Home Blog Page 2226

„მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“

როგორც ცნობილია, 21 აპრილს, ფრანგული ტელაერხის LCI-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლიუ შაიემ აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი სახელმწიფოების სუვერენიტეტი საეჭვოა და სრულყოფილი არ არის.

ფრანგული გაზეთის „ლე მონდის“ («Le Monde») დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულია 80-მდე ევროპარლამენტარის წერილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კატრინ კოლონასადმი, რომელშიც დეპუტატები ფრანგული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელს მოუწოდებენ პასუხი გასცეს ჩინეთის ელჩის ასეთ გამოხდომას. პუბლიკაციის სათაური ასეთია: „მადამ კოლონა, გთხოვთ ჩინეთის ელჩი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადოთ“.

გთავაზობთ სრული სახით:

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქალბატონ კატრინ კოლონას.

ჩვენ, ევროკავშირის პარლამენტის წევრები, მოგმართავთ თხოვნით, რომ ყურადღება მიაქციოთ ჩვენს მოწოდებას საფრანგეთის მთავრობისადმი, რათა მიიღოთ ზომები ჩინეთის ელჩის, ბატონ ლიუ შაიეს მიერ პარასკევს, 21 აპრილს, ტელეარხ LCI-ის ეთერში გაკეთებულ გამონათქვამის გამო, რომელიც აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს და რომელიც განხილული უნდა იქნეს როგორც საფრანგეთის პარტნიორ ევროპელი ქვეყნების უსაფრთხოების მიმართ გამოხატულ მუქარად.

ელჩმა ლიუ შაიემ საჯაროდ განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ გააჩნიათ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ამტკიცებს, რომ „არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მათი [დამოუკიდებელი] სტატუსის მატერიალიზებას მოახდენს“. ასეთი კომენტარები დასაშვები დიპლომატიური დისკურსის ჩარჩოებს სცილდება. საქმე ეხება [ჩინეთის ლიდერის მიერ შემოღებულ] ე.წ. „მგლური დიპლომატიის“ კულმინაციურ მომენტს, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

გარდა იმისა, რომ ჩინეთის ელჩი გამონათქვამი ქვეყნებისა და ხალხების ისტორიის, კულტურისა და ფუძემდებლური ფასეულობების ღრმა შეურაცხყოფას წარმოადგენს, ის მიმართულია იმ პრინციპების ძირის გამოთხრისაკენ, რომლებსაც პროგნოზირებადი დიპლომატიური ურთიერთობა ემყარება. ჩინეთს – ისევე როგორც ყოველ ნებისმიერ სახელმწიფოს – არ აქვს უფლება ეჭვქვეშ დააყენოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, რომელიც დიპლომატიური სათამაშო არ არის. სუვერენიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.

იმ დროს, როცა ევროპაში ომი ბობოქრობს, როცა ვხედავთ რუსეთის აგრესიას, მიმართულს მისი მეზობლის – უკრაინის წინააღმდეგ, უკიდურესად აუცილებელია, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არაორაზროვანი, ერთმნიშვნელოვანი მტკიცე სიგნალი გაუგზავნოს ავტორიტარულ სახელმწიფოებს, ჩვენი მოკავშირეების დაცვის მიზნით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთის ელჩი ლიუ შაიე აღმაშფოთებელ და სკანდალურ, დამამცირებელ გამონათქვამებს აკეთებს. ამას წინათ მან განაცხადა, რომ როგორც კი ტაივანი ჩინეთის კონტროლქვეშ გადავა, კუნძულის მოსახლეობა „ხელახლა იქნება აღზრდილი“.

ახლო წარსულში საფრანგეთის მთავრობამ სწრაფად მიიღო ზომები იმ დიპლომატების გასაძევებლად, რომლებიც მსგავს არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ. სწორედ ამ პრეცედენტების გათვალისწინებით, გთხოვთ ელჩი ლიუ შაიე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადოთ, მისი სრულიად მიუღებელი საქციელის საპასუხოდ.

