას…“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობა „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

“სხვა მოსამართლეებიც გამოიკვეთებიან, ვისაც ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა”- ლევან ხაბეიშვილი

დარწმუნებული ვარ, გამოიკვეთებიან სხვა მოსამართლეებიც, ვისაც შემდეგ ეს ოთხი მოსამართლე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა ან ზეწოლას ახორციელებდა. ამიტომ, ამ ადამიანების მიერ გამოტანილი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა იყოს თავისუფალი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია  – სასამართლო.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩამოთვალა ოთხი სახელი და გვარი და დაასანქცირა: ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია და ცერცვაძე და განმარტა, რომ საუბარია ღამის ზარებზე, კორუფციაზე, აღებ-მიცემობაზე, შანტაჟსა და მუქარაზე. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად არ თქვა ის, რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე ერთმანეთს ურეკავენ და ერთმანეთზე ახორციელებენ ზეწოლას, ანუ არსებობენ გარეშე პირები, მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, მაგალითად, პროკურორი შოთაძე ან „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ან  გრიგოლ ლილუაშვილი, ვისაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს მოსამართლეებზე. ანუ ამერიკელებმა ის კი არ თქვეს, რომ ეს ოთხი მოსამართლე ერთმანეთს აშანტაჟებს ან ერთმანეთს ურეკავს, რომ კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩაერიონ, არამედ მათ თქვეს, რომ ასეთი დანაშაულები არსებობს“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

“სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში”- ალუდა ღუდუშაური

საქართველოს პატრიარქის ეპისტოლე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ,როგორც ყოველთვის, იყო ძალიან დიდი სიბრძნით განმსჭვალული. აქ კანტიკუნტად ლაპარაკობდნენ ადამიანები შეწყალებაზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ, თუ რა აზრი გამოიტანეს ამ ყველაფრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლედან რამდენიმე გზავნილზე ისაუბრა.

„ადამიანები, რომლებიც საუბრობენ სამართლიანობაზე, სასამართლოზე, ბიზნესზე, ყველაფერ იმაზე, რასაც ცოცხებით და ყავარჯნიანი კაცით აკეთებდნენ, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, აკეთებთ ერთადერთ რამეს, რის გამოც გეძახით რადიკალებს. ქვეყანაში სიტუაცია როგორც კი მოგცემთ საფუძველს და საშუალებას, რომ თავი გამოამჟღავნოთ, გამოვარდებით და კადრულობთ ყველაფერს. თქვენ ხართ ის, ვინც არაფერს აკეთებს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, მაგრამ აკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეპისტოლეში არის დეპოლარიზაციაზე საუბარი და გამოდიხართ კოლექტიური ქურქუმალები და საუბრობთ იმაზე, რომ თურმე ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. რა უფლებით საუბრობთ ამაზე?! ერთი თქვენი გაკეთებული საქმე – წამოდექით რომელიმე და თქვით, რომ აი, ეს გავაკეთეთ. მაგრამ აკეთებთ განცხადებებს ღიად, რომ ქართული სახელმწიფო არ იმსახურებს ამას იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. თქვენთვის ქვეყნის პროგრესი და წინსვლა აღიქმება პოლიტიკურ კრახად. აი, ეს არის მთავარი წყალგამყოფი, რომ თქვენ ქართველ ხალხთან არასდროს დგახართ და ქართველ ხალხს განიხილავთ მხოლოდ საშუალებად ბიზნესის ტერორის, შევიწროების, ჩაგვრის, აბუჩად აგდების“, – მიმართა ალუდა ღუდუშაურმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავინ მისცემს საშუალებას, ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

„რაც არ უნდა გააკეთოთ, სულ რომ ყირაზე გადახვიდეთ, ჩვენ, ქართველი ხალხი არ მოგცემთ საშუალებას, რომ დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და ატეროროთ ეკლესიიდან დაწყებული ბიზნესი და ქართული საზოგადოება“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

“კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული”

სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქართულმა საგამოძიებო სამსახურებმა გერმანელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც გამოძიებული, გახსნილი იქნა – ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი – პირველ რიგში, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული მასშტაბის, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც, თითქმის ერთი მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ბოლო ერთი წელია, მუდმივად ისმოდა ბრალდებები რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც თავად ფინანსდებოდა და ფინანსდება ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არამხოლოდ სამარცხვინო, არამედ შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც ერთობლივად იყო გაწეული და ჩვენ ჩვენი მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო გამოძიების, საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი კეზერაშვილი, უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც რა თქმა უნდა, კატასტროფულია და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელმაც ჯერ ჯარი გაძარცვა, შემდეგ ბიზნეს ატერორებდა, ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით, არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა, მისმა კომპანიამ გაძარცვა პენსიონერები – მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როცა ჩვენი ე.წ. რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, მინდა ჩვენ ევროპელ მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

BBC-ის საგამოძიებო მასალის ავტორი წლების განმავლობაში ცდილობს, შემილახოს საქმიანი რეპუტაცია- დავით კეზერაშვილი

BBC-ის ჟურნალისტის მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც დავით კეზერაშვილი აცხადებს, „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებული მასალით მას საქმიანი რეპუტაცია შეელახა.

კეზერაშვილის თქმით, სასამართლოს წესით აპირებს, დაამტკიცოს საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა.

„პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი  ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს. ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება: ტყულია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა. ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან…“; „რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშირებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“.თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ. ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“.

ტყუილია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები. მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს.    მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით – მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი – ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია,  პასუხს ვერაფერზე ვაგებ.

როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს. რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები.

ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემს მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია ,,ფორმულა” თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. „ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც – ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები – უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.

აქვე, პასუხი კითხვაზე – ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ შესაძლოა ბევრ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.

მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია). გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილი წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც  გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ” – პრემიერი

ქალაქების და კურორტების განვითარების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას ვიწყებთ, რომელიც 5 წლიანი იქნება და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება.

„მე მინდა რამდენიმე საკითხზე გავაკეთო კომენტარი და გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც დღეს ოფიციალურად დავიწყებთ, დავაანონსებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ორი წლის წინ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროგრამა. 63 მუნიციპალიტეტში ჩატარდა აღნიშნული სამუშაოები, განახლდა ცენტრები, მოეწყო სკვერები და ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნა ჩატარებული. ამ პროგრამისთვის გახსოვთ, რომ ჩვენ 500 მილიონი ლარი გამოვყავით, ჯერ კიდევ გრძელდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა და ახლა ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, რომელიც იქნება 5 წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი. ჩვენ ამ მიზნით გვაქვს უკვე გამოყოფილი წელს 200 მილიონი ლარი. შერჩეული გვაქვს 11 მდებარეობა, ლოკაცია, მე მინდა გაცნობოთ ამის თაობაზე: ეს არის ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ ძალიან მალე, ამის თაობაზე უფრო მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად, შემუშავდება კონცეფციები, მუნიციპალური განვითარების ფონდი დაიწყებს მუშაობას აქტიურად ამ პროგრამის განხორციელებაზე, შევარჩევთ საუკეთესო არქიტექტორებს, მშენებლებს. ჩაუტარდება შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ასევე, ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, განახლდება, ისევე როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და ახალი ტურისტული ატრაქციები შეიქმნება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა ეტაპობრივად გარდავქმნათ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს კარგად მოვლილი, განვითარებული, ლამაზი სახელმწიფო, ქალაქები, რაიონები, სოფლები. აი ეს არის ჩვენი გეგმა. როგორც მოგახსენეთ, 200 მილიონი ლარი გამოიყოფა წელსვე, სამუშაოებს დაიწყებს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ძალიან მალე ვიხილავთ შედეგებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას”

ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ახალი აეროპორტის პროექტზე.

„მინდა მოკლე განახლებული ინფორმაცია მოგახსენოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე.

ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია.

და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ”, – განაცხადა პრემიერმა.