“იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური” – ირაკლი ღარიბაშვილი

66
spot_img

იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობისა და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და ტოლერანტობის ცენტრი.

„გულითადად გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას მოგახსენებთ იფთარზე მობრძანებისთვის. მე განსაკუთრებული პატივისცემით მინდა მივესალმო ჩემს მეგობრებს, ჩვენი ძვირფასი მუსლიმი თემის სულიერ ლიდერებს. მინდა ყველა მუსლიმს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს მივულოცო რამადანის წმინდა თვე.

ბატონმა ზაზამ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ ეს ტრადიცია რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, რომელსაც წარმატებით ვაგრძელებთ. იფთარის აღნიშვნა არის ჩვენი ერთობის, ჩვენი ძმობის და მეგობრობის კიდევ ერთი დასტური. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთმანეთის რწმენას, ტრადიციას, კულტურას განსაკუთრებულ პატივს ვცემთ. ეს არის საგანძური, რითაც ჩვენ, ყველანი, ვამაყობთ. ეს ჩვენი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ამიტომ, ყოველი ხელისუფალი არის ვალდებული, რომ ეს მემკვიდრეობა, ეს ჩვენი საგანძური შეინარჩუნოს, განამტკიცოს და გადასცეს მომავალ თაობას. ჩემო ძმებო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ისტორიულად მშვიდობიანი, რელიგიური თანაცხოვრების, თანაარსებობის ქვეყანა და, მე ვიტყოდი, ტოლერანტობის ცენტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც.

„მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მუსლიმი თემის ერთობის თვალსაზრისითაც. ამ მიწაზე ძმურად, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, თანაარსებობენ, ძმობენ სუნიტები და შიიტები, ქართველი, აზერბაიჯანელი, ქისტი, ინგუში მუსლიმები. მე არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ეს არის ერთი მთლიანი მუსლიმი თემი, დიდი ოჯახი, რომელიც აძლიერებს ჩვენს საერთო, დიდ ოჯახს, საქართველოს.

ერთ მუსლიმ თემად ყოფნა მართლაც უნიკალურია და შეიძლება იყოს მისაბაძი მაგალითი, მოვლენა თანამედროვე მსოფლიოში. მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც შრომისმოყვარეობითა და ქვეყნისადმი ერთგულებით გამორჩეულ თქვენს თემს შეაქვს ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებაში.

ბატონმა ზაზამ აღნიშნა, რომ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შეიქმნა რელიგიის სააგენტო. ჩვენ მას შემდეგ ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება ჩავატარეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადაწყდა, და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება. რელიგიის სააგენტოს შექმნის დღიდან, მუსლიმი თემისთვის გადაცემულია 228 მეჩეთი და დაახლოებით 70-მდე მეჩეთის გადაცემა დარჩენილია. ამას ეტაპობრივად, ძალიან მალე დავასრულებთ.

ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს აჭარაში ჩვენ კარგი ცენტრი დავაარსეთ მუსლიმი თემისთვის, ახლა ჩვენ თბილისში გადავეცით მიწა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი.

იფთარს აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.