ვიმედოვნებთ, რომ თქვენ გადადგამთ ამ ნაბიჯებს საფრანგეთის ვალდებულების ხაზგასასმელად იმ ფუნდამენტური ღირებულებებისადმი, რომლებიც გვაერთიანებს არა მარტო ევროპელ, არამედ სხვა პარტნიორებთან, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მიდგომას.

წყარო

პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად

პოლონეთის ყოველდღიურ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) დაბეჭდილია სტატია სათაურით „პოლონეთის ორეროვნულობა: ტოტალური დემოგრაფიული ტრანსფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად“ (ავტორი – მიხალ შულჯინსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთ მოულოდნელ შედეგს პოლონეთში უკრაინული უმცირესობის სრული დემოგრაფიული ტრანსფორმაცია წარმოადგენს.

კომპანია Selectiv-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს პოლონეთში 3,2 მილიონი უკრაინელი იმყოფებოდა (ანუ პოლონეთის მთლიანი მოსახლეობის 8%), მაგრამ საქმე ამ ციფრში არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იმაში გამოიხატება, რომ „ახალი უკრაინელები“, კულტურის თვალსაზრისით, განსხვავდებიან იმ უკრაინელებისაგან, რომლებიც პოლონეთში კონფლიქტამდე ცხოვრობდნენ: დღევანდელი მიგრანტები უფრო მდიდრები არიან, ისინი ხშირად არიან სპორტით გატაცებულნი, უფრო ხშირად დადიან კინოთეატრებში და ა.შ. ისინი ძირითადად 29 წლის ასაკზე უფრო ახალგაზრდა ქალები არიან, მიგრანტების სამ მეოთხედს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული.

ამ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგები.

ერთი მხრივ, ჩნდება სულ უფრო მეტი ცნობები იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა პოლონელები უკრაინელებში კონკურენტებს ხედავენ დაოჯახების, ქორწინების ბაზარზე. კონფლიქტის დაწყებამდე პოლონეთის ქალაქებში უფრო მეტი ქალი ცხოვრობდა, ვიდრე მამაკაცი, ამიტომაც ქალებისთვის მეტ-ნაკლებად ძნელი იყო ოჯახის შექმნა, უკრაინელი ქალი-მიგრანტების დამატებამ კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფრა.

მეორე მხრივ, უკრაინელი მიგრანტების მატება კარგია პოლონეთის ეკონომიკისათვის; რაც უფრო მდიდარი და ფულის მქონეა მიგრანტი, მით უფრო მაღალია მისი მოთხოვნილება. გარდა ამისა, მიგრანტები სამუშაოს ეძებენ და როცა პოლონეთში მუშახელის დეფიციტია, მათი დასაქმება ეკონომიკისათვის პოზიტიურია.

სიტუაცია ისეთია, როგორიც ამ ბოლო დროს სოფლის მეურნეობის სფეროში შეიქმნა: პოლონეთში დიდი რაოდენობით იაფი უკრაინული ხორბალი შევიდა, რაც, ერთი მხრივ, კარგია მომხმარებლისთვის (ფასები შემცირდა), მაგრამ ცუდია პოლონელი ფერმერებისათვის, რომელთა მარცვლეული აღარ იყიდება, კონკურენციას ვერ უმკლავდებიან.

დემოგრაფიის სფეროში, ისევე როგორც სოფლის მეურნეობაში, ყურადღებიანობისა და გონივრული წინდახედულობის გამოჩენაა საჭირო. ერთ „ნაპერწკალს“ – ცრუ ინფორმაციას, უადგილო გამონათქვამს, სულელურ სიტყვას და მწარე ხუმრობას – პოლონელებისა და უკრაინელებს შორის დაძაბულობის გამოწვევა შეუძლია. საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით კრემლის იმედები არ მართლდება – ორ მეზობელ ხალხს შორის ურთიერთობა ნორმალურია.

