Home Blog Page 2221

“კონსტიტუცია, ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს!- სახელმწიფო მიტაცებულია!”- თაკო ჩარკვიანი

კონსტიტუცია, ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს! სახელმწიფო მიტაცებულია! – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჰააგაში სამხედრო დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებას რომ შეასრულებ, იმ პუტინის მსოფლიო რომ დაუპირისპირდა , როგორც დამნაშავეს , იმის გამო, რაც მან ჩაიდინა უკრაინაში და ამ დასავლეთის რეკომენდაციების შესრულების- ” სტატუსის” მიღების წინ რომ აეროდრომზე ოკუპანტის თვითმფრინავს დასვამ და კიდევ რომ ბედავ “ტლიკინს” უტიფრად- უთავმოყვარეოდ ასეთი კოლაბორაციონალი ხელისუფალი, საკანონმდებლო ორგანოში ქოლცენტრების სქემის გამოსააშკარავებლად კომისიის შექმნას არ ეთანხმები და ამბობ დასავლეთის ქვეყნებს ვენდობით გამოძიებაშიო , კი მაგრამ დასავლეთის მიერ ჰააგაში დამნაშავედ ცნობილი პუტინის ბრძანებებს რომ ასრულებთ ეს როგორ არის, მაშინ ვის ენდობით??? თქვე მართლა მონადშობილნო! კონსტიტუცია ოკუპაციის კანონი თავზე ჩამოახიეს ერს! სახელმწიფო მიტაცებულია!“ – წერს ჩარკვიანი.

https://www.facebook.com/tako.charkviani.14/posts/pfbid036SfDJmW7yEdtoPXtaki6VdYoDczhDoi8sr49iG43xVPVzibvgFb4peu5Bh9fL8VDl

“რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს”- ნიკა გვარამია

გულწრფელად გეტყვით, ბოლომდე არ მესმის, რა შინაარსი დგას ფრაზის “ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს” უკან, თუმცა ამაზე სხვა დროს. მაგრამ რასაც ახლა საქართველოში ვაკვირდებით, იმის გარკვევაა, იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სახელმწიფოებრიობას. – ამის შესახებ მსჯავრდებული ტვ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში:

 “უცაბედად” ერთიანად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ალაპარაკებული ყველა ქართველი პუტინისტი იმის უტყუარი ნიშანია, რომ რუსული აგიტპოპი საზოგადოებას ახალ და უკიდურესად საშიშ ყალბ დილემას აჩეჩებს: კეთილი რუსეთი, რომელიც უკვე არა მარტო უვიზო მიმოსვლას, ერთმორწმუნეობას, ფულის “კეთებას” გვთავაზობს, არამედ სუპერ-ამოცანის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. მეორეს მხრივ, ბოროტი დასავლეთი უკვე მარტო უშინაარსო კანდიდატის სტატუსით, ვიზებით, ქართული იდენტობის მოსპობით კი არა, ტერიტორიული მთლიანობის სამუდამოდ დაკარგვით და ომში ჩათრევითაა წარმოდგენილი.

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ არანაირ ტერიტორიებს არავინ არ დაგვიბრუნებს, მაგრამ კოორდინირებული პროპაგანდა მოსკოვიდან და თბილისიდან აუცილებლად გაღრმავდება.

ტერიტორიულ მთლიანობაზე გადაკრულად ნათქვამი დაპირებაც კი იმგვარ ეროვნულ ნერვზე თამაშია, კოლექტიური ტრავმით ისეთი მანიპულაციაა, რომ ნებისმიერმა შეიძლება დაკარგოს საღი აზრი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ რანგის პროპაგანდასთან ჩვენ საქმე ჯერ არ გვქონია. ამის დაძლევა მგონია ახლა ეროვნული ამოცანა, და არა იუსტიციის საბჭოს კომპოზიცია, რაღაც კანონპროექტები, კომისიები, თუნდაც 12 პუნქტის შესრულებაზე “ოცნებასთან” დიალოგი.

