Home Blog Page 2210

ავღანეთში კიდევ ერთი დამანგრეველი მისიწძვრა მოხდა – დეტალები

მედიის ინფორმაციით, ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 05:10 საათზე მოხდა.

როგორც „ბიბისი“ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, ავღანეთში, ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში 8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.

პროკურატურამ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.

ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენება”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) ქვეყნდება სტატია სათაურით „ერთადერთი ვარიანტი ისრაელისათვის: ჭარბი ძალის გამოყენება“ (ავტორი – რიჩარდ კემპი.

ისრაელმა ნებისმიერი ძალა უნდა გამოიყენოს, რომ ტერორისტული დაჯგუფებები გაანადგუროს. ადამიანების მკვლელები და გამტაცებლები დასანდობნი არ არიან. ისრაელმა უკან არ უნდა დაიხიოს, როცა ქვეყანა უბოროტესი მტრის შეტევას განიცდის. მთავრობას სხვა გამოსავალი აღარ რჩება, რომ მტერი თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით შეაჩეროს. ნურავინ ნუ იტყვის, რომ ისრაელის შემთხვევაში „ჰამასისა“ და მისი მსგავსი ტერორისტების „დამშვიდება“ პოლიტიკური გზებით შეიძლება. ეს შეუძლებელია უახლოეს პერსპექტივაში.

“ჰამასს” თავისი ხალხისთვის არც მშვიდობა არ სურს და არც კეთილდღეობა. მას სულაც არ აინტერესებს ცნობილი დადგენილება ორი სახელმწიფოს არსებობის თაობაზე. ის, რაც მას ნამდვილად უნდა, არის ებრაული სახელმწიფოს განადგურება მდინარე იორდანედან ხმელთაშუა ზღვამდე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მისი „აღგვა პირისაგან მიწისა“.

წაიკითხეთ „ჰამასის“ დამფუძნებელი დოკუმენტი, სადაც ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ბოლო დღეებში მომხდარი ტრაგედია დამაჯერებლად გვაჩვენებს, რომ „ჰამასის“ წესდება უბრალო ჰიპერბოლა არ არის და რეალურად ხორციელდება.

„ჰამასი თავისი ბრძოლის მეთოდებით და იდეოლოგიით ძალიან ჰგავს „ისლამურ სახელმწიფოს“. „ჰამასი“ არავითარ პოლიტიკურ გარიგებაზე არ მიდის, არავითარ კომპრომისზე არ თანხმდება, არ ჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რაც არაერთხელ იქნა დადასტურებული ახლო წარსულში მომხდარი ძალადობების დროს. კომპრომისები და დათმობები „ჰამასთან“ არ შეიძლება. ტერორისტები კომპრომისს სისუსტედ თვლიან და ვინც მათთან დათმობაზე წავა, მას უფრო უარესს უკეთებენ. „ჰამასი“ სამშვიდობო პაუზას თავისი ძალების მოსაკრებად იყენებს და შემდეგ უფრო მეტად აფართოებს ტერორისტულ საქმიანობას.

ამრიგად, “ჰამასი”მხოლოდ მაშინ დამარცხდება, თუ მას გაანადგურებ. ეს ნიშნავს, რომ რაც შეიძლება მეტი „ჰამასელი“ მებრძოლი უნდა მოკვდეს, რაც შეიძლება მეტი კომუნიკაციები და სამხედრო სტრუქტურები უნდა დაირღვეს. თუ ისრაელს ამის გაკეთება არ შეუძლია (ან არ სურს), მაშინ კონფლიქტი უსასრულოდ გაგრძელდება და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება ორივე მხრიდან.
რა თქმა უნდა, თუ „ჰამასი“ დაუსჯელი დარჩება, ასეთ შედეგს თავისი ნეგატიური გავლენა ექნება კონფლიქტის რეგიონის მიღმაც.

ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ როცა 2021 წელს, აშშ-ის საარმიო ქვედანაყოფები დამამცირებლად გამოვიდნენ ავღანეთიდან, ექვსი თვის შემდეგ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა, ანუ მან დაინახა ამერიკის სისუსტე და ამით ისარგებლა. თუ ისრაელი და დასავლეთი აქტიურად არ იმოქმედებს, ამით დიდი რისკი ჩნდება, რომ ახლო აღმოსავლეთში ბოროტმოქმედები გათამამდებიან და ჩვენს მოკავშირეებს, უფრო აქტიურად შეუტევენ.

