Home Blog Page 2206

“ოპოზიციის წარმომადგენელთა ქმედებები არის ფარისევლური” – კახა კალაძე

მათი ყველა განცხადება, ყველა ქმედება არის ფარსი, ფარისევლური და ორმაგი სტანდარტის შემცველი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყვარელში პროტესტთან დაკავშირებით ჟუნალისტის კითხვას, „ელენე ხოშტარია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი. ცნობილია, რომ ის თავად იღებს რუსეთიდან დაფინასებას, როგორ შეაფასებთ ამას“.

კალაძემ ოპოზიციის აქციების შეფასებისას აღნიშნა, რომ მათ დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული და ამ თამაშს თამაშობენ.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადახედეთ, წლების წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ და დღეს როგორი აღშფოთებული არიან. თვითონ აღიარებენ ამას და პირდაპირ კომენტარებშიც არ ერიდებიან საუბარს, ამბობენ, თითქოს მაშინ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით სხვა ვითარება იყო, არ ვიცი, რა ვითარებაზე საუბრობენ, 2008 წელს ომი იყო და დავკარგეთ ტერიტორიები, ამაზე დიდი უბედურება რა უნდა ყოფილიყო, თუმცა თურმე მაშინ, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა, ბიზნესის კეთება, ვნახეთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ადამიანები. უბრალოდ მაშინ უთხრეს, უბრძანეს, რომ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, დღეს უბრძანეს, რომ უნდა იყვნენ გაბრაზებული, ამ თამაშს თამაშობენ, ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ – ამერიკის ხმა

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ (ავტორი – ზაზა წულაძე, თბილისელი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

საქართველოს ხელისუფლებამ ერთდღიანი უარყოფის და საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ნამდვილად შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა და მისი ქმარი, რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ვინოკუროვი. ცოლ-ქმარ ლავროვა-ვინოკუროვის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციები 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოქმედებს. ეკატერინე ლავროვა-ვინოკუროვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ის მოქალაქეც არის, აკრძალული აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და უკრაინაში შესვლა.

როგორც „ამერიკის ხმას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ უთხრა, „ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“. მისი აზრით, „ყველა ნაბიჯი, რაც მმართველმა პარტიამ ბოლოს გადადგა, რუსეთთან ფრენების აღდგენის და იმის ხაზგასმის ჩათვლით, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არასოდეს მიუერთდება, სწორედ აქეთკენ არის გადადგმული. „ოცნებას“ აცნობიერებს, რომ ის რეფორმები, რომლის შესრულებასაც 12 პირობის სახით ითხოვს მისგან ევროკავშირი, პირველ რიგში, „ოცნების“ ძალაუფლებას დაასუსტებს“.

საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილისთვის საზღვრის კვეთის უფლების მიცემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორედ იმით ახსნა, რომ საქართველო არ მიერთებია და არც აპირებს მიუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს არასწორი უწოდა.
„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ეს გერმანიაში ვისწავლე…თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოგვეშვა საქართველოში“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა ოჯახის წევრებთან და სამეგობროსთან ერთად, მაზლის – ისრაელის მოქალაქე მოშე ვინოკუროვის – ქორწილში ჩამოვიდა. მოშემ, სასცენო სახელით – MIKA VINO, ცოლად რუსეთის მოქალაქე დიანა ახმადიშინა მოიყვანა და ხელი თბილისში, უზნაძის ქუჩაში მდებარე, „ქორწინების სახლში“ მოაწერა. “ქორწინების სახლში” ამტკიცებენ, რომ ცერემონიის დეტალები ჯერ კიდევ, მარტში შეთანხმდა და ჯავშანიც მაშინ გაფორმდა.

სიტუაცია უკიდურესად, მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ინსტაგრამსა“ და „ტვიტერზე“ რუსმა სტუმრებმა საქართველოში მოლხენის ამსახველი ვიდეოს გავრცელება დაიწყეს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ ყვარელში, სასტუმრო Kvareli Like Resort-ის ბლოკირება სცადა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონის ნაწილი, მათ შორის ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვაც იმყოფებოდა.

პოლიციამ საერთო ჯამში, ყვარელსა და თბილისში საპროტესტო აქციებზე, 17 პირი დააკავა, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის, შსს-ის განცხადებით, ყველა დაკავებული თავისუფალია.

როგორც Kvareli Like Resort-ში, ისე Akhasheni Wine Resort-ში 20 მაისს, კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მათთან სტუმრად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი იმყოფებოდა. მათ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელეს და მედიაში გასულ ინფორმაცია, დეზინფორმაცია უწოდეს.

ყვარლის ტბასთან პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, Kvareli Like Resort-ში საქმიან სადილზე ვერ შეძლო შესვლა საქართველოში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ყვარელში ეკატერინა ლავროვას ყოფნა.

„ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ“ – განაცხადა ქართულ მედიასთან ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა.

„რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის პუტინის გარემოცვა, ჩამოდის ქვეყანაში…“ – ასე გამოეხმაურა საქართველოში ლავროვის შვილის შემოშვებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის და 31 მაისს, ევროპარლამენტში გამოსვლის უფლებას არ აძლევს, გამოვიდა ღია მოწოდებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს და საავიაციო მიმოსვლა შეწყდეს.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაარწმუნა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება“.

პრეზიდენტის ეს განცხადება მოგვიანებით „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს – „შეუძლებელია, რომ შსს მინისტრს პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ ის ქორწილს გადადებდა, რადგან ეს გომელაურის და შსს-ს საქმე არ არის“ – განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ადამიანი შემოვიდა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავების ქორწილზე დასასწრებად და პროტესტის შემდეგ, რამდენმა დატოვა ქვეყანა. შსს-ში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ქორწილი საქართველოში, დროში დაემთხვა, 23 წლის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მოხსნას და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას.

19 მაისს, თბილისის აეროპორტში, პირველი ფრენა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, 20 მაისს კი მოსკოვის აეროპორტში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთში ფრენების დაწყებისთვის „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ამ ავიაკომპანიის სერვისით აღარ ისარგებლონ.

საპასუხოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და პრეზიდენტის წინაპრები, რომლებმაც ქვეყანა 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს, „საქართველოს ხაზინის, მუზეუმების და ეკლესია-მონასტრების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. „ჩვენ მას (ზურაბიშვილს) ბორტზე არ დავუშვებთ“ – ხაზი გაუსვა გაიაშვილმა.

ნიშანდობლივია, რომ გაიაშვილმა მოსკოვში, „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი ფრენის შემდეგ, რუსული ტელევიზიის ეთერით, ვლადიმერ პუტინს სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს რუსეთთან, მანამდე საქართველოს ხელისუფლებაც მიესალმა.

„დღეისათვის ვითარება ასე ჩანს, რომ რუსული ნარატივი დასავლური ნარატივის წინააღმდეგ, გახდა სახელისუფლებო ნარატივი – ოპოზიციური ნარატივის წინააღმდეგ“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის სპეციალისტმა. მისი თქმით, „ასეთი გარემოს შექმნაზე, ძირითადად, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნარატივი ხშირად ემთხვევა რუსულ ნარატივს. ყველა დანარჩენ ადამიანებს, ვინც დასავლურ ნარატივზე ვდგავართ და ვცდილობთ, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი დავიცვათ, ხელისუფლება გვაცხადებს, ბნელებად, მოღალატეებად, ომის პარტიის წევრებად და ა.შ. ამიტომ, როგორც კი ვდგებით იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და მისი მომხრეები ცალსახად იმას ამბობენ, რასაც რუსეთი ამბობს… ბუნებრივია, რომ რუსეთი აუცილებლად გადადგამს რაღაც ნაბიჯებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას მხარი დაუჭიროს. ამას დღეს ნათლად ვხედავთ“.

„სულ რომ გულწრფელად არ იყოს, „ქართული ოცნება“ პრორუსული, არადა, რეალობა, მათი ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ფრენების აღდგენის ჩათვლით, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია, რუსეთის ხელისუფლება ამას ისე შეფუთავს და ისეთ ვითარებას შექმნის, რომ ყველამ იფიქროს, საქართველოს ხელისუფლების კურსი შეიცვალა და იგი პრორუსულია. სწორედ ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთელი არსი“, – ამბობს დავით ძიძიშვილი.

