Home Blog Page 2209

“რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს ხვდება. შეხვედრაში ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჯიოევი მონაწილეობენ. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შეხვედრის დაწყებისას სერგეი ლავროვმა განაცხადა, ცხინვალსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც „რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ინტერესებს პასუხობს“.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსი სამხედროების მხარდაჭერისთვის.

„დღეს ხელს მოვაწერთ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების გეგმას. ვიმყოფებით მჭიდრო კოორდინაციაში რეგიონული პოლიტიკის, საერთაშორისო პრობლემატიკის საკითხებზე და სამხრეთ ოსეთის საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ყველანაირად მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავეხმარებით“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე, სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერებს შეხვდა. დაგეგმილია ასევე შეხვედრა სამმხრივ ფორმატში.

პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა – ვახტანგ ბაჩიაშვილი

პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება, საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავენ.

როგორც ვახტანგ ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი წერილობითი წინადადებით მიმართავს საქართველოს მთავრობას და წერილობითი მიმართვაში აღწერილია კონკრეტულ ქვეყანაში განსახორციელებელი ვიზიტი, ვიზიტის თარიღები, დღის წესრიგი, კონკრეტული ოფიციალური პირები, ვისთან შეხვედრასც უნდა განხორციელდეს და საქართველოს პრეზიდენტი მთავრობისგან ითხოვს თანხმობის გაცემას.

„2019 წლიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას მომართა 71-ჯერ და ყველა წერილობითი მიმართვა, რომელიც მთავრობის სახელზეა გამოგზავნილი, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, გარდა ნარატიული მასალისა და ინფორმაციისა, შეიცავს სამართლებრივ წინაპირობებსაც, რის საფუძველზე სთხოვს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას, გაიცეს შესაბამისი თანხმობა. პრეზიდენტის ყველა წერილობითი წინადადება იწყება მითითებით და რეფერიებით კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე რითაც დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდანაც გაცნობიერებულია ამ ყველა ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც საქართველოს მთავრობისადმი მომართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის თანხმობის სავალდებულობა“, – განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

“საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარის პოზიციები ძალიან სუსტია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვაზე მოპასუხე მხარის პოზიცია იყო სუსტი.

მისივე თქმით, ყველაფერთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრებს პროცესზე, შესვენების შემდეგ.

„ყველაფერს პასუხს გავცემთ პროცესზე. ამიტომ სჯობს, მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. რა თქმა უნდა, ძალიან სუსტია მოპასუხე მხარის პოზიციები, ეს ცალსახად შეიძლება, ითქვას. ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება შესვენების შემდეგ. რეალურად, არგუმენტი საერთოდ ვერ მოვისმინეთ. როგორც იურისტი, ვამბობ, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა ამ ყველაფერს დეტალურ სამართლებრივ პასუხს გავცემთ შესვენების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ პრეზიდენტი პირადად არ მონაწილეობს პროცესში, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს შეეძლო, სასამართლოს მიმართ პატივისცემა გამოეხატა, თუმცა ეს არ გააკეთა.

„ჩვენც შეგვეძლო წარმომადგენლები გამოგვეგზავნა, მაგრამ პარლამენტის ოთხი წევრი იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. იგივე შეეძლო პრეზიდენტს, თუმცა ეს არ გააკეთა, რაც მისი არჩევანია. სამართლებრივი, თეორიული, ყველანაირი მიდგომის მიხედვით, იმპიჩმენტი არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცედურა. ის ნაწილი, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, არის სამართლებრივი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც წარიმართება პარლამენტში, არის პოლიტიკური. ეს ყველამ იცის, ამიტომ სპეკულაციებისთვის სივრცე საერთოდ არ არის“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, იქ ვერ იქნება ევროპა.

„ევროპა და ევროპულობა ნიშნავს კონსტიტუციის პატივისცემას. იქ, სადაც არ არის კონსტიტუციის პატივისცემა, ვერ იქნება ევროპა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთში, კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართა

27-28 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ კანში, კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი გაიმართა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება.

ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედია პროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეორგოლები სხვადასხვა ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი.

ფესტივალზე საუკეთესო პროექტები „ოქროსა” და „ვერცხლის” დელფინებით დაჯილდოვდნენ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ოსკარისა და ემის ჯილდოს მფლობელები, ასევე კორპორატიული კომუნიკაციების სპეციალისტები და ცნობილი მედია წარმომადგენლები.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” აცნობეს, წელს ერთერთი ჟიურის წევრი, საქართველოს წარმომადგენელი, რეჟისორი და პროდიუსერი ირინა ხანგოშვილი გახლდათ, რომელიც, მრავალი საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალების გამარჯვებულია და ასევე, სხვადასხვა დროს, ჟიურის წევრიც იყო.

აღსანიშნავია, რომ კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კომპანია Bloomberg-ის „Glimpses of Georgia“ დასახელდა.

ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილ მრჩეველზე, ალექსეი არესტოვიჩზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „ტასი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.​

„არესტოვიჩ ალექსეი. იძებნება სისხლის სამართლის კოდექსით“, – ნათქვამია მონაცემთა ბაზაში.

რა კონკრეტული მუხლით მიმდინარეობს ძებნა, არ არის მითითებული, თუმცა რუსეთის ფედერაციაში არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაშია შეყვანილი.

ევროპა თუ შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით – პაატა მანჯგალაძემ უმრავლესობას

საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება“ არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში, – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ 12-დან 9 რეკომენდაცია არის შესასრულებელი; მათ შორის სასამართლო, სარჩევნო, ანტიკორუფციულთან დაკავშირებული რეფორმები, რომლებზეც ინიციატივები ოპოზიციას შემოტანილი აქვს და განსახილველადაც კი ვერ მოიცალა ხელისუფლებამ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატის თქმით, ქვეყანაში მთავარი პრობლემას კორუფცია წარმოადგენს.