აშშ და ნატოს ქვეყნები მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო პოტენციალს ფლობენ, ხოლო ისრაელს, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერება არა მარტო ტანკებში, რაკეტებში, საბრძოლო თვითმფრინავებში და საზღვაო ხომალდებში არ გამოიხატება. ძლიერებას განაპირობებს მტკიცე პოლიტიკური ნება და საკუთარი ინტერესების განუხრელი დაცვა.

ისრაელი გარშემორტყმულია ცეცხლსაშიში რკალით, რომელიც მხოლოდ იმას ელოდება, რომ მას ცეცხლი მოუკიდონ: ჩრდილოეთით, ლიბანში, „ჰეზბოლა“ ბატონობს, რომელიც ირანის მიერ ფინანსდება და რომელსაც უამრავი რაკეტა აქვს ისრაელის დასაბომბად და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად. აღმოსავლეთით სირია მდებარეობს, სადაც იგივე ირანი ისრაელზე თავდასხმის ბაზებს ქმნის, ლიბანის მსგავსად. დასავლეთი ნაპირიც დენთის კასრს მოგვაგონებს, რომელიც ღვივის და მზად არის ასაფეთქებლად. სამხრეთიდან კი ღაზის სექტორი, „ჰამასელი“ ტერორისტების სახით.

თუ ისრაელი, ამდენი თანამემამულის დაღუპვის შემდეგ, უუნარობას გამოიჩენს (ან უკან დაიხევს) „ჰამასის“ ღაზის სექტორში გასანადგურებლად, მაშინ ტერორისტები უფრო გათამამდებიან. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ ისრაელის ძალადობა ხელს შეუწყობს „ჰამასის“ ძალადობასო, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის.

დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სიტუაციის დეესკალაცია აუცილებლად მოხდება, რაც უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს ორივე მხრიდან.
ისრაელის მხრიდან სამხედრო ძალის დემონსტრაცია აუცილებელია. ეს ყველამ უნდა დაინახოს, განსაკუთრებით კი ირანმა, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას. რაც შეეხება საუდის არაბეთს, ერ-რიადმა ბოლო დროს ისრაელთან მიმართებით სამშვიდობო ნაბიჯები გადადგა, რაც მისასალმებელია.

თუ ისრაელი ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული არ გამოვა, მაშ როგორი მოტივაცია ექნება საუდის არაბეთს გააგრძელოს სამშვიდობო კონტაქტები ისრაელთან?
სიტუაციის ნორმალიზება ამჟამად ერთადერთ პერსპექტივად უნდა მივიჩნიოთ იმისათვის, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი საბოლოოდ დარეგულირდეს. საუდის არაბეთს შექმნილი ვითარება კარგად ესმის: „ჰამასის“ რადიკალიზმი თვით არაბულ ქვეყნებსაც კარგს არაფერს უმზადებს.

ამიტომ სწორად უნდა შევაფასოთ „ჰამასის“ მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები. რასაკვირველია, მისი განადგურება ადვილი არ იქნება, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს და რაც შეიძლება სწრაფად, რათა ისრაელმა თავისი რეპუტაცია აღიდგინოს და ისევ ისეთი სახელმწიფო იყოს, რომელსაც თავისი საზღვრები საიმედოდ აქვს დაცული. არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ახლო აღმოსავლეთში მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს – რეგიონში ისედაც ბევრი „ძალისმიერი აფეთქებები“ ხდება.
რა თქმა უნდა, ჭარბი ძალის გამოყენება ყოველთვის სუფთა და უმტკივნეულო პროცესი არ არის. გაჩნდება პრობლემები, რითაც არაკეთილმოსურნეები ისარგებლებენ და პიარს დაიწყებენ. აი სწორედ ამიტომ ჭირდება დღეს – ისე როგორც არასდროს – ისრაელს დასავლეთის მთავრობების მხარდაჭერა და მისი ინტერესების გაზიარება.