ასე რომ, ევროკავშირის წევრობის სტატუსს არ ვიცი და ქართველმა ხალხმა ჯერ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ სახელმწიფოს სტატუსს ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობას (და შესაბამისად მის კანდიდატობას) კი სახელმწიფოები იმსახურებენ, და არა ხალხები. მაგრამ ამაზე სხვა დროს” – წერს ნიკა გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/pfbid0zbEeTLKqsPTETESRtuqCCg6X77fEzjR82qKkGEdDQpHSgovcXfyTRDXiVxdKJ7XEl

“საჭიროა ბოლომდე მიწოლა, ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა”-სააკაშვილი

საჭიროა ახალი მეთოდები, ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა. ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, მოქალაქედ, ამავე დროს, საქართველოს გულშემატკივრად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა.

„ამ ხუთეულის გადაბირება ზუსტად ისე მოხდა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ხდებოდა ხოლმე ოპოზიციიდან წევრების გაყვანა. ეს არის ოლიგარქიული კლასიკა. ფაქტია, არცერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან აქტიურობს, რაც მახარებს. ახლა მთავარია მაქსიმალური ერთიანობა, ყველა ძველი წყენის დავიწყება დიდი საფრთხის წინაშე – ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის გაქრობის საფრთხე. მიხარია, რომ საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ და ძალიან ოპერატიულად მოქმედებენ. საჭიროა ახალი მეთოდები, მოქნილობა, ოპერატიულობა და ბოლომდე მიწოლა. ამ კედელს მუდმივად უნდა ურტყათ და აუცილებლად გაინგრევა. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად და მოქალაქედ, ამავე დროს – საქართველოს გულშემატკივრად. ჩემი მთავარი ამოცანაა უკრაინის გამარჯვება და, რა თქმა უნდა, უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამარჯვება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/781497503345849

“ნებისმიერი ევროპული, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა იმ სტანდარტით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენებისას აჩვენა”- გომელაური

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, პირველ რიგში, მადლობას ვეტყვი ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელმაც ღირსეულად დაიცვა როგორც ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, მისი დეპუტატები, ასევე შეინარჩუნა წესრიგი დედაქალაქის ქუჩებში, დაიცვა რუსთაველზე მშვიდობიანად შეკრებილი უამრავი ადამიანის უსაფრთხოება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა.

„თუ ვთანხმდებით, რომ ყველას გვსურს სამართლებრივი სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, განვითარება, ამისათვის, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანი უნდა დაემორჩილოს კანონს, და არა გამუდმებით თავს ვესხმოდეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს და პოლიტიკურად მოტივირებული, არაჯანსაღი კრიტიკით, ბრალდებებით, მათ შორის, პოლიციის მიმართ, ვასუსტებდეთ ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოს. ნებისმიერი ევროპული, დასავლური, განვითარებული ქვეყნის პოლიტიკოსი იამაყებდა თავისი სახელმწიფოს სამართალდამცველების მოქმედების სტანდარტით, იმით, რაც ქართულმა პოლიციამ მარტის მოვლენების დროს აჩვენა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

“პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება”- გომელაური

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელმაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ, ასევე, პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან აქციაზე მოსულ სახალხო დამცველზე განხორციელებული თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად და სახალხო დამცველის თანმხლები პირების ჩართულობით სიტუაცია იმ კონკრეტულ მომენტში განიმუხტა და მათ დატოვეს შეკრება/მანიფესტაციის ადგილი. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, რომ 7-8 მარტის აქციების მონაწილეებს დაეცვათ კანონი, მათი მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა”-გომელაური

მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა, დაეცვათ კანონი და შეკრება-მანიფესტაცია გაეგრძელებინათ მშვიდობიანი ფორმით, აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესია უფრო მატულობდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, აუცილებელი გახდა წინა რიგებში პოლიციის თანამშრომლების ჩანაცვლება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებით, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ სპეციალური დამცავი საშუალებებით.