მიმომხილველები პოლონეთისა და უკრაინის სამომავლო ურთიერთობაზე ვარაუდებს გამოთქვამენ: როგორი ფორმა ექნება მათ ურთიერთდამოკიდებულებას მჭიდრო კავშირის შემთხვევაში – ფედერაცია, უნია თუ განსაკუთრებული პარტნიორობა – მაგრამ ამას დრო გვაჩვენებს.

ამასობაში კი, სოციუმის დონეზე, ეს კავშირი უკვე არსებობს: პოლონეთი ორეროვნულ სახელმწიფოდ იქცა – ეს უკვე ფაქტია.

წყარო

“როდემდე უნდა ვითმინოთ ეს სიბოროტე ილიას! სახელმწიფო უნივერსიტეტში?!”-გოგა ხაინდრავა

7 გზის ევროპის, 6 გზის მსოფლიოს და 2 გზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფის მცდელობას, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა “ტვიტერის”  საკუთარ გვერდზე პასუხობს.

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ეხმიანება, სადაც ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

„პოლიტიკა და სპორტი ერთი და იგივეა. ლაშა ტალახაძე კი ქოცია, ქოცი კი რუსია, შესაბამისად არაფერი გასახარი და მისალოცი მის ჩემპიონობაში არ არის“.

როდემდე?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს  სიბოროტე ილიას! სასწავლებელში?! გვიკვირს მერე რატომ იმეტებენ დასაწვავად მამებს!”- წერს გოგა ხაინდრავა.

“მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ” – პრემიერი  

მინდა მივმართო ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებსა და მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის! – აქ თანხაზე არ არის საუბარი! – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას ამ საკითხის მოსაგვარებლად სჭირდება დრო და ნაკლები ემოციები, რათა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს წამლის მიცემით უარესი შედეგი არ დაუდგეთ.

„მინდა მივმართო ასევე ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, ყოველგვარი ამორალური ქმედება დაასრულონ, ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს ამ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში, იყო საუბარი იმაზე, რომ ბავშვებს დახმარება სჭირდებათ და ა.შ. ჩვენ 465 მლნ ლარი გამოვყავით წელს იმისთვის, რომ ყოველ სოციალურად დაუცველ ბავშვს, 230 ათას ბავშვს, თვეში, ყოველთვიურად მივცეთ 200 ლარი. ამისთვის გამოყოფილია 465 მლნ ლარი. მინდა ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ კამპანიაში არიან ჩართულები, შევახსენო 2012 წლამდე იყო ნული დაფინანსება ამ მიმართულებით. არავის ახსოვდა არც ბავშვები და არც იშვიათი დაავადების მქონე ადამიანების დაფინანსება. 2012 წლიდან დღემდე 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა დავაფინანსეთ, სამ მილიონზე მეტი ბენეფიციარის და ამაში 7 მლრდ ლარი დახარჯა სახელმწიფომ. 2012 წლამდე ასეთი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტი იყო 145 მლნ ლარი. არათუ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარება და მკურნალობაზე იყო საუბარი, ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციების დასაფინანსებლად ბინებისა და ავტომობილების გაყიდვა უწევდათ. ძალიან ბევრი ვერ ახერხებდა მკურნალობის მიღებასა და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარებას. ბევრი ლეტალური, ფატალური შედეგით სრულდებოდა. ეს ადამიანები რომლებიც ასე უპასუხისმგებლოდ ექცეოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, თურმე, ძალიან ღელავენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებზე. ეს ხომ ფარისევლობაა, ეს ხომ სიყალბეა. ასევე, მინდა გამოვეხმაურო დიაბეტის მქონე ბავშვების პროგრამას. ჩვენ 30 მლნ ლარამდე ვაფინანსებთ ყველა დიაბეტიან ბავშვს. ჩვენ ყველაფერს ვაფინანსებთ სრულად და შემოვიტანეთ მონიტორინგის სისტემა, რომელიც მუდმივად ზომავს გლუკოზის დონეს ბავშვებში. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. რა თქმა, უნდა მიუღებელია დეზინფორმაცია და კრიტიკა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება. ჩვენ არცერთ მოქალაქეს არ დავტოვებთ ყურადღების გარეშე და რაც საჭიროა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ გვჭირდება დრო და ამას სჭირდება ნაკლები ემოციები. მესმის ყველა ადამიანის და მითუმეტეს, იმ ადამიანების, რომელთა შვილებიც არიან ამ მძიმე დიაგნოზით. ჩვენ მათ გვერდში ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა. თანხაზე არ არის საუბარი, მინდა ყველა მშობელმა იცოდეს! საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი სწორად იმართოს. და ჩვენ ამ წამლის მიცემით რაღაც დიდი უბედურება არ დავმართოთ ადამიანს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართველი ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ვახტანგ ფხაკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოება მისი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობასა და  სამომავლო გეგმებს გაეცნო.