წყარო

“საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს იუსტიციის დღეს ულოცავს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

„საქართველოს იუსტიციის სისტემის ყველა თანამშრომელს გულითადად გილოცავთ იუსტიციის დღეს.

ეს დღე ეძღვნება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამავე დროს – თითოეულ თქვენგანს; თქვენი ყოველდღიური შრომა საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენს ქვეყანაში ამ პრინციპების განუხრელი დაცვისა და გაძლიერებისათვის; თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გადამწყვეტ როლს თამაშობს სამართლიანი, ძლიერი, თანამედროვე, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ს გადააჭარბა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან თითქმის ოთხი დღის შემდეგ, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია.

ინფორმაციას ისრაელის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

პარალელურად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე პირი დაჭრილია.

თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-მდე გაიზარდა.

ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ეს არის მესამე კონტრშეტევა ტერიტორიაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში.

“დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება”

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე, ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

„2023 წლის 5 ივლისს, „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას აცნობა, რომ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების პროცესში კონკრეტული სფეროს ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, თუ როგორი მეთოდებით უნდა მომხდარიყო გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღება და როგორ პირობებში უნდა შენახულიყო ბიოლოგიური მასალები, მტკიცებულების დაზიანების/განადგურების თავიდან ასაცილებლად.

საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, „უფლებები საქართველოს“ იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.

„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს

აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზას მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს კონსულტაციები. მაგრამ არის დეტალები, რომლებიც დიპლომატიური არხების საშუალებით განიხილება და მე არ მსურს მათ შესახებ ამ დროისთვის საჯაროდ ვისაუბრო“, – განუცხადა სალივანმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს.

ღაზასთან სექტორთან 300 000-მდე ჯარისკაცი გვყავს განლაგებული -ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელმა ღაზას სექტორის მახლობლად 300 000 ჯარისკაცი განალაგა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა.

„ჩვენ განვათავსეთ, გავაგზავნეთ ჩვენი ქვეითი, ჯავშანსატანკო ჯარები, ჩვენი საარტილერიო კორპუსი და ბევრი სხვა ჯარისკაცი რეზერვიდან – 300 000-მდე და ისინი ახლა ღაზას სექტორთან ახლოს იმყოფებიან და იმ მისიის შესასრულებლად ემზადებიან, რომელიც ისრაელის მთავრობამ დაგვაკისრა“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

მისი თქმით, მისია ითვალისწინებს იმის უზრუნველყოფას, რომ „ჰამასს“, ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო შესაძლებლობები აღარ ჰქონდეს.

”ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“, ამ ომის დასასრულს, არ ჰქონდეს რაიმე სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც ისინი შეძლებენ დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები,” – განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა.

“ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია”-ლაშა ჟვანია

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ და 12 ოქტომბერს არის დანიშნული დამატებითი ავიარეისები, მოთხოვნის შემთხვევაში კი, რეისის დამატებასაც განიხილავენ.

„როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩმა ისრაელში დღეს არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში ვითარება შედარებით სტაბილური იყო.

„ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები, თუმცა ისრაელის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე აღჭურვილობა, რომელსაც რკინის გუმბათი ჰქვია, იგერიებდა თავდასხმის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას. დღეს შუადღეს განგაშის სირენა იყო თელ ავივსა და მის შემოგარენში, თუმცა მალევე ჩაწყნარდა მდგომარეობა. ჩრდილოეთიდან მოხდა ასევე საჰაერო თავდასხმა, სადაც საპასუხო თავდასხმა ჰქონდა ისრაელს. დღეს რეალურად ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც და პოლიტიკურადაც. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა განცხადება, რომელიც ბოლო ათწლეულებია, არავის მოუსმენია ამერიკის ლიდერისგან. ის ძლიერი ლიდერია, რომელიც აცხადებს სრულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. ის მოუწოდებს „ჰეზბოლას“ და მის მხარდამჭერ სახელმწიფოებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც შეიძლება, ისრაელის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყოს. ეს სერიოზული გზავნილია ამერიკის მხრიდან, რამაც, წესით, უნდა შეცვალოს და შეარბილოს „ჰეზბოლას“ მხრიდან მოქმედებები ან მეორე, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს აშშ-ის რეაგირებას „ჰეზბოლას“ ქმედებებთან დაკავშირებით, თუ ასეთი იქნება ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის ზოგადად ის ვითარება, რომელმაც შეიძლება, ისრაელში უფრო ეფექტური და სწრაფი სტაბილურობა გამოიწვიოს“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიიღეთ მოცემული სიტუაცია, ისე როგორც არის და ნუ დაუპირისპირდებით ხელმძღვანელობასა თუ კოლეგებს. ნუ შეეცდებით, სხვის ხარჯზე, მიაღწიოთ კეთილდღეობასა და წარმატებას.