მესამე სექტორის აზრით, ამ დროისთვის, ევროკავშირის 12 პუნქტიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია 5 მოთხოვნა, 4 მოთხოვნა ნაწილობრივ არის შესრულებული და სრულად შესრულებულად კი მხოლოდ 2 მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და გახსნა ორმხრივი ფრენები, რაც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მოკავშირე დასავლეთის სტრატეგიულ პოლიტიკას ცალსახად ეწინააღმდეგება.

წყარო

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის – „შპიგელი“

ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროპაში მესამე ქვეყნების გავლით შედის, – ამის შესახებ ინფორმაციას „შპიგელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყოველდღიურად ინდოეთის პორტებში რუსული ნავთობით დატვირთული, სულ მცირე, ორი ტანკერი შედის, რაც თვეში 70 ტანკერია.

„შპიგელი“ წერს, რომ ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მსოფლიოში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მდებარეობს, სადაც რუსული ნავთობის ბენზინად და ნავთობად გადამუშავება ხდება და შემდეგ ევროპაში შედის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ინდოეთმა ევროკავშირში საუდის არაბეთზე მეტი საწვავი შეიტანა.

ინდოეთში „ვადინარის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თითქმის 50 პროცენტი რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ საკუთრებაშია.

ლაგოდეხში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფოს დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

თიბისი უზბეკეთში EBRD-ის მიერ გამართული ყოველწლიური ფორუმის მხარდამჭერია 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში, რიგით 32-ე ყოველწლიურ შეხვედრას და ბიზნეს ფორუმს უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი თიბისი ჯგუფი (TBC Group PLC) იყო.

ფორუმი, სახელწოდებით “Investing in Resilience”, 16 მაისს გაიხსნა და სამი დღე გაგრძელდა, მასში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა, ფინანსური და კორპორატიული სექტორის აღმასრულებლებმა, მეწარმეებმა, სამოქალაქო სექტორმა და მედიამ მთელი მსოფლიოდან.

ფორუმზე თიბისი ჯგუფის (TBC Group PLC) დელეგაციას ხელმძღვანელობდა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. სადისკუსიო პანელებში მონაწილეობდნენ თიბისი ბანკი უზბეკეთისა და Payme უზბეკეთის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და Space International-ის აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ქურდიანი და თიბისი ბანკი უზბეკეთის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი თეთრაშვილი, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ციფრული პროგრესის მნიშვნელობას, უზბეკეთის ბაზრის მიმზიდველობას და ციფრული ტრანსფორმაციის გავლენას ფინანსურ ჩართულობაზე.

“მოხარული ვარ, რომ თიბისი ჯგუფი, მასში შემავალ კომპანიებთან ერთად, წარმოდგენილია EBRD-ის ყოველწლიურ ფორუმზე, რომელიც ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ბოლო 12 წლის განმავლობაში.  თიბისი ჯგუფს EBRD-თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია აქვს, რომელიც უკვე ორ ათწლეულს ითვლის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თიბისი უზბეკეთის გაფართოებაში, რაც საშუალებას  გვაძლევს, უფრო მეტ მომხმარებელს შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრი,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, 2021 წელს თიბისი ბანკი უზბეკეთის კაპიტალის მოცულობის ზრდაში მიიღო მონაწილეობა. პირველი შენატანის სახით, თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარი განახორციელა. EBRD და IFC კაპიტალის მოცულობის ზრდას 2024 წლამდე გააგრძელებენ.

სამარყანდის ფორუმმა თემების ფართო სპექტრი მოიცვა, მათ შორის: უზბეკეთის საინვესტიციო პერსპექტივა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და განახლებადი ენერგიები; უკრაინასთან ომით გამოწვეული მოკლე და გრძელვადიანი გამოწვევები; დიჯიტალიზაცია განვითარებად ბაზრებზე და ფინანსური ჩართულობა.