ღონისძიებას, რომელიც ვახტანგ ფხაკაძის 65 წლის იუბილეს მიეძღვნა, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბიზნესმენები, უცხოელი პარტნიორები, ხელოვანები, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობასა და განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდის, იტალიური ოჯახის თვალსაჩინო პარფიუმერული სახლის წარმომადგენლის, პაოლო ტერენცის ინიციატივით შეიქმნა სუნამო, სახელწოდებით „ვახო65, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხები სრულად მოხმარდება ფონდის საქმიანობას. საგულისხმოა, რომ ფონდს უკვე ჰყავს არაერთი გამორჩეული შემომწირველი. მათ შორის, მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში ფონდს საკუთარი ნახატი გადასცა, მხატვრებმა ლუკა პატარქალშვილმა და ელენე მეტრეველმა ასევე დახატეს დღევანდელი საღამოსთვის ნახატი, კომპანიამ ეშვი“ კი დღევანდელი ღონისძიებისთვის შექმნა საიუბილეო – საქველმოქმედო სამაჯური.

ხაზგასასმელია, რომ „ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ საქმიანობის მთავარ იდეას ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. კერძოდ, ახალგაზრდა თაობის განათლების ხელმისაწვდომობა და მათი ხელშეწყობა. ამ ეტაპზე, საქველმოქმედო ფონდის მიერ ფინანსდება სტუდენტთა სწავლის საფასური და გაიცემა სტიპენდიებიც.  შემომწირველთა აქტიურობა და ხელშეწყობა კი გაზრდის როგორც დაფინანსებული სტუდენტების, ასევე სტიპენდიანტების რაოდენობას.

საიუბილეო ღონისძიების დასკვნით ეტაპზე საზოგადოების წინაშე წარდგა მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ლარა ფაბიანი. მან პირველად ჩვენს რეგიონში, სპეციალურად „ვახტანგ ფხაკაძის საქველმოქმედო ფონდისთვის“ სოლო კონცერტი გამართა.  ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე, ასევე, წარდგნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნინო ქათამაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვა. ღონისძიებას უძღვებოდნენ ეკა ხოფერია და ნიკოლოზ წულუკიძე.  ფონდის საქმიანობის დეტალური ანგარიში საზოგადოებას სექტემბერში წარედგინება.

“საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის”

მე ვიმყოფები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრს აქვს ვიზიტი ბრიუსელში, ამით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება, რომ საქართველოს ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საპირისპიროდ, ოპოზიცია ყოველდღე ფიქრობს ინსტრუმენტებზე კონფრონტაციისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „საგამოძიებო კომისიაც სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის, რადიკალიზაციის“.

„ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა” -ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბურთი საქართველოს მოედანზეა, აქამდე გათამაშება არ მომხდარა, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

ლანდსბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რეფორმები წარადგინოს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რა თქმა უნდა, ექნება შესაძლებლობა, რომ წარადგინოს რეფორმები. მჯერა მის მიმართ ბევრი შეკითხვა იქნება. ჩვენ აქამდე არ გვინახავს ის, რაც ოპტიმიზმს წინ წაწევდა. როგორც ყოველთვის, ჩვენ ერთგული ვრჩებით, განსაკუთრებით ლიეტუვაში, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში, ჩვენ ერთგულები ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ. ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, მათ უნდა გაათამაშონ,” – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“ძვირფასო მშობლებო, უარს არ გეუბნებით, თანხაზე არ არის საუბარი”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, ყველას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის, მინდა, კარგად ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში, ძვირფას მშობლებს. მესმის მათი ემოციურობის, ნერვიულობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ იძლევა რეკომენდაციას აღნიშნული წამლის გამოყენებისთვის.