კურო

კარგი დროა, სამომავლო გეგმების დასახვისთვის, მოიძიეთ მოკავშირეები ახალი საქმეების წამოსაწყებად, ერთმანეთზე ზრუნვით და მხარდაჭერით წარმატებებს მიაღწევთ.

ტყუპები

შეიტანეთ სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, ყურადღება მიაქციეთ ტექნიკის გამართულობას, იზრუნეთ ძველი ნივთების განახლება-მოწესრიგებაზე.

კირჩხიბი

ყოველდღიურობაში რაღაც სიახლეებს აღმოაჩენთ და სამყაროს ახალი ენერგიებით დაიმუხტებით, მზად ხართ, შექმნათ რაიმე სასიკეთო და სასარგებლო. ერიდეთ, სერიოზულ ფინანსურ ხარჯებს.

ლომი

ნუ შეუშინდებით სიახლეებსა და სირთულეებს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნითა და გონივრული საუბრით თქვენ შეძლებთ, მოხიბლოთ გარშემომყოფები და მიიღოთ სასურველი შედეგები.

ქალწული

სასურველია, ნაკლებად პრეტენზიული და მომთხოვნი იყოთ ირგვლივ მყოფთა მიმართ, ახლა მეტად საჭიროებთ თბილ და სასიამოვნო ურთიერთობებს.

სასწორი

მოიძიეთ საჭირო კონტაქტები, მოძებნეთ საერთო ინტერესების მქონე ადამიანები და მეტად იკონტაქტეთ თქვენივე პროფესიის ადამიანებთან, შესაძლოა, ახალმა იდეებმა ახალი წარმატებებისკენ გაგიხსნათ გზა.

მორიელი

წარმატება გელით ახალ წამოწყებებში, მაგრამ სამსახურებრივ საქმიანობაში წინსვლასთან ერთად, ნუ დაგავიწყდებათ ბავშვებზე ზრუნვა, მათი სურვილებითა და ოცნებებით დაინტერესება.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, შესაძლოა, ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის უკეთესობისკენ არა მხოლოდ თქვენს, არამედ, ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრებასაც.

თხის რქა

შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი ინტერესების დაცვა, შესაძლოა, რაიმეს დათმობაც დაგჭირდეთ, დაიცავით თქვენი შეხედულებები, ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან და დაიცავით თქვენი სივრცე.

მერწყული

ბიზნეს-საქმიანობაში კარგ შედეგებს დადებთ, იფიქრეთ ამ საქმიანობის გაფართოებასა და სიახლეებზე, მოუსმინეთ თანამოაზრეებს და იზრუნეთ რომ მეტად საინტერესო გახადოთ პირადი საქმიანობა.

თევზები

დიპლომატია თქვენთვის ძალიან საჭირო იარაღია. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ უახლოეს პერიოდში ნებისმიერ საქმეში გამარჯვების მოსაპოვებლად.

“ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია” -ჯო ბაიდენი 

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია”.

“ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, – განაცხადა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.

ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ.

“როდესაც კონგრესი დაბრუნდება, ჩვენ გადაუდებელი ზომების მიღებას ვთხოვთ ჩვენი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად…

ეს პარტიას ან პოლიტიკას არ ეხება. საუბარია მსოფლიო უსაფრთხოებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ბაიდენმა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში” გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.