Home Blog Page 2238

“ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია” – თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანს

მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს, – ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი კელი დეგნანის განცხადებას სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის თქმით, ამ საკითხზე ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, ამერიკული მხარის მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწეს. აღნიშნული მოსამართლეების დასანქცირება ეფუძნება არა ფაქტებს, არამედ საელჩოს და საკუთრივ, კელი დეგნანის წარმოდგენებს ამ მოსამართლეებზე.

ქართული მხარის არგუმენტირებული მოთხოვნა საკითხის ირგვლივ წარმოდგენილ იქნეს მყარი, დადასტურებული მტკიცებულებები, საელჩოს მხრიდან უპასუხოდ დარჩა. ქართული მხარის მიერ მტკიცებულებათა მოთხოვნის გადასაფარად, მათი მხრიდან მხოლოდ გაკვრით გაკეთდა განცხადება, რომ მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიიღეს დასანქცირების გადაწყვეტილება. ანუ საკითხზე „საფუძვლიანი“ მიმოხილვის დროს საელჩოს არ გახსენებია ქართულ მხარესთან, აუცილებელი ურთიერთობა, ქართული სახელმწიფოს ამ პროცესში ჩართვის აუცილებლობა.

მტკიცებულებების წარმოდგენა, საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ ის პროცესი რომლითაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მართლმსაჯულების აღსრულებას, მათ უბრალოდ ფეხზე დაიკიდეს.

საელჩომ ამ პროცესში არ ცნო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი და მხოლოდ მის მიერ მოსამართლეთა დასანქცირების შემდეგ მოუწოდა ხელისუფლებას, გამოიძიოს მის მიერ წარმოდგენილი ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის ქართული სახელმწიფოს დაცინვა, მართლმსაჯულების პრინციპებზე ფეხით გადავლა, ქართული კანონის დაკნინება.

ძვირფასო ელჩო, ჩვენ არ ვართ კოლონია, ვიმსახურებთ კანონზე კანონით საუბარს და ეს უნდა გესმოდეთ“, – მიმართავს კელი დეგნანს თამთა მეგრელიშვილი.

https://www.facebook.com/tamta.megrelishvili/posts/pfbid02XzxF3s7UFwJPJH3nfBwVYLGJVuVVmQn8ARMwfvsgxY53UtEB1oEbEpvEVGqxPkBHl

“12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა, ახლა აღარ მუშაობს”

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართავს.

ქადაგიძის თქმით, თუკი აქამდე საქართველოს „კეთილის მსურველები“ კულისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ.

„მადლობა ქალბატონო დეგნან, რომ ასე ღიად, გახსნილად და თვალნათლივ გვანახებთ პროცესებს. რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, რომ კულისებიდან მიმდინარეობს კონკრეტული რადიკალური დღის წესრიგის შექმნა, ახლა ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ და იმ მოჩვენებით დიპლომატიურ ჩარჩოებსაც გასცდნენ, ჩვენი „კეთილის მსურველები“, რასაც ადრე არ იმჩნევდნენ. თუ მანამდე, „ისფედის“ გაყალბებულ დათვლებს არ იმჩნევდნენ, თუ გამჭვირვალობაზე კანონპროექტს „რუსულად“ ლომჯარიას ანათლინებდნენ, ახლა პირდაპირ გამობრძანდა ელჩი და მოგვიწოდა საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ანუ, ამერიკის საელჩოში დაიგეგმა კონკრეტული პროცესი, რასაც ორი გათვლა აქვს: 1) სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია. 2) გამარგინალებული მართლმსაჯულების მქონე ქართული სახელმწიფოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უპერსპექტივობა. ორივე გათვლა, ერთ მიზანს ემსახურება: პოლარიზაციის ისეთი მასშტაბების მიღწევას, რომლის შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსს მისცემს! P.S. 12 პუნქტი, დეპოლარიზაცია და ა.შ. ლირიკაა, რომელიც ადრე მუშაობდა. ჰო და ახლა აღარ მუშაობს, ამიტომაც ჩვენი „კეთილის მსურველები“ ღია კონფრონტაციაზე გადავიდნენ. კიდევ ერთი – ეს პროცესი თუ შედეგს არ მოუტანთ, მალე დაიწყება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ვაჭრობა!“ – წერს ქადაგიძე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0ZQKGi5HjKyHZagtL6KL7scXCRYBtTm4FEwzLWEMAFxVkDVo4xHx6WKdCuKXLkGxwl&id=100086327117582

 

“საბოლოო ჯამში, მგონი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ”-კობახიძე

საქმე როცა ეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია სჭირდება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია, მაგალითად, იმისა, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ფორმით შეიძლება გამოჰკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„ათი წელია გასული ამ დანაშაულების ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.

საქართველოს რკინიგზა ავტომობილების გადაზიდვებს იწყებს

საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

საქართველოს რკინიგზის ცნობით, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.

„აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ. მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარული გახდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

“ამერიკა ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში.

“ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ასე რომ, სასარგებლო არასდროს არ არის, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, როგორც არაერთხელ ვთქვით, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში – განაცხადა კელი დეგნანმა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტი 24.7 %-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.7 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 52.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით შემცირდა და 766.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 141.4 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 123.4 მლნ. აშშ დოლარითა და თურქეთი – 93.4 მლნ. აშშ დოლარით.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში 205.6 მლნ. აშშ დოლარით პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები , აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 81.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 56.3 მლნ. აშშ დოლარით.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მორიგი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ერთხმად ცნო დასაშვებად

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას მოჰყვება გადაწყვეტილება.

საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.

სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს წარადგინა. ეს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორისი მეოთხე განაცხადია.

“წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება” – ირაკლი ბენდელიანი

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 24-საათიან რეჟიმში წარიმართება და ის 2024 წლის იანვარში დასრულდება.

როგორც ბენდელიანი განმარტავს, დაწყებულია „დიდუბის ხიდის“ რეაბილიტაციაც, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

„დღეს დავიწყეთ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების სრულად შეცვლას. რეაბილიტაციის ფარგლებში ფაქტობრივად მთლიანი გამზირი განახლდება. როგორც აღვნიშნე, კომუნიკაციები სრულად შეიცვლება, საჰაერო სადენების მიწის ქვეშ განთავსება, ასევე გარე განათების ბოძების მონტაჟი მოხდება. ასევე გამწვანებული თარგები და მიწისქვეშა ურნები მოეწყობა. ამ პროექტთან ერთად, პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. რაც შეეხება სამუშაოების ვადებს, ხიდის ნაწილში სამუშაოები დაგეგმილი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდეს, ხოლო წერეთლის გამზირის ნაწილში, მომდევნო წლის იანვრის თვეში. რეაბილიტაციის ფარგლებში ჩართული არის მერიის მიერ დაქირავებული რამდენიმე კომპანია. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები, ვინაიდან მათ საკუთრებაში არსებული ქსელების სრულად შეცვლა და განახლება უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, წერეთლის გამზირის ბიუჯეტი 28 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო ხიდის ნაწილში ეს არის 4 200 000 ლარი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები 24 საათის განმავლობაში წარმოებდეს და ასეც გვაქვს დაგეგმილი, რადგან სამუშაოები იმ ვადებში დასრულდეს, რაც მოსახლეობისთვის გვაქვს ნათქვამი. ამიტომ, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდეს რეაბილიტაცია, რა თქმა უნდა, ღამის განმავლობაში სამუშაოები მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი იქნება“, – განაცხადა ბენდელიანმა.

ქუთაისში „თიბისი კონცეპტი“ საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებს მასპინძლობს

ქუთაისში „თიბისი კონცეპტი“ საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ.

როგორც „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.

„ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი „იმერეთის” სამგანზომილებიან მაკეტს.

მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე. მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის. მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე. შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

“იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური” – ირაკლი ღარიბაშვილი

იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და ტოლერანტობის ცენტრი.

„გულითადად გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას მოგახსენებთ იფთარზე მობრძანებისთვის. მე განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ჩემს მეგობრებს, ჩვენი ძვირფასი მუსლიმი თემის სულიერ ლიდერებს. მინდა ყველა მუსლიმს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცო რამადანის წმინდა თვე.

ბატონმა ზაზამ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობის და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთმანეთის რწმენას, ტრადიციას, კულტურას განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. ეს არის საგანძური, რითაც ჩვენ, ყველანი, ვამაყობთ. ეს ჩვენი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ეს მემკვიდრეობა, ეს ჩვენი საგანძური შეინარჩუნოს, განამტკიცოს და გადასცეს მომავალ თაობას. ჩემო ძმებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და, მე ვიტყოდი, ტოლერანტობის ცენტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც.

„მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც. ამ მიწაზე ძმურად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, თანაარსებობენ, ძმობენ სუნიტები და შიიტები, ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ინგუში მუსლიმები. მე არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ეს არის ერთი მთლიანი მუსლიმი თემი, დიდი ოჯახი, რომელიც აძლიერებს ჩვენს საერთო, დიდ ოჯახს, საქართველოს.

ერთ მუსლიმ თემად ყოფნა მართლაც უნიკალურია და შეიძლება იყოს მისაბაძი მაგალითი, მოვლენა თანამედროვე მსოფლიოში. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც შრომისმოყვარეობითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამორჩეულ თქვენს თემს შეაქვს ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.

ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რომ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა რელიგიის სააგენტო. ჩვენ მას შემდეგ ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება ჩავატარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაწყდა, და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. რელიგიის სააგენტოს შექმნის დღიდან, მუსლიმი თემისთვის გადაცემულია 228 მეჩეთი და დაახლოებით 70-მდე მეჩეთის გადაცემა დარჩენილია. ამას ეტაპობრივად, ძალიან მალე დავასრულებთ.

ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს აჭარაში ჩვენ კარგი ცენტრი დავაარსეთ მუსლიმი თემისთვის, ახლა ჩვენ თბილისში გადავეცით მიწა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი.

იფთარს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.

„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო  და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილს და  მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“.

„აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახედ და ზომად 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.