„მიუხედავად პოლიციელებზე განხორციელებული არაერთი თავდასხმისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საპოლიციო კორდონები არ გადაადგილებულან რუსთაველის ქუჩის მიმართულებით და ისინი აგრძელებდნენ პარლამენტის შესასვლელების დაცვას. შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროტესტი მშვიდობიანი ფორმებით გაეგრძელებინათ პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე. დაახლოებით 22:30 საათიდან შეკრებილ მოქალაქეთა მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაზიარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ეს ხდებოდა 11-ის ნახევარზე. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირებით პოლიციის თანამშრომლებისთვის დამცავი ფარების წართმევა, მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინისა და ბეტონის ნაჭრებს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

“სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა”-გომელაური

სამწუხაროდ, 7-8 მარტის აქციების შესახებ ვნახეთ და მოვისმინეთ ბევრი სპეკულაცია, პოლიციის მიმართ ცილისწამება და შეურაცხყოფა – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 7 და 8 მარტს გამართული საპროტესტო აქციები, არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

„დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტის 8 დეპუტატის მხრიდან, მივიღე კითხვები: პროპორციული იყო თუ არა 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? ხომ არ წარმოადგენდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას 7-8 მარტს სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა? და წესის დაცვით იქნა თუ არა გამოყენებული სპეციალური საშუალებები. შევეცდები ამ კითხვებს ვუპასუხო ამომწურავად, მიუხედავად იმის რომ ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგით ხელმძღვანელობთ, მარტის მოვლენების დროს პოლიციის მხრიდან ზომიერი, მაღალპროფესიონალური და სამართლიანი მოქმედებების შესახებ თავად შეგიძლიათ მსჯელობა და სწორი დასკვნების გამოტანა. 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქციები, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ, არამშვიდობიან მასობრივ ქმედებებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

“რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის საწინააღმდეგოა”- ლიეტუვის საგარეო უწყება

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში, – ამის შესახებ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
„იმედგაცრუებით გვსურს, აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებისა და მის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზის საწინააღმდეგოა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოვიდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გატარებულ სანქციებთან შესაბამისობაში, მათ შორის საავიაციო სექტორში“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

“ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ „ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს”

ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

ზარქუას განცხადებით, მისი სურვილია ლევან ხაბეიშვილი დიდხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

„მინდა შევეხო ამ ხელმოცარულებს, ახლა რომ იყვნენ გამოსულები. ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ.

თუ ვინმე რამეს ხარჯავს, თავისი შემოსავლით ხარჯავს, განსხვავებით თქვენი მმართველობის დროს, მინისტრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ თავიანთი ბავშვების განათლებას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გითხრათ ჩემს „ხაბეზე“. უგულავას დროს სოციალური სამსახურის ერთ-ერთი „ჩინოვნიკი“ იყო. მათ დროს, თბილისში საბავშვო ბაღები ფასიანი იყო და ეს ადამიანი ხელფასსაც იღებდა და პრემიასაც. რასაც ვამბობ თუ არასწორია, ხვალ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წავალ, თუ ეს ასე არ არის, მან თქვას. ხაბეიშვილს, გარდა იმისა, რომ ბაღებში კვება ყოფილიყო, ევალებოდა უფასო სასადილოების მონიტორინგიც. ფოტოებს განახებთ, ანტისანიტარია იყო, რა ფული „ტყდებოდა“ და ახლა ეს ადამიანი გამოდის და გვმოძღვრავს, იმის ნაცვლად, რომ შეიფეროს ის თანამდებობა, სანამ დროებით აქვს.

მე ვუსურვებდი, დიდი ხანს იყოს. ჩემ ინტერესშია დიდ ხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად, ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. ზოგჯერ იყოს აკადემიური და დარჩეს, თორემ დაემართება ის, რაც საკრებულოში დაემართა, მისი გუნდის წევრები გამარჯობას რომ არ ეუბნებოდნენ, ეს დაემართება“,- განაცხადა ზარქუამ.

თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო.

„საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების – გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

“ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში”

ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – მოგისმენთ სიამოვნებით, – ეს განცხადება პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მთავრობის წევრმა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს უპასუხა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლებში კვების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა სხვა რიგი ნაბიჯები გადაიდგას – კერძოდ, უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა) საკითხი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

მინისტრის თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა. საპილოტე რეგიონად ქართლი შეირჩა.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა სამ მოდელზე, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდება, რომ პირველ რიგში, სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბოს, შესთავაზოს საზოგადოებას და შემდგომ დაიწყოს ამის ნაბიჯ – ნაბიჯ განხორციელება.

„პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება. მეორე ეს არის ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმოო, რომელიც ე.წ ნახევარფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება და მესამე არის მიტანა ე.წ ლანჩ-ბოქსები“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი – ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.