პროკურატურამ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავა

186
spot_img

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე სამი პირი დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე ბინების დაგირავებით დაინტერესებული პირების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარებას უწევდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ. ისინი მათ ბინის მესაკუთრეებად და ხელშეკრულების მხარედ ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს აცნობდნენ, ხოლო ნდობის მოპოვების მიზნით, ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ.

ნოტარიუსებმა და ნოტარიუსის თანაშემწემ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისთვის დახმარების მიზნით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაზარალებულებს არ განუმარტეს სანოტარო მოქმედების შინაარსი და სამართლებრივი შედეგები. ბრალდებულებმა დაზარალებულ 94 პირს სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ნაცვლად, რომლითაც მოწესრიგებული იქნებოდა ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, დაზარალებულთა საკუთრებაში ბინის გადაცემის საკითხი, მოტყუებით სესხის ხელშეკრულებები გაუფორმეს. ნოტარიუსები თითოეული ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. რაც შეეხება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე წარდგენილი აქვთ ბრალდება და მიმდინარეობს გამოძიება.

ინფორმაციას პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.