IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს”- ასე ეხმაურება სოციალური ქსელში ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის განულება პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.
“IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ესაა რეალობა. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, ბარიერის განულება არა ბევრად ხარისხიანი პოლიტიკური სპექტრის ან თუნდაც ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება, არამედ თავისთავზე შეყვარებული, ძალად პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.
სწორედ მათ მიერაა საზოგადოებაზე თავსმოხვეული საარჩევნო ბარიერის განულების თემა, რათა ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერის გარეშე მოხვდნენ პარლამენტში, იტივტივონ პოლიტიკაში, იარონ საზღვარგარეთ, გამოჩნდნენ ტვ-ში, ამავე დროს არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ არც საზოგადოებაზე, არც პოლიტიკურ პროცესზე, არ ჰქონდეთ არც პროგრამები არც იდეები, არც აზრიანი შეთავაზებები, არ პასუხობდნენ ამომრჩევლის ინტერესებს და ეს ყველაფერი პლუს უნდა გააკეთონ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე.
ქვეყანას ჭირდება საკუთარი ხედვების, ელემენტარული მენეჯმენტის მქონე პოლიტიკური პარტიები და არა პატარა ბელადუკების გარშემო შემოკრებილი ჯგუფები, რომელთაც იმის თავიც არ აქვთ, რომ დღეს ნათქვამი სიტყვა ხვალ არ გადათქვან, საკუთარი პირადი ამბიციები ოდნავ უკან გადაწიონ და ელემენტარულ საკითხებზე ერთმანეთთან ითანამშრომლონ.
აბა დავაკვირდეთ, რა გააკეთეს ამ “ლიდერებმა”, როგორც კი საარჩევნო ბარიერი განულდა. ყველა ასეთი ვაი პოლიტიკოსი პარტიიდან გავიდა და თავისი შექმნა, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია, გაცილებით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესზე, ვიდრე ის პარტია სადაც თითოეული მათგანი ადრე იყო. ანუ ამ კასტის წევრთა პირველი რიგის ამოცანა არაა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა, ცვლილებების მოხდენა. ეს მხოლოდ ძლიერ, შიდა კონკურენციის პრინციპებზე აგებულ პოლიტიკური პარტიას შეუძლია, ბევრი ლიდერით, მაგრამ სადაც არც ერთი მათგანი ერთპიროვნული, უპირობო ლიდერი ვერ იქნება. ასეთ ერთობაში ყოფნას, იქ პოლიტიკურ კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის მოპოვებას, მათ ურჩევნიათ ერქვათ ნულოვანი გავლენის მქონე, მცირე პოლიტიკური ჯგუფის პირველი კაცები, ლიდერები და ამით მოიფხანონ საკუთარი ეგო. გამაგებინოს ვინმემ მათი ლიდერების რა პრინციპული იდეოლოგიური სხვაობების გამო მივიღეთ ბარიერის განულების შემდეგ ერთის მაგივრად, ორი “გირჩი”, რა მსოფლმხედველობითი განსხვავებები აქვს ერთმანეთთან “დროას”, პარტია “აღმაშენებელს” ან იგივე ზურა ჯაფარიძეს და რატომ უნდა ვაფინანსოთ ამ ტიპის ამბიციების შენახვა ბიუჯეტიდან?
იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნას , ყველაფერი ამის შემყურე, საზოგადოების ამოცანა რატომაა ნულოვანი ბარიერის და შესაბამისად ამ პოლიტიკური პარაზიტების კასტის მხარდაჭერა, არსებული აბსოლუტურად უპერსპექტივო პოლიტიკური ვითარების ჩაბეტონება და რეალობაში ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ჩანასახის მოსპობა? რატომ გვახვევთ თავზე ან რატომ იჯერებთ ამ ცრუ პოლიტიკურ ამოცანებს?
გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოებამ აიძულოს პოლიტიკური ლიდერები გააკეთონ საქმე. ვისაც უნდა პარლამენტში მოხვედრა, კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ გარკვეული ხედვების გარშემო, დაალაგონ მენეჯმენტი, იმუშაონ ამომრჩეველთან, მოსახლეობას გააცნონ საკუთარი მიზნები, პროგრამები, მოიფიქრონ და ატარონ კრეატიული კამპანიები, მოკლედ საკმაოდ მარტივია თუკი საქმის კეთება უნდათ. ერთი 50 000 ხმის მოგროვება მაინც შეძლონ და გვაჩვენონ რომ იმსახურებენ პარლამენტში მოხვედრას, აქვთ ნიჭი და შესაბამისი უნარები. არ ჭირდება პოლიტიკოსებს სასათბურე პირობების შექმნა,”-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი