Home Blog Page 2209

“ორბანის ვიზიტი აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის მიმართულებით.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ოთხი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ფართო საზოგადოებისთვის.

„ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ უნგრეთი, რუმინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, ერთ-ერთი მონაწილეა იმ შეთანხმების, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის მშენებლობის პროექტს, რომელიც ძალიან ღირებულ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოდივერსიფიცირების მიმართულებით. ჩვენ, ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის, როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან ჩვენ და აზერბაიჯანი. ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“ინდივიდუალურად ვმუშაობთ ევროკავშირის ყველა წევრთან, ბევრი ქვეყნისგან გვაქვს ძლიერი, პოზიტიური გზავნილები, რომ საქართველო იმსახურებს სტატუსს”

უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

„ჩვენ ინდივიდუალურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის უნგრეთთან, რათა უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი, ყველას საერთო მიზანია, ევროპული პერსპექტივის შემდეგ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. უნგრეთისა და ევროკავშირის კიდევ სხვა, ბევრი წევრი ქვეყნის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილები გვაქვს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მიიღებს. უნგრეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი მხარდამჭერი, როცა საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ქვეყნის წარმატებულ სვლას საბოლოო მიზნისკენ – ეს არის ევროკავშირის საბოლოო, სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

თიბისის განათლების პროგრამა მომავლის პროფესიების შესასწავლად

ტექნოლოგიების საუკუნეში შესაძლებელია, რომ სახლიდან გაუსვლელად დაეუფლო ახალ პროფესიებს და მისწვდე მსოფლიოს სხვადასხვა პროფესიულ მწვერვალებს. ტექნოლოგიური პროგრესის შეუქცევად გზაზე, ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება მცირე ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ თიბისი ყველა მე-10 და მე-11 კლასელს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლოს დღეისათვის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და  ტექნოლოგიური განათლების, სრულად დაფინანსებულ კურსებს სთავაზობს 9 მიმართულებით.

ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნა, ციფრული კომუნიკაცია, გრაფიკული დიზაინი, ვიზუალური კომუნიკაცია – ვიდეოგრაფია და ფოტოგრაფია და UI/UX დიზაინი. ეს იმ კურსების ჩამონათვალია, რომლებსაც დღეიდან სამი თვის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 650 უფროსკლასელი დაეუფლება.

„თიბისის ინიციატივით შექმნილი ტექნოლოგიური განათლების კურსები ახალ თაობას აძლევს შესაძლებლობას, თეორიულ ცოდნასთან ერთად, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სამთვიანი დინამიური კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ კი უკვე თავად შეძლებენ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. კურსები თავდაპირველად სამი მიმართულებით დავიწყეთ, თუმცა ტექნოლოგიების მიმართ ახალი თაობის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, კურსების არჩევანი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გავხადეთ. შედეგად, შემოდგომიდან, უფროსკლასელებს, ტექ მიმართულების უკვე 9 კურსს ვთავაზობთ,“- ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.

თიბისი ყოველთვის უჭერდა მხარს განათლების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა პროექტების მეშვეობით. 2023 წელს კი ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად იქცა.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამასთან პარტნიორობით.

 

R

“შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?!” – პაატა მანჯგალაძე

შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! – შოლცმა რა დააშავა, ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ” ფაქტობრივად. ერთი ჯგუფი იყო ვინც ხელს ართმევდა ევროპაში და იმასთანაც გაიფუჭეს ურთიერთობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მან „სისულელე“ უწოდა ინფორმაციას, რომ ორბანი ულტიმატუმებით საქართველოსთვის სტატუსის მიცემას დაეხმარება. მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ ევროპული გზა გადის რეკომენდაციების შესრულებაზე და არა ორბანზე, რომელიც „ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს“.