„ევროპა თუ შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით, ხომ ვერ იქნება კორუფცია ქვეყანაში. გირჩევნიათ მოიპაროთ ფული აქ და წახვიდეთ და ევროპაში დაისვენოთ ამ ფულით. ეს არის მთელი ფილოსოფია თქვენი ცხოვრების და მზად ხართ, გადაეფაროთ ჯაშუშ ფარცხალაძეს. ფარცხალაძე არის თქვენი სახე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-თან ერთად. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ეკონომიკურად ისეთივე ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორისაც თითქმის კონსენსუსია და მათაც უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრებს შორის იხილონ.

„გვეუბნებიან, მოდით, მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები, რათა ჩვენც დაგეხმაროთ, რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.

„სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი? სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

“იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” – თამარ ჩუგოშვილი

იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება – მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს თავისი მანდატის შესრულებაში ხელს უშლის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს ჩრდილს აყენებს.

„მმართველი უმრავლესობა თავისი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს და პრეზიდენტს იმ მანდატის შესრულებაში უშლის ხელს, რომელიც მან საყოველთაო კენჭისყრით მიიღო და რომელსაც იგი კონსტიტუციის დებულებების დაცვით ასრულებს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყება არის ვიწროპარტიული პოლიტიკური გადაწყვეტილება და იგი ჩრდილს აყენებს საქართველოს სანდოობას და საერთაშორისო იმიჯს, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების საწინააღმდეგო ეფექტი ექნება და კონსტიტუციის 78-ე მუხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იქნება. თავისი არსით, იმპიჩმენტი არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს განსაკუთრებული სიმძიმის მოვლენებთან. ჩვენ შემთხვევაში მმართველმა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, დაეწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული მუხლის ვალდებულებების 49-ე მუხლის საფუძველზე შესრულების გამო და ამ საქმიანობის შესრულების გამო,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო – ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა, ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! -თაკო ჩარკვიანი

აქ გვითხრეს, არჩევნებს ვერ იგებთო – ბრეჟნევის დროსაც ვერავინ იგებდა არჩევნებს! ამ ტიპის ხელისუფლების პირობებში არჩევნებს ვინ მოიგებს?! დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! – ამის შესახებ  პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს შეადარა და როგორც აღნიშნა, ე.წ. კარვების კანონი იგივეა, რაც რუსული კანონი იყო.

„შევეცდებით აღნიშნულ კანონს ისეთივე წინააღმდეგობა გავუწიოთ, როგორიც საზარელ რუსულ კანონს გავუწიეთ. იმ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომელზეც 11 წელია ლაპარაკობთ, ოპოზიციას თვეობით გვედგა კარვები – ქუჩაში კარვები სამი-ოთხი თვე იდგა.

რევოლუციას ყოველთვის ცუდი ხელისუფლება აკეთებს – რევოლუციას აკეთებს კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ზუსტად იმ ტიპის ხელისუფლება, როგორიცაა „ქართული ოცნება“. ამ ტიპის კანონებს რომ მიიღებენ, შემდეგ რევოლუციები ხდება ანუ ამისკენ მშიერ, გაუბედურებულ ხალხს მომპარავი ხელისუფლების წარმომადგენლები უბიძგებენ – რევოლუციას ოპოზიცია ვერ და არ აკეთებს. რევოლუციას აკეთებს ცუდი ხელისუფლების მიერ ხელნაკრავი, მშიერი ხალხი.

დაველოდებით – ამოუვა ხალხს ეს ყველაფერი ყელში! დაველოდებით გაჭირვების გამო გამოსულ ხალხს და თუ თქვენ ამას თვენი ქონების დაცვის რევოლუციას დაარქმევთ, დაარქვით – დავინახავთ ვინ გაიმარჯვებს! საქართველო კორუფციონერების წინაშე არასდროს დაეცემა“, – მიმართა უმრავლესობას თაკო ჩარკვიანმა.

“საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატისტები არიან” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები პრაგმატისტები არიან, – ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ მედიასთან საუბარში, ჟენევის მოლაპარაკებების პერსპექტივების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თუ პრეზიდენტს არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატისტები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევაში დისკუსიამ შეიძლება რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, აფხაზეთს სურს, „ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან“, კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს.

„თუ ქართული სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაშინ ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს“, – აღნიშნა ბჟანიამ.

პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია -ალუდა ღუდუშაურ

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება. დღეს, საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა ცდილობს, დაიცვას თავის სუვერენიტეტი, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ხოლო მეორე მხარეს, საქართველოს პრეზიდენტი ღია ომს უცხადებს და აბუჩად იგდებს ქვეყნის მთავარ კანონს, რომელსაც ასევე კონსტიტუცია ჰქვია, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი თვითონ უნდა გამოცხადებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში და ხალხისთვის აეხსნა, რატომ არღვევდა კონსტიტუციას.

„რა თქმა უნდა, როდესაც პრეზიდენტი გქვია, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკითხები, როგორ მოიქცე, გათელო თუ არა კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, პასუხი იქნება – „დიახ“, რადგან მათ კონსტიტუცია კი არა, ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლე ჰქონდათ ფეხქვეშ გაფენილი.

სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა. მოვიდეს ღიად სასამართლოს სხდომაზე და აუხსნას სასამართლოს, ქართველ ხალხს, რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად, მაგრამ, ბუნებრივია, დიდ უხერხულობაში ჩავარდებოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მდ.ნატანებზე არსებული ხიდის დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე, ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტები. დაწყებულია დაზიანებული მონაკვეთის აღდგენისთვის საჭირო ტექნიკის მობილიზება.

დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.