„ბოლო დღეების განმავლობაში, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, ისე წარმოაჩინეს, მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს წამალი რომ მისცეს მთავრობამ, ყველაფერი შეიცვლება. იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც რამდენიმე საერთო ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცით მსოფლიოში, რომელიც არის წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება. ჩვენ ამისკენ უნდა ვიყოთ მოწოდებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მედიკამენტს, სამწუხარო, მიწევს ვრცელი კომენტარის გაკეთება, რომ მიუხედავად ამ კომპეტენტური, კვალიფიციური განმარტებებისა, არ არის საკმარისი და საჭიროებს პოლიტიკურ ახსნა-განმარტებას. ეს წამალი გამოიგონა ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ და თვითონ ქვეყანა, სადაც გამოიგონეს ეს მედიკამენტი, არ აფინანსებს. ჯერ კიდევ ელოდებიან მეოთხე ფაზის დასრულებას, კვლევებს, გვერდითი ეფექტების გამოვლენას, უარყოფითი შედეგების გამოვლენას და ამის შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე გადაწყდება ეს საკითხი“, – აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპაში აღნიშნული წამლის გამოყენებაზე დისკუსია მიმდინარეობს, რასაც საქართველო მუდმივად თვალყურს ადევნებს.

„დიდი ბრიტანეთი, მეორე უზარმაზარი სახელმწიფო, ძალიან მოწინავე ქვეყანა, რომელმაც თუ არ ვცდები, დაიწყო ამ პროგრამის დაფინანსება, შემდეგ შეაჩერა. ევროპაში მიმდინარეობს დისკუსია ამის თაობაზე. აღარ მინდა, გავაგრძელო, მაგრამ ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ, ქვეყანა, სადაც ეს წამალი გამოიგონეს, ჯერ არ აფინანსებს. ასევე, ჩვენ, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, ვეყრდნობით მათ გაიდლაინებს, მათ რეკომენდაციებს, მათ მითითებებს. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ჯანმო-ს წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში იმყოფება და მან დეტალურად განმარტა, რომ ჯერ ჯანმო არ ცნობს ამ წამალს და არ იძლევა რეკომენდაციებს, რომ ასეთი პროგრამით მოხდეს დაფინანსება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ისიც ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამიტომ, მინდა, გითხრათ, ჩვენ უარს არ გეუბნებით, ჩვენო ძვირფასო მოქალაქენო, თანხაზე არ არის საუბარი, 10 მილიონზე შეიძლება, იყოს საუბარი დაახლოებით და ეს თანხა არ არის ჩვენთვის კრიტიკული და პრინციპული, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს, რომ თუ ამ წამლის მიცემით, შეიძლება, ისე გართულდეს ამ ბავშვების მდგომარეობა, უფრო ცუდად წავიდეს მათი ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა იქნება ჩვენი, სახლემწიფოსი, მთავრობის, რაც არ გვინდა რომ მოხდეს. ამიტომ, დრო გვჭირდება, საჭირო არის მოცდა. მინდა, მოგმართოთ, ერთად ვიმუშაოთ, მინდა, მივმართო ამ ბავშვების მშობლებს, სამინისტრო არის მზად, რომ ერთად გავიაროთ ეს პროცესი, ეს გზა, მათ შორის, დაველოდოთ ჯანმო-ს საბოლოო დასკვნებს, მათ მითითებებს და ამის შემდეგ მოხდება ამ პროგრამის ამოქმედება. მსოფლიოში 200 ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, 200 ქვეყნიდან საქართველო იყოს გამონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩვენ ჩავერთოთ ამ პროგრამაშია, რაც არის დაუშვებელი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს აღნიშნული წამლის გაიდლაინით მკურნალობას, საქართველოც ჩაერთვება პროგრამაში.

„ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ალბათ ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ეს არ არის სწორი. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვუყურებთ კანონებს, წესებს და ვეყრდნობით უფრო კვალიფიციურ აზრებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, მუდმივად გვექნება ინფორმაცია, ასევე გვაქვს კონტაქტი ამ წამლის მწარმოებელ კომპანიასთანაც, ჯანმო-სთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან და როგორც კი გადაწყდება ეს საკითხი, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს ამ გაიდლაინით მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამიტომ, მინდა, მივმართო ასევე ამ ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, რომ მათი ეს ყოველგვარი, ამორალური ქმედება დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, ნუ იყენებენ ამ ადამიანების მშობლებს აი ამ რაღაც ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“სახელმწიფო მათ გვერდით დგას” – ირაკლი ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, რომ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ. მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს მიმართა, ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ.

„იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ყველამ ამომწურავი კომენტარი გააკეთეს და განმარტება მისცეს, როგორც გენეტიკური იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს, მინისტრი შეხვდა თავად მათ და მისი მოადგილეც, ჯერ კიდევ რჩება კითხვები. სამწუხაროდ, ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ და პოლიტიკური კამპანია აწარმოონ. პირველ რიგში, მინდა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა. მინდა მათ ვუთხრა, რომ სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ.

მინდა ყველას შევახსენო ერთი რამ: ალბათ, გახსოვთ არცერთ პოლიტიკოსს არ გახსენებია, რომელიც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი. საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა და არც არაფერი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და არც მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან. ძალიან მარტივად შეიძლება იმის ახსნა, რომ ცდილობენ ყველა უბედურება თუ ყველა განსაცდელი, გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც რომ ვთქვათ, ამორალური საქციელია. ეს არის უზნეობა, ეს არის ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს“, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩემდა გასაკვირად, “ოცნებამ” დასავლეთს გაუბედა და ომის სცენარზე უარი თქვა – ეს ნაბიჯი მას ძვირად უჯდება” – ირაკლი გოგავა

“ჩემდა გასაკვირად, “ოცნებამ” დასავლეთს გაუბედა და ომის სცენარზე უარი თქვა – ეს ნაბიჯი მას ძვირად უჯდება” – ირაკლი გოგავა

ქვეყანაში მოსახლეობის 80%-ზე მეტი ნაცების და ნეოლიბერალური ჯგუფების წინააღმდეგია. ამავე დროს ეს მარგინალური ჯგუფები “ოცნების” ოპონენტებს წარმოადგენენ”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი გოგავა

გამოდის, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და “ოცნებას” ერთი და იგივე ოპონენტი ჰყავს. ამავე დროს არ მოგვწონს “ოცნების” პოლიტიკა, თუმცა აქვე ვაღიარებთ, რომ ნაცებისგან განსხვავებით, კანიბალები არ არიან.

30 აპრილის აქცია “ოცნებას” აწყობს, რადგან იცის, რომ ხალხის მთავარი სამიზნე ნაცები და ნეოლიბერალები იქნებიან.

სწორედ ისინი აწერენ ხელს უცხოეთიდან წამოსულ საქართველოს ომში ჩართვის და მეორე ფრონტის გახსნის სცენარს.

ჩემდა გასაკვირად, “ოცნებამ” დასავლეთს გაუბედა და ომის სცენარზე უარი თქვა. ეს ნაბიჯი მას ძვირად უჯდება – დასავლეთმა მათი ხელისუფლების რევოლუციური ანუ ძალადობრივი გზით შეცვლის სცენარი, წლების განმავლობაში მსუყედ გამოკვებილი ფსევდო სამოქალაქო სექტორის, მოსყიდული მედიის, დანიშნული ცრუ “ელიტის” და უპრინციპო, ანგარებიანი პოლიტიკანების მეშვეობით, ამოქმედდა.