„შოლცმა რა დააშავა, შოლცი რატომაა ცუდი?! ლისაბონიდან თბილისამდე უნდა იყოს ევროპა, მოდით, დაგველაპარაკეთო და დედა აგინა „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად, ერთი ჯგუფი იყო ევროპაში ვინც ხელს ართმევდა „ქართულ ოცნებას“ და იმასთანაც გააფუჭეს ურთიერთობა, ან მაკრონი რატომ არ არის იგივეს გამკეთებელი?! შოლცს და მაკრონს უფრო დიდი გავლენა აქვს ევროკავშირში, თუ ორბანს?! გერმანია და საფრანგეთია წარმმართველი ძალა ევროპაში, ის, რომ ორბანი უკრაინას დაბლოკავს და ამის გამო სტატუსს მივიღებთ, ეს არის ახალი შეთქმულების თეორია და სისულელე. შეასრულეთ რეკომენდაციები, შემოიტანეთ კანონები, რაც ინიცირებული გვაქვს, მივიღოთ, ხუთ დღეშია შესაძლებელი, ეს არის ევროპისკენ გზა და არა ორბანი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აკეთებს იმას, რაც რუსეთს უნდა.

რეკომენდაციები გვაქვს შესასრულებელი და იმის ნაცვლად დაჩქარებული ცვლილებები ამაზე შემოვიდეს, “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა ცვლილება კარვებთან დაკავშირებით, კიდევ თურმე პრიორიტეტული ყოფილა ორი ვიცე-სპიკერის დამატება და კობახიძე რომ გამოვა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ. ასევე, კენჭისყრა ღია იქნება თუ დახურული, ეს ყოფილა პრიორიტეტული. ანუ რა გვითხრა “ქართულმა ოცნებამ”? – გვითხრა, თქვენი კანდიდატის სტატუსიც და ევროპაც ცალ ფეხზე მკიდიაო,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

“იმპიჩმენტის პროცესი აჩვენებს, რომ ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა” – გურამ მაჭარაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცესმა, ერთი მხრივ, აჩვენა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს და კონსტიტუციამ გასცა პასუხი პრეზიდენტს, მეორე მხრივ კი, ამ პროცესმა აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განზრახული აქვთ, კენჭისყრის დროს დეპუტატები პლენარულ სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

„ისინი ერთმანეთს არ ენდობიან. 36-იდან ოცნი დარჩნენ „ნაცმოძრაობაში“ და იმ ოცსაც არ ენდობიან, განზრახული აქვთ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში არავინ შევიდეს. საზოგადოებისთვის ეს კარგი მაგალითი იქნება. ერთი მხრივ, იმპიჩმენტის პროცესი აუცილებელი იყო, რადგან კონსტიტუცია არავინ უნდა დაარღვიოს, საქართველოს კონსტიტუცია დაუდგა პრეზიდენტს მოწინააღმდეგედ და პასუხები გასცა ირაკლი კობახიძის სახით. საქართველოს კონსტიტუცია სცემდა პასუხს საქართველოს პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს პირდაპირ აჩაქუჩებდა კონსტიტუციის 52-ე მუხლით, რომელიც პრეზიდენტმა დაარღვია. რეალურად, იმპიჩმენტის პროცესია ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია შედგა. მეორე მხრივ, ეს პროცესი საჯაროდ აჩვენებს, რომ რადიკალური ოპოზიცია ერთმანეთს არ ენდობა და როგორ უნდა ენდოს საზოგადოება, რომ მისცენ ხმა და ხელისუფლებაში მოვიდნენ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

“ვიქტორ ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება” – ეკა სეფაშვილი

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრ ეკა სეფაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სეფაშვილის თქმით, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება.

„ორბანის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაისახა გეგმა, საქართველო გახდეს სატრანსპორტო ჰაბი ენერგორესურსებისთვის თუ ასე შემდეგ, ეს საუბარი არ დარჩა საუბრად და საქმიანი ვიზიტი განხორციელდა. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეზრდება და საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა იქნება არა მხოლოდ საქართველოს ინტერესში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინტერესში, მათ შორის ევროკავშირის ინტერესებში, რომლებიც ისარგებლებენ საქართველოს გავლით თავიანთი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ევროკავშირისთვის და ზოგადად მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.