R

“ქართული ოცნება” არ არსებობს, არსებობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი” – სალომე სამადაშვილი

რეჟიმის ამოცანაა, რომ როცა რუსეთი საგრძნობლად დამარცხდება უკრაინაში, ვლადიმერ პუტინს უკვე ჰქონდეს სრულად გადაფორმებული კონტროლი საქართველოზე, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანაა ხელისუფლების შეცვლა.

„ჩვენზე გაცილებით დიდი გამოწვევები აქვს მოლდოვას, მაგრამ ეს სახელმწიფო ახერხებს იმას, რომ ევროკავშირთან კოორდინირებული პოლიტიკა აქვს, ამიტომ მიიღო სტატუსი და დაიწყებს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს სწრაფად. ამის პარალელურად ახერხებს იმასაც, რომ არ დგამს ნაბიჯებს, რომელიც ზედმეტად დაძაბავს ურთიერთობებს რუსეთთან. ამიტომ “ქართული ოცნების” განაცხადი, რომ მათი პოლიტიკა არის ბალანსირების პოლიტიკა, არის ტყუილი. “ქართული ოცნება” არ არსებობს, არსებობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც დღეს მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ამ რეჟიმის ამოცანაა, რომ იმ დროისთვის, როცა რუსეთი საგრძნობლად დამარცხდება უკრაინაში, ვლადიმერ პუტინს ჰქონდეს სრულად გადაფორმებული კონტროლი საქართველოზე. ესაა ამ ხელისუფლების ამოცანა, არ არის მათი ამოცანა არც დაბალანსება ჩვენი ინტერესების, არც კანდიდატის სტატუსის მიღება – ნახეთ როგორც იქცევა მოლდოვის ხელისუფლება და შეადარეთ საკუთარი ხელისუფლების საქციელს,”- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებამ” სუვერენული საქართველოს პოლიციას უბრძანა “ნიღბებით დაეცვათ მათი მოძმეების სისხლი რომ აქვთ ხელზე იმ ადამიანების ღრიანცელი და ღრეობა ჩვენს ქვეყანაში”.

“ლავროვი არის პუტინის ჯალათი და მის ხელზე არის ქართველი ხალხის სისხლი, საკუთარ სამარეს რომ ათხრევინებდნენ იმ ხალხის სისხლია ლავროვის ხელზე, იმ ბავშვების ვინც ამოჟლიტა უკრაინაში, გაუბედურებული ადამიანების სისხლია მის ხელზე და ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარ, ქართულ პოლიციას, დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის პოლიციაზე გასცა ბრძანება, რომ სისხლიანი ხელების მქონე ოჯახის წევრები, რომლებიც დასანქცირებულია ევროკავშირის და ამერიკის მიერ, რადგან სისხლიანი რეჟიმის ნაწილები არიან, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციას უბრძანა, გაეკეთებინათ სახეზე ნიღბები და ნიღბებით დაეცვათ მათი მოძმეების სისხლი რომ აქვთ ხელზე იმ ადამიანების ღრიანცელი და ღრეობა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ გაჩუმდეს, ბოდიში მოიხადოს და გააკეთოს განცხადება, რომ შეუერთდება სანქციების პოლიტიკას და სანქცირებული ადამიანები საქართველოში ვერ ჩამოვლენ, მაშინ გასაგები იქნება ხალხისთვის, რა არის მათი პოლიტიკა,”- განაცხადა სამადაშვილმა.

“სოხუმი და ცხინვალი – „რუსული პროექტი!“ – დაიწყეს უკვე აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა თავისი მზაკვრული „ტიკ-ტოკ“ პროპაგანდა”

„რუსული პროექტი“… „სოხუმი და ცხინვალი – „რუსული პროექტი!“ – დაიწყეს უკვე აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა თავიანთი მზაკვრული „ტიკ-ტოკ“ პროპაგანდა – კარგად ჩასწვდით წაკითხვის შემდეგ ამ კლიპს! ფინალში კი იძულებულია „სპიკერი“ ჯერ კიდევ აღიაროს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამას არ იტყვის და „ქვებით ჩაქოლვას“ ვერ გადაურჩება. მაგრამ მანამდე მოუსმინეთ: ასეთი აფხაზეთის დაბრუნება გვსურს? მშვიდობით? ომით არა? ვაპატიოთ? არ გადავუაროთ? რა, ამის უფლება არა გვაქვს? რა, აფხაზეთი საქართველო არაა?!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სხვა უამრავ პროვოკაციასთან ერთად აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა უკვე დაიწყეს სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნების გეგმის რუსულ პროექტად შერაცხვა.