გამოდის, რომ ომის და მშვიდობის საკითხში ხალხი და “ოცნება” სიტუაციური მოკავშირეები არიან. იქ სადაც ომის და მშვიდობის საკითხი დგას, ყველა სხვა პრობლემა მეორადია, მოაზროვნე ხალხს ეს გვესმის. ომი ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უზარმაზარ მსხვერპლს მივიღებთ და ქართული სახელმწიფო აღარ იქნება.

“ოცნებამ”, დასავლეთმა და ნაცებმა ბევრი იმუშავეს, რომ საზოგადოებაში რეალური ორგანიზებული ძალა არ გაჩნდეს. თუ რამე ძალა აღმოცენდება სამივე მხრიდან მიდის უმოწყალო დისკრედიტაცია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მიდგომა “ოღონდ ესენი წავიდნენ და ვინც გინდა მოვიდეს” უპირობოდ უარესს შედეგს მოიტანს. გამოსავალი მხოლოდ ერთია: საზოგადოებამ უნდა მოახერხოს, რომ უახლოეს მომავალში შექმნას ისეთი ძალა, რომელიც ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გახდება – ეს ნაწილობრივ არსებული შინაარსობრივად ჯანმრთელი ჯგუფების კონსოლიდაციასაც გულისხმობს. ასეთი სიტუაციაა დღეს.

30 აპრილის აქციაზე მისვლა, ჩემი აზრით, აუცილებელია, რადგან პირველ რიგში, უცხოეთს უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს ომში ჩართვას და კანიბალი ნაც-ბოლშევიკ-ნეოლიბერალების ხელისუფლებაში მოსვლას არ დავუშვებთ. ასევე აუცილებელია “ოცნების” მწვავე კრიტიკა, რათა მათ არ მივცეთ საშუალება გარედან თავსმოხვეულ, ნეოლიბერალურ ანუ ქვეყნისთვის დამღუპველ გზას გაჰყვნენ. ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ , რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე აზრი ხალხს ჰკითხოს. ამის გაკეთება პლებისციტური დემოკრატიით შეიძლება, რაც დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა და შვეიცარიაში ეფექტურად მუშაობს,”-წერს ირაკლი გოგავა

https://www.facebook.com/irakli.gogava.5/posts/pfbid0RMSkPqzhkBCSwFkYoPWoN2Pq3rpgH5WH8RDh5FpM5g1mL48GYXDD2frmdTC8RMLCl

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“ქალაქს სჭირდება განახლება და არა პოლიტიკური სპეკულაციები” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში დაწყებულიყო, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა.

როგორც დედაქალაქის მერმა დღეს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პროექტი 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, მოგვიანებით დაწყების შემთხვევაში კი, პროექტი მოგვიანებით დასრულდებოდა.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, აბსურდი და სისულელე. კარგი, ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ ზაფხულში, პროექტის დასრულება ხომ გადაიწევდა შემდეგ თვეებში – სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი იანვარი, თებერვალი… დღეს ვამბობთ, რომ პროექტი სრულდება იანვარში. მოგვიანებით რომ დაგვეწყო, ცხადია, მოგვიანებით დასრულდებოდა. მაშინ რას ვეუბნებოდით მოსახლეობას, სექტემბერში არ იქნებოდნენ დაბრუნებული საზაფხულო შვებულებებიდან? ასე რომ, ეს პოლიტიკური სპეკულაცია. ისე არიან დაბოღმილები, რომ არ იციან, რა თქვან. როდესაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ათას სისულელეს იგონებენ. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს, როდესაც ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს? კომუნისტების შემდეგ აქ სამუშაოები აღარავის უწარმოებია, იცვლებოდა მხოლოდ გზის საფარი და მეტი არაფერი. რა არის ამაში ცუდი, რომ კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორიც არის ჭავჭავაძის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირები. ჩვენს ქალაქს სჭირდება განახლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.