თიბისიმ საერთაშორისო კონფერენციაზე „UNITING BUSINESS EUROPE” მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა წარადგინა

9 ოქტომბერს, თბილისში, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და  საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საერთაშორისო კონფერენცია „Uniting Business Europe” გაიმართა. კონფერენციაზე, ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა თიბისის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკაზე ისაუბრა.

„Uniting Business Europe“ აერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს: ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.

„Uniting Business Europe“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში განხილული იყო, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორებიცაა:  მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესი, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი დაფინანსება, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და  სხვა.

„თიბისისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. თიბისი უკვე 10 წელია, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და რეგიონული კონფერენციის გენერალური სპონსორობით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. თიბისის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, მათ შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის. სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ მდგრადი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გაზრდა ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილია“ – აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.

„Uniting Business Europe“ კონფერენციის სპიკერები იყვნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის:  ჰეიდი ჰაუტალა – ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო – „ილ ბორო ტოსკანას“ მფლობელი, იმრან აჰმადზადა – NEQSOL Holding Azerbaijan ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი –  ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნინო მასურაშვილი – თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩეხერია – „რუმს ჰოტელსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა – „თეგეტა ჰოლდინგის“  აღმასრულებელი დირექტორი,  სატიშ ბატი – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი – „Sustainera Solution“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენინგ სასე, „Norm”-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა.

კონფერენციის „Uniting Business Europe“ ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელმაც დანაშაულის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

პოლიციელი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, დოლიძის ქუჩაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რომის პაპმა „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ფრანცისკემ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ მოუწოდა გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომელიც ტყვედ აიყვანეს ისრაელზე თავდასხმის დროს, ამასთან, გამოხატა სერიოზული შეშფოთება ისრაელის მიერ ღაზის „ტოტალური“ ბლოკადის გამო. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მე ვლოცულობ იმ ოჯახებისთვის, რომლებმაც დაინახეს, რომ დღესასწაული გლოვის დღედ იქცა და ვთხოვ, რომ მძევლები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, „ჰამასის“ მიმართ ისრაელის პასუხზე რომის პაპმა თქვა: „ვისაც თავს დაესხნენ, მათი უფლებაა, რომ თავი დაიცვან, მაგრამ მე ძალიან მაწუხებს ტოტალური ბლოკადა, რომელშიც ცხოვრობენ პალესტინელები ღაზაში, სადაც ასევე ბევრი უდანაშაულო მსხვერპლია“.

“მამუკა ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი” – სალომე სამადაშვილი

ხაზარაძის სარჩელით ფიქსირდება, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არის მატყუარა და ცილისმწამებელი, – ასე ეხმიანება “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც უკავშირდება მის განცხადებას, რომ “ხაზარაძე ბიზნესს არეკეტებდა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს.”

სამადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ უპასუხოდ არ დატოვოს ცრუ ბრალდებები.

“რას გადაწყვეტს სასამართლო, რომელზეც ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, ეს გამოჩნდება საქმის მიმდინარეობისას, მაგრამ მნიშვნელოვანია, უპასუხოდ არ დავტოვოთ ცრუ ბრალდებები, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს ოპოზიციის წინააღმდეგ და ამიტომ გადაწყდა ამ სარჩელის შეტანა.

