“პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება”- გომელაური

84
spot_img

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება, თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ყველამ კარგად ვნახეთ საქართველოში პირველად აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში 7-8 მარტს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელმაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები. ყველა იმ შემთხვევაში, სადაც პოლიციამ ადგილზევე მოახდინა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე მოხდა მათი დაკავება. საზოგადოებამ, ასევე, პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან აქციაზე მოსულ სახალხო დამცველზე განხორციელებული თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. სამართალდამცველების დროული რეაგირების შედეგად და სახალხო დამცველის თანმხლები პირების ჩართულობით სიტუაცია იმ კონკრეტულ მომენტში განიმუხტა და მათ დატოვეს შეკრება/მანიფესტაციის ადგილი. საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.