როგორც ცნობილია, 21 აპრილს, ფრანგული ტელაერხის LCI-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლიუ შაიემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების სუვერენიტეტი საეჭვოა და სრულყოფილი არ არის.
ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ («Le Monde») დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია 80-მდე ევროპარლამენტარის წერილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონასადმი, რომელშიც დეპუტატები ფრანგული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებენ პასუხი გასცეს ჩინეთის ელჩის ასეთ გამოხდომას. პუბლიკაციის სათაური ასეთია: „მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“.
გთავაზობთ სრული სახით:
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ კატრინ კოლონას.
ჩვენ, ევროკავშირის პარლამენტის წევრები, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მოწოდებას საფრანგეთის მთავრობისადმი, რათა მიიღოთ ზომები ჩინეთის ელჩის, ბატონ ლიუ შაიეს მიერ პარასკევს, 21 აპრილს, ტელეარხ LCI-ის ეთერში გაკეთებულ გამონათქვამის გამო, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც განხილული უნდა იქნეს როგორც საფრანგეთის პარტნიორ ევროპელი ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ გამოხატულ მუქარად.
ელჩმა ლიუ შაიემ საჯაროდ განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ გააჩნიათ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამტკიცებს, რომ „არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მათი [დამოუკიდებელი] სტატუსის მატერიალიზებას მოახდენს“. ასეთი კომენტარები დასაშვები დიპლომატიური დისკურსის ჩარჩოებს სცილდება. საქმე ეხება [ჩინეთის ლიდერის მიერ შემოღებულ] ე.წ. „მგლური დიპლომატიის“ კულმინაციურ მომენტს, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.
გარდა იმისა, რომ ჩინეთის ელჩი გამონათქვამი ქვეყნებისა და ხალხების ისტორიის, კულტურისა და ფუძემდებლური ფასეულობების ღრმა შეურაცხყოფას წარმოადგენს, ის მიმართულია იმ პრინციპების ძირის გამოთხრისაკენ, რომლებსაც პროგნოზირებადი დიპლომატიური ურთიერთობა ემყარება. ჩინეთს – ისევე როგორც ყოველ ნებისმიერ სახელმწიფოს – არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, რომელიც დიპლომატიური სათამაშო არ არის. სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.
იმ დროს, როცა ევროპაში ომი ბობოქრობს, როცა ვხედავთ რუსეთის აგრესიას, მიმართულს მისი მეზობლის – უკრაინის წინააღმდეგ, უკიდურესად აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი მტკიცე სიგნალი გაუგზავნოს ავტორიტარულ სახელმწიფოებს, ჩვენი მოკავშირეების დაცვის მიზნით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთის ელჩი ლიუ შაიე აღმაშფოთებელ და სკანდალურ, დამამცირებელ გამონათქვამებს აკეთებს. ამას წინათ მან განაცხადა, რომ როგორც კი ტაივანი ჩინეთის კონტროლქვეშ გადავა, კუნძულის მოსახლეობა „ხელახლა იქნება აღზრდილი“.
ახლო წარსულში საფრანგეთის მთავრობამ სწრაფად მიიღო ზომები იმ დიპლომატების გასაძევებლად, რომლებიც მსგავს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ. სწორედ ამ პრეცედენტების გათვალისწინებით, გთხოვთ ელჩი ლიუ შაიე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოთ, მისი სრულიად მიუღებელი საქციელის საპასუხოდ.
ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადადგამთ ამ ნაბიჯებს საფრანგეთის ვალდებულების ხაზგასასმელად იმ ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს არა მარტო ევროპელ, არამედ სხვა პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიდგომას.