“ივანიშვილმა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას” – ვაჟა ბერიძე

2883
spot_img

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

აღნიშნულ საკითხს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგი  ვაჟა ბერიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ივანიშვილმა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას. ამ ჭიდაობაში კი ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება.

„როდესაც სააკაშვილი შემოიჭრა ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, ივანიშვილი იძულებული გახდა დაეკავებინა ის. რამდენიმე მედია გამოსვლაში ვთხოვე ივანიშვილს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი გაეშვა. იმიტომ კი არა, რომ სააკაშვილი არ იმსახურებს პასუხისგებას… იმიტომ, რომ ბიძინას არ აქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი სტრატეგიულ პარტნიორებთან, დასავლეთში სათანადოდ მიიტანოს. ყველა შემთხვევაში მარტო ბიძინა კი არა, საქართველო დარჩებოდა წაგებული. მესმის, რომ ბიძინას აქვს ვალდებულებები იმ ქვეყანასთან და მის პირველ პირთან, სადაც მან მილიარდები იშოვა. ის ბოლო დრომდე “გაზპრომის” 1% -ის მფლობელი იყო. ეს ფაქტორი ამ ვალდებულებას განაპირობებს. ამიტომ ვეღარ გაუშვა სააკაშვილი, რომელიც მისთვის უკვე ზედმეტი თავის ტკივილია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვას მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამ ჭიდაობაში ივანიშვილი კი არა, ქვეყანა ზარალდება. ჩვენი პროდასავლური იმიჯი სერიოზულად შეილახა და აქედან გამომდინარე, სხვა თვალსაზრისითაც არ დაგვრჩება სხვა გზა, გარდა რუსეთთან პარტნიორობისა. იძულებული დავრჩებით, რომ მათთან ვითანამშრომლოთ.

კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ. ჩინეთი, ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკელები, ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. რუსები კი ამაზე წინააღმდეგობას არ გამოთქვამენ. ჩინელებმა, რომ აიღონ კონტროლი ანაკლიის მშენებარე პროექტზე ან პორტზე, ამაზე რა რეაქცია ექნება დასავლეთს?!“– აღნიშნავს ვაჟა ბერიძე.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.