კობახიძე, ხელისუფლება და მისი მასმედია დაკავებული არიან რუსული პროპაგანდის სტილში ოპონენტების გაშავებით და ქართველი ხალხის მოტყუებით, ამიტომ არ გვიკვირს, რომ ცრუ ბრალდებების სამიზნე არაერთხელ ყოფილა “ლელო” და ოპოზიციის სხვა ლიდერები, მათ შორის, იცით, რომ მე ვამხილე ტყუილში წულუკიანი, რომელმაც პარლამენტში დამაბრალა საელჩოში ნახატის დაკარგვა. ეს არის რუსული ოცნების სტილი და მოქმედებენ ისე, როგორც მოქმედებს ვლადიმერ პუტინი თავის ოპონენტების წინააღმდეგ. ვიდრე გვაქვს ჯერ კიდევ შესაძლებლობა, უნდა ვიბრძოლოთ მათ შორის სასამართლოში, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ, საქალაქო სასამართლოში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა. ადვოკატის თქმით, ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას ითხოვენ.

„10 სექტემბერს, ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ ცილისმწამებლური ცნობები გავრცელდა, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს არსებული „რეკეტის სქემებში“ მონაწილეობდა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და არის ცრუ ფაქტების გავრცელება. ამიტომ, ჩვენგან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ვითხოვთ ირაკლი კობახიძისგან მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან, მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს უკავშირდებოდა, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან, თითქოს ფულის გათეთრება ხდებოდა“,-განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, ელოდებიან, რომ სასამართლო განიხილავს და სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს – თუკი სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამ ცნობების უარმყოფელი განცხადების გავრცელებას საინფორმაციო საშუალებებით ან იმ ფორმით, რასაც სასამართლო დაადგენს”,-განაცხადა ზვიად კორძაძემ.

თიბისი კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს

თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა განაახლა, განავითარა და ინგლისურთან ერთად, ახლა უკვე ქართულ ენაზეც აქვეყნებს.

 განახლებული კვლევა მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, საერთაშორისო სავალუტო ბაზრების ანალიზსა და როგორც გლობალური, ისე რეგიონული,  სუვერენული და კორპორაციული ობლიგაციების ინდექსებს აერთიანებს.

ანგარიში ყოველ 2 კვირაში ერთხელ გამოქვეყნდება და ინვესტორებს, ინვესტირების დაწყების მსურველებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ობლიგაციების ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 მაკროეკონომიკური მიმოხილვა მკითხველს ბაზრის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობასა და ვალუტის ბაზრებზე აქტივობას გააცნობს, თიბისი კაპიტალის ინდექსები კი ინვესტორებს საშუალებს მისცემს რეგიონული ობლიგაციების ფასისა და სარგებლიანობის მოძრაობას დააკვირდნენ და მსოფლიოში არსებული სხვა ინდექსების შემოსავლიანობას შეადარონ. განახლებული ანგარიში მოიცავს შეერთებული შტატების სახაზინო ობლიგაციების ანალიზსაც, რომლებიც ობლიგაციების გლობალური ბაზრების სენტიმენტის მდგენელად განიხილება. 

 თიბისი კაპიტალის სუვერენული ობლიგაციების ინდექსი რეგიონის 10 ქვეყნის მიერ გამოშვებულ 26 სუვერენულ ევროობლიგაციას ფარავს, კორპორაციული ობლიგაციების ინდექსი კი – რეგიონული  კორპორაციების მიერ გამოშვებულ 170 ევროობლიგაციას. ინდექსები ყოველკვირეულად ახლდება და რეპორტთან ერთად, 2 კვირაში ერთხელ ქვეყნდება.

 თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის უახლესი მიმოხილვის მიხედვით, აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.7%-იან ნიშნულს გადააჭარბა და აღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე წნეხს აძლიერებს. ეს მაჩვენებელი 2007 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალია.

 თიბისი კაპიტალის რეგიონული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, 2 კვირის განმავლოაბში, 0.32%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შემცირდა თურქული და რუმინული სამთავრობო ობლიგაციების ფასები, თითოეული 1.5%-ით. მეორე მხრივ, 1.30%-ით გაძვირებულია სომხური სამთავრობო ობლიგაციები, რომელთა ვადაც 2025 წელს იწურება.

თიბისი კაპიტალის ობლიგაციების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას, ამჯერად უკვე ქართულ ენაზეც, გაეცანით ბმულზე.

R