„დევიდ კრამერის გუშინდელ განცხადებას, რა თქმა უნდა, „შემთხვევითი“ ხასიათი არ ჰქონდა. რაც რუსეთიდან გამომდინარეობს, ფრენები, უვიზო რეჟიმი – ეს ყველაფერი პროვოკაციაა თურმე. არ თქვა კრამერმა, მაგრამ იგულისხმა: ხვალ რუსეთმა თუ წამოიწყოს საქართველოსთან (სააკაშვილის რეჟიმის მიერ ინსპირირებული) დაშვებული შეცდომის გამოსწორება, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ესეც პროვოკაცია იქნებაო!

პროვოკაცია იქნება ქართული ძირძველი მიწიდან რუსული ჩექმის გაყვანის პროცესის დაწყება! პროვოკაცია იქნება სოხუმისა და ცხინვალის ქართულ იურისდიქციაში დაბრუნება! პროვოკაცია იქნება აფხაზ და ოს ძმებთან ურთირთპატიების ნიადაგზე ერთიან, ლამაზ და განუმეორებელ საქართველოში მშვიდობიანი თანაცხოვრების რეანიმირება!

როგორც ჩანს, იმაზე უფრო ახლოს ვართ ისტორიული სამართლიანობის აღდგენასთან, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. წინააღმდეგ შემთხვევაში სატანის ეს ჭინკები ასე არ გააქტიურდებოდნენ. როგორ „აეწვათ“ ლუციფერის ნაშიერებს ჩვენი ეს ნანატრი პერსპექტივა! ხელიდან ეცლებათ ამ მიწიერი სამოთხის ზომბირებული ბიომასით დასახლებულ უდაბნოდ გადაქცევის მრავალწლიანი გეგმა!

„რუსული პროექტი“… სოხუმი და ცხინვალი – „რუსული პროექტი“! დაიწყეს უკვე აგენტოკრატების ადგილობრივმა ლაქიებმა თავიანთი მზაკვრული „ტიკ-ტოკ“ პროპაგანდა – კარგად ჩასწვდით წაკითხვის შემდეგ ამ კლიპს! ფინალში კი იძულებულია „სპიკერი“ ჯერ კიდევ აღიაროს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ამას არ იტყვის და „ქვებით ჩაქოლვას“ ვერ გადაურჩება. მაგრამ მანამდე მოუსმინეთ: ასეთი აფხაზეთის დაბრუნება გვსურს? მშვიდობით? ომით არა? ვაპატიოთ? არ გადავუაროთ? რა, ამის უფლება არა გვაქვს? რა, აფხაზეთი საქართველო არაა?!

პროგნოზირებადები ხართ, მითქვამს, და პრიმიტიულებიც. ხვალ სამების საკათედრო ტაძარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი ეყრება ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთპატიებასა და ერთიან ოჯახში თანაცხოვრებას. ამ ერთიან ოჯახს ღვთისმშობლის წილხვდომილი იბერია ჰქვია!

წლებია, ვერ გამიშიფრავს უწმინდესის 2002 წელს ზუგდიდში, „კომბინატის“ დასახლებაში, ლტოლვილებთან შეხვედრის დროს ნათქვამი სიტყვები: „ისე არ დავტოვებ წუთისოფელს, სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა რომ არ ჩავატარო“. ამის შემდეგ, უწმინდესის მიერ შექმნილმა გალობამაც ეჭვებში ჩამაგდო: „დავიღალე, წამიყვანე, მოდი ჩემთან, უფალო!“- თურმე, რა დროს დაღლაა!

დღეს უკიდურეს ფიზიკურ უძლურებაში მყოფი უწმინდესი პირიქით, მისი ამ წინასწარმეტყველების აღსრულებაში უფრო მარწმუნებს. მას სულიწმიდა ასაზრდოებს იმისთვის, რის გარეშეც ამ წუთისოფლის დატოვება არ სურს! ხვალ თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში, ამ ნატვრის აღსრულებას საფუძველი ჩაეყრება… P.S: კლიპს კი უყურეთ, არ დაიზაროთ,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა

ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი.

ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტ თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.

“ხარისხიანი განათლების მიღება არა მხოლოდ ფუფუნება გახდა, არამედ ძნელად მისაწვდომი პრივილეგია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ლოგიკის დაკარგვა!

საშიში ნიშანი განათლების ნაკლებობისა და პროტესტის გამოხატვის უუნარობისა (მხედველობაში მაქვს თვითორგანიზებული პროტესტის უუნარობა, – პოლიტიკოსების გამყიდველობისა და დემაგოგიის წინააღმდეგ პროტესტის უუნარობა! თორემ ორგანიზებული აქციებისთვის გაუნათლებლობა მისწრებაა ორგანიზატორების ხელში). როგორ მივედით აქამდე? (და მივედით არა მხოლოდ ჩვენ!) საქმე ისაა, რომ ცოდნის მოცულობა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის უახლოვდება იმას, რაც ადრე გათვალისწინებული იყო საშუალო სკოლაში და ტექნიკუმში ასათვისებლად. დღეს, დასავლეთის ელიტურ უმაღლეს სასწავლებლებშიც კი სწავლების კრიტერიუმები მკვეთრად იქნა შემცირებული.

ხარისხიანი განათლების მიღება არა მხოლოდ ფუფუნება გახდა, არამედ ძნელად მისაწვდომი პრივილეგია!

არადა, პროგრესს მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი განაპირობებს, – ეი. მეცნიერებასა და ტექნიკაში ახალი მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. და ა.შ.- ან, სხვა სიტყვებით, – ცოდნის დაგროვების მაღალი ტემპი!

დიდ ქვეყნებს მათი საერთაშორისო მდგომარეობა აიძულებს ეძიონ გზები აუცილებელი მცირე წრისათვის (განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხისთვის) უმაღლესი რანგის განათლების მისაღებად! და აშშ-ში ეს მოხერხდა სხვადასხვა წინა ხაზის კორპორაციებისა და სამხედრო სტრუქტურების მეშვეობით!

ისეთ არშემდგარ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მდგომარეობა გამანადგურებლად საშიში ხდება: უმაღლესი განათლება განათლების პაროდია გახდა, სასკოლო განათლება კი ახალგაზრდების გარყვნის ინსტრუმენტად იქცა.

სამხედრო სტრუქტურებს ასეთი დიდი ამბიცია არა აქვთ, ქართულ კორპორაციებს, – ანუ ნეპოტიზმში ჩამხრჩვალ კლანური მმართველობის სტრუქტურებს, – განათლება და, მით უფრო, საკუთარი თანამშრომლების
ადამიანური კაპიტალის მაღალი ხარისხი არც აინტერესებთ და არც სჭირდებათ!

რა საჭიროა მცოდნე ადამიანი, როცა ქართული ბიზნესი აგებულია ხელისუფლების მფარველობა-ხელშეწყობაზე.

ხარ პრივილეგირებული? ე.ი. სახელმწიფო შესყიდვები გარანტირებული გაქვს და ამ მუქთი ფულის “გასუხარებისთვის” მცოდნე თანამშრომლები საშიშიც კია, – თავად მფარველთან ერთად თანამშრომლების გარეშეც ასუხარებ!

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია

მსოფლიო ბანკმა განაახლა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

მსოფლიო ბანკის შეფასებით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11,3 მეათედი პროცენტია, ანუ 175 ათასი ადამიანი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ აღნიშნა, წალენჯიხაში მამუკა ქარდავამ გაიმარჯვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრჩეველთა შორის. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 1451 ხმა, გაიმარჯვა მამუკა ქარდავამ, მეორე კანდიდატმა ბაჩანა ქანთარიამ 650 ხმა მიიღო”, – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატმა, ლაშა ტყემალაძემ აღნიშნა, არჩევნები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„დღეს წალენჯიხაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, რომელიც ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება შიდა დემოკრატიული პროცესებით, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და „რუსულ ოცნებას“